სიმბოლოებისთვის დიდი ომი იწყება

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში, პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, «სახელმწიფო სიმბოლოების» დადგენისათვის ჩამოყალიბებული საგანგებო კომისიის სხდომა გაიმართა. ფაქტობრივად, ამ კომისიამ ადრე არსებული ორივე კომისია გააერთიანა – ერთი მათგანი 1992 წელს ჩამოყალიბდა და მას ელდარ შენგელაია ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე, მოგვიანებით პირადად პრეზიდენტის ხელმძღვანელობით არსებობდა.

        რამდენიმე წლის წინათ «დროშის შეცვლა» (უპირველესად, სწორედ იგი იგულისხმება) ხელისუფლებას მიზანშეუწონლად მიაჩნდა იმ არცთუ უსაფუძვლო მოსაზრებით, რომ «შინდისფერი» დროშა უმალვე იქცეოდა რადიკალური «ზვიადიზმის» სიმბოლოდ. ამჟამად ვითარება შეიცვალა – ადრინდელი «მოძრაობის» იდეები და მისი «კლასიკური პარტიები» დისკრედიტებულია, სამაგიეროდ, დაიწყო ბრძოლა 2003-2005 წლების საარჩევნო ციკლის სიმბოლოებისთვის. ამიტომ, გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, არანაირი კაშვირი მთელ ამ აურზაურს ჰერალდიკასთან არა აქვს, ხოლო «ჰერალდიკური არგუმენტაცია», თავისი ქვეტექსტით, უეჭველად, პოლიტიკური იქნება.
        თავისთავად ნიშანდობლივია, რომ «სიმბოლიკის შეცვლა» პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი გახდა. ამას თავისი პირველწყაროც აქვს, კერძოდ, ამჟამინდელი სიმბოლოების უვარგისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ ისმება «სიმბოლიკის შეცვლის» საკითხი და რატომ არ იქმნება ამგვარი კომისიები სხვა ქვეყნებში?
        სხვათა შორის, უაღრესად ნიშანდობლივია, რომ ასეთი პრეცედენტი არ არსებობს არც ერთ პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ ქვეყანაში. ყველა მათგანმა საბჭოთა იმპერიის დაშლისთანავე აღადგინა ეროვნული სიმბოლიკა, ან შექმნეს ყველასთვის მისაღები ახალი ჰერალდიკა და რაიმეს შეცვლა აზრადაც არ მოსდით.
        უმთავრესი კითხვაა: რატომ უნდა შეიცვალოს? ამ კითხვაზე საქართველოში მკაფიო პასუხი არ არსებობს. Aარადა, ამ დროშით, ამ ჰიმნითა და ამ გერბით ევროპაში თავი მართლა არ გამოგვეყოფა. ეს წვრილმანი არ გეგონოთ: ესთეტიკურ მხარესაც თუ თავს დავანებებთ, ამჟამინდელი დროშა ჰერალდიკის ელემენტარულ კანონებს არ შეესაბამება. ჩვენი დროშის ფერი საერთოდ არ არის ჰერალდიკური და ასეთ ფერთა შეხამებას ვერც ერთ სხვა დროშაზე ვერ ნახავთ.
        ამაში, როგორც ჩანს, უკვე შედგა «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმება». ანუ, უმცირესი გამონაკლისის გარდა, ყველა ეთანხმება მათი შეცვლის აუცილებლობას. აქვე შეიძლება ითქვას: «სიმბოლიკის» ღირებულება ძალიან ზუსტად ასახავს, თუ რას წარმოადგენდა ის ეგრეთ წოდებული «სოციალ-დემოკრატიული» ხელისუფლება, რომელიც 1918-1921 წლებში მართავდა საქართველოს.
        სიმბოლოების შეცვლას თბილისში დიდი და ბობოქარი ვნებათა ღელვა მოჰყვება. «ჯვრიანი დროშა» თანდათან იქცა ოპოზიციის სიმბოლოდ, თუმცა, ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ამჟამინდელ დროშას შეიძლება მხარი აქტიურად დაუჭირონ «კლასიკურმა პარტიებმა», რომელთა დოქტრინაც «პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეობაში» მდგომარეობდა.
        ანუ, დაპირისპირება ასეთ შემთხვევაში, სრულიად მოულოდნელ რაკურსს შეიძენს. იარსებებენ სხვა სიბრტყეებიც, სხვა რაკურსში დაპირისპირებისთვის.
        მაგალითად, გერბისა და დროშისაგან განსხვავებით, ჰიმნის საკითხი უშუალოდ ეხება ინტელიგენციის ძალიან სერიოზულ დაჯგუფებას: კომპოზიტორთა ელიტარულ «ამქარს». იგი, რასაკვირველია, თავისი პრიორიტეტის დაცვას შეეცდება. უკვე თვალნათელია, რომ მისი გემოვნება არაფრის დიდებით არ დაემთხვევა და ვერ შეუთავსდება მასობრივ გემოვნებას, რაც თვალნათლივ წარმოჩინდა სამი წლის წინათ ჰიმნების კონკურსზე.
        ისეთი პირი უჩანს, რომ მასა, «მასობრივი გემოვნებიდან» გამომდინარე, აქ ისევ «ელიტის ჯინაზე» მიიღებს გადაწყვეტილებას. ოღონდ გააჩნია გემოვნებას – ფრანგული «მარსელიეზა» ბრწყინვალე ჰიმნად მიიჩნევა, თუმცა, ეს უფრო «მიჩვევისა» და ტრადიციის შედეგია.
        როგორც ჩანს, უახლოეს წლებში სიმბოლიკასთან დაკავშირებით ნორმალურ გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ. საქართველოს ტიპის ქვეყანაში სიმბოლიკას რევოლუცია ცვლის და არა კომისია.
        მორიგი რევოლუციისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს.

დილის გაზეთი, 4 თებერვალი, 2003 წელი

მთელ გვერდზე