დემოკრატია იქ არის, სადაც მოქალაქე ჩინოვნიკს ზემოდან უყურებს

დემოკრატია იქ არის, სადაც მოქალაქე ჩინოვნიკს ზემოდან უყურებს

  

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა «თავისუფლების ინსტიტუტის» წევრებთან და «ენჯეოების» (არასამთავრობო ორგანიზაციების) წარმომადგენლებთან, ალბათ, კარგა ხნის შემდეგ პირველი სერიოზული ცდაა, ხელისუფლებასთან დემოკრატიულ და ჰუმანიტარულ პრობლემატიკაზე პირდაპირი დიალოგისა, რომლის აუცილებლობას თუნდაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ საქართველოს ხელისუფლება (მთლიანობაში) კვლავ იღებს მონსტრუალურ-ბიუროკრატიულ სახეს - მესამე და მეორე ეშელონის (ზოგჯერ პირველისაც) ჩინოვნიკებს მიაჩნიათ, რომ 1988 წლიდან საქართველოში თვისებრივად არაფერი შეცვლილა.
    ამდენად შეუძლიათ არც ისწავლონ და არც გაითვალისწინონ ის «სულელური და აბეზარი პრინციპები», რომელთაც ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვთ ნებისმიერი დემოკრატიისთვის.
    ნიშანდობლივია, რომ «წვრილმანი ჩინოვნიკის» დამოკიდებულება მოქალაქისა და მთლიანად საზოგადოებისადმი ქართულ აგორაზე შეხვედრისას «წვრილმანად» არავის მიუჩნევია. პარლამენტის თავმჯდომარის აზრით კი, დემოკრატიის უპირველესი ნიშანი სწორედ ის არის, რამდენად «დათრგუნულია» ბიუროკრატი კანონისა და საზოგადოების მიერ.
    ზურაბ ჟვანიას აზრით, შექმნილ ვითარებაზე დაკვირვება უფრო ზოგად, მაგრამ, გარკვეულწილად, საზარელ, შემაძრწუნებელ კითხვებს სვამს თანამედროვეობის წინაშე: რანი ვართ, როგორ აღვიქვამთ ჩვენს ეროვნულ კულტურას და საერთოდ თუ გაგვაჩნია ის დემოკრატიული «ზეიდეა», რომელიც ნებისმიერ საზოგადოებას აერთიანებს სტაბილურ დემოკრატიად. რამდენად აღმოჩნდა ქართველი ერი მზად, სწორად აღიქვას და შეისისხლხორცოს ის ფასეულობანი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელ პირობებს ქმნის და რომელთა გარეშე ქართული დემოკრატია საერთოდ ვერ იარსებებს. სახელმწიფო შეიძლება იყოს ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საზოგადოების შინაგან მისწრაფებებს გამოხატავს. ძალგვიძს თუ არა, შევქმნათ სტრუქტურიზებული სოციალური სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო საბოლოო ჯამში, ურთულესი ფორმა საზოგადოებრივი ფუნქციონირებისა - დემოკრატიული სახელმწიფო?
    ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში მოქალაქე ბავშვობიდან ეგუება და აცნობიერებს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სტერეოტიპებს. მაგალითად, ჰოლანდიელისთვის წარმოუდგენელია, მისმა ქვეყანამ არ შეასრულოს მსოფლიოს საზღვაო-სავაჭრო ცენტრის ფუნქცია. ასევე წარმოუდგენელი უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის ჩვენი ქვეყნის დაუწერელი «სატრანზიტო ფუნქციის» ხელყოფა. მაგალითად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი პოლიცია კორუმპირებულია, თითოეული მოქალაქის აღშფოთებას უნდა იწვევდეს პოლიციელის მიერ სატრანზიტო ტვირთის გაჩერების, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ფაქტები, ვინაიდან ეს აკნინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციას. ეს სტერეოტიპები ბავშვობიდან უნდა ჩაენერგოს ადამიანს, რათა იგი ნათლად და მკაფიოდ აცნობიერებდეს როგორც მისი ქვეყნის ადგილს მსოფლიოში, ასევე დემოკრატიული სისტემის მნიშვნელობას ამ ადგილის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის. კორუმპირებული ჩინოვნიკი, კორუმპირებული პოლიციელი, ზურაბ ჟვანიას აზრით, არყევს ჩვენი ხვალინდელი საზოგადოების საფუძველს. «მე არ ვახდენ ზედმეტ დრამატიზაციას, არსებობს საკმაოდ სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველი - საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოურ და პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის, სადაც მარგინალურმა პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა (უკიდურესმა ნაციონალისტებმა და კომუნისტებმა) ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს პარლამენტში. ოპოზიციაც და უმრავლესობაც შეთანხმდა იმ საკითხში, რომ აუცილებელი და გარდაუვალია ძალზე მტკივნეული ლიბერალური რეფორმები და ეს რეფორმები წარმატებით ვითარდება» - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
    სამწუხაროდ, მისივე აღიარებით, ამ ოპტიმიზმს არყევს სრული ნიჰილიზმი და აპათია, პოლიტიკური პროცესების მიმართ, რომელიც გამეფებულია საზოგადოებაში. ეს ემუქრება ჩვენს ახალგაზრდობას და თვით ჯერ კიდევ მყიფე და მსხვრევად ქართულ დემოკრატიას. დემოკრატია გულისხმობს სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების მუდმივ და აქტიურ მონაწილეობას, სხვაგვარად დემოკრატია ვერ იფუნქციონირებს - შეიძლება, გვქონდეს კარგი კონსტიტუცია, ბრწყინვალე კანონები, მაგრამ საქართველო იქცეს ისეთივე «ფორმალურ დემოკრატიად», როგორიც ბევრია დედამიწის ზურგზე - მსოფლიოში ასეულობით «ფორმალური დემოკრატიაა». თითებზე ჩამოსათვლელია ნამდვილი, წარმატებული დემოკრატია. არადა, საქართველოში, რაც დრო გადის, აპათია სულ უფრო ფართოვდება და ყოვლისმომცველი ხდება. ჟვანიას აზრით, «კიდევ ერთი სენი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას ახასიათებს საქართველოში, არის სექტანტობისკენ მისწრაფება. პარტიები ხდება ჩაკეტილი სისტემები და საზოგადოებას უჭირს ამ სისტემებში შეღწევა». აუცილებელია ახალი ადამიანების მოზიდვა პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ისტებლიშმენტში. ძალიან მცირედ ვიყენებთ ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებს - არაადეკვატურია შეფასება არსებულ პოტენციალსა და იმას შორის, თუ რეალურად რას წარმოადგენს ჩვენი მმართველი ელიტა. საზოგადოებრივ ასპარეზზე მოქმედებს ორი ძირითადი ბანაკი: ყოფილი კომუნისტები და ეროვნული მოძრაობის ყოფილი ლიდერები, მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი საზოგადოებისა კვლავ პასიურია. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარე გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობდნენ ეროვნული მოძრაობის მიტინგებში, მაგრამ მაინც უფრო დამკვირვებლის პოზიცია ეკავათ - კომუნისტურ ეპოქაშიც განზე იდგნენ და არაფერი ჰქონდათ საერთო პარტიულ ნშომენკლატურასთან. სწორედ ეს ნაწილი საზოგადოებისა, კონსტრუქტივისტული პოტენციალის თვალსაზრისით, არის ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული. უდიდესი მნიშვნელობა აქვთ რასაკვირველია «არასამთავრობო ორგანიზაციებს», რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მათ უნდა შექმნან ქართული ლობიზმის დემოკრატიული ინსტიტუტიც - შეკვეთის მიმღებსა და ლობისტს შორის ნორმალური ურთიერთობა უნდა დამყარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმომადგენლობის პრინციპი ვერ იმუშავებს.
    საინტერესო მოსაზრება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემ რელიგიის კანონის შესახებ. სჯობს საერთოდ არ მივიღოთ კანონი რელიგიის შესახებ, ვიდრე მივიღოთ ცუდი კანონი, რომელიც შეზღუდვებს დააწესებს და აღაშფოთებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას (როგორც ეს მოხდა რუსეთთან დაკავშირებით“.

    როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს იყო პირველი ნაბიჯი ხელისუფლებასთან უფრო აქტიური დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით. მათი თქმით, მსგავსი შეხვედრების მოწყობა სხვა პოლიტიკოსებთანაც უთუოდ სასარგებლო იქნება.

7 დღე, 10 ნოემბერი, 1997 წ.