ედუარდ შევარდნაძის «კონტრმოტივაციათა ტექნოლოგია»

ედუარდ შევარდნაძის «კონტრმოტივაციათა ტექნოლოგია» - ეროვნული მოძრაობა

ედუარდ შევარდნაძის «კონტრმოტივაციათა ტექნოლოგია»

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ზვიად გამსახურდიაც და (განსაკუთრებით) ედუარდ შევარდნაძეც კონკრეტულად 1988 – 1989 წლების მოვლენათა და მთლიანად, «მოძრაობის» პროცესთა მთავარი შემოქმედნი არ ყოფილან, მათი ზეგავლენა თვით ამ პროცესთა შემდგომ განვითარებაზე და საქართველოს ისტორიაზე, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდია.
    უპირველეს ყოვლისა ეს ითქმის ედუარდ შევარდნაძეზე, რომელიც უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული, წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე.
    ამ მასშტაბის მოღვაწეთა შეფასებისას (მით უმეტეს, თვით მოვლენათა მასშტაბისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით), გარკვეული სუბიექტურობა ალბათ გარდაუვალია. იგი მით უფრო გარდაუვალი იყო მათი მოღვაწეობის პერიოდში. ორგზის უმეტეს - ქართული საზოგადო და ეთნო-ფსიქოლოგიის გათვალისწინებით. ერთმა ქართველმა ფილოსოფოსმა კარგა ხნის წინ შენიშნა, რომ «ჩვენ ვართ პათოლოგიური საზოგადოება».
    რამდენად სუბიექტურია თვით ავტორი, მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ ორივე პიროვნების შეფასებისას საზოგადო სუბიექტურობისა და ტენდენციურობის დონე, როგორც რუსები იტყვიან, «წარმოსახვის ყოველგვარ ზღვარს სცილდება».
    «ზვიადისტების» ფანატიზმზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, არც მეორე («ანტიზვიადისტური») მხარე გამოირჩეოდა ნალკები პათოლოგიურობით, ფანატიზმითა და გონებრივი სიჩლუნგით.
    მახსოვს, 1991 წლის ოქტომბერში, ერთი «ანტიზვიადისტი» ქალბატონი მეორეს უყვებოდა: «ყაზბეგში ვისვენებდი, იქ ზვიადი იყო ჩამოსული თავისი ცოლ-შვილით. ერთხელ აივნიდან ვუყურე, ზვიადის შვილებმა მტრედი (?!-ავტ) დაიჭირეს და აწამეს - ფრთებზე ბუმბული დააწიწკნეს, შემდეგ აიძულეს აფრენილიყო. ის უბედურიც ფართხალებდა, ცოტას აფრინდა და სისხლი ფრთებიდან მიწას ეპკურებოდა. ზვიად გამსახურდია კი აივნიდან უყურებდა და წვრილი ხმით ხითხითებდა».
    ჭეშმარიტად ბოსხისეული ველზევულის სურათია დანტეს შემაძრწუნებელი «ჯოჯოხეთის წრიდან».
    სხვა უამრავი ამგვარი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასადასტურებლად, რომ გამსახურდიასადმი დამოკიდებულება აშკარად პათოლოგიური იყო. არა აქვს მნიშვნელობა დადებითი თუ უარყოფითი ნიშნით.
    მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პათოლოგიური იყო (აგრეთვე ორივე ნიშნით) დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის მიმართ, ანუ საქართველოს პოლიტიკური (იგივე სახელმწიფოებრივი) კულტურის დეფიციტი იმაშიც გამჟღავნდა, რომ საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა პოლიტიკოსის ნორმალური, ჯანსაღი აღქმისათვის. ამგვარი აღქმა კი გამორიცხავს ნებიმიერ ემოციას - მით უმეტეს პათოლოგიზირებულსა და მითოლოგიზირებულს.
    ნუ ვიტყვით, თითქოს ეს «იმპერიულ-ტოტალიტარულ-კომუნისტური» მემკვიდრეობაა მხოლოდ: ტოტალიტარული სისტემის დაცემის შემდეგ, საბჭოთა იმპერიაში მცხოვრებ ერთა უმეტესობას უდავოდ აღმოაჩნდა პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოღვაწეთა მიმართ ჯანსაღად ცინიკური დამოკიდებულების კულტურა.

    საერთოდ, ჩვენი საზოგადოება ამ საკითხში იმთავითვე გამაოგნებელ პროვინციალიზმს ამჟღავნებდა: «ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებას ეჭიდებოდა და სახელისუფლებო ხიბლისთვის იბრძოდაო». არადა, ჯერ კიდევ მოხუცი ბრძენი მაკიაველი მიანიშნებდა, რომ ხელმწიფე, რომელიც თვით ხელმწიფობის ხიბლს ვერ აღიქვავს და მზად არის ხელისუფლება ადვილად, პირველი გართულებისთანავე დათმოს, გაცილებით საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე თუნდაც ტირანი.
    ბულგარელებმა გერმანელი პრინცი ჩამოიყვანეს და ზღაპრული სასახლე აუგეს (ვისაც უნახავს, დამეთანხმება) რაც ძალიან ძვირი დაუჯდათ, სამაგიეროდ მოიპოვეს ყველაზე ფასეული რამ - სტაბილური და ძლიერი (ანუ ქმედითი) ხელისუფლება, რომელსაც თავისთავადი (სუბსტანციური, აბსტრაგირებული) ღირებულება აქვს.
    აი, კიდევ ერთი მაგალითი ხელისუფლებისადმი უკულტურო დამოკიდებულების და გამაოგნებელი პროვინციალიზმისა (იმავე შევარდნაძესთან მიმართებაში): «ეშმაკობს, ცბიერობს და სახელისუფლებო ტექნოლოგიებს იყენებსო».
    თქვე დალოცვილებო, აბა პოლიტიკოსმა თუ არ იეშმაკა, ინტრიგები თუ არ ხლართა, ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებისთვის არ იბრძოლა, ერთი არ იფიქრა, მეორე არ თქვა და მესამე არ გააკეთა - ის რა პოლიტიკოსია?
    ეშმაკობა და სახელისუფლებო ტექნოლოგიები პოლიტიკოსისათვის ისეთივე ბუნებრივი და თვისებრივია, როგორც ქალისთვის კეკლუცობა. ანუ, ისევე, როგორც ქალი არ არის, ვინც «ცოტას მაინც» არ კეკლუცობს, - ასევე წარმოუდგენელია ჭეშმარიტი პოლიტიკოსი პოლიტტექნოლოგიების, ეშმაკობისა და სახელისუფლებო ინტრიგების გარეშე.
    ამიტომაც, არანაირი სურვილი არა მაქვს, შევარდნაძის კარიერა «მორალური კატეგორიების» დისკურსში განვიხილო. პოლიტიკასთან ამგვარი დისკურსი საერთოდ შეუთავსებელია. მაგრამ თუ მაინც და მაინც, - ედუარდ შევარდნაძემ თავის ოდინდელ «სულიერ ოპოზიციაზე» ამ თვალსაზრისითაც მოიპოვა ზნეობრივი გამარჯვება მმართველობის მეორე პერიოდში, რაკი სწორედ ის ხალხი, ვინც მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში უკიჟინებდა «რუსის მსახური ხარო», როცა საქმე საქმეზე მიდგა (უკვე დამოუკიდებლობის პირობებში), თავად დარბოდა რუსის გენერლებთან (არა მხოლოდ ლებედთან) საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, - მათი ხელიდან იღებდა წყალობას, დეპუტატობასა და ფულს.

    როდესაც ედუარდ შევარდნაძე, 1992 წლის 7 მარტს, საქართველოში დაბრუნდა, მას დახვდა გარკვეული რეალობა, განსაზღვრული სივრცე, ხოლო პოლიტიკოსი ყოველთვის მოქმედებს არსებული სივრცის თვისებრიობის გათვალისწინებით - ქარის წისქვილებთან ბრძოლა უდავოდ გულისამაჩუყებლად რაინდული საქმეა, ოღონდ პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს. გახსოვთ ალბათ «რომანტიკოს პოლიტიკოსთა» ისტორიული ევოლუცია ბაირონიდან - შიზოიდ ჰიტლერამდე, რომელმაც თავისი დიდი ერი სირცხვილისა და დამარცხებისათვის გასწირა.
    და რომ არ ყოფილიყვნენ «ოქროსა და ძალაუფლების მოყვარე» ცინიკოსები (ადენაუერი, ერჰარდი და სხვანი) უდიდესი კულტურისა და ისტორიის შემოქმედი ერი ისევ იმ მდგომარეობაში იქნებოდა (მათ შორის სულიერადაც!), რომელშიც 1945 წლის მაისისათვის აღმოჩნდა.
    როგორც კი შევარდნაძემ, 1992 წელს, ქართულ მიწაზე ფეხი დადგა, მას უკვე მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცება ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის დაჯგუფებათა განადგურების აუცილებელი პირობით. მაგრამ ამას სჭირდებოდა მოთმინება, შესაბამისი ტექნოლოგია, მათი სოციალური არეალის თანდათანობითი შევიწროვება, «რბილ თათმანში რკინის ხელით მოქმედება».
    მხოლოდ შემდეგ, როდესაც ხანგრძლივმა, მიზანმიმართულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, გაამხილა დიდი ხნის გულისნადები: «მე კი ვამბობდი, ჯაბა ჩემი მეგობარია მეთქი, მაგრამ არ მითქვავს, მე მისი მეგობარი ვარო».
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ვერავინ, ედუარდ შევარდნაძის გარდა, 1992-1995 წლის მარაზმში «ბეწვის ხიდზე გავლას» ვერ შეძლებდა, ვერ მოახერხებდა დასხლტომოდა აუარებელ საფრთხეს, - საქართველო ხომ მაშინ დანაღმული ველივით სუნთქავდა სიკვდილით.
    შევარდნაძემ კი არა მხოლოდ თავად მოახერხა ამ საფრთხეებს დასხლტომოდა, არამედ სისხლიანი ნგრევისა და ბობოქარი ანარქიის ქაოსიდან სახელისუფლებო (იგივე სახელმწიფოებრივი) სისტემის ნარჩენებიც გამოათრია. თუმცა, ჩვენებურ «პროვინციელ დემოკრატებს» ხომ ვერაფრის დიდებით შეაგნებინებ, რომ ხელისუფლება (როგორც ასეთი) და სახელმწიფოებრიობა ერთი და იგივეა.
       პოლიტიკა თუ «შესაძლებლის ხელოვნებაა», კონკრეტულ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა, არსებულ რეალობაში, უნდა მოახერხოს თეორიულად შესაძლებლის განხორციელება და არა «ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება», რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში იმთავითვე (თეორიულადაც) უკვე შეუძლებელი იყო.
    თუმცა, აქვე შევნიშნავ: გააჩნია ქვეყანას და საზოგადოებას - სხვა ქვეყანაში ანალოგიურ ამოცანათა გადაწყვეტისათვის პოლიტიკოსი შეიძლება ძეგლს არც დაიმსახურებდა, ვინაიდან იქ ეს ამოცანები აქტუალური ან ძნელად გადასაწყვეტი არ იქნებოდა.
    ხოლო თუ საერთოდ, ნგრევა-განადგურების დონეზე (ანუ «მოძრაობის» შედეგზეა) საუბარი - ეს «მოძრაობა» შევარდნაძეს არ დაუწყია და მისი ჩლუნგი რადიკალიზმის შედეგებზეც ისტორიულად არავითარ პასუხს არ აგებს.

