საარჩევნო კანონი – ვინ აიღებს ხელში ინიციატივას?

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯერ ტრადიციულ რადიოინტერვიუში, შემდეგ კი ბრიფინგზე დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება საარჩევნო კოდექსზე, მაშინ არჩევნები მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება, ანუ რამდენიმე წლის წინათ მიღებული საარჩევნო კოდექსით. ამ განცხადებით სახელმწიფოს მეთაური ცდილობს, ოპოზიციას ინიციატივა წაართვას და «თამაში» თავად წარმართოს ისე, რომ ოპოზიცია პასუხობდეს მის ნაბიჯებს და არა პირიქით.
        ცალკე თემაა, რომ ნორმალურ ქვეყანაში არ შეიძლება საარჩევნო კანონმდებლობა ყველა არჩევნების წინ იცვლებოდეს და უპრიანი იქნებოდა, ეს კოდექსი კონსტიტუციის ნაწილად ქცეულიყო, ანუ მის შესაცვლელად თვით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა იყოს აუცილებელი. თუმცა, ამისთვის ქართული დემოკრატია ჯერ მზად არ არის, ამიტომ ყველა არჩევნების წინ ერთი და იმავე ტრაგიკომედიის მომსწრენი ვიქნებით. პრეზიდენტის განცხადებით კი, «ხელისუფლება არ აპირებს კაპიტულაციას და იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედგება შეთანხმება ჯერ თვით ოპოზიციას, შემდეგ კი, უფრო ფართოდ, საპარლამენტო ჯგუფებს შორის, მაშინ ტრაგედია არ იქნება, თუ არჩევნები ჩატარდება ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად».
        პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს სასურველი არ არის, ანუ იძულებითი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი პოზიცია სავსებით ნათელია: ხელისუფლება (მის ამ საინტერესო განცხადებას ყურადღება არ მიექცა) «არ დაუშვებს, რომ არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია «სავაჭრო ბირჟად» გადაიქცეს». არადა, პოლიტიკური ელიტა კატეგორუილად მოითხოვს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობის მიღებას, როდესაც არჩევნების დამტკიცება-არდამტკიცება (ხელისუფლების მომხრეთა ასევეტენდენციური შეფასებით) დამოკიდებული ქნება არა არჩევნების სამართლიანობა-უსამართლობაზე, ან მათ ობიექტურობაზე, არამედ იმაზე, თუ რომელ პარტიას რამდენი ხმა აქვს კომისიაში. ბუნებრივი და სამართლიანი გამოსავალი იქნებოდა პროფესიული კომისიების შექმნა, თუმცა, ასეთ გამოსავალს არც ერთი მხარე აღარ ეთანხმება.
        ამასობაში კი, კონსულტაციები აშკარა ჩიხში შევიდა. აქვე, პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ შეთანხმება ვერ ხერხდება ზოგიერთ ოპოზიციურ ძალებს შორისაც. მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტის განცხადება, როგორც ჩანს, უფრო სხვა მიზანს ისახავდა. მას უეჭველად იმის თქმა სურდა, რომოპოზიციის ილუზია, თითქოს ხელისუფლება ცაიტნოტშია და მას, ადრე თუ გვიან, მოუწევს დათომბაზე წასვლა – რეალურ საფუძველს მოკლებულია, ანუ ოპოზიცია, შევარდნაძის აზრით, არანაკლებ უნდა იყოს დაინტერესებული კომპრომისით, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი არაფერი უშლის ხელს არჩევნების გამართვას პარლამენტის მიერვე მიღებული კოდექსით. კომპრომისის ზღვრად კი პრეზიდენტმა დაასახელა (თუმცა, პირდაპირ არ უთქვამს) არჩევნების შედეგთა დამტკიცება არა საარჩევნო კომისიის, არამედ სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ხელისუფლება დაეთანხმოს სრულ პარიტეტს კომისიებში. ამგვარი წინადადებით, არცთუ მცირე ხნის წინათ, გამოვიდნენ არა მხოლოდ «ლეიბორისტები», არამედ «ახალი მემარჯვენეებიც». მიუხედავად ამისა, საეჭვოა, ოპოზიციამ მთავარი პრინციპი დათმოს. ყველაფერთან ერთად, ეს პოლიტიკური მარცხიც იქნება.
        ამ შემთხვევაში, ხელისუფლების ოპონენტთა უმთავრესი კოზირია ის გარემოება, რომ ევროპის საბჭო მართლაც დაჟინებით მოითხოვს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას. თვისებრივად, ევროპის საბჭო საბოლოო პოზიციას ჩამოაყალიბებს არა იმის მიხედვით, მიიღებს თუ არა პარლამენტი ახალ საარჩევნო კოდექსს, არამედ თვით არჩევნების შემდეგ, _საკუთარ დამკვირვებელთა შეფასების გათვალისწინებით. სხვა გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მარტო ევროპის საბოჭს წესდებას, არამედ ელემენტარულ ლოგიკასაც – ამ ორგანიზაციის წინადადებები სწორე რეკომენდაციაა და არა ულტიმატუმი. გადაწყვეტილება არჩევნების არადემოკრატიულად ცნობის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ არჩევნების შემდეგ. აბსოლუტურად ნულის ტოლია იმის ალბათობა, რომ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეუტანლობა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე გახდება რაიმე სერიოზული სანქციის მიზეზი.

დილის გაზეთი, 1 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე