შავი ზღვის ფლოტი, როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობის კატალიზატორი

შავი ზღვის ფლოტი, როგორც რუსულ-ქართული ურთიერთობის კატალიზატორი


   

    პარასკევს, რუსეთის «ყოვლისმცოდნე» სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ახალი პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას რუსეთში.
    ამ ცნობის თანახმად, საქართველოში ვიზიტად მყოფმა გენერალმა მაევმა, რომელიც ვარდიკო ნადიბაიძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას სამი დღის განმავლობაში, დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება საქართველოსთვის შავი ზღვის ფლოტის ოთხი სამხედრო გემის გადაცემის თაობაზე.
    შეგახსენებთ, რომ ოფიციალური თბილისი კარგა ხანია კატეგორიულად მოითხოვს ფლოტის გაყოფაში მონაწილეობას, მაგრამ რუსეთში ეს საკითხი ყოველთვის ნეგატიურ რეაქციას იწვევდა - რუსული გენერალიტეტი უკრაინისთვის ფლოტის სულ ოცი პროცენტის გადაცემას ვერ შერიგებია და საქართველოს პრეტენზიები ხომ საერთოდ უსაფუძვლოდ და სასაცილოდაც კი ეჩვენებოდა.
    უფრო მეტიც: აღმასრულებელი ხელისუფლების ყოველი კონტაქტი ქართულ მხარესთან ამ თემაზე უმალვე ხდებოდა «ოპოზიციონერთა» განსჯის საგანი - ბორის ელცინსაც დიდად არ ეპიტნავებოდა მტრების მომრავლება «საქართველოს გულისთვის», ამიტომ ედუარდ შევარდნაძის ყველა თხოვნასა და წინადადებას ორჭოფულად პასუხობდა.
    მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოსთან ურთიერთობამ სამხედრო სტრატეგიულ სფეროში ისეთ მიჯნას მიაღწია, როდესაც რუსეთსაც მოუწევს სერიოზულ (არა სიმბოლურ, არამედ რეალურ) დათმობებზე წასვლა. გენერალი მაევი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანსატანკო სამმართველოს უფროსია. იგი საქართველოს ეწვია საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, რომელშიც 18 უმაღლესი რანგის ოფიცერი შედიოდა. მართალია, მხარეები თავდაპირველად ყველაფერს აკეთებდნენ, რათა დაემალათ მოლაპარაკებათა თემატიკა, მაგრამ კომპეტენტური წყაროს მეშვეობით მაინც ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკება ძირითადად შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზების შემდგომ ბედს საქართველოში, სამხედრო ობიექტებისა და ქონების გადმოცემას, აგრეთვე «ფლანგური შეზღუდვებით» გათვალისწინებული კვოტების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას.
    ეს საკითხი სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთისთვის საკმაოდ მტკივნეულია და მნიშვნელოვანი: ჩეჩნეთის მოვლენებმა, ჩრდილოეთ კავკასიაში ზოგადად არსებულმა დაძაბულმა ვითარებამ, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებამ პოსტსაბჭოურ სივრცეზე - კრემლი აიძულა არ დალოდებოდა მოვლენათა «თვითდინებას» და თავად შეეთავაზებინა თბილისისთვის შესაბამისი კომპრომისი.
    ქართული მხარე მოლაპარაკებებისას მოითხოვდა მისთვის იმ 40 სამხედრო ობიექტის გადმოცემას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამჟამად ეს ობიექტები რუსეთის ჯარებს აქვთ დაკავებული, თუმცა, 1995 წელს შევარდნაძისა და ჩერნომირდინის მიერ პარაფირებული ხელშეკრულებით, რუსეთს საქართველოში ეკუთვნის მხოლოდ ოთხი სამხედრო ბაზა (ვაზიანში, ბათუმში, ახალქალაქსა და გუდაუთაში) - ყველაფერი დანარჩენი კი საქართველოს კუთვნილებაა.
    მიუხედავად ამისა, რუსული გენერალიტეტი ბოლო დრომდე «ფეხს ითრევდა» - არ ჩქარობდა ამ ობიექტების გადმოცემას. მაგრამ, როგორც ჩანს, მათი ქართველი კოლეგებიც არ აპირებენ «მსუყე ლუკმის» ხელიდან გაშვებას, ამდენად დისკუსია დამთავრდა გენერალ მაევის ორაზროვანი განცხადებით: «ქართველ კოლეგებს, რა თქმა უნდა, გადავცემთ იმას, რაც ჩვენ აღარ გვჭირდება!» ანუ, პრინციპული თვალსაზრისით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია - ამჟამად, სერგეევის უწყება უკვე იმასღა ცდილობს, როგორმე «ძვირში» გაუცვალოს ეს ობიექტები საქართველოს ანუ რაც შეიძლება მეტი მიიღოს სანაცვლოდ სამხედრო თანამშრომლობის სხვა სფეროებიდან.
    კიდევ ერთი თემა იყო ეგრეთ წოდებული «კვოტების» საკითხი. რუსეთი საქართველოს სთხოვს პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტების ნაწილის დათმობას, მაგრამ ქართული მხარე ამ საკითხს მჭიდროდ უკავშირებს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტას და, შესაბამისად, პარლამენტში რუსეთ-საქართველოს «სამხედრო» ხელშეკრულების რატიფიცირებას.
    როგორც ჩანს, სწორედ ამ თემაზე მსჯელობისას წარმოიშვა აზრი (ანუ კვლავ «ამოტივტივდა») შავი ზღვის ფლოტის მცირე ნაწილით საქართველოსთვის კუთვნილ კვოტათა კომპენსირების თაობაზე. ამგვარი კომპრომისის ინიციატორი უეჭველად თვით ნადიბაიძე იქნებოდა. როგორც ჩანს, მან რუსულ გენერალიტეტშიც ჰპოვა გარკვეული მხარდაჭერა, მაგრამ გენერალი მაევი იმ ფრთის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც გააფთრებით იცავდა და იცავს შავი ზღვის ფლოტის ერთიანობას (ეს რუსეთის ღირსების საქმედ მიაჩნია) - სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ის უცნაური გარემოება, რომ მაევმა, მოლაპარაკებათა დამთავრებისთანავე ჟურნალისტებთან საუბარში «გამოამზეურა» მოლაპარაკებების ყველა დეტალი და საქართველოსთვის გადმოსაცემი გემების რაოდენობაც კი დაასახელა - ალბათ, ამ გზით სურდა დაეცვა «რუსული ფლოტის ღირსება», ანუ გამოეწვია სკანდალი რუსეთში და ჩაეშალა უკვე მომწიფებული გარიგება.
    ეს მცდელობა (თუ რუსულ ელიტაში არსებულ ანტიქართულ განწყობას გავითვალისწინებთ), ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდება. თუმცა, რუსეთისთვის ამგვარი «პრინციპულობა» საეჭვოა მომგებიანი იყოს სტრატეგიული თვალსაზრისით - მაევის ვიზიტის პარალელურად, საქართველოში «მოგზაურობდა» ნატოში ამერიკის ელჩი რობერტ ჰანტერი, რომელიც აგრეთვე უეჭველად «ფლანგური შეზღუდვებითაა» დაინტერესებული და თბილისიდან ბაქოში გაემგზავრება.
    რუსებისთვის ალბათ თვალნათელი უნდა იყოს, რომ საჭიროა დროულად გამონახონ საერთო ენა საქართველოსთან და მიაღწიონ კომპრომისს - მაგალითად აზერბაიჯანთან «საკომპრომისოც» არაფერია, ვინაიდან იქ საერთოდ არ არის რუსული სამხედრო ბაზა და არც ერთი რუსი ჯარისკაცი აღარ დგას.
   

