ჯაბა და შევარდნაძე

ჯაბა და შევარდნაძე

    14 სექტემბერს მღელვარებით ველოდით. ყველა გრძნობდა, რომ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ეს მოვლენა რამდენიმე თვის განმავლობაში მწიფდებოდა: ჯერ კიდევ აგვისტოში მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობა პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტს შორის. როგორც ჩანს, ამის ძირეული მიზეზი იყო არა ის, რომ პარლამენტი უარყოფდა ამა თუ იმ კანონსა თუ დადგენილებას, ანუ არ ეთანხმებოდა სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკას ტაქტიკურ საკითხებში. ჭეშმარიტი, სიღრმისეული მიზეზი უეჭველად სხვაა - ედუარდ შევარდნაძე თანდათანობით დარწმუნდა, რომ პარლამენტი მთლიანობაში მოახდენდა მისი სტრატეგიული პოლიტიკური კურსის (განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით) ბლოკირებას. როგორც ჩანს, იგი დარწმუნებულია: ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია საქართველოში  ვითარების გაუმჯობესება და, რაც მთავარია, შემდგომი განვითარება.
    უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მეთაური პრინციპულად მართალია პარლამენტის მიმართ და აი, რატომ: პარლამენტის ზოგიერთ წევრს, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს აკრიტიკებს მისი პოლიტიკის გამო, ამავე დროს ვერ წარმოუდგენია საქართველოს სახელმწიფო მისი მეთაურობის გარეშე. ანუ, ისინი ცდილობენ, შეცვალონ სახელმწიფო კურსი - მეთაურის შეუცვლელად. ეს კი არ გამოვა, არც უნდა გამოვიდეს და არა მარტო დიდი პოლიტიკის კანონებიდან გამომდინარე, არამედ ელემენტარული ლოგიკისა და სამართლიანობის გათვალისწინებით.
    რაოდენ არაერთგვაროვანიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ირაკლი წერეთლის მიმართ, მან ერთხელ სავსებით მართებულად თქვა პარლამენტში: «იმ პარლამენტართა პოზიცია, რომლებიც აკრიტიკებენ ედუარდ შევარდნაძეს რუსეთთან სტრატეგიული კავშირისაკენ მისწრაფების გამო, მაგრამ ამავე დროს მხარს უჭერენ მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მე უპატიოსნოდ მეჩვენება - თუ არ ეთანხმებით მეთაურის პოზიციას სტრატეგიულ საკითხებში, კეთილი ინებეთ და ჩემსავით მისი გადადგომა მოითხოვეთ, მაგრამ ნუ ცდილობთ, ედუარდ შევარდნაძეს მრწამსი შეაცვლევინოთ, ის საკუთარ მრწამსს არ შეიცვლის და არც უნდა შეიცვალოს, რადგან ეს მისი პოზიციაა».
    ედუარდ შევარდნაძე თითქოს ეუბნება თავის ოპონენტებს «მე ასე მწამს, მე ასე მჯერა, მე მიმაჩნია, რომ ასე უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. თუ არ მეთანხმებით, - მზადა ვარ, გადავდგე, მაგრამ ნუ ცდილობთ, მრწამსი შევიცვალო - ამას არ ვიზამ».
    მართლაც, ძალიან ბევრ მათგანს, ვინც ესოდენ უშიშრად და ომახიანად აკრიტიკებდა შევარდნაძეს განვლილი თვეების განმავლობაში, უმალ «დაეკარგა ფერი» და აუკანკალდა მუხლები, როგორც კი საქმე მართლაც მიდგა მის გადადგომაზე. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ მათი «ოპოზიციონერობა» უფრო თეატრალური პოზაა, ვიდრე პრინციპული პოზიცია. შევარდნაძემ ეს იგრძნო და ერთი დარტყმით ჩამოგლიჯა მოწინააღმდეგეს ნიღაბი - იმ უამრავი «ოპოზიციონერი» დეპუტატიდან, რომლებიც ესოდენ დაუფარავად და თამამად გამოხატავენ ხოლმე თავის შეხედულებებს მიკროფონთან მთელი საქართველოს დასანახავად, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ასე თუ ისე თავისი პრინციპების ერთგული (ვინც თავი შეიკავა კენჭისყრის დროს).
    მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მეთაურის განცხადება გადადგომის შესახებ არავითარ შემთხვევაში არ იყო წინასწარ დადგმული და გათამაშებული სპექტაკლი. უფრო სწორად, ედუარდ შევარდნაძე, როგორც ჩანს, კარგა ხნის განმავლობაში ითვალისწინებდა შექმნილი «გორდიას კვანძის» ამ ხერხით გადაწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ იმ კრიტიკულ მომენტში იგი მართლაც გულწრფელად აფეთქდა და, ჩემი ღრმა რწმენით, მისი განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ჯაბა იოსელიანის გამოსვლის იმ ნაწილმა, როდესაც ჩვენმა «ბებერმა მოჯაჰედდინმა» (გიორგი ჭანტურიას სიტყვებია) გაიხსენა, რომ მოსკოვური პუტჩის შეფასებისას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და საბჭოთა მინისტრმა ერთნაირი შეფასება მისცეს გაიძვერა გორბაჩოვის როლს ამ მოვლენებში.

