არის თუ არა ირაკლი სურგულაძე სინდისის პატიმარი?

არის თუ არა ირაკლი სურგულაძე სინდისის პატიმარი?

 

    პროფესორ ირაკლი სურგულაძის ტრაგიკული ხვედრი მეტად ჭკუისსასწავლებელი და სიმპტომატურია მთლიანად, ქართული ელიტისა და ქართული საზოგადოების შინაგანი თვისობრიობის შესწავლის თვალსაზრისით.
    თავად ირაკლი სურგულაძეს, რასაკვირველია, არც სურდა და არც მოელოდა, რომ მისი მშობელი საზოგადოების თვისებათა შესწავლისათვის საჭირო მაგალითად იქცეოდა. ამიტომ, პირადად მას ბოდიშს ვუხდი. აქვე აღვნიშნავ, რომ ირაკლი სურგულაძის მაგალითი მეტყველებს: ქართულ საზოგადოებას (განსაკუთრებით მის ელიტარულ, აქტიურ ნაწილს) - არ გააჩნია მყარი მორალური საყრდენი და სრული ზნეობრივი ინფანტილიზმის მდგომარეობაში იმყოფება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, - ეს ინფანტილიზმი ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებული საზარელი ეროვნული ტრაგედიის უმთავრესი მიზეზია.
    ამ თვისების დასადასტურებლად მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს:
    1991 წელს, კრემლის მიერ საქართველოში ინსპირირებული სამოქალაქო დაპირისპირების დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ცნობილი კინოოპერატორი გოგა ხაინდრავა. მას ბრალად დასდეს, რომ ე.წ. «შეიარაღებული ოპოზიციის» რაზმებთან ერთად, იარაღით ხელში იდგა ტელევიზიის შენობასთან, ანუ ხელისუფლებას შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა.
    გოგა ხაინდრავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ნამდვილი ისტერიკა ატეხა ქართულმა ელიტამ, - თბილისის სალონებში აღშფოთებას ვერ ფარავდნენ «დიქტატურის» გამო... განსაკუთრებით მანდილოსნები მძვინვარებდნენ და აგრესიულობით ბევრად როდი ჩამოუვარდებოდნენ გამსახურდიას მომხრე იმ ქალებს, რომელთაც თავად დასცინოდნენ;
    ე.წ. «დემოკრატიულმა ოპოზიციამ» ხომ ლამის ქვეყანა შეძრა - მთელს მსოფლიოში დაიგზავნა საპროტესტო წერილები, მიმართვები, მემორანდუმები და განცხადებები. მოითხოვდნენ საერთაშორისო ექსპერტების დასწრებას სასამართლოზე, იწვევდნენ საუკეთესო ადვოკატებს, ყველაზე ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები აცხადებდნენ მზადყოფნას, ყოფილიყვნენ «საზოგადოებრივი დამცველები», რადგან გოგა ხაინდრავა, მათი ღრმა რწმენით, ისჯებოდა თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
    იმ დროს დიდი რეზონანსი ჰქონდა თედო პაატაშვილის გამოსვლას უზენაესი საბჭოს სხდომაზე (სხდომა კიტოვანის «ზარბაზნის» შიშით სარდაფში იმართებოდა). პაატაშვილმა განმარტა განსხვავება «პოლიტიკურ პატიმარსა» და «სინდისის პატიმარს» შორის - მისი დეფინიციით, მაგალითად ჯაბა იოსელიანი (აგრეთვე - მისი მოადგილე მეტსახელად «ბუღა») პოლიტიკურ პატიმრად უნდა ჩათვლილიყო, ხოლო გოგო ხაინდრავა - სინდისის პატიმრად.
    მეორე დღესვე ეს დეფინიცია ყველა «ჭეშმარიტ ინტელიგენტს» პირზე ეკერა - ადამიანები, რომლებმაც სიტყვა «პოლიტპატიმარი» მხოლოდ «გამსახურდიას ტირანიის ეპოქაში» გაიგონეს პირველად, შვებით იმეორებდნენ: ძლივს არ მივხვდით, რა განსხვავებაა პოლიტიკურ პატიმარსა და სინდისის პატიმარს შორის!
    მაშასადამე, «მხედრიონელები», რომლებმაც თელავის რაიონის მოსამართლე (ორ «მეღვინესთან ერთად») ფეხებით ჩამოკიდეს და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს, - პოლიტიკური პატიმრები არიან! ხოლო თუ მოსამართლეს კი არა, «ტირანის» მიერ დანიშნულ «პრეფექტს» შეუნთებდნენ ცეცხლს (თუნდაც ფულის გამოძალვის მიზნით) - მაშინ ხომ საერთოდ «სინდისის პატიმრებად» იქცეოდნენ.
    ჯერ-ჯერობით კი «სინდისის პატიმარი» მხოლოდ გოგა ხაინდრავა იყო, რომელმაც («ტირანიის» ეპოქაში!) გია ჭანტურიასთან ერთად ციხეში (!) პრეს-კონფერენცია გამართა ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის.
    ამ ამბების შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა, მაგრამ ვინაიდან «სამართლიანობისა» და «უსამართლობის» კატეგორიები დროს არ ემორჩილებიან, დღეს მინდა ვკითხო ყველა იმ «კეთილშობილ რაინდს», «დემოკრატიული რევოლუციის» პერიოდში გულმხურვალედ რომ იცავდა «სამართლიანობას» და ილაშქრებდა ტირანიის წინააღმდეგ (რუსის ჯართან ერთად): დღეს რატომ არ იცავთ, ბატონებო, ისევე გულმხურვალედ ირაკლი სურგულაძეს?
    თუ გოგა ხაინდრავა «სინდისის პატიმარი» იყო, ირაკლი სურგულაძე რატომ არ არის სინდისის პატიმარი? გოგა ხაინდრავა კინორეჟისორია. მთელი ცხოვრების განმავლობაში არავისთვის ბოროტი და ცუდი არ გაუკეთებია, მაგრამ 1991 წელს მოიქცა ისე, როგორც სინდისი კარნახობდა.
    ირაკლი სურგულაძე ისტორიკოსი და შესანიშნავი ეთნოგრაფია, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს, მასზე ვერავინ იტყვის, «ბოროტი კაცია და ქვეყნის მტერიო», მაგრამ 1995 წელს ირაკლი სურგულაძეც მოიქცა ისე, როგორც სინდისი და რწმენა კარნახობდა.
    თუ 1991 წელს ეს ჩვენი «მაღალზნეობრივი ელიტა» მართლაც «სამართლიანობის», «განსხვავებული აზრის», «ადამიანის უფლებების» დასაცავად აღსდგა, მაშინ რატომ არ აღსდგა იგი ასევე 1995 წელს - ირაკლი სურგულაძის დასაცავად?
    ირაკლი სურგულაძე «შეიარაღებულ რაზმთან ერთად იყო და ხელისუფლებას დაუპირისპირდაო» - განა გოგა ხაინდრავაც «შეიარაღებულ რაზმთან არ იდგა ტელევიზიაში და ხელისუფლებას არ უპირისპირდებოდა?»
    ძალაუნებურად გებადება ეჭვი: მართლა «სამართლიანობისათვის» იბრძოდნენ მაშინ (1991 წელს) ჩვენი «დემოკრატები», თუ დაკარგული პრივილეგიების, დაკარგული საზოგადოებრივი ცენზის დასაბრუნებლად?
    გამოდის, დღეს, როდესაც ეს ცენზიც დაიბრუნეს და დაკარგული პრივილეგიებიც, «სამართლიანობაც დაივიწყეს და «ადამიანის უფლებებიც».
    ასე არ შეიძლება! ზნეობრივი საზოგადოება ორივე შემთხვევაში ერთნაირ პოზიციაზე უნდა იდგეს, - ან ორივე სინდისის პატიმარია და ერთნაირად უნდა დაეცვათ, ან არც ერთი იყო სინდისის პატიმარი და არც მეორე, - ორივემ კანონი დაარღვია და კანონმაც «თავისი ქნა».

«მსგეფსი», 9 ივნისი, 1996 წელი.