ევროსაბჭოს შემდეგ სამცხე-ჯავახეთით ეუთოც დაინტერესდა

        საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციათა უყურადღებობას ნამდვილად ვერ დაიჩივლებს. ეს გარემოება, ერთი მხრივ, განპირობებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მზარდი მნიშვნელობით, მეორე მხრივ კი, თვით ჩვენი ქვეყნის პრობლემური განვითარებით. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო (უპირველესად, ევროპული) ორგანიზაციები მაინც ყურადღებას გვაქცევენ და ცდილობენ, სტრატეგიული პროგრამების განხორციელებაში დაგვეხმარონ.

        როგორც ჩანს, ერთ-ერთი ასეთი პროგრამა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა მიმართულების კოორდინატორმა რალფ ეკეუსმა ჩამოიტანა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს წარუდგენენ – მათ, ვინც ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემებზე მუშაობს.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმთავრესი საზრუნავია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი და მთლიანად კომუნისტური იმპერია დაიშალა, პიროვნულ (ინდივიდუალურ) უფლებათა პრობლემა პოსტსაბჭოურ ქვეყანათა უმრავლესობაში ასე თუ ისე მოგვარდა, ეუთოს «ჰუმანიტარული კალათის» უმთავრესიშ შემადგენელი კი სწორედ ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემა გახდა. ეს გარემოება მრავალ დიდ სახელმწიფოს თუ ეთნიკურ ჯგუფს გარკვეული ტექბნოლოგიის გამოყენებით გეოპოლიტიკური მიზნების აღსრულების საშუალებას აძლევს. ამდენად ეუთო (ისევე, როგორც გაერო, ევროპის საბჭო, შავი ზღვის ეკონოშმიკური ორგანიზაცია და სხვა) ამა თუ ზესახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინსტრუმენტაციის ნაწილია. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის დელეგაცია სწორედ ევროპის საბჭოში ამწვავებს განსაკუთრებით «თურქი-მესხების» სამხრეთ საქართველოში რეპატრიაციის თემას. ამ ორგანიზაციის სულისკვეთების შესაბამისად, საკითხი უეჭველად აქტუალიზებული იქნება.
        რალფ ეკეუსის ვიზიტის უმთავრესი მიზანიც სწორედ სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში ვითარების შესწავლაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს, თუმცა, საკითხის «აღმძრავი სახელმწიფოს» პერსონიფიცირება არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შეიძლება იყოს თურქეთი, აზერბაიჯანი ან ამ ორი ღერძის «ინტერესთა თანხვედრა».
        ეუთო ინსტიტუციურად სულაც არ არის ვალდებული, სხვადასხვა სახელმწიფოს ან მათი ჯგუფის ინტერესები იგულისხმოს. იგი კონსტრუირებულია დეკლარირებული იდეის დასაცავად, ანუ ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გასაღრმავებლად, მათი უფლებების დაცვის პირობით.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, რალფ ეკეუსმა არც იცის და არც აინტერესებს, რა «აღმძრავი მოტივი აქვთ» ორგანიზაციის ცალკეულ სუბიექტებს. სწორედ ამიტომ ეუთო (ისევე, როგორც გაერო, ხსენებული ევროპის საბჭო და სხვა ორგანიზაციები)9 მისი გავლენიანი სუბიექტები (წევრები) საქართველოს მოსისხლე მტრებიც რომ იყვნენ, მთლიანობაში ჩვენი მეგობარია. მას საქართველოსთვის მხოლოდ სიკეთე უნდა და მიზანდასახული, კომპეტენტური თანაშმრომლობით სერიოზულ წარმატებასაც შეიძლება მივაღწიოთ.
        ამის კლასიკური მაგალითია იმავე სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული პროგრამა, რომლეიც ეუთოს ეგიდით დაიწყო და სომხური მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ისახავს მიზნად. ამ პროექტს სრულიად მოულოდნელი შედეგი მოჰყვა – ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში, სადაც სომხები აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ, ასეულობით ადამიანმა სურვილი გამოთქვა, ქართული ენა ასწავლოს.
        შესაბამისი კონკურსები (თბილისელ პედაგოგებს ეუთო აფინანსებთ) მსურველებს ვერ აუდიან. უფრო მეტიც: სომხები ამ რეგიონში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გაფართოებას ითხოვენ. რაც მთავარია, ქართულის შესწავლისა და ქართულ ენაზე განათლების მიღების სურვილს გამოთქვამენ არა მხოლოდ ბიუროკრატიის წარმომადგენლები (ის, ვისაც თბილისთან სამსახურებრივად უწევთ ურთიერთობა), არამედ ახალგაზრდობა. ეს ყველაზე სასიხარულო სიმპტომია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პიროვნული ინტერესი და ჭკვიანური, გეგმაზომიერი, ფრთხილი, ძალდაუტანებელი პოლიტიკა (ეუთოს დახმარებით) საბოლოოდ ამ მოსახლეობის საქართველოს სოციუმში ინტეგრაციას განაპირობებს, პროვოკაციულად მოტივირებული განზრახულობანი კი ჩაიფუშება. ასეთ ვითარებაში ეუთოსთან თანამშრომლობა ქართულ სახელმწიფოებრიობას მხოლოდ განამტკიცებს.

დილის გაზეთი, 26 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე