მოსალოდნელია მესამე ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ

მოსალოდნელია მესამე ტერაქტი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ

  

    დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებული ჟღერადობა შეიძინა მორიგმა ინფორმაციამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთი, ამჯერად უკვე მესამე ტერორისტული აქტის შესახებ.
    პირველი ორი თავდასხმა 1995 წლის 29 აგვისტოს და 1998 წლის 9 თებერვალს წარუმატებლად დასრულდა. ინფორმაცია მესამე ტერაქტის თაობაზე დაადასტურა საქართველოს უშიშროების სამინისტრომ. ყოველ შემთხვევაში, სპეცსამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარ ოპერატიულ ინფორმაციას იგი ნამდვილად ფლობს. რაც შეეხება ტერორისტული აქტის მომზადებისა და დაგეგმვის წყაროს, ჯერჯერობით ყველა მიუთითებს ქვეყნის გარეთ, თუმცა, შემსრულებლები და «შუა რგოლის» ორგანიზატორები საქართველოშიც მოიძებნება.
    კვლავ და კვლავ ისმება კითხვა: ვის აძლევს ხელს? რაოდენ გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს ზოგიერთებისთვის, კითხვა სავსებით ლოგიკურია და ბუნებრივი. არც ერთ გეოპოლიტიკურ სუბიექტს კავკასიაში, რუსეთის გარდა, ხელს არ აძლევს დესტაბილიზაცია საქართველოში. არც ეს დასკვნაა ყველასთვის მოსაწონი და მისაღები, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, თვით რუსეთისთვის, მაგრამ ჯერჯერობით პასუხის სხვა, უფრო ცხადი და ლოგიკური ვარიანტი არავის შემოუთავაზებია.
    დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას. 9 თებერვალს ხდება დივერსია თბილისის ცენტრში, სამთავრობო ტრასაზე, - საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. «რუსული კვალი» ამ შემთხვევაში ცხადზე უცხადესია. თვით ყველაზე ობიექტურ დამკვირვებლებსაც არ ეპარებათ ეჭვი. რომ დივერსია განახორციელა რუსეთის სპეცსამსახურმა «ზვიადისტებისა» და ჩეჩენ ბოევიკთა რადიკალური ნაწილის გამოყენებით.
    სალმან რადუევი აკეთებს განცხადებას მისი როლის შესახებ ამ ტერორისტულ აქტში, დაღუპულ ჩეჩენ ტერორისტს «კავკასიის გმირად» აცხადებენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი შხამიანი ირონიით ეკითხება რუს მედესანტეს ბოსნიაში: «ამ ნაღმსატყორცნს შეუძლია ჯავშნოსანი ავტომანქანის გახვრეტა?» საერთო ხარხარით ნათელი ხდება, რომ კითხვის იქედნურ აზრს ყველა ჩასწვდა.
    გადის რამდენიმე თვე და თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში გროზნოს სამთავრობო ტრასაზე ეწყობა დივერსია იჩქერიის პრეზიდენტ ასლან მასხადოვის წინააღმდეგ. ორი პირადი მცველი (ისევე, როგორც 9 თებერვალს) იღუპება, ასლან მასხადოვი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, - სათადარიგო მანქანაში გადასვა პირადმა დაცვამ. სიტუაცია თითქმის ფოტოგრაფიულია. კიდევ რამდენიმე დღე და რუსეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან ათავისუფლებს რუსული სპეცსამსახურის უფროსს ნიკოლაი კოვალიოვს. რაშია საქმე? სპეცსამსახურის ხელმძღვანელის გათავისუფლება შემთხვევით, სპონტანურად არასდროს ხდება. მაშასადამე, მან რაღაც სერიოზული შეცდომა დაუშვა ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალება ვერ შეასრულა. შეუძლებელია ეს ორი მოვლენა ერთმანეთს არ უკავშირდებოდეს. ამას რუსული მედიაც მიხვდა. რუსმა ანალიტიკოსებმა მორიგი გაიძვერული ვერსია წამოაყენეს: თურმე ნუ იტყვით, ბორის ელცინი იმიტომ განურისხდა კოვალიოვს, რომ ამ უკანასკნელმა მის დაუკითხავად მოამზადა ტერაქტი ასლან მასხადოვის წინააღმდეგ.
    პირდაპირ გულისამაჩუყებელი ვერსიაა! მაშასადამე, კეთილშობილ «ბაბუა ელცინს» ისე უნდა მასხადოვს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ისეა დაინტერესებული ჩეჩნეთის სიმშვიდითა და სტაბილურობით, - საკუთარი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი დასაჯა, აქაოდა, როგორ გაბედე იჩქერიის პრეზიდენტზე ხელის აღმართვაო.
    ამ ლოგიკით, თუ მასხადოვის ლიკვიდაცია რუსეთის გეგმებში არ შედიოდა, კოვალიოვი არათუ თანამდებობიდან უნდა მოეხსნათ, არამედ კიდეც უნდა დაეპატიმრებინათ და დაესაჯათ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის.
    მაგრამ ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ზღაპარია. სინამდვილეში არასდროს არავისგან ბორის ელცინს ისეთი დამცირება არ განუცდია, როგორც ასლან მასხადოვისგან - 1996 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მასხადოვის ბრძანებითა და უშუალო ხელმძღვანელობით ჩეჩნებმა გაათავისუფლეს გროზნო, თავს ლაფი დაასხეს რუსულ არმიასაც და მის უმაღლეს მხედართმთავარსაც.
    ან იქნებ ჩეჩნეთში სტაბილურობის შენარჩუნებაა კრემლის მიზანი? - რა თქმა უნდა არა. პირიქით, - რუსეთისთვის უაღრესად ხელსაყრელია დესტაბილიზაცია ჩეჩნეთში (ისევე, როგორც საქართველოში), მაშასადამე, კოვალიოვის გათავისუფლების მიზეზი იყო არა ტერაქტის დაგეგმვა, არამედ ოპერაციის წარუმატებლობა.
    მაგრამ დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, სპეცსამსახურის ხელმძღვანელი არ ისჯება (თანამდებობიდან გათავისუფლებით) წარუმატებელი სპეცოპერაციის შემდეგ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყველაფერი მეტისმეტად ცხადი და ნათელი ხდება.
    9 თებერვლის წარუმატებელი დივერსიის შემდეგ კოვალიოვის დაუყოვნებლივი გათავისუფლება ყოველივეს ნათელს მოჰფენდა, მაგრამ ჩეჩნეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილია, საერთაშორისო სამართლის დაუწერელი კანონების შესაბამისად, მასხადოვის აფეთქებით ელცინს არაფერი «დაურღვევია». ამიტომ მეტისმეტი ვუალირებაც არ იყო საჭირო.
   

