პანკისში ჯერ ტყვია არ გავარდნილა

პანკისში ჯერ ტყვია არ გავარდნილა

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტი ათამდე «ავღანელს» შეხვდა, რომლებიც კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდნენ. ამ აქციებმა უკვე გამოიღო შედეგი: ხელისუფლებამ მიიღო ძალზე სარისკო გადაწყვეტილება ხეობაში შინაგან ჯართა ქვედანაყოფების შეყვანის შესახებ. მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით, ხეობაში სერიოზული ექსცესი არ მომხდარა. დისლოკაციის შეცვლა შეთანხმებული იყო ხეობის ჩეჩენ უხუცესებთან, ისევე, როგორც ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან.
        ღეალურად, ამ აქციას ვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ეს ადასტურებს, რომ ხეობაში კვლავინდებურად ვრცელდება თბილისის იურისდიქცია. კრიმინალთა «ალაგმვის» მხრივ, მას უშუალო შედეგი არ მოჰყვება. ხეობაში მყოფი ავაზაკები, ძირითადად, ტყეებში შექმნილ ბაზებზე ცხოვრობენ. ადგილობრივი მოსახლეობა (მხურვალე დაპირებათა მიუხედავად), მათ თუ არ დაეხმარება, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას არც «ჩააბარებს». თუმცა, თვით მოსახლეობაც და ჩეჩენი ლტოლვილებიც დაინტერესებულნი არიან სტაბილურობით. ჩეჩნებს სულაც არ ეპიტნავებათ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება.
        ამრიგად, «პანკისის პრობლემა» არის პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიმინალური საკითხი. სწორედ პოლიტიკური შემადგენლობაა აქ ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო: მრავალი მოსაზრება გამოითქვა იმის თაობაზე, რა პოლიტიკური შედეგები ექნება პანკისის ვითარებას. არადა, შედეგი უკვე არსებობს: მოსკოვში შესანიშნავად ხედავენ, რა ხდება პანკისში, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება, რამდენი კილომეტრით გადაიწიეს შინაგანმა ჯარებმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მასმედია თითქოს ვერ ამჩნევს მიმდინარე პროცესებს (თავისთავად ძალზე ნიშანდობლივია). – რუსულმა სპეცსამსხაურებმა «დაამუშავეს» ინფორმაცია, ხოლო დასკვნა, რაც პრეზიდენტ პუტინამდე და რუსეთის უშიშროების საბჭომდე «მიაღწევდა», უეჭველად ასეთი იქნებოდა: «საქართველოში რაღაც ძვრები დაიწყო».
        მივაქციოთ ყურადღება: რამდენიმე დღის წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეატრალური ჟესტი გააკეთა: სთხოვა რუსეთს, გადასცეს ჩეჩენთა მთავარი იდეოლოგის, მოვლადი უუდგოვის მამხილებელი მასალები, რაც მისი ექსტრადირებისთვის არის საიჭრო. რა თქმა უნდა, ანკარას სულაც არ უფიქრია უდუგოვის ექსტრადირება. მით უმეტეს, რომ უდუგოვი არ იმყოფება თურქეთში, მაგრამ ამ ჟესტით თურქეთმა პოლიტიკურ ტექნოლოგიას მიაგო პატივი. საქართველოს უახლოეს მომავალში აუცილებლად მოუწევს ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში, პანკისი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა «გამაღიზიანებელი» აღარ უნდა იყოს.
        ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალისხმევას არ დააკლებს, რადგან მიმდინარე წელს რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს აფხაზეთთან დაკავშირებით, თანაც, სწორედ რუსეთთან ურთიერთმოქმედების კონტექსტში. ბუნებრივია, ზედმეტი «გამაღიზიანებელი» ამ სიტუაციაში მხოლოდ ხელისშემშლელი იქნება, ვინაიდან, პუტინის რეჟიმის ამბიცია არ შეურიგდება საკითხის ასე დასმას: «თქვენ თუ ასე არ მოიქცევით, ჩვენ არ გავითვალისწინებთ თქვენს ინტერესებს ჩეჩნეთში».
        შეიძლება, რეალურად ამგვარმა ფორმულამ იმუშაოს, მაგრამ მისი აფიშირება პუტინს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთშივე.
        ძირითადი პრობლემა პანკისში მყოფი შეიარაღებული ჩეჩნური ელემენტია. მათ შორის ცნობილი საველე მეთაური რუსლან გილაერვი. კოდორის ცნობილ აქციის შემდეგ იგი პანკისში დაბრუნდა, მაგრამ მისი შემდგომი ყოფნა საქართველოში უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის. ამდენად, შეიარაღებული ჩეჩნები ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. ჩეჩნეთში დაბრუნებას ისინი ვეღარ შეძლებენ - რუსეთ-საქართველოს საზღვარი მასიურად არის დანაღმული, ხოლო ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, ასლან მასხადოვმა რუსლან გელაევი სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადა.
        საქართველოს სპეცსამსახურები, უბრალოდ, იძულებულნი და ვალდებულნი არიან, შესთავაზონ ჩეჩნებს, დატოვონ ჩვენი ქვეყანა. ეს არ ნიშნავს რუსებთან ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას, მაგრამ ინკოგნიტოდ არაბულ სახელმწიფოებში მათი გაშვება სავსებით შესაძლებელია.

დილის გაზეთი, 18 იანვარი, 2002 წელი