საქართველო ანტიერაყულ კოალიციაში ერთვება

        ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ პროცესები საქართველოს გარშემო ელვის სისწრაფით ვითარდება და ბევრ რამეს არათუ დღეები, არამედ საათები წყვეტს.
        ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ (ამჯერად უპრეცედენტოდ ერთმნიშვნელოვნად) დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გეგმებს ერაყის წინააღმდეგ. ედუარდ შევარდნაძის თქმით, ტოტალიტარული რეჟიმი, როემლიც, გაეროს რეზოლუციების მიუხედავად, მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებს, უნდა დაისაჯოს.
        არც ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ლიდერს ესოდენ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია არ დაუკავებია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ არც ერთი მათგანის მიმართ რუსეთი ისეთ აგრესიას არ ახორციელებს, როგორც საქართველოს წინააღმდეგ.
        ეს აგრესია მხოლოდ აფხაზეთით, ყბადაღებული «პასპორტიზაციითა» და ელექტრომატარებლებით» არ ამიწურება. გუშინწინ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მიუნხენის კონფერენციაზე პროვოკაციული განცხადებით (თითქოს პანკისის ხეობაში საერთოდ არაფერი შეცვლილა), სათავე დაუდო ახალ საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, უფრო სწორად, ამ ომის ახალ ეტაპს, რომლის განხორციელებას რუსი ჟურნალისტები (ყოველ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი) შარშანდელის მსგავსი გაკაპასებით იწყებს.
        იმავე «უშიშროების კონფერენციაზე» ნათელი გახდა, რომ რუსეთი ყოველნაირად ცდილობს განახორციელოს გაცვლა: ერაყი – საქართველოს სანაცვლოდ და, ამერიკის მიერ ერაყზე «დარტყმის» პარალელურად, თავად მოიპოვოს უფლება ჩვენს წინააღმდეგ აგრესიის გაძლიერებისა: ეს იდეა რეფრენად გასდევს, როგორც ორივე ივანოვის (თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების) ასევე თვით პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს.
        კონკრეტულად რა მზადდება ერაყის მასირებული ბომბარდირების «საფარქვეშ», ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას: კარგი არაფერი – კრემლი უეჭველად შეეცდება, მაქსიმალური მოგება მიიღოს «ერაყის სინდრომიდან», რომელიც ამერიკელთათვის აუცილებლად გადასალახავ მიჯნად იქცა.
        შექმნილ ვითარებაში, საქართველოს მხრიდან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ამერიკის პოზიციის აქტიური მხარდაჭერა. შესაძლოა არა მხოლოდ პოლიტიკურად, ედუარდ შევარდნაძემ გუშინდელი განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის – სტეფან რადმეიკერთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. ამერიკელმა დიპლომატმა მადლობის სიტყვები არ დაიშურა საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, თუმცა, თვითონ შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
        არ არის გამორიცხული, საუბარი საქართველოს სამხედრო ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებასაც შეეხოს. სამხედრო ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ რაკი თურქეთი ამერიკას თავის ბაზებსა და საჰაერო სივრცეს დაუთმობდა, საქართველოს დახმარება პენტაგონს აღარ დასჭირდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ბევრისათვის სრულიად მოულოდნელი პრობლემა წარმოიშვა: საფრანგეთმა გამოიყენა ვეტოს უფლება და აუკრძალა ნატოს ყოველგვარი მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში. გარდა ამისა, საფრანგეთმა და გერმანიამ აგრძნობინეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომ პენტაგონის მეტისმეტად აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში, ევროკავშირში მათ საბოლოო გაწევრიანებას შეიძლება პრობლემები შეექმნას!
        აი, ასეთ სიმწვავემდე მივიდა დაპირისპირება ტრადიციულ «კონტინენტურ ევროპასა» და ამერიკას შორის.
        თითქოსდა, საქართველო, პირველ რიგში, ევროპისკენ უნდა იყურებოდეს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ პარიზსა და ბერლინს კრინტი არ დაუძრავთ, საქართველოს ტერიტორიის შარშანდელი დაბომბვების გამო. მაშინ, როდესაც ამერიკამ უმწვავესი განცხადებები გააკეთა.
        თურქეთს შეუძლია აირჩიოს, რომელს უფრო გაუწიოს ანგარიში – ბრიუსელს თუ ვაშინგტონს, ხოლო საქართველოს ასეთი არჩევანი არა აქვს. ერთადერთი, ვისაც ჩვენი დაცვა შეუძლია, მხოლოდ და მხოლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებია.
        ამრიგად, საქართველოსათვის საერთაშორისო ასპარეზზე «ჭეშმარიტების მომენტი» დგება. თურქეთში შეფერხების შემთხვევაში, ამერიკელებმა მხოლოდ ვაზიანის სამხედრო აეროდრომი შეიძლება გამოიყენონ დამხმარე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, მაგალითად, «ბენზინმზიდების» ასაფრენად, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი აეროდრომი რეგიონში, რომელიც შესაბამის სტანდარტებს შეესაბამება.
        ერთი სიტყვით, 2003 წლის გაზაფხული საქართველოსთვის მართლაც ძალზე მღელვარე და სარისკო იქნება, მაგრამ გუშინ ედუარდ შევარდნაძემ ისიც თქვა, რომ «თუ რისკი და თავის ატკივება არ გვინდოდა, მაშინ ჯობდა, დამოუკიდებლობა საერთოდ არ გამოგვეცხადებინა. დამოუკიდებლობა კი ჭერში ბუზების თვლა არ არის».

დილის გაზეთი, 11 თებერვალი, 2003 წელი

მთელ გვერდზე