სამშვიდობო ძალები სჯობს, გაურკვეველ ვითარებაში ვამყოფოთ

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი აშკარად ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტის მანდატის საკითხს.
    რუსეთისათვის ეს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური «პრესტიჟის», არამედ სავსებით კონკრეტული სამხედრო-სტრატეგიული ინტერესების საგანია. საკმარისია რუსეთის სამშვიდობო ძალები გავიდნენ კონფლიქტის ზონიდან, რომ მსოფლიო თანამეგობრობა უკვე ეჭვის თვალით შეხედავს კრემლის პრეტენზიებს სამშვიდობო ოპერაციებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მანდატის საკითხი კონფლიქტის ზონაში «ცისფერჩაფხუტიანთა» მოქმედების საკვანძო პრობლემაა. თუ მანდატი ოფიციალურად არ დადასტურდა და ვადა არ გაგრძელდა, მაშინ «მშვიდობისმყოფელთა» ნებისმიერი ქმედება ქართულმა მხარემ შეიძლება უკანონოდ გამოაცხადოს.
    სწორედ ამიტომ მოითხოვენ რუსი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებისგან ერთმნიშვნელოვან პასუხს კითხვაზე: «თანახმაა თუ არა ოფიციალური თბილისი მანდატის გაგრძელებაზე?» საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხში ზუსტი პოზიცია უნდა დაიკავოს: ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე არ უნდა გაეცეს, - რაც უფრო მეტად გაურკვეველ ვითარებაში იქნება ჩაყენებული რუსული სამხედრო კონტიგენტი - მით უკეთესი. გავიხსენოთ, რას ქადაგებდა რუსული პროპაგანდა მაისის მოვლენათა დროს: მშვიდობისმყოფელთა მოქმედებას ორივე მხარე კრიტიკულად აფასებსო. ამ გაიძვერული ხერხით სურდათ დაეფიქსირებინათ, რომ თითქოს რუსული სამშვიდობო კონტინგენტი ნეიტრალურია, ამიტომ ორივე მხარიდან გამოითქმის კრიტიკული შენიშვნები. სინამდვილეში ძნელი მისახვედრი არ არის, ვის სასარგებლოდ მოქმედებდა «სამშვიდობო კონტიგენტი» სამურზაყანოს ტრაგედიის დროს.
    მაგრამ ეს ხრიკიც ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შესაყვანად სჭირდებოდათ. ამჯერად ყალბი ილუზია ვეღარ შეიქმნება: ყველას დასანახად დაფიქსირდა, რომ აფხაზურმა (სეპერატისტულმა) მხარემ უმალვე თანხმობა განაცხადა «მშვიდობისმყოფელთა» ენგურის სანაპიროსთან დატოვებაზე, ხოლო საქართველოს ხელისფლებას უჭირს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება.
    მაშასადამე, თუ იგი ბოლოს და ბოლოს დათანხმდება მანდატის გაგრძელებას, ეს იქნება იძულებითი გადაწყვეტილება. საქართველოს, უბრალოდ, ჯერჯრეობით სხვა გზა არა აქვს, ვინაიდან არ სურს ჯარის გაყვანის შემთხვევაში გარდაუვალი გახდეს ომის განახლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს იგი კმაყოფილია სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობით.
    ნიშანდობლივია ვლადისლავ არძინბას უკანასკნელი, როგორც ყოველთვის თავხედური განცხადება სამშვიდობო ძალთა ჩანაცვლების შესახებ. მისი თქმით, რუსეთის გარდა სხვა რომელიმე ქვეყნის მონაწილეობაზე, თანხმობა უნდა განაცხადოს ორივე მხარემ - არა მხოლოდ საქართველომ, არამედ სოხუმის ხელისუფლებამაც. სოხუმი კი არასდროს დათანხმდება იმ ქვეყანათა კონტინგენტის შემოყვანას, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად პროქართული პოზიცია უკავიათ», - აღნიშნა არძინბამ.

დილის გაზეთი, 10 აგვისტო, 1998 წელი