    ამ თვალსაზრისით ზვიად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძის ანტიპოდი იყო: კაცს საქართველოს (მით უმეტეს საქართველოს!) პრეზიდენტობა უნდოდა და არაფერი ეხერხებოდა ჟურნალისტებთან საუბრიდან - სტუმრების მიღებამდე.
    ხელისუფალის (იგივე პოლიტიკოსის) უნიჭობა უეჭველად მისი გარემოცვის იდიოტიზმსა და სიჩლუნგეში მჟღავნდება. შედეგიც თვალნათელია: არც ერთ მოსისხლე მტერს არ მიუყენებია ზვიად გამსახურდიასათვის იმდენი ზიანი, რამდენიც მისმა ზოგიერთმა (სავსებით გულწფელმა და «ბავშივით პატიოსანმა») რეგვენმა მომხრემ.
    ეს უნიათობა ხშირად წვრილმანებშიც გამოიხატება (უნიათო ხელმწიფეს ასეთივე ამალა ჰყავს):
    მახსოვს, 1998 წელს ვლადიკავკაზში ერთ ღირსეულ, ხანშიშესულ ოს «ახსაკალს» შევხვდი - ჩრდილო ოსეთში ცნობილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს. მან ასეთი რამ მიამბო: «ჩემს წარმოდგენაში ქართველები ყოველთვის ვაჟკაცობის, მეომრული რაინდობისა და ღირსების განსახიერებას წარმოადგენდნენ. უამრავი მეგობარი მყავდა საქართველოში, ამიტომ ჩემთვის საშინლად მტკივნეული იყო სამხრეთ ოსეთში დაწყებული სასაკლაო. გადავწყვიტე, ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადო მოღვაწეები (მწერლები, პოეტები, მსახიობები) შემეკრიბა და თბილისში ჩამოვსულიყავით ძველ მეგობრებთან შესახვედრად, აგრეთვე ხელისუფლებასთან კონსულტაციისათვის.
    1990 წლის დეკემბერი იდგა. თბილისში ჩამოვედით, მაგრამ მეგობრები და კოლეგები ჩვენთან შეხვედრას თავს არიდებდნენ. ბოლოს ზვიად გამსახურდიასთან აუდიენციის ორგანიზება მოხერხდა.
    ასეთი დამცირება არასდროს განმიცდია. სასაუბრო ოთახში შესვლამდე ორჯერ ხელების ფათურით გაგვჩხრიკეს, შემდეგ კი, როცა გამსახურდია შემოვიდა, პირდაპირ დაჯდა (ხელი არც ჩამოურთმევია) და მდუმარედ, მედიდური ზიზღით შემოგვცქეროდა. ხოლო მისი დაცვის წევრი ზურგიდან თავს დაადგა და აგრესიული ტონით გვიბრძანა: «ხელები მაგიდაზე გეწყოთ მთელი საუბრის განმავლობაშიო».

    კვლავ ვიმეორებ: უნიჭო ხელისუფალს ყოველთვის რეგვენი გარემოცვა ჰყავს. ხოლო მისი პიროვნული თვისებები (ღირსებანი თუ ნაკლოვანებები) ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენენ.
    ზვიად გამსახურდიას პიროვნება ამ თვალსაზრისითაც შესასწავლია. მით უმეტეს, სახელისუფლებო ფენომენის საზოგადოებრივი აღქმის გათვალისწინებით.

 

ერთხელ ქართული ჟურნალისტიკის მეტრს, «ძველ თბილისელს» და ძალიან ძლიერ პიროვნებას, ბატონ არჩილ გ.-ს ვკითხე: «ზვიად გამსახურდიას ყმაწვილობიდან იცნობდით და იქნებ გაიხსენოთ, ადრეულ ახალგაზრდობაში როგორი «ტიპი» იყო მეთქი». მცირე ხნით ჩაფიქრდა და ძალზე სიმპტომატური, ფსიქოლოგიურად საოცრად ზუსტი პასუხი გამცა: «აბა რა გითხრა. . . როგორი იყო იცი. . . . აი დედიკოს ბიჭი რომ გაძველბიჭდება - ხომ იცი, ეს არის ყველაზე საშინელი!».
    რასაკვირველია, აქ ფროიდისტულ ვნებებზე, ოჯახური აღზრდის ეთიკაზე და შემდგომი სოციალური ადაპტაციის პრობლემებზე საუბრის ადგილი არ არის, თუმცა პრობლემის ეს პლასტი ნამდვილად არსებობს და ადრე თუ გვიან მკვლევარები მას უეჭველად ჩაუღრმავდებიან.
    მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს აგრეთვე «საზოგადოებრივი უკუქმედებაც» ანუ ხელისუფალი საზოგადოების სარკეში ისევე აისახება, როგორც საზოგადოება-ხელისუფალის თვისებრიობაში.
    ზოგადად, ქართული სოციოფსიქოლოგიური ფენომენი (მათ შორის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულება) შეიძლება კლასიკურ მაგალითად გამოდგეს კოგნიტიური დისონანსისა და კოგნიტიური კონსონანსის მასობრივ გამოვლინებათა შესასწავლად. ფსიქოლოგიური ვექტორით აქ არსი არ იცვლება.
    აი, საპირისპირო ვექტორის მატარებელი მაგალითი: ალბათ გახსოვთ, 1991 წლის შემოდგომაზე საზოგადოებაში რა სიცილ-ხარხარი ატყდა: «ზვიად გამსახურდია ეროვნული ბალეტის დაფუძნებას აპირებსო». განსაკუთრებით ედპ-ს წევრები ხარობდნენ: «ჰა, ჰა, ჰა, - რა ეროვნული ბალეტი ტო, ბალეტი – ბალეტია იმენნნა, ეროვნული ბალეტი არა, კიდევ ეროვნული მათემატიკა!».
    ეს ეპიზოდი გამსახურდიას ხელისუფლების «ნაციონალისტური სიჩლუნგის» დამადასტურებელ არგუმენტად აქცია ჩვენმა «ელიტარულმა ინტელიგენციამ» - აქაოდა, «ქართული, ფრანგული, გერმანული ბალეტი სად გაგონილა - ბალეტი ხომ კლასიკური ცეკვაა». და ისევ ზიზღნარევად დამცინავი ხითხითი.
    ათი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ გურამ პეტრიაშვილის სასაცილო გამონათქვამების მიუხედავად, მთელი ის გნიასი სინამდვილეში აბსოლუტურად უსაგნო იყო, ხოლო სახელწოდება «ეროვნული ბალეტი» გახლდათ არა ზვიად გამსახურდიას «ეთნონაციონალისტური ახირება», არამედ ნინო რამიშვილისა და თენგიზ სუხიშვილის წინადადება, რომლითაც მათ ოფიციალურად მიმართეს ხელისუფლებას. ამ შესანიშნავ ანსამბლს დღემდე «ეროვნული ბალეტი» ეწოდება.
    ან კიდევ: უეჭველად გეხსომებათ, 1991 წელს ჩვენი «ზეპური საზოგადოების» უდიდესი ნაწილის პრეტენზია გამსახურდიასადმი შემდეგში მდგომარეობდა: «რუსეთი გადაგვკიდა და მის მიმართ პროვოკაციულ-კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებსო».
    ამ ბრალდების გათვალისწინებით, ნამდვილად საინტერესოა, მათთვის, ასე, 10 წლის შემდეგ რომ გეკითხათ «გამსახურდიას რატომ ამხობდითო» – ნეტავ რას იტყოდნენ?

    სწორედ აქ მივადექით პოლიტიკოსის ნიჭისა და უნარის მნიშვნელობას საზოგადოებაში მიმდინარე ცნობიერი პროცესების მართვის თვალსაზრისით. ამგვარი აუცილებლობა საქართველოში მართლაც გაათკეცებულია - ქართული საზოგადოების ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით.
    ედუარდ შევარდნაძის, როგორც პოლიტიკოსის უძლიერესი თვისება ის გახლდათ, რომ იგი ბრწყინვალედ იცნობდა თავისი ერისა და საზოგადოების ფსიქოლოგიას. ამასთანავე, «რიალსოციუმ»-ში მიმდინარე ცნობიერ პროცესთა (ხშირად შეუმჩნეველი) მართვის უბადლო ოსტატიც იყო.
    მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ქართული საზოგადოებრივი ცნობიერების პულსზე ედო ხელი მოუშორებლივ და არც ერთი ემოციური, ცნობიერი თუ ქვეცნობიერი ამპლიტუდა არ გამოპარვია.
    შესაბამისად, მთელი მისი მოღვაწეობა 1992 წლიდან - საზოგადოებაში პოლიტიკურად საშიშ «კონცენტრირებულ სტერეოტიპთა» დაშლისა და პოზიტიურ სტერეოტიპთა გაძლიერების ანუ კოგნიტიური დისონანსის დავიწროვებისა და კონსონანსურობის გაფართოების განუწყვეტელი პროცესია.
    ედუარდ შევარდნაძემ სწორედ იმიტომ შეინარჩუნა ხელისუფლება საქართველოში (კვლავ და კვლავ: მით უმეტეს საქართველოში) ესოდენ ხანგრძლივად, რომ ყოველივე ამას უდიდესი  ოსტატობით ახერხებდა.
    ავიღოთ თუნდაც ეგრეთ წოდებული «დაბალანსების პოლიტიკა». ეს ძალიან სხარტი და მორგებული ტერმინია, მაგრამ მეცნიერულად უფრო ზუსტი იქნებოდა მისთვის «კონტრმოტივაციათა ტექნოლოგია» გვეწოდებინა, რაც გულისხმობს საზოგადოებაში მუდმივი წონასწორობის დაცვას ინტერესთა კონფლიქტის გაღვივებისას.
    ოღონდ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას იუვილირული სიზუსტე და თითქმის აბსოლუტური უცთომელობა ესაჭიროება, ვინაიდან მცირე შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
    გავიხსენოთ ერთი უცნაურობა ზვიად გამსახურდიას საწყალობელი მმართველობის ბოლო პერიოდიდან: თუ გახსოვთ, 1991 წლის შემოდგომაზე საქართველოს პირველ პრეზიდენტს ერთდროულად (ერთობლივად) დაუპირისპირდნენ არათუ განსხვავებული, არამედ კატეგორიულად შეურიგებელი მსოფლმხედველობრივი თუ პოლიტიკური მრწამსის ადამიანები: ვთქვათ, «სამხრეთ ოსეთში» სეპარატისტთა სრული განადგურების მომხრენი და იმ რეგიონში მიმდინარე პროცესთა «გენოციდად» მაღიარებელნი; ფანატიკოსი «ანტირუსები» და «რუსეთუმეები»; უკიდურესი ეთნონაციონალისტები და კოსმოპოლიტები, - პირობითად თუ ვიტყვით, «იეღოველთა» მტრები და მათი დამცველები; აფხაზებთან «მორიგების» მომხრენი და «ძალის გამოყენების» ადეპტები, - ყველა მათგანი ერთობლივად, მხარდამხარ ებრძოდა პირველ პრეზიდენტს.
    მაგრამ განა ეს სოციალური ჯგუფები ედუარდ შევარდნაძის დროს არ არსებობდნენ? რასაკვირველია არსებობდნენ, ოღონდ საქართველოს მეორე პრეზიდენტმა (პირველისაგან განსხვავებით) უდიდესი ოსტატობით მოახერხა მათი აგრესია მიემართა ერთმანეთის (და არა თავის, ანუ ხელისუფლების) წინააღმდეგ.
    შედეგად ისინი ერთმანეთს აწონასწორებდნენ, ხოლო პრეზიდენტი მათ წინააღმდეგობებზე ბალანსირებდა ისეთნაირად, რომ ორივე მხარე უკმაყოფილო ყოფილიყო და ერთის უკმაყოფილებას - მეორის ანალოგიური განწყობა გაენეიტრალებინა. უფრო ზუსტად, მეორის უკმაყოფილება თავის წარმატებად ჩაეთვალა.
    ეს ურთულესი ტექნოლოგიაა, ვინაიდან შეცდომის შემთხვევაში «პოლუსები» შეერთდებიან და საზოგადოებრივი აფეთქება გარდაუვალი იქნება.
    რაც შეეხება საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვით ქვეცნობიერის გათვალისწინებას, აქ ერთ ასეთ მაგალითს მოვიყვან:
    მკითხველისათვის რასაკვირველია ცნობილია, რომ პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვებს თავისი კლასიკური ანტურაჟი გააჩნია - იქნება ეს საახალწლო მილოცვა თუ სხვა შინაარსის გამოსვლა.
    ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ედუარდ შევარდნაძე როგორც წესი ასეთ ანტურაჟს არ იყენებდა. ანუ ძნელად თუ გაიხსენებთ მის გამოსვლას მჯდომარი პოზაში, მაგიდის კიდეზე პატარა დროშით და ასე შემდეგ.
    ოღონდ აქვე გავითვალისწინოთ: ტელეინტერვიუ სულ სხვა მოვლენაა, ვიდრე «მიმართვა» - მაგიდაზე ქაღალდების დასტა და მარჯვენა ხელის ცერა-საჩვენებელ თითებს შორის საწერკალამი უკვე სულ სხვა «ხატს» ქმნის.
    სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძეს ასეთი ფორმისათვის არც ერთხელ არ მიუმართავს. ყოველ შემთხვევაში, 2002 წლამდე.
    როგორც წესი იგი სავარძელში ჯდებოდა ხელში ფურცლების დასტით, ან საახალწლოდ ფეხზე იდგა ტრიბუნასთან და ასე შემდეგ.
    რატომ? იმიტომ, რომ იგი უცთომელი გუმანით გრძნობდა: პრეზიდენტის გამოსვლის კლასიკური ანტურაჟი, რომელსაც ხშირად მიმართავდნენ რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინის თუ სხვა პრეზიდენტები და რასაც ყოველთვის უცვლელად იყენებდა ზვიად გამსახურდია - ქართველ კაცს გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც ძალზე აღიზიანებს.
    ეს ერთ-ერთი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებაა, რომელიც სახელმწიფოებრივი ტრადიციის სიმყიფის, ხელისუფლებისადმი (ხელისუფალისადმი) ზოგადი უკულტურო დამოკიდებულების და სხვა საუკუნოვან ფსიქოლოგიურ მიმართებათა აკუმულირების შედეგი გახლავთ.
    იგივე თვისებრიობის გამოვლინებაა ის, რომ საზოგადოება ფიზიკურ უშიშრობას სთხოვს ხელისუფალს. ედუარდ შევარდნაძე რომ თავაწეული დადიოდა სოხუმის დაბომბვისას და ქალაქი, ფაქტობრივად, უკანასკნელმა დატოვა; პირადად გაფრინდა კოდორის ხეობაში რუსების დესანტირების დროს და ასე შემდეგ - ეს მისი ღირსებაა და იმ საზოგადოების უღირსებობა, სადაც პოლიტიკოსს ასეთი ნაბიჯების გადადგმა უხდება.
    ნებისმიერ თანამედროვე, სახელმწიფოებრივად კულტურულ საზოგადოებაში უდიდეს ეროვნულ სირცხვილად ჩათვლიდნენ პრეზიდენტის პირად გამოჩენას ბრძოლის ველზე - საბრძოლო მოქმედებების დროს.
    მახსოვს, ერთმა ფრანგმა პოლიტიკოსმა, ფრანგებისათვის დამახასიათებელი რაფინირებული, ქარაგმული დაცინვით უთხრა საჯარო მიმართვისას შევარდნაძეს: «თქვენ უნიკალური ფიგურა ბრძანდებით მსოფლიო პოლიტიკაში, რაც დადასტურდა იმით, რომ პირადად იღებდით მონაწილეობას ბრძოლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე».
    ამ სასტიკი ირონიით ედუარდ შევარდნაძეს პიროვნულად იგი ვერაფერს დააკლებდა - ეს ქვეყნის სირცხვილია და არა ხელისუფალისა.

    «კონტრმოტივაციათა» ტექნოლოგიასთან დაკავშირებით კი, მოდით გავადევნოთ თვალი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და პრეზიდენტის პოლიტიკას 1992 წლიდან. თუ გახსოვთ, 1994 წლის 1 მარტს გაიმართა პარლამენტის ისტორიული სხდომა, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდა ქვეყნის СНГ-ში გაწევრების საკითხი.
    ამას საშინელი გნიასი მოჰყვა: სწორედ ის ხალხი, ვინც ორიოდე წლით ადრე (1991 წლის შემოდგომით), რუსეთის სპეცსამსახურთა პირველივე დაძახილზე, ახლადშობილი ხბოსავით პირდაღებული დარბოდა რუსთაველის გამზირზე, შემდგომ კი რუს «სამხედრო სპეციალისტთა» მხარდამხარ იბრძოდა იმავე რუსთაველზე, - 1 მარტს საშინელი ისტერიკით შეხვდა «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში» შესვლას: ყვიროდნენ, ბღაოდნენ, სკამებს ამტვრევდნენ, ხმამაღლა იგინებოდნენ, სსრკ ჰიმნს მღეროდნენ და ასე შემდეგ.
    მიუხედავად ამისა, პარლამენტის უმრავლესობამ «თანამეგობრობის» წესდება მაინც დაამტკიცა. საქმე ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძე შესანიშნავად ხვდებოდა: საზოგადოების იმ (არც თუ მრავალრიცხოვანი) ნაწილის გარდა, რომელიც გნიასით ეწინააღმდეგებოდა «პრორუსულ» პოლიტიკას (იგივე «დსთ»-ში გაწევრების ფორმით), არსებობდა მეორე, მაშინ უკვე გაცილებით მრავალრიცხოვანი ნაწილი (განსაკუთრებით «ელიტარულ ინტელიგენციაში»), რომელსაც რუსეთისაკენ შეტრიალება ერთადერთ ხსნად, პანაცეად მიაჩნდა, მაგრამ ამ აზრის აშკარად და ხმამაღლა გამოხატვას (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ვერ ბედავდა.
    სოციუმის ამ სეგმენტის აზრის გაუთვალისწინებლობა კი შევარდნაძეს არ შეეძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში უეჭველად ჩამოყალიბდებოდა ბრიყვული, მაგრამ ძალიან მყარი სტერეოტიპი: «აი, ჩვენ რომ მაშინ СНГ-ში შევსულიყავით, ახლა აფხაზეთის პრობლემა უკვე გადაჭრილი იქნებოდა, მაგრამ შევარდნაძემ ეს ნაბიჯი არ გადადგა და საბოლოოდ დაგვღუპა».
    იმავდროულად, შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ არავითარ შედეგს «თანამეგობრობაში» გაწევრება არ გამოიღებდა, ამიტომ «მეორე სეგმენტის» დასაკმაყოფილებლად, 1994 წლის 3 მარტს (ანუ, ისტორიული გადაწყვეტილებიდან ორიოდე დღის შემდეგ) ვაშინგტონში გაემგზავრა დემონსტრაციული ვიზიტით, სადაც მკვეთრი განცხადებები გააკეთა აფხაზეთში რუსეთის როლის დაგმობით.
    ანუ, შეიქმნა გარკვეული ბალანსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ დარღვეულა - ანალოგიური «დაბალანსების» შედეგად.
    ამ კლასიკურ შემთხვევაში იქმნებოდა «კონტრმოტივაციური» წონასწორობა საპირისპირო «ორიენტაციის» ადამიანებისა და პოლიტიკოსებისათვის.

 

1994 წლის გვიან გაზაფხულზე, ოპოზიციის ასეთივე გნიასისა და წივილ-კივილის პირობებში, შევარდნაძემ პარლამენტში «გაიტანა» წინადადება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალთა შეყვანის თაობაზე. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს მას სჯეროდა, რუსი «მშვიდობისმყოფლები» რაიმეს საქართველოსათვის სასიკეთოს გააკეთებდნენ, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, ელიტისა და მთელი საზოგადოების უდიდეს ნაწილში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდებოდა ისევ და ისევ ბრიყვული სტერეოტიპი: «აი, ჩვენ რომ მაშინ აფხაზეთში რუსის ჯარი შემოგვეყვანა, ახლა ბიჭვინთის სანაპიროზე განცხრომით ვილაღებდით» და ასე შემდეგ.
    თანაც, ეს სულელური სტერეოტიპი პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობასაც შეიძენდა ყველა შემდგომი არჩევნების დროს.
    ამავდროულად, «კონტრმოტივაციის» შესაქმნელად, ედუარდ შევარდნაძემ რუს «მშვიდობისმყოფლებს» სრულიად უმწეო და უმაქნისი «გაეროს დამკვირვებლებიც» თან მიაყოლა, - რაკი არსებობდა ის ილუზიაც, თითქოს «გაეროს ჩართვა («გაეროში» რატომღაც დასავლეთი იგულისხმებოდა) დაგვიბრუნებს აფხაზეთს».
    1995 წლის მარტში, შემდგომ კი იმავე წლის სექტემბერში, შევარდნაძემ პაველ გრაჩოვთან და ვიქტორ ჩერნომირდინთან გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის სამხედრო ბაზების 25 წლით დაკანონების შესახებ და ამით, ისევ და ისევ «დაასწრო» ანალოგიურ სტერეოტიპს ისტებლიშმენტში: «კი მაგრამ, თუკი რუსები აფხაზეთის დასაბრუნებლად ბაზებს გვთხოვდნენ, მიგვეცა რა . . . . განა აფხაზეთი ამად არ ღირს?!»
    ხოლო შემდეგ «პრორუსულობის» ბრალდების თავიდან ასაცილებლად (სოციუმის მეორე სეგმენტის მისწრაფებათა გათვალისწინებით), 1996 წლიდან დაიწყო თავისი შინაარსით აშკარად «პროდასავლური» პროექტის განხორციელება «დიდი აბრეშუმის გზის» აღსადგენად და კასპიის ენერგოშემცველთა ტრანსპორტირებისათვის ევროპის ბაზრებზე - რუსეთის გვერდის ავლით.
    («კონტრმოტივაციათა» (იგივე «დაბალანსების») მეთოდს საქართველოს პრეზიდენტი არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ ყველა სფეროში იყენებდა. მაგალითად, «ბორჯომის» პრივატიზებისა და GGMWC-ის სახით მისი ძირითადი მეპატრონის განსაზღვრისთანავე, შევარდნაძემ ანალოგიური უფლება მისცა აგრეთვე რამდენიმე წვრილ კომპანიას. ესე იგი ინტერესთა მუდმივი კონფლიქტით იგივე წონასწორობა შექმნა და ორივე მხარეს წაართვა არგუმენტი თავის წინააღმდეგ).

    ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმოდა, რომ საქართველოში მთავარია არა ის, რა პოლიტიკას ატარებ რეალურად, არამედ ის, თუ რა შთაბეჭდილებას ქმნი. შეიძლება ერთ პოლიტიკას ატარებდე და სრულიად საპირისპირო შთაბეჭდილებას ქმნიდე. ოღონდ ამას ყველა როდი შეძლებს - საამისოდ შევარდნაძის პოლიტიკური გენიაა საჭირო.
    აი, კვლავ კლასიკური მაგალითი: 1999 წლის 18-19 ნოემბერს სტამბულში, «ეუთოს» სამიტის დროს ხელი მოეწერა «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე საერთოევროპული ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს. დოკუმენტს თან დაერთო რუსეთისა და საქართველოს სამხედრო უწყებათა ერთობლივი განცხადება, რომელიც ჩვენში აღიქვეს, როგორც «საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის ხელშეკრულება».
    არადა, სინამდვილეში, ეს იყო ურთულესი კომპრომისი რუსეთთან, რაც ითვალისწინებდა (პირიქით) ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას - მოსკოვის მხრიდან ბლოკადისა და («ჩეჩნეთის» მომიზეზებით) პირდაპირი აგრესიის თავიდან ასაცილებლად. მით უმეტეს 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
    საქმე ის გახლავთ, რომ მოლდოვასაგან განსხვავებით, სტამბულის სამიტზე საქართველო დათანხმდა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულიყო რუსეთის ჯართა «დროებითი ბაზირების» იურიდიული ინსტიტუტი. იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მოხდებოდა გუდაუთის ბაზის ტრანსფორმაცია «მშვიდობისმყოფელთა» სარეაბილიტაციო ცენტრად; ვაზიანის დაჯგუფების უდიდესი ნაწილი შეუერთდებოდა «თბილისის გარნიზონს» («რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბის დაცვა» - 1500 ჯარისკაცი და ოფიცერი, - ეს სავსებით საკმარისი იყო ჩვენს დედაქალაქში ნებისმიერი ამოცანის გადასაწყვეტად, რაც კი რუსეთს შეიძლებოდა დასჭირვებოდა); ხოლო ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაციის ვადების თაობაზე, მხარეები გამართავდნენ დაუსრულებელ მოლაპარაკებებს, რომელთა განმავლობაში ის ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე დარჩებოდნენ რეალურად.
    ანუ, სტამბულის შეთანხმებით რუსეთმა საქართველოში ოთხივე ბაზა შეინარჩუნა (თბილისის, ახალქალაქის, გუდაუთის, ბათუმის), თუმცა შევარდნაძემ გენიალური მახვილგონივრობით ქართულ საზოგადოებას დიამეტრალურად საპირისპირო შთაბეჭდილება შეუქმნა.
    მიაქციეთ ყურადღება: პარალელურად ჩამოყალიბდა «კონტრმოტივაციური» ბალანსიც, ვინაიდან «მოძრაობა» დარწმუნებული იყო, თითქოს «სტამბულის ხელშეკრულებამ საქართველოს დეოკუპაცია გადაწყვიტა», ხოლო «რუსეთუმეები» მშვენივრად ხედავდნენ, რომ სინამდვილეში «რუსის ჯარი» არსადაც არ მიდიოდა არათუ ბათუმიდან, ახალქალაქიდან, გუდაუთიდან, ლიახვისა და ენგურის აუზებიდან, არამედ თბილისიდანაც კი!
   

    ჩვენს ბრინჯივით დაბნეულ საზოგადოებაში შევარდნაძე იძულებული და ვალდებული იყო ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ტექნოლოგია გამოეყენებინა. თუ ყურადღებით შევისწავლით მის პოლიტიკურ მეთოდს, ადვილად აღმოვაჩენთ ძირითად შემადგენელს: სტერეოტიპული შესაძლებლობისა და ალბათობის ბოლომდე ამოწურვას.
    იგი მანამდე არ დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში, სანამ საზოგადოებაში არსებული ილუზია ბოლომდე არ ამოიწურებოდა. ზოგიერთი მაგალითი ზემოთ უკვე მოგახსენეთ. შეგახსენებთ კიდევ ერთს: 1998 წლის მაისის მოვლენები გალში (ქართველთა მეორე გენოციდი, ხელმეორე აოტვნა და ეთნიკური წმენდა) უპირველესად იმის შედეგი იყო, რომ შევარდნაძემ არ აღკვეთა «პარტიზანთა» მოქმედება და არ დაუშალა სამურზაყანოში მოქმედება. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სხვაგვარად მოქმედების შემთხვევაში უეჭველად ჩამოყალიბდებოდა კონცენტრირებული სტერეოტიპი, რომლის დაშლა შეუძლებელი იქნებოდა: «ლომივით ბიჭებს, რომლებმაც პარტიზანობა გადაწყვიტეს, ერთ კვირაში შეეძლოთ გალიდან აფხაზები გაედევნათ, მაგრამ შევარდნაძემ დაუშალა და მათი რაზმები ძალით დაშალაო».
    მაშინ რასაკვირველია არავინ დაიჯერებდა, რომ პრივენტიულ ზომებს ხელისუფლება სწორედ იმისათვის მიმართავდა, რათა გალის ხელმეორე აოხრება არ დაეშვა. ანუ «გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასა».
    ოღონდ «გიჟში» აქ პარტიზანები კი არ იგულისხმებიან რასაკვირველია, არამედ ის საოცარი ფენომენი, რომელსაც (ვისაც) სჯეროდა, რომ «რუსის ჯარით» სავსე სამურზაყანოში ვინმე მისცემდა საშუალებას პარტიზანებს, ძალთა განლაგება და სტატუს-ქვო შეეცვალათ. არადა ამის შესაძლებლობა თეორიულადაც კი აბსოლუტური ნულის ტოლი იყო. მაგრამ ამას აბა (წინასწარ) ვის შეაგნებინებდი?
    «გიჟის» დამშვიდებისა და დაკმაყოფილების იმავე მეთოდს შევარდნაძე (ვიმეორებ) ძალიან ხშირად იყენებდა ყველა სხვა მიმართულებით როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით.

    ახლა, კვლავ რაც შეეხება «კონტრმოტივაციათა» ტექნოლოგიას - სახელისუფლებო სუბლიმაციის სხვა ასპექტში: უეჭველად გეხსომებათ, რა ისტერიკა ატეხა 1991 წელს «ანტიზვიადისტურმა ოპოზიციამ» (მათ შორის უზენაეს საბჭოში წარმოდგენილმა ოპოზიციამ) გამგებლებისა და თბილისის მერის არჩევითობა-დანიშვნითობის თაობაზე. რასაკვირველია, «დანიშვნითობას» ყველა «დიქტატურის გამოვლინებად» თვლიდა და «არჩევითობას» მოითხოვდა, ხოლო ხელისუფლება ჯიუტად ეჭიდებოდა «დანიშვნითობის» ინსტიტუტს.
    როგორ გადაწყვიტა ანალოგიური პრობლემა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც «დანიშვნითობა» ასევე აუცილებლად მიაჩნდა? - მან შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც პოლიტიკური ელიტის უდიდესმა ნაწილმა პარლამენტში თავად მისცა ხმა თბილისის მერისა და გამგებლების არჩევის წინააღმდეგ, ვინაიდან ყველა მის შემადგენელს ცალ-ცალკე და ყველას ერთად (ანუ როგორც კორპორაციულად, ასევე პიროვნულად) ეშინოდა, რომ თბილისის მერი ან გამგებელი (ბევრ რაიონში) შეიძლებოდა მისი კონკურენტი პარტიის წარმომადგენელი და მის მიერ ლამის პირად მტრად მიჩნეული კონკურენტი-პოლიტიკოსი (ვთქვათ სააკაშვილი ან ნათელაშვილი) არჩეულიყო.
    შედეგად, დარჩა «დანიშვნითობა» და იმავდროულად, არავის მოსვლია აზრად შევარდნაძე დაედანაშაულებინა «არჩევითობას ეწინააღმდეგებაო» (არადა ნამდვილად ეწინააღმდეგებოდა იმავე მიზნით რაც გამსახურდია, ოღონდ სხვა ტექნოლოგიით), რაკი თავად მისცეს ხმა წინააღმდეგ.
    2001 წელს ედუარდ შევარდნაძისათვის, სინამდვილეში, ჯერ კიდევ კატეგორიულად მიუღებელი იყო «მინისტრთა კაბინეტის» იდეა. მაგრამ ვინაიდან ეს იდეა ისტებლიშმენტმა აიტაცა, პირდაპირ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ პრეზიდენტმა სხვა ხერხს მიმართა: დაასახელა პრემიერობის კანდიდატად ზურაბ ჟვანია, რათა  სხვა პარტიებსა და ლიდერებს წინადადება თავად «ჩაეგდოთ».
   
       