    ძნელია, აღწერო ის ქარიშხალი, რომელიც პარლამენტში დატრიალდა სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლის შემდეგ. პარლამენტარები ფეხზე წამოიჭრნენ. რამოდენიმე მათგანი დაუყოვნებლივ მივარდა შევარდნაძეს და ცდილობდა დაებრკოლებინა მისი გასვლა დარბაზიდან; რაღა თქმა უნდა, იქვე გაჩნდა შევარდნაძის დაცვაც, რომლებმაც რკალი შეკრეს მეთაურის გარშემო. ამის შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანი კარებში ჩადგა. მისი სასოწარკვეთილი სიტყვების პასუხად შევარდნაძემ კიდევ უფრო სასოწარკვეთილი ხმით იყვირა: «გამატარე, ჯანსუღ - დავვარდები!».
    ამასობაში დარბაზში შემოიჭრა გიორგი ყარყარაშვილი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აღელვებული და აღშფოთებული ჩანდა.
    სახელმწიფოს მეთაურმა მაინც დატოვა დარბაზი და საკუთარ კაბინეტში განმარტოვდა. პარლამენტართა ჯგუფმა სცადა ძალით გაერღვია დაცვის რიგები და კაბინეტში შეჭრილიყო, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ამ დროს, პარლამენტის შენობაში შემოიყვანეს რომელიღაც სადესანტო შენაერთი. გოლიათური აღნაგობის, პირბადეაფარებულმა ჯარისკაცებმა დაიკავეს სახელმწიფოს მეთაურის აპარტამენტებთან ყველა მისასვლელი.
    ფოიეში კი კვლავ გრძელდებოდა ვნებათა ბობოქრობა. პარლამენტარები ლამის ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. ქალები ტიროდნენ.
    სულ მალე, როგორც პარლამენტის შენობის წინ, ასევე შენობაშიც იმატა ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა რიცხვმა. მათი უმრავლესობა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრას მოითხოვდა.
    დაიწყო მიტინგი, რომელიც იმთავითვე მტკიცედ წარმართა ირინა სარიშვილმა. მან განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით კი, ისინი იხსნიან უფლებამოსილებას მანამდე, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
    ერთი სიტყვით, რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველო არსებობდა სახელმწიფოს მეთაურის და მთავრობის გარეშე. თუმცა, ეს დიდ შეშფოთებას არ იწვევდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ამგვარ მდგომარეობაში სახელმწიფო იყო არა თუ რამოდენიმე საათის, არამედ მთელი ორი კვირის განმავლობაში.
    ყველასათვის ნათელი გახდა: სიტუაციის განმუხტვა შეეძლო მხოლოდ ჯაბა იოსელიანისა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრას. ასეთი შეხვედრა მართლაც შედგა და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძეს. სამწუხაროა, რომ ქალბატონ მარიკას სტუდენტები ვერ ხედავდნენ მას იმ წუთებში მის მოთხოვნას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა.
    სანამ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მიტინგი სულ უფრო მღელვარე და ექსპრესიულ ხასიათს იღებდა. შეკრებილმა თბილისელებმა გადაწყვიტეს არ დაშლილიყვნენ, სანამ შევარდნაძეს კვლავ არ იხილავდნენ თავის პოსტზე. ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოს მეთაური დათანხმდა, რომ თავის გადაწყვეტილებას შეცვლიდა მხოლოდ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში: თუ პარლამენტი გამოაცხადებდა საგანგებო მდგომარეობას და ორი თვით შეწყვეტდა ფუნქციონირებას. შეკრებილებმა მხურვალედ დაუჭირეს მხარი ედუარდ შევარდნაძეს.
    1987 წლიდან საქართველოში გაშლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ხინჯი ისიც იყო, რომ იგი თითქოს მთლიანად მიტინგზე აღმოჩნდა აგებული.
    მიტინგი კი მეტისმეტად «აშიშვლებს» ერს და, გარკვეული თვალსაზრისით, აკნინებს მის ღირსებას.
    ეროვნული ღირსების შენარჩუნებისათვის გაცილებით უკეთესია, თუ ერი მიტინგის ფორმით არ გამოხატავს თავის პოზიციას და უზენაესი მსაჯულის სიდინჯით, მდუმარედ ადევნებს თვალ-ყურს მის სხეულზე გაშლილ პოლიტიკურ ვნებებს.
    მიუხედავად ამისა, კონკრეტულად ეს მიტინგი იმდენად გულწრფელი იყო, რომ ენა ვერ უნდა მოუბრუნდეს ადამიანს რაიმე საყვედური უთხრას მის მონაწილეებს. მათ ხომ არ მოუთხოვიათ სარჩო, ხელფასის გადიდება, ან საერთოდ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება - მათი უმრავლესობა აშკარად მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბედმა ააღელვა.
    სახელმწიფოს მეთაურის განცხადების შემდეგ, პარლამენტარები კვლავ შეიკრიბნენ და მიიღეს გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ეს მდგომარეობა ცხადდება 20 სექტემბრიდან (ვინაიდან აუცილებელია საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ფორმალობის დაცვა) - 20 ნოემბრამდე.
    მეორე დღეს კი, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პლენარული სხდომების გარკვეული ვადით შეწყვეტის თაობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი კვლავინდებურად რჩება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ. ოღონდ, გარკვეულწილად, იზღუდება მისი ფუნქციონირება - დეპუტატები მხოლოდ საპარლამენტო კომისიებში იმუშავებენ.
    თუმცა, ეს ყოველივე კიდევ არაფერია იმ საშინელებასთან შედარებით, რაც შეიძლება დასავლეთ საქართველოში დატრიალდეს, თუ გამსახურდიას მომხრეები დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებენ ბათუმ-სამტრედიის სარკინიგზო ხაზს. უკანასკნელ იმედად ისღა დაგვრჩა, რომ სახელმწიფოს მეთაური კვლავ მზადაა, გამოიყენოს მორიგების ერთადერთი დარჩენილი შანსი.

«ივერია-ექსპრესი», 15 სექტემბერი, 1993 წ.