ირანის კრიზისი, როგორც ევროპული ცივილიზაციის ისტორიული გამოწვევა

ირანის კრიზისი, როგორც ევროპული ცივილიზაციის ისტორიული გამოწვევა

         უკვე თითქმის აღარავინ დავობს, იქნება თუ არა ომი ირანთან ანუ მასშტაბური ომი ახლო აღმოსავლეთში. დავობენ მხოლოდ იმაზე, როდის დაიწყება და ვინ განახორციელებს დარტყმას: ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი თუ ნატო, ესე იგი მთელი დასავლეთი ერთიანი ძალით.
    ამერიკული ავიამზიდები ნალ-ნელა იკრიბებიან ირანის და სპარსეთის ყურის გარშემო. ამერიკას სულ 13 თუ 14 ასეთი ავიამზიდი აქვს. უფრო ზუსტად, ეს ერთი დიდი ხომალდი კი არა, მთელი ფლოტია, რადგან ავიამზიდს თან ახლავს რამდენიმე წყალქვეშა ნავი, ხუთი-ექვსი სარაკეტო ხომალდი და ა.შ. მაშასადამე ირანის მახლობლად რამდენიმე სამხედრო-სანოსნო დაჯგუფება კონცენტრირდება.
    თავისი სამხედრო პოტენციალით, თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე ნამდვილად ძალუძს სულ რამდენიმე საათის განმავლობაში გაანადგუროს ყურეში მთელი ირანული ფლოტი. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო რთულადაა და ავიამზიდებს „იოლი გასეირნება“ ნამდვილად არ ელით. მთავარი პრობლემა შესაძლო სამხედრო მოქმედებათა „თეატრია“ - ორმუზის ყურე, რომელიც სულ რამდენიმე ათეული კილომეტრია სიგანეში. ამ ვიწრო ყურეში ნებისმიერი ხომალდის აფეთქება მცირე სიშორის რაკეტებითაცაა შესაძლებელი, რომლებსაც ირანელები ნაპირზე განალაგებენ. რუსმა გენერლებმა კი, „ირანელ მეგობრებს“ „გრანიტის“ ტიპის უამრავი ასეთი რაკეტა მიაწოდეს, რათა ამერიკელებსა და დასაველთს რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეექმნათ. თან არც ერთი საერთაშორისო კონვენცია არ დაურღვევიათ.
    იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ თვით ირანული „ბირთვული პროგრამაც“, დიდწილად, მოსკოვის „დამსახურებაა“ - მათ აუშენეს ირანელ აიათოლლებს ატომური ელექტროსადგური ბუშერში, ხოლო რუსი ფიზიკოსები, ვითომ საკუთარი ინიციატივით (სინამდვილეში კი სპეცსამსახურებთან შეთანხმებით), მუშაობდნენ ირანულ რეაქტორებზე და დღეს საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ისლამისტ ფანატიკოსებს ატომური იარაღის შექმნამდე ბევრი აღარაფერი უკლიათ: თეირანმა ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე შეძლო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ბომბის შესაქმნელად კი 90 პროცენტამდე გამდიდრებაა გამდიდრებაა საჭირო. არადა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში 20-იდან - 90-მდე ბევრად ნაკლები „მანძილი“ და სირთულეა, ვიდრე ნოლიდან - ოცამდე.
    აქ კვლავ და კვლავ ლოგიკურად წამოიჭრება თემა დასავლური გულარხეინობის და მოსკოვთან ნებისმიერ ფასად „კარგი ურთიერთობის“ შენარჩუნების მცდელობისა. ეს რომ არა, ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ელცინის დროს იყო შესაძლებელი.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

    თუმცა, ამჟამად უკვე გვიანაა: დასავლეთს მოუწევს ან შეურიგდეს იმას, რომ ირანს აუცილებლად ექნება ატომური იარაღი (თან არა მხოლოდ ეს იარაღი, არამედ მძლავრი რაკეტებიც - ბომბის შორეულ ტერიტორიებამდე „მისატანად“) ან წამოიწყოს ომი მრავალმილიონიან, კბილებამდე შეიარაღებულ სახელმწიფოსთან, რომელსაც მთელს მსოფლიოში ფანატიკოსთა მთელი არმია ჰყავს „ჩანერგილი“, რათა საჭიროების შემთხვევაში ისეთი ტერაქტები მოაწყონ, 11 სექტემბრის კატასტროფასაც კი რომ დასჯაბნის თავისი საშინელებით და დამანგრეველი ძალით.
    მოსკოვი კი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული დარჩება: ნავთობზე (ესე იგი გაზზეც) ფასი დღევანდელი 110 დოლარიდან - 250-300 დოლარამდე გაიზრდება.
    სამწუხაროდ, როგორც ჩანს დასაველთი ვერც ამ კრიზისიდან ისწავლის რაიმეს და გაარძელებს ირანის ფარულ მოკავშირესთან „პირმოთნეობის“ პოლიტიკას - ემანდ პუტინი არ განარისხონ მკვეთრი განცხადებებით, ოლიმპიადაც აჩუქონ და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატიც.
    ომის გარდა, სხვა გამოსავალიც არ ჩანს: სანამ გვიან არ არის, დასავლეთმა ირანის ყველა ატომური ობიექტი უნდა გაანადგუროს. მათ შორის ის მიწისქვეშა ქარნები, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს. სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, დიდ პრობლემას თითქოს არ წარმოადგენს - ამერიკამ უკვე დაამზადა 13 ტონიანი ბომბი (ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი ისტორიაში), რომელიც სწორედ მიწისქვეშა ბუნკერების გასანადგურებლადაა განკუთვნილი. ამერიკული „ფრთოსანი რაკეტები“ ირანის ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილს მისწვდებიან. მაგრამ საპასუხოდ ირანი არა მხოლოდ ტერორისტულ აქტებს მიმართავს ამერიკასა და ევროპაში, არამედ შეუძლებლად აქცევს ორმუზის ყურეში ნავთობტანკერების მოძრაობას. ამ ყურიდან კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის 40 პროცენტი მიედინება.
    მკითხველს რომ წარმოდგენა ჰქონდეს, რამდენად დიდი ციფრია, საკმარისია ითქვას, რომ როდესაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების 1-2 პროცენტს ექმნება ხოლმე საფრთხე ბუნებრივი კატაკლიზმის (მიწისძვრის, წყალდიდობის, ავარიის და ა.შ), ან ამა თუ იმ რეგიონში დესტაბილიზაციის გამო, ნავთობზე ფასი 5-10 დოლარით იზრდება. 40 პროცენტის კომპენსირება უბრალოდ შეუძლებელია - რამდენადაც არ უნდა გაზარდოს ამერიკის მოკავშირე საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება ან მთლიანადაც რომ გამოიყენონ ევროპასა თუ ამერიკაში არსებული მარაგები.
    სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ირანის მოკლე ვადაში - მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში განადგურება და იქ ხელისუფლების შეცვლაა, რაც ნაკლებსავარაუდოა. თანაც, ირანელი აიათოლლებისთვის სულ ერთია, ვინ განახორციელებს დარტყმას: ისრაელი თუ ამერიკა და ნატო. ისრაელს ისინი დაახლოებით იმ რაკურსში განიხილავენ, როგორც ეგვიპტის სულთანი სალ აჰ ად დინი აღიქვამდა ჯვაროსნების მიერ შექმნილ ისრაელის სამეფოს - როგორც დასავლეთის მარიონეტსა და ხელოვნურად შექმნილ ფორპოსტს. ირანული რაკეტები კი აუცილებლად მისწვდებიან თელ - ავივსა და თვით იერუსალიმს.
   

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

      დღევანდელი კრიზისი, რომელშიც მსოფლიო ნელ-ნელა ეფლობა, ფინანსურ კრიზისზე ბევრად საშიშია. იგი დასავლური ცივილიზაციის იდენტობასაც კი ეხება: საქმე მხოლოდ ნავთობი როდია. ბოლოს და ბოლოს ევროპის ტექნოლოგიური გენია ნავთობს შემცვლელს აუცილებლად მოუძებნის, - ავტომანქანების ძრავები სხვა საწვავზე იმუშავებენ. მაგრამ ისრაელის განადგურება, დაცარიელება ან გადამწვარ უდაბნოდ ქვევა (თუნდაც საპასუხოდ მთელი ირანი აღიგავოს პირისაგან მიწისა) ევროპული ცივილიზაციის დასამარება იქნება: ამ მიწა-წლიდან იღებს სწორედ სათავეს ევროპული იდენტობა, რომლის საძიებლადაც მიემართებოდნენ წმინდა მიწაზე, - ქრისტეს საფლავის სახსნელად, - რიჩარდ ლომგულის რაინდები. დღეს ირანს ამის უნარი ჯერ არა აქვს - რაკი ატომური ბომბის შექმნა ვერ მოასწრო. მაგრამ თუ დასცალდა, აუცილებლად ექნება!
    მოიძებნებიან კი თანამედროვე დასავლეთში ისეთი ლიდერები, რომლებიც გააცნობიერებენ და, რაც ბევრად მნიშვნელოვანია, ნებასაც გამოამჟღავნებენ, რათა ახალი ათასწლეულის დასაწყისში უპასუხონ მრისხანე ისტორიულ გამოწვევას.

2012