    გარდა ამისა, ჭკვიანი სახელმწიფო მოღვაწის აზროვნება განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ან თუნდაც პოლიტიკოსის აზროვნების სტილისაგან.
    მაგალითად, სანამ შეეძლო, შევარდნაძე ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა «თელასის» პრივატიზებას. შემდგომ კი ორი-სამი წლის განმავლობაში ქმნიდა ისეთ ვითარებას (სირთულეებს), რათა ამერიკულ კომპანია «აეს თელას»-ს ვერ მოეხერხებინა თბილისის მოსახლეობის 24 საათიანი მომარაგება ელექტროენერგიით.
    მხოლოდ 2001 წელს, მასობრივი გამოსვლების შედეგად, იგრძნეს თბილისელებმა «შვება» ამ თვალსაზრისით.
    ერთი შეხედვით თითქოს გაუგებარია არა? რატომ არ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის უწყვეტი მომარაგება ელექტროენერგიით? მაგრამ აკი მოგახსენეთ, ედუარდ შევარდნაძე ბრწყინვალედ იცნობდა იმ ერისა და საზოგადოების ფსიქოლოგიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა:
    საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც ელექტროენერგია არა აქვს, ქართველი კაცი იბუზღუნებს, ხელისუფლებასაც გალანძღავს, მაგრამ მაინც შეურიგდება ასეთ მდგომარეობს, თუ არც მის მეზობელს არა აქვს «შუქი» - რაკი მთელს ქალაქში არ არის.
    მაგრამ როდესაც «აეს»-ი მოაწესრიგებდა აღრიცხვას და ერთს ექნებოდა «შუქი», ხოლო მის მეზობელს (უკვე გადაუხდელობის გამო) - არა, ეს ამ უკანასკნელის უკვე სავსებით განსაკუთრებულ გააფთრებას გამოიწვევდა. ღიად ამას არავინ აღიარებდა, მაგრამ ანტისახელისუფლებო აგრესიის პოტენციალი გაასკეცდებოდა. .
    «ქართველი კაცი» (მისი ამბიციურობის გამო) მართლაც საშინლად გაბოროტდება, როცა მეზობელს აქვს «შუქი», ხოლო მას (გადაუხდელობის მიზეზით) - არა. სხვა საქმე, როცა ელექტროენერგია ერთნაირად არ ჰქონდა არავის.
    ამას 1994-1999 წლებში ვერავინ ხვდებოდა, - მხრებს იჩეჩდნენ და გაკვირვებით ამბობდნენ: «კი მაგრამ, რატომ არ უნდა, მრიცხველები გამოიტანოს და გადახდა მოაწესრიგოს – ამით ხომ პრობლემა სულ მალე მოგვარდება?».

    განსაკუთრებით მკაფიოდ და ნათლად «კონტრმოტივაციათა» მეთოდი, თანამდევი «დაბალანსებით» ვლინდებოდა საგარეო პოლიტიკაში.
    ისეთ (ვიმეორებ) «ბრინჯივით დაბნეულ» საზოგადოებაში, როგორშიც შევარდნაძეს უხდებოდა მოღვაწეობა, სხვაგვარი პოლიტიკა წარმოუდგენელიც იყო. საზოგადოება, სადაც მოსახლეობის 99 პროცენტი ხმას აძლევს დამოუკიდებლობას, ხოლო სულ რაღაც 3 წლის შემდეგ «რუსული ორიენტაციის» დომინანტებს აღიარებს და «რუბლის ზონაში» შესვლას მოითხოვს, - სხვას არც უნდა ელოდეს ხელისუფლებისაგან.
    სწორედ ამ გარემოებით გახლდათ განპირობებული, რომ შევარდნაძე მუდმივად ბალანსირებდა კატეგორიულად საპირისპირო «კონცენტრირებულ სტერეოტიპებზე», რათა წონასწორობა დაეცვა: ერთის მხრივ დსთ-ში შეჰყავდა ქვეყანა, მეორეს მხრივ ბილ კლინტონთან პრესკონფერენციაზე მწვავე «ანტიმოსკოვურ» განცხადებას აკეთებდა; ერთის მხრივ გუდაუთაში ჩადიოდა და გრაჩოვის მხარდაჭერით «სამშვიდობო დეკლარაციას» აწერდა ხელს, მეორეს მხრივ პარტიზანულ მოძრაობასა და თამაზ ნადარეიშვილის მთავრობას ეხმარებოდა.
    მიაქციეთ ყურადღება, ამ პროცესში საზოგადოების ვერც ერთი სეგმენტი ბრალს ვერ დასდებდა: თუ დაიწყებოდა იმ «კონცენტრირებული სტერეოტიპის» ჩამოყალიბება, რომ «შევარდნაძემ დასავლური ორიენტაციის შესაძლებლობათა გამოყენება არ სცადა». მაშინ პასუხი იქნებოდა ასეთი: «კი მაგრამ, როგორ არ სცადა - აბა «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი»; ამერიკის მხარდაჭერა იუგოსლავიისა და ერაყის საკითხებში; განცხადებები «ნატოს კარებზე დაკაკუნების შესახებ»; ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოყვანა (წმინდად სიმბოლური აქცია, რომელიც საქართველოში სამხედრო-სტრატეგიულ ძალთა განლაგებას ვერ შეცვლიდა - ავტ.); სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა; გერმანიასთან განსაკუთრებული მეგობრობა; უამრავი ვიზიტი ბრიუსელში; ევროკავშირში გაწევრიანების არაერთგზის დეკლარირებული სურვილი; «დიდი აბრეშუმის გზა» და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ახლა (პარალელური - რაც საოცარია, თუმცა «ქართული რეალობაა») საპირისპირო კონცენტრირებული სტერეოტიპი: «შევარდნაძე ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს და რუსეთან დამეგობრების შესაძლებლობებს არ იყენებს საქართველოს პრობლემათა გადასაწყვეტად».
    კი მაგრამ როგორ? აბა (ვიმეორებ: ზემოთჩამოთვლილის პარალელურად!!!) რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება ბაზების 25 წლით დაფუძნების შესახებ (აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პირობით ანუ აქაც «ბალანსი» და «კონტრმოტივაცია»); «დიდი ხელშეკრულების» პარაფირება და მისი ცალმხრივი რატიფიცირება; განუწყვეტელი თვითდამამცირებელი თხოვნა ახალი «დიდი ხელშეკრულების» გაფორმების თაობაზე; მუდმივი მონაწილეობა ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» სამიტებში; აურაცხელი ვიზიტი მოსკოვში და კრემლის მეპატრონეებთან შეხვედრა; ხსენებული სტამბულის შეთანხმება, რომლის ჭეშმარიტი (კომპრომისული) მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი; რუსი მესაზღვრეების განლაგება (ჩეჩნეთის პირველი ომის დროს) ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე - საქართველოს მხრიდან (შატილთან) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
    ეს «ბალანსირება» და «კონტრმოტივაციური კონცენტრირებული სტერეოტიპების» განუწყვეტელი შექმნა ედუარდ შევარდაძის პოლიტიკის განუყოფელი თვისება იყო, ვინაიდან იგი სწორედაც ქართული საზოგადოების თვისებრიობას შეესაბამება.
    ხოლო ვისაც ამგვარი ტექნოლოგია აღიზიანებს, მან უნდა იგულისხმოს, რომ სხვაგვარი ხელისუფლება ვერ ეყოლება ერს, რომელსაც თვითონ ვერ გაუგია, რა უნდა, ან რა უნდოდა საერთოდ.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა