საქართველოს გადასარჩენად    

საქართველოს გადასარჩენად    

    ტრაგიკული ვითარება, რომელიც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიქმნა, რა თქმა უნდა უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს მთლიანად საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. იმის შეგნება, რომ ენგურსა და ფსოუს შორის არცერთი ქართული სოფელი აღარ დარჩა და კვლავ გრძელდება ოდესღაც მრავალრიცხოვანი ქართველი მოსახლეობის გადმოსვლა ენგურზე - ფსიქოლოგიურ წნეხს ქმნის და ეს წნეხი პოლიტიკურ ყოველდღიურობაში იგრძნობა - მისი ტვიფარი ატყვია თითქმის ყველა, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენას.
    ეს სიტუაცია არა მარტო იმით არის საგანგაშო და მიუღებელი, რომ სახელმწიფო კარგავს თავისი ტერიტორიის საუკეთესო (ყოველმხრივ საუკეთესო) ნაწილს, არამედ უფრო სხვა მიზეზის გამოც: ასეთი წნეხის ქვეშ ყოვლად შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რადგან მისი მოქმედება შეუძლებელს ხდის ჭეშმარიტად დემოკრატიული ფასეულობების დანერგვას საზოგადოებრივ თუ პიროვნულ ცნობიერებაში. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარეშე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა ვერ აშენდება, ანუ სრული კრახით დასრულდება ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი პერიოდი.
    ვალდებულნი ვართ სიმართლეს შევხედოთ თვალებში: აფხაზეთის პრობლემის გადაუწყვეტელობა, «ჯაჭვური რეაქციების» პრინციპით, ადრე თუ გვიან, ანალოგიურ პროცესებს გამოიწვევს სხვა რეგიონებშიც რადგან საქართველო, როგორც ეროვნულ-სახელმწიფოებრივ, ეთნიკურ, კულტურულ და ეკონომიკური სისტემათა ერთობლიობა, იმგვარად ჩამოყალიბდა საუკუნეთა განმავლობაში, რომ ამ სისტემათაგან თუნდაც ერთის «ამოვარდნა» აუცილებლად გამოიწვევს სხვა, კიდევ უფრო დამანგრეველ ნეგატიურ პროცესებს და, ბოლოს და ბოლოს, ეს პროცესები დასრულდება თვით ქართველი ერის ეროვნული სხეულის დაშლით.
    როგორც ჩანს, ეს ყოველივე ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ჩვენს სახელმწიფოს მეთაურს, როდესაც ბრძანებდა: «აფხაზეთის დაკარგვა საქართველოს დაშლის დასაწყისი იქნება». ზოგიერთები დღეს კიდეც საყვედურობენ ედუარდ შევარდნაძეს ამ სიტყვებისათვის. მათი თქმით, აფხაზეთის ტერიტორიის დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამას საქართველოს სრული დაღუპვა არ შეიძლება მოჰყვეს. ჩემი აზრით, ისინი მწარედ ცდებიან.
    აქ საქმე ეხება არა ტერიტორიას, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისა და თვით ეროვნული იდენტობის საფუძველთა ნგრევას.
    ზემოთთქმულიდან გამომდინარეობს დებულება: საქართველომ, მისი სასიცოცხლო ინტერესებიდან (და არა მხოლოდ ტერიტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონის დაბრუნების აუცილებლობიდან) გამომდინარე, უეჭველად უნდა გადაჭრას ეს პრობლემა იმგვარად, რომ აღდგეს სახელმწიფოებრივ სისტემათა ერთობლიობა - დაუბრუნდეს მას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი.
    ალბათ მოვიდა დრო, ყოველგვარი რიდისა და შიშის გარეშე ვთქვათ: საქართველო მრავალმხრივ უნიკალური გაერთიანება იყო საუკუნეთა განმავლობაში. მისი სახელმწიფოებრივი სისტემა მტკიცედ, მაგრამ რუდუნებით იქსოვებოდა საუკუნეთა და ათასწლეულთა მანძილზე. კავკასიის ეთნიკური, გეოგრაფიული თუ კულტურულ-კონფესიური მრავალფეროვნება სერიოზულ ობიექტურ ფაქტორებს შეიცავდა, რომელთაც შეეძლოთ დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ ამ რეგიონში ერთიანი (უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ერთიანობის თვალსაზრისით) სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.
    მაგრამ ჩვენი დიდი და ბრძენი წინაპრების ძალისხმევით, X-XII საუკუნეებში მაინც მოხერხდა ასეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც იმდენად ძლიერ საფუძველს ემყარებოდა (მიუხედავად ზემოთნახსენები ეთნიკური თუ სხვა სახის მრავალფეროვნებისა), რომ შემდგომდროინდელმა ისტორიულმა თუ სოციალურმა კატაკლიზმებმაც ვერ შეძლეს ამ საფუძვლის სრული დანგრევა.
    XV-XVI საუკუნეებში, რიგი გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, დაიწყო ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში პროცესი - აფხაზური ეთნოსის გაუცხოებისა ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერებისაგან.
    ეს არაქართული წარმოშობის ტომი, რომელიც (აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის განსაზღვრებით) «კულტურულ-კონფენსიურად ქართველი იყო», მეზობელ ძლიერ სახელმწიფოთა პოლიტიკური და კულტურული «ველის» ზემოქმედების შედეგად თანდათან შორდებოდა ქართულ სამყაროს. ხოლო უფრო გვიანდელ ეპოქაში საქართველოს სახელმწიფოებრივ ერთიანობაში სერიოზული ბზარის მიზეზიც გახდა.
    მიუხედავად ამისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზთა გაუცხოებას საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემათა ერთიანობა არ დაურღვევია და ვერც დაარღვევდა.
    მარტივად რომ ვთქვათ, აფხაზეთში, სწორედ ამ სისტემათა მოქმედების შედეგად, ისტორიულად ჩამოყალიბდა ისეთი დემოგრაფიული ვითარება, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც «კრავდა» ამ სისტემებს ერთ მთლიანობად და ქმნიდა ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებისათვის საჭირო საფუძველს.
    არის თემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვუვლით გვერდს. თითქოს ვგრძნობთ მის სახიფათო მნიშვნელობას ჩვენი სამშობლოსათვის და ამავე დროს მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული: სწორედ აქ, ამ იდუმალებით მოსილი, ისტორიული სულიერი ერთობის არსშია კოდირებული ქართული სახელმწიფოებრიობის გულანი, - ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანათა პასუხი.
    ქართების, მეგრელ-ჭანებისა და სვანების ერთობა, რომელმაც შექმნა საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, მრავალგზის იყო უძლიერესი დარტყმის ქვეშ და მაინც, ამ ერთობამ გაუძლო ყველა გამოცდას. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას დიდად შეუწყო ხელი ეთნიკურ-კულტურულმა ბალანსმა დასავლეთ საქართველოსა და, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    ამჟამად ხსენებული ბალანსი დარღვეულია - აი, სწორედ ეს ქმნის ყველაზე დიდ საშიშროებას.
    აქედან ბუნებრივად გამომდინარეობს დასკვნა: საქართველოს, როგორც სახელმწიფოებრივ სისტემათა ერთობის გადასარჩენად, აუცილებელია ამ სისტემათა შორის გამოკლებული რგოლის აღდგენა, ანუ აღდგენა იმ ეთნიკური და კულტურულ-კონფენსიური ბალანსისა, რომელიც ადრე არსებობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
    თავისია არსით ეს საკითხი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და რთულია, ვიდრე კონკრეტულად ჩვენს ეპოქაში არსებული რომელიმე პოლიტიკური პრობლემა - თვით «საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის» ჩათვლით.
    უფრო მეტიც, ამ პრობლემის ანალიზი (ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით) ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს განსაცვიფრებელ, ფაქტობრივად უნიკალურ მოვლენასთან, როდესაც სახელმწიფოებრივ სისტემათა (სახელმწიფოს საფუძვლების) შენარჩუნება შესაძლებელი ხდებოდა (ანუ პრინციპში შესაძლებელია) იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქვეყანა კარგავს სახელმწიფოებრიობის ერთი შეხედვით ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს - სახელმწიფო სუვერენიტეტს.
    მესმის, რომ ამჟამად მივადექი უაღრესად საკამათო და მტკივნეულ საკითხს და ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მრავალი სერიოზული ოპონენტი შეიძლება გამოუჩნდეს. მაგრამ მოვიყვან ყველაზე ძლიერ და დამაჯერებელ არგუმენტს - ისტორიულ ფაქტებს:
    როდესაც XIX საუკუნის დასაწყისში, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი, ამას თითქოს უნდა მოჰყოლოდა სახელმწიფოებრივ სისტემათა სრული ნგრევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა:
    რუსეთის იმპერიამ, ყოფილი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელა საკუთარი სუვერენიტეტი, მაგრამ ამით (მიუხედავად მისი დიდი მცდელობისა) არ დაწყებულა იმ ეთნიკური, სოციალური და ცნობიერი საფუძვლების დაშლა, რომელსაც საქართველო ეყრდნობოდა.
    უფრო მეტიც: მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე დამყარდა სიმშვიდე, აღიკვეთა გარეგან, დამანგრეველ ფაქტორთა ზემოქმედება, იმ სახელმწიფოებრივმა სისტემებმა განმტკიცებაც კი იწყეს (მიუხედავად იმპერიის ფარული თუ აშკარა წინააღმდეგობისა).
    ისტორიულად თვალსაჩინოა შედეგი: XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა დაიპყრო ფაქტობრივად დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისისათვის სახელმწიფოებრივ სისტემათა ერთობლიობა უკვე იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ 1918 წლის მაისში შესაძლებელი გახდა ერთიანი, სუვერენული ქართული სახელმწიფოს დაფუძნება, რომელიც X-XII საუკუნეებში არსებული ისტორიული საქართველოს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავდა.
    შესაძლოა ისტორიული პარადოქსი იყოს, - მაგრამ ხომ ფაქტია!
    დაე, ოპონენტებმა სცადონ, სხვა ახსნის მოძებნა იმ განსაცვიფრებელი მეტამორფოზისთვის, როდესაც დაშლილი, დაქუცმაცებული, განადგურებული, სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა სულ რაღაც ერთი საუკუნის შემდეგ კვლავ ფენიქსივით აღდგა, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
    ვიმეორებ: ისტორიაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყოველი ქვეყანა, ყოველი ერი ვალდებულია გაითვალისწინოს, სარგებლიანად გამოიყენოს ისტორიული გამოცდილება. საქართველოს აღდგენა იყო არა შემთხვევითი მოვლენა (რომელიმე კონკრეტული ძლიერი პიროვნების ნებიდან გამომდინარე), არამედ ისტორიული აუცილებლობა, რომელსაც მკაცრი ობიექტური მიზეზები ჰქონდა.
    ჩემი ღრმა რწმენით, დღეს საქართველოს გადასარჩენად ერთადერთი გზა არსებობს: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს (ხაზს ვუსვამ: რადაც არ უნდა დაგვიჯდეს!) უნდა ვცადოთ იმ დემოგრაფიული და ეთნიკური ბალანსის აღდგენა, რომელიც ომამდე არსებობდა აფხაზეთში. ამით აღვადგენთ სახელმწიფოებრივ სისტემათა ერთობლიობას - დავუბრუნებთ მას გამოკლებულ რგოლს და შევქმნით წინაპირობებს, შემდგომში, სახელმწიფოებრიობის აღდგენა-განმტკიცებისათვის.
    ნუ შეგვეშინდება თუნდა უმრავლესობისათვის მიუღებელი, ძალზე განსხვავებული და არაპოპულარული აზრის გამოთქმისა: ის გრანდიოზული სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში არსებობდა საუკუნეთა განმავლობაში, იმდენად უნიკალური გაერთიანება იყო, რომ იგი ქმნიდა (და კვლავაც შექმნის) ასევე უნიკალურ სისტემებს.
    პოლიტიკოსები და იურისტები ამტკიცებენ, თითქოს სუვერენიტეტი «განუყოფელი ცნებაა». მაგრამ დღეს ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესები იმდენად არაჩვეულებრივი და უმაგალითოა, რომ მათ შეიძლება ჯერარნახული პრეცედენტიც შექმნან.
    საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველთა აღსადგენად ჩვენი ქვეყანა უეჭველად უნდა წავიდეს სნგ-ს სივრცეში რუსეთთან შემდგომი ინტეგრაციის გზით. დღეს, ისევე როგორც XVIII საუკუნის ბოლოს, სხვა გზა არ არსებობს.
    თუ მთავარი მიზნის მისაღწევად აუცილებელია კონფედერაცია რუსეთთან, საქართველომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას.
    გააჩნია, რამდენად ბრძნულად და ზუსტად დადგინდება «პოლიტიკური საკმარისობის» ზღვარი.
    შესაძლოა ეს ზღვარი არც გადიოდეს კონფედერაციაზე, შესაძლოა იგი უფრო შორსაც იყოს - ამაზე აქ ვერ ვიმსჯელებ, რადგან საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს. მაგრამ სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს სახელმწიფოს მეთაურის სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და რკინის ნებისყოფა – თუ ასეთი გააჩნია.
    მან (ისევე როგორც მისმა დიდმა წინამორბედმა) უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი და მტკიცე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება - საქართველოს გადასარჩენად!

«მოქალაქე» 1994 წ.