«მინისტრთა კაბინეტი» და ახალი პოლიტიკური სპექტრი        

 «მინისტრთა კაბინეტი» და ახალი პოლიტიკური სპექტრი        

158 საპარლამენტო ხმის საჭიროება, შეიძლება, ოპოზიციის კოზირად იქცეს
       

        როგორც ჩანს, ამ კვირის ბოლოს პრეზიდენტი ოფიციალურად წარუდგენს პარლამენტს პაკეტს «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნების შესახებ, მათ შორის წინადადებებს საკონსტიტუციო ცვლილებათა თაობაზე, რასაც მოქმედი კანონმდებლობით, 158 ხმა ესაჭიროება კენჭისყრისას, ანუ არათუ კვალიფიციური, არამედ «საკონსტიტუციო უმრავლესობა» - დეპუტატთა სიითი შემადგენლობის ორი მესამედი.
        თუმცა, საეჭვოა, ამ თვალსაზრისით პარლამენტში (რასაკვირველია, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ) სერიოზული პრობლემა შეიქმნას, ვინაიდან შევარდნაძის ინიციატივა ძალზე ნოყიერ ნიადაგში მოხვდა.
        მომენტი იმდენად ზუსტად იყო შერჩეული და გამიზნული, რომ მთელი ის დაძაბულობა, რაც, დაახლოებით, 1999-2000 წლების მიჯნიდან გროვდებოდა და იბერებოდა - ნემსნაჩხვლეტი ბუშტივით ერთბაშად გასკდა და ამით, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თუ არ ჩავთვლით ელექტროენერგეტიკის პრობლემებს (რაც ცვალებადი და წარმავალია - იგი უმალვე ქრება, როგორც კი «დენი» მოდის) - მას რაიმე სერიოზული, ღრმა სოციალური საფუძველი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რაც ადრე არ ყოფილა ან ამჟამად არ არსებობს - არც ჰქონია.
        რასაკვირველია, «სერიოზულ საფუძვლად» ვერ მივიჩნევთ ისტებლიშმენტის უკმაყოფილებას და შინაგან დაძაბულობას. სხვაგან არ ვიცი და საქართველოში ეს ძალიან სერიოზული ფაქტორია. ქართული ისტებლიშმენტი, მათ შორის პოლიტიკური ელიტა «მუდმივი არამდგრადობის» მდგომარეობაში იმყოფება, ეს კი (არაადეკვატური რეაქციის შემთხვევაში), სერიოზული კატაკლიზმების მომასწავებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.
        სრულებითაც არ არის შემთხვევითი, თუ ეს ჩვენი ღირსეული «პოლიტოკრატია» შეურიგდება პარლამენტის უფლებათა ერთგვარ შეკვეცას (პრეზიდენტისთვის მისი დაშლის უფლების მინიჭებას) ვინაიდან, იმავდროულად იზრდება თვით პოლიტიკური ელიტის უფლებები და გავლენა.
        ამას განაპირობებს, «მინისტრთა კაბინეტის» დაფუძნება, აგრეთვე, ედუარდ შევარდნაძის ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ «კაბინეტი» იქნება არა «ტექნიკური» (როგორც სიგუასა და ფაცაციას დროს), არამედ «პოლიტიკური», ანუ შეიძლება კოალიციურიც იყოს.
        ინტერესთა თანხვედრის მეთოდით პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა პოლიტიკური ხელოვნების განუყოფელი ნაწილია. ამ თვალსაზრისით, ნამდვილ «შედევრად» უნდა ჩაითვალოს (ვაღიაროთ) შევარდნაძის სვლა, რომელმაც ქვეყანას საშუალება მისცა, უმწვავესი სახელმწიფოებრივი პრობლემა გადაეწყვიტა პოლიტიკური ელიტის მერკანტილური ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, «ამერიკული მოდელი» სამოქალაქო ომის ზღვარზე მუდმივ ბალანსირებას ნიშნავს.
        საკმარისია, პრეზიდენტი და პარლამენტი სხვადასხვა «პოლიტიკურ ბანკში» აღმოჩნდნენ და პათოლოგიური დაპირისპირება გარადუვალი გახდება - შესაბამისი შედეგებით ქვეყნისა და მისი უბედური მოსახლეობისთვის.
        ამრიგად, «ფრანგული მოდელი» საქართველოსთვის ზედგამოჭრილია. ყოველ შემთხვევაში, იგი კრიზისის პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრის შანსს მიანც ტოვებს, თუმცა, გააჩნია კრიზისს და გააჩნია «პირველ პირს». Gამსახურდიას დროსაც «ფრანგულიმოდელი» იყო, თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა.
        რაც შეეხება მერკანტილურ ინტერესს, პოლიტიკურ ელიტას ორი ძირითადი გათვლა შეიძლება ჰქონდეს. პირველი - ისევ და ისევ კოალიციური მთავრობა და, შესაბამისად, თანამდებობების «დათრევა» და მეორე - საარჩევნო კვოტის შემცირება.
        ეს უკანასკნელი ჯერ სათანადოდ ანგაჟირებული და აჟიტირებული არ არის, მაგრამ სავსებით ბუნებრივი იქნება, თუ «საკონსტიტუციო ცვლილებათა» თაობაზე კულუარული კონსულტაციებისას დაისმება საარჩევნო კვოტის, ანუ საარჩევნო ბარიერის თუ ცენზის 3-4 პროცენტამდე შემცირების საკითხი, ვინაიდან «ხელისუფლებათა გამიჯვნის «ფრანგული მოდელის» პირობებში არათუ საშიშია, არამედ სასარგებლოცაა, თუ პარლამენტი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება და მაქსიმალურად წარმოადგენს პოლიტიკურ სპექტრს.
        ეს ხელს იმასაც შეუწყობს, რომ ჩამოყალიბდება ნორმალური მიმართებები პოლიტიკურ წრფეზე და აღარ გვექნება «აღორძინების» მსგავსი ავრალური გაერთიანებები, რომლებიც მხოლოდ «ზედაპირზე თავის შესანარჩუნებლად» იქმნება პოლიტიკურ დოქტრინათა განურჩევლად, ესე იგი მხოლოდ «გადარჩენის» ნიშნით.
        «მინისტრთა კაბინეტი» კი ყველაფერს ახლებურად დაალაგებს. სხვათა შორის, ოთარ ფაცაცია კი იყო «ტექნიკური პრემიერი», მაგრამ ის კაბინეტი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა შექმნა 1993 წლის აგვისტოში, თენგიზ სიგუას გადადგომის შემდეგ, უკვე ატარებდა კოალიციურობის ნიშნებს და გარკვეული შედეგი ამან მაშინ გამოიღო, თუმცა, კაბინეტი უმალვე დაიშალა, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა და ირაკლი ბათიაშვილმა, სნგ-ში გაწევრიანებისადმი პროტესტის ნიშნად, თანამდებობები დატოვეს.
        დღეს სხვა გარემო-ვითარებაა, ხოლო 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ძალთა სხვა განლაგება შექმნა. უპირველეს ყოვლისა, ოპოზიცია უეჭველად შეეცდება, წინასწარ მიიღოს გარკვეული გარანტიები, სანამ ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მან ხომ შესანიშნავად იცის, რომ 158 ხმის საჭიროება მისი უკანასკნელი კოზირია, ვინაიდან თვით პრემიერ-მინისტრის დამტკიცება მოხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით და «მოქალაქეთა კავშირს» ხმათა მარაგი საკმარისი აქვს, რათა ეს განახორციელოს ოპოზიციის ჩაურევლად.
        მაგრამ ამ თვალსაზრისით, ოპოზიციაში (უფრო ზუსტად, ეგრეთ წოდებულ, «არაუმრავლესობაშიც») არ არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება.
        «არაუმრავლესობის» შემადგენელი ზოგიერთი ძალა (მაგალითად, «ახალი ფრაქცია», «სოციალისტები») არ ამჟღავნებს დიდ სურვილს, მიიღოს მონაწილეობა ახალი მთავრობის მუშაობაში. მათ სურთ, მთელი პასუხისმგებლობა დააკისრონ «მოქალაქეთა კავშირს», ვინაიდან იმედი აქვთ, მთავრობა ვერ შეასრულებს 2001 ან 2002 წლის ბიუჯეტებს და მოითხოვენ მის გადადგომას, ან პრეზიდენტს შთააგონებენ, გადააყენოს მთავრობა და ახალი კაბინეტი დააკომპლექტოს - რასაკვირველია, მათი მონაწილეობით.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი დისპოზიცია რეფორმათა გაგრძელებისა და გაღრმავების თვალსაზრისით, ერთ, უაღრესად კეთილისმყოფელ შედეგს უმალვე გამოიღებს: «მემარჯვენე მთავრობას» (ზურაბ ჟვანიას კაბინეტი კი სწორედ ლიბერალური, მემარჯვენე კაბინეტი იქნება) გაუჩნდება მძლავრი სტიმული და სასიცოცხლო მოთხოვნილება, შეიმუშაოს და პარლამენტში შეიტანოს რეალური ბიუჯეტი, მკაცრად და უმოწყალოდ შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, რათა წლის ბოლოს ოპოზიციას არ ჰქონდეს საშუალება, «ბიუჯეტის შეუსრულებლობის» მოტივით, გამოუცხადოს მთავრობას უნდობლობა.
        ამ მოტივით მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება კი, «ფრანგული მოდელით» კაბინეტის დაუყოვნებლივ, ავტომატურ გაადგომას ნიშნავს მაშინ, როდესაც «პოლიტიკური უნდობლობისას» პრეზიდენტს რჩება არჩევანი დაითხოვოს პარლამენტი ან მთავრობა.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სახელისფლებო მოდელი პარლამენტს უფრო ფრთხილსა და ზომიერს გახდის. ახალი განლაგებით, იზრდება პრეზიდენტის ფიგურის მნიშვნელობაც. ამას ხაზი უნდა გაესვას: «მნიშვნელობა» იზრდება და არა (ყველაფრის მიუხედავად) «უფლებაომსილება». პრეზიდენტი უფრო დამოუკიდებელი ფიგურა ხდება. უფლებამოსილების მხრივ, მას დღესაც ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს (ფორმალურად), მაგრამ «ამერიკული მოდელი» სახელმწიფოს მეთაურს მანევრისა და ინიციატივის სივრცეს (ჩვენს პირობებში) თითქმის არ უტოვებდა, ვინაიდან არსებობდა შეუვალი პარლამენტი, საკუთარი კორპორაციული ინტერესებით.
        აქედან გამომდინარე, «ფრანგულ მოდელში» სახელმწფიოებრივი კურსის განსაზღვრისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვინ იქნება პრეზიდენტი, ვიდრე ის, რაც ძალები მივლენ პარლამენტში. «ამერიკული მოდელის» პირობებში კი, პირიქით - პრეზიდენტის ვინაობას (ამ თვალსაზრისით) ნაკლებად განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა და პრეზიდენტს ნაკლები ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა სახელმწიფოებრივი კურსის განსაზღვრაზე, ვიდრე პარლამენტს.
        საქართველოსათვის, რომელიც სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესში იმყოფება, პრეზიდენტის ფიგურის მნიშვნელობის გაზრდა სასარგებლოც შეიძლება იყოს, ვინაიდან მისაღებია კარდინალური გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც პარლამენტი კორპორაციული ინტერესებითა თუ პოლიტიკურ ძალთა შუღლით, შეიძლება, «ერთმანეთის ჯინაზე» არ იღებდეს საჭირო გადაწყვეტილებებს.
        იგივე ითქმის რეფორმათა თაობაზეც - «ფრანგული მოდელი», რა თქმა უნდა, უფრო მეტად შეიცავს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის გაგრძელებისა და გაღრმავების შესაძლებლობებს.
        თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებზე ვისაუბრებთ, მაშინ პრეზიდენტი, ალბათ, პირველ «პოლიტიკურ მინისტრთა კაბინეტს» დააკომპლექტებს «ზურაბ ჟვანიას გუნდით», რომელიც 2 წლის განმავლობაში შეეცდება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ლიბერალური ეკონომიკური რეფორმა, რისთვისაც აუცილებელი იქნება რამდენიმე ძალზე სარისკო და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ამავე კონტექსტში უდიდესი მნიშვნელობა ექნება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც «გუნდი» უეჭველად სრული შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას და მხოლოდ მნიშვნელოვანი წარმატების შემთხვევაში დაბრუნდება მთავრობაში. თუ ასეთი ალგორითმი შენარჩუნდა, შეიძლება ითქვას, ლიბერალურმა რეფორმამ საბოლოოდ გაიმარჯვა საქართველოში.

დილის გაზეთი, 8 მაისი,2001 წელი