ვაჰა არსანოვს თბილისში აგრძნობინეს, რომ «ცრემლების თბილისსაც არ სჯერა»
   

    ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ვაჰა არსანოვი თბილისიდან ბეირუთში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ ლიბანის მთავრობამ მოულოდნელად კატეგორიული უარი სტკიცა. მიზეზი გასაგებია: არაბული სამყარო (უპირველესად, სწორედ ლიბანი) კვლავინდებურად შეწუხებულია ისრაელის «პერმანენტული აგრესიით». ისრაელი ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ისლამისტური ორგანიზაცია «ჰეზბოლახის» მხარდაჭერისთვის ლიბანის დასასჯელად. ამ ვითარებაში რუსეთის გაღიზიანება (მოსკოვი ტრადიციულად არაბთა შემწედ აღიქმება ახლო აღმოსავლეთში) ლიბანის ხელისუფლებისთვის «აუტკივარი თავის ატკივებას» გულისხმობს.
    მით უმეტეს, რომ ჩეჩნეთი არაბებისთვის არაფერს ნიშნავს - «რელიგიური ფაქტორი» მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც იგი პოლიტიკურ ინტერესთა საერთო მიმართულებას ემთხვევა და ეთანადება. ამრიგად, ვაჰა არსანოვმა გეგმები შეცვალა და აზერბაიჯან-საქართველოში მოგზაურობით თავისი «საგარეო-პოლიტიკური მისია» ამოწურულად მიიჩნია.
    მან ვერც თბილისში მიაღწია ხელშესახებ შედეგს: ეს პირველი შემთხვევაა ჩეჩნეთ-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობათა ისტორიაში, როდესაც ჩეჩენი სტუმარი ედუარდ შევარდნაძემ არ მიიღო - ალბათ, საქართველოს პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ «ბალანსირების» ტაქტიკამ ამ სფეროშიც ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
    ზოგადად, ედუარდ შევარდნაძეს, ბევრი სხვა ქართველი პოლიტიკოსისაგან განსხვავებით, ილუზიები ნამდვილად არ გააჩნია ჩეჩნეთთან მიმართებაში. თუ იგი ჩეჩენ სტუმრებს «გულთბილად იღებს» და რუსეთის გაღიზიანებასაც არ ერიდება - ამით უფრო შიდა პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტს, ანუ ჩვენებურ ოპოზიციას ართმევს არგუმენტს: «შევარდნაძე კავკასიური ფაქტორის გამოყენებას არ ცდილობსო». არადა, ნამდვილად ცდილობს, თუმცა ესმის (არც ცდება), რომ ამ ფაქტორის გამოყენებით ის არ გამოვა, რაც ჩვენ გვინდა. ჩეჩნები ბოლო დროს საქართველოს კი ემეგობრებიან, მაგრამ არც თავიანთი სტრატეგიული მოკავშირეების - ჩერქეზების განაწყენება სურთ. ამ უკანასკნელთათვის კი აფხაზეთი «ისტორიული გამარჯვების სიმბოლოა» და შავ ზღვაზე ჩრდილოეთ კავკასიის გაჭრას ნიშნავს.
    ჩეჩნეთისათვის ამ პირობებში იდეალური ვარიანტი იქნებოდა (ისევე, როგორც რუსეთისთვის) ერთდროულად საქართველოსთან შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა და აფხაზეთთანაც, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები ვალდებული არიან გროზნოსაც და მოსკოვსაც აგრძნობინონ, რომ ასე არ გამოვა.
    საქართველომ თავისი ინტერესები მტკიცედ უნდა დაიცვას და არ უნდა მისცეს საშუალება ერთმანეთთან დაპირისპირებულ მტრებს - სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანდნენ, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 1992-1993 წლებში.
    გარდა ამისა, თვით ვაჰა არსანოვი, თავისი ბრიყვული განცხადებებით (კასპიის ნავთობის შავი ზღვის პორტებამდე გროზნოს გავლით ტრანსპორტირების შესახებ) კომიკურად ოდიოზური ფიგურა ხდება და ერთგვარი «დისტანცია» მასთან ურთიერთობაში ნამდვილად არ ავნებს საქართველოს ხელისუფლების იმიჯს.
   

რუსები საქართველოს ტერიტორიიდან ფარულ ომს აწარმოებენ თურქეთის წინააღმდეგ?
   

    რამდენიმე დღის წინ თურქეთ-საქართველოს საზღვრის აჭარის მონაკვეთზე ძალზე საყურადღებო (შეიძლება ითქვას საგანგაშო) ინციდენტი მოხდა: თურქმა მესაზღვრეებმა დაცხრილეს რუსული ვერტმფრენი, რომელიც ვითომცდა სოჭი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. ვერტმფრენი იძულებული გახდა საქართველოს ტერიტორიაზე (ბათუმთან) დაშვებულიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით, თითქოს, რუსეთის მასმედიას ერთი «ვაი-უშველებელი» უნდა აეტეხა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც საპროტესტო ნოტით მიემართა თურქეთის საგარეო უწყებისათვის, თურქეთის საელჩოებიც უნდა შეეწუხებინათ თბილისსა და მოსკოვში, მაგრამ შენც არ მომიკვდე: არაფერი მსგავსი არ მომხდარა. რუსეთმა ეს აშკარა შეურაცხყოფა ისე გადაყლაპა, თითქოს ვეტრმფრენის დაცხრილვის ფაქტი მხოლოდ ქართველი ჟურნალისტების «შეთითხნილი» და «გაბუქებული» ყოფილიყო.
    აშკარაა, ამ ინციდენტის მიღმა რაღაც იმალება. ზემოთხსენებული ვერტმფრენი მართლაც «უწყინარი» რომ ყოფილიყო, თურქეთის ტერიტორიიდან მის დაცხრილვას მოსკოვში გააფთრებული რეაქცია მოჰყვებოდა.
    რამდენიმე დღის შემდეგ თურქულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ თურქეთის უშიშროების სამსახურმა და თურქმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს ქურთი ექსტრემისტებისათვის იარაღის მიწოდების მცდელობა. საქართველო აქ მხოლოდ «გაკვრითაა» ნახსენები, თუმცა სავსებით საკმარისია იმის დაფიქსირება, რომ იარაღს რუსები სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აწვდიან ქურთებს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: არც მთლიანად საქართველოს, არც აჭარის ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია. რაკი ვეთანხმებით რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ეს ბაზები და მათზე განლაგებული რუსული სპეცსამსახურები იმოქმედებენ უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - თურქეთის დეზინტეგრაციის მცდელობა კი მოსკოვის «გრძელვადიანი პოლიტიკაა» და იგი არათუ ათწლეულებს, არამედ საუკუნეებს ითვლის. კომუნისტურ ეპოქაში ამ პოლიტიკამ განსაკუთრებით მიზანმიმართული ხასიათი შეიძინა. თურქეთში ქურთი «რევოლუციონერების» ლიდერი მუსტაფა ბარზანი საბჭოთა კგბ-ს პოლკოვნიკი იყო. «ძველი ურთიერთობა» მოსკოვთან არც მის მემკვიდრეებს შეუწყვეტიათ. თურქეთის გააქტიურებამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კრემლი იმდენად გააღიზიანა, რომ კვლავინდებურად სცადა «ქურთული კოზირის» გამოყენება თურქეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ქურთები (ნებისმიერი დახმარების შემთხვევაში) თურქეთს ვერ დაანგრევენ, მაგრამ სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან ნავთობსადენს და ამით უდიდეს სამსახურს გაუწევენ რუსეთს.
    ქურთების უმთავრესი მხარდამჭერნი საკუთრივ კავკასიის რეგიონში სომხები არიან. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ სწორედ «ქურთი ასკერების» ხელით მოაწყო სომხების გენოციდი, ამჟამად სომხები იმავე ქურთთა მეშვეობით უხდიან სამაგიეროს თურქეთს.
    იარაღი ქურთი «დივერსანტების» ბაზებზე, ძირითადად მაინც სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარების ბაზებიდან შედიოდა, ხოლო ამ ჯარების პირადი შემადგენლობა ოთხმოცდაათი პროცენტით ადგილობრივი «სომხური» მოსახლეობითაა დაკომპლექტებული. თუ რუსეთმა მეტისმეტად გააღიზიანა თურქეთი თავისი «სპეცოპერაციებით», ანკარამ შეიძლება თავისი რისხვა საქართველოსაც დაატეხოს თავს - ყოველ შემთხვევაში, მოსთხოვოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, აღკვეთოს საკუთარი ტერიტორიიდან «ანტითურქული» პროვოკაციების განხორციელება.
   

ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემა «საბოლოოდ გადაწყდა»
   

    გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ», რომელიც ითვალისწინებს რაიონის გამგებელთა და 7 უდიდესი ქალაქის მერთა «დანიშვნითობას».
    ამით დასრულდა ხანგრძლივი დისკუსია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო მაშინ, როცა «მოქალაქეთა კავშირმა» მობილიზება გამოაცხადა, მოსკოვიდანაც კი ჩამოიყვანა «ხანგრძლივ მივლინებაში მყოფი» დეპუტატები და პირველი მოსმენით მიიღო კანონი.
    ამის შემდეგ ყველაფერი უკვე «ტექნიკის საქმე» გახდა. წინააღმდეგობის გაწევამ ოპოზიციონერთათვის ყოველგვარი აზრი დაკარგა - არჩევნები «ადგილებზე» მაინც ჩატარდება, ხოლო უაზრო სიჯიუტით შეიძლებოდა ეს პროცესიც გადატანილიყო უფრო გვიანი ხანისათვის - რაც ნამდვილად არ აძლევს ხელს საპარლამენტო თუ გარესაპარლამენტო ოპოზიციას.
    ნებისმიერ შემთხვევაში, «ადგილობრივი არჩევნები» ხელსაყრელია «თამაშგარე მდგომარეობაში» დარჩენილი პოლიტიკოსებისათვის, ვინაიდან ამით მათ ეძლევათ შანსი გამოჩნდნენ, იაქტიურონ, საეთერო დრო (ტელევიზიით) მოსახლეობისათვის თავის შესახსენებლად გამოიყენონ და ასე შემდეგ.
    გარდა ამისა, მომავალი არჩევნები (სავარაუდოდ, ეს არჩევნები 1998 წლის ზაფხულში გაიმართება) არც რეგიონებში უშუალო გავლენის მოპოვების თვალსაზრისითაა «ხელწამოსაკრავი». ჯერ ერთი, საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებული პარტია ფსიქოლოგიურად უკეთ განეწყობა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. გარდა ამისა, უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებიც მნიშვნელოვანი იქნება: მართალია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში მერები არ აირჩევა, მაგრამ ხომ აირჩევა მერი ზუგდიდში? გურჯაანში? ახალციხეში? - არც ესაა მცირე საქმე პოლიტიკოსისათვის, რომელმაც რეგიონული ოლიგარქიის მხარდაჭერის ყადრი იცის.

დილის გაზეთი, 20 ოქტომბერი, 1997 წ.