აფხაზეთში დამოკლეს მახვილი აქანავდა

        გუშინ სოხუმში მორიგი ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა გაეროს შუამავლობითა და გაეროს მეთვალყურეობით. ნიშანდობლივია, რომ ეს არ იყო, ეგრეთ წოდებული, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რაკი აფხაზური მხარე უარს აცხადებს ოფიციალური მოლაპარაკებების განახლებაზე კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა სრულ გაყვანამდე. რა თქმა უნდა, ოფიციალურ პირთა ნებისმიერი შეხვედრა «ოფიციალურია», მაგრამ ამგვარი დიპლომატიური ეკვილიბრისტიკით არძინბა-ჯერგენიას დაჯგუფება ცდილობს ბალანსირებას უპირველეს ყოვლისა «შიდააფსუანურ ვითარებაზე».

        მოლაპარაკებებზე მთლიანად უარის თქმას ნეგატიური რეზონანსი მოჰყვებოდა დასავლეთში, მაგრამ მანამდე სოხუმი აცხადებდა, რომ მოლაპარაკება გამორიცხული იყო კოდორის პრობლემატიკის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. იმავდროულად, კოდორის საკითხი სეპარატისტებმა ძალზე ოსტატურად გამოიყენეს, რათა გაემართლებინათ უარი «სტატუსის» შესახებ გაეროში შემუშავებული დოკუმენტის თუნდაც განხილვაზე. კონფიდენციალური მოლაპარაკებისას ჯერგენია დიტერ ბოდენს უცხადებდა: პროექტს განვიხილავთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კოდორიდან საქართველოს ჯარი მთლიანად გავა, მაგრამ (დააკვირდით) საჯაროდ ეს ჯერგენიას არასდროს უთქვამს, რადგან სინამდვილეში ასეთი ვალდებულება აზრად არ მოსვლიათ - რომც გავიდეს კოდორიდან სამასიოდე ქართველი ჯარისკაცი და ოფიცერი, გამორიცხულია სეპარატისტებმა თანხმობა განაცხადონ დოკუმენტის განხილვაზე.
        მათთვის ეს ფუნდამენტურ პოზიციაზე უარის თქმა იქნებოდა – გაეროს რეზოლუცია და შესაბამისი წინადადებები გულისხმობს აფხაზეთის აღიარებას საქართველოს შემადგენელ ნაწილად.
        რაც შეეხება სოხუმის შეხვედრას, სარწმუნო წყაროთა ცნობით, აფხაზური მხარე ძალზე აგრესიულად იყო განწყობილი. მათი საუბარი დაიწყო «დემარშით» ოჩამჩირის რაიონში განხორციელებული ტერაქტების გამო. რასაკვირველია, ბრალდებათა ადრესატი საქართველოს დელეგაცია იყო. თუმცა, მალხაზ კაკაბაძემ ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო. მართლაც, ოჩამჩირის რაიონში მომხდარი ამბავი კარგად მომზადებულ პროვოკაციას ჰგავს. ეს არის კიდევ ერთი «როიალი ბუჩქებში», ანუ ამაზე დიდ საჩუქარს ვერც ინატრებდა ის ხალხი, ვისაც გუდაუთის ბაზის დაშლის გაგონებაც არ სურს. პირიქით, ბომბორას აეროდრომზე დღეში რამდენიმე სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ეშვება.
        კოდორის პრობლემა დღეს არ წარმოშობილა. 2001 წლის ოქტომბერში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო სავსებით ადეკვატური გადაწყვეტილება და ხეობაში შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფი შეიყვანა. მან პოზიციები დაიკავა ადგილობრივი ქართული ფორმირებების გვერდით. რუსლან გელაევის მორიგი გაუჩინარების შემდეგ, სოხუმში სწორად განსაზღვრეს, რომ კოდორის «პლაცდარმი» საქართველომ შეიძლება გამოიყენოს აფხაზეთში შეტევის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანი ძალის კონცენტრაციის შემთხვევაში, კოდორიდან მართლაც შესაძლებელია სოხუმის მისადგომებთან გაჭრა. მიუხედავად 17 იანვარს მიღწეული შეთანხმებისა, ქართულმა მხარემ ვერ მიიღო ქართული მოსახლეობის უშიშროების გარანტიები. არადა, სვანურ სოფლებზე შეტევის ალბათობა სულ უფრო იზრდება: ნამდვილად არ არის გამორიცხული, რუსეთმა კოდორის აოხრებით მოინდომოს საქართველოს დასჯა. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც უღელტეხილი თოვლითაა დაფარული, ჯარების გამოყვანა წმინდად ტექნიკური თვალსაზრისითაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, სეპარატისტებს აქვთ შესაძლებლობა ეს კოზირი აქტიურად გამოიყენონ. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მხარეები ფაქტობრივად დაუბრუნდნენ საწყის პოზიციებს: საქართველო ჯარს კოდორიდან გამოიყვანს, თუ მიიღებს მტკიცე გარანტიებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ გარემოების დადასტურება მხოლოდ გაეროს შეუძლია–რუსეთის «მოწოდებით». მოინდომებს თუ არა ამას რუსეთი - ბევრისმთქმელი და ჩამაფიქრებელი ფაქტი იქნება.

დილის გაზეთი, 30 მარტი 2002 წელი

მთელ გვერდზე