არჩევნები «პოლიტეკონომიკისკენ» უბიძგებს

        საბჭოური პერიოდის პოლიტეკონომიკისგან განსხვავებით, თანამედროვე «ქართული პოლიტიკური ეკონომიკა» მჭიდროდ უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს და ერთდროულად რამდენიმე ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. მათი გამოხატულება გახდა ორი «პოლიტეკონომიკური» ინიციატივა: ახალი საგადასახადო კოდექსი და კანონი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ.

        «მრეწველთა» ინიციატივაზე შეიძლება ის ითქვა,ს რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავლისმომასწავებელი პროექტი, რასაც კი ქართველი ელიტა იხილავდა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ საქართველოს რეალურ მდგომარეობას (შიდა და საგარეო მიმართებებს) გავითვალისწინებთ, ახალი საგადასახადო კოდექსი კონსტიტუციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს. მან შეიძლება განსაზღვროს როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორი, ასევე დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
        «მრეწველები» უკვე რამდენიმე წელიწადია ამ საკითხს სვამენ, მაგრამ უაღრესად ნიშანდობლივია – თავიანთი მთავარი «მესიჯის» და მტკიცედ ჩამოყალიბებული იდეოლოგიის შესაბამისად, მათ სწორედ ამ მომენტში (პარლამენტში ამჟამად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით) გაამწვავეს და იურიდიულად ხორცი შეასხეს თავიანთ ინიციატივას. ისინი ამაში არც შემცდარან – საკანონმდებლო ორგანო ძნელად პროგნოზირებადი გახდა («მინიმალური ხელფასის» ამბავი ამ რეალობის გამოვლინებაა) ამდენად, სრულებით არ არის გამორიცხული, მან პირველი მოსმენით მიიღოს «თოფაძე-ტყემალაძის კანონპროექტი» ანუ დაამტკიცოს მისი პრინციპები. იგი ითვალისწინებს გადასახადების რაოდენობის შემცირებას, მათ გაერთიანებას, ზოგიერთის საერთოდ გაუქმებას და ადმინისტრირების სისტემაში ძალზე სერიოზული ცვლილებების შეტანას.
        ფინანსთა სამინისტრო და მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ერთი შეხედვით, თითქოს არ ეწინააღმდეგებიან კანონპრროექტს, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. სინამდვილეში კანონპროექტი იმნაირადაა შედგენილი, რომ პირველი მოსმენის (პრინციპების) დონეზე, ფაქტობრივად, არავითარ წინააღმდეგობას არ ქმნის. «მრეწველებისთვის» მთავარია, კანონი (კოდექსი) პრინციპების დონეზე იყოს მიღებული. სირთულეები აუცილებლად წარმოიშობა მეორე მოსმენისას, როდესაც კონკრეტულ მექანიზმებზე და (გარკვეულწილად) განაკვეთებზეც იქნება საუბარი. მაშინ დაიწყება მწვავე დაპირისპირება, ვინაიდან თვით მრეწველებიც არ უარყოფენ, რომ ახალი კოდექსი ფისკალურად «ნეიტრალური» ვერ იქნება _ პირველ ეტაპზე ის აუცილებლად გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას. ამას არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება სავალუტო ფონდი და აღმასრულებელ ხელისუფლებას მოსთხოვს ყოველნაირად შეეწინააღმდეგოს ახალი კოდექსის მიღება-ამოქმედებას.
        «მრეწველთა» ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ «საქართველომ სავალუტო ფონდის იძულებით მიიღო 1996 წელს დამღუპველი საგადასახადო კოდექსი». ბუნებრივია, თუკი ეს საკითხი სავალუტო ფონდის, საწინააღმდეგო რიტორიკით იქნება ანგაჟირებული, ფონდის თბილისურ მისიას და მის ვაშინგტონელ დირექტორებს მეტი მოტივაცია ექნებათ, რათა ყველაფერი იღონონ «ახალი კოდექსის» დასაბლოკად.
        «მრეწველთა» მხრიდან ბევრად უფრო რაციონალური იქნებოდა, სავალუტო ფონდის ლანძღვ-აგინების ნაცვლად, მისთვის ისევე «მოექონათ» თავი, როგორც ორივე მხარე (მთავრობის ჩათვლით) მთლიანად პარლამენტს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოსდა, მათ არანაირი პრობლემა არ გააჩნიათ და საგადასახადო კანონმდებლობის კარდინალურ შეცვლაზე შეხმატკბილებით მუშაობენ. რამდენად შეხმატკბილებულია ეს დამოკიდებულება, მალე გამოჩნდება.
        მსგავსი ვითარება იქმნება «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» კანონპროექტთან დაკავშირებითაც – თითქოსდა ყველა თანახმაა პარლამენტმა ასეთი კანონი მიიღოს, მაგრამ ძალზე საეჭვოა, საქმე-საქმეზე მიდგეს მანამდე, ვიდრე რეგიონიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხის რეგულარული გადმორიცხვის პრობლემა არ გადაწყდება. ყოველ შემთხვევაში,ძალზე საეჭვოა, აღმასრულებელი ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ სავალუტო ფონდის დამოკიდებულებაზე ამ საკითხისადმი.

დილის გაზეთი, 27 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე