მემარჯვენე პროექტის კატეხიზისი საქართველოში

        ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისის «პოლიტბომონდი» ახალ ალიანსზე საუბრობს. იმდენად გახშირდა მემარჯვენე ორიენტაციის პარტიათა «სამიტები», რომ ძნელი საფიქრებელია, ეს მხოლოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მიმართვისას განხორციელებული დემარშის ინერცია იყოს. თუმცა, ხსენებულმა მოვლენამ უდავოდ შეასრულა კატალიზატორის როლი.
        ახალი გაერთიანების მოსურნეთა და სუბიექტთა შორის ასახელებენ «ტრადიციონალისტებს», «ახლებს», «ნაციონალურ მოძრაობას», ეროვნულ-დემოკრატებს» და «გაერთიანებულ დემოკრატებს». ბოლო დროს გაიჟღერა მეტად უცნაურმა ინფორმაციამ, თითქოს ახალ ალიანსში პიროვნულად გაწევრიანდებიან კახა თარგამაძე, ვანო ჩხარტიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ პირველ ორ ფიგურანტს რაც შეეხება, ვერსია მიანც მეტისმეტად ფანტასტიკურად გამოიყურება. ყველა ყველა და «გაერთიანებულ დემოკრატებს» რა შეარიგებთ კახა თარგამაძესთან ან ბერძენიშვილ-ჩხარტიშვილთან?
        რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილს, გუშინ ედუარდ შევარდნაძემ ზუსტად შენიშნა, რომ იგი მეტისმეტად ფრთხილი მოღვაწეა, რათა ხელისუფლებასთან აშკარად და შეურიგებლად დაპირისპირებულ ჯგუფს დაუკავშირდეს.
        თვით გაერთიანების მოსურნე წევრებს მსოფლმხედველობრივი პლატფორმა კრავს – ეს «მემარჯვენე» იდეოლოგიაა. მათგან რამდენიმე უფრო მემარჯვენე-ცენტრისტულად უნდა ჩაითვალოს - «დემოკრატები», «ახლები», «ევროვნულ-დემოკრატები». სხვები - «ტრადიციონალისტები» და «ნაციონალები» ამ თვალსაზრისით, უფრო რადიკალურნი არიან. თუმცა, დღევანდელ ვითარებაში ეს არ არის არსებითი საკითხი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად, ბოლო წლების განმავლობაში პარტიები ერთიანდებიან მსოფლმხედველობრივი ნიშნით. საქართველოში კი (ჩამოყალიბებული უცნაური ტრადიციის შესაბამისად) მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ალიანსი ერთი და იგივე არ არის. უფრო სწორად, პოლიტიკურ ალიანსებს ყოველთვის არ უდევთ საფუძვლად მსოფლმხეველობრივი ერთობა. მეორე მხრივ, ასეთი (ანუ ნორმალური) პოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბება სავსებით დროული და ლოგიკური ჩანს: «მოქალაქეთა კავშირის» (ანუ «სახელმწიფო პარტიის») ეპოქა ქვეყანაში საბოლოოდ დასრულდა.
        თანდათან ყალიბდება პროლიტიკურ კოორდინატთა ნორმალური სისტემა, როცა არსებობს ნორმალური «მემარცხენეობა» და ასევე ნორმალური «მემარჯვენეობა», ხოლო მათი პაექრობით იქმნება სოციალ-პოლიტიკური ბალანსი.
        თუმცა, ამგვარი სისტემის დაფუძნებას ძალიან ბევრი ფაქტორი უშლის ხელს, - მათ შორის, «არასისტემურ» (ანტისისტემურ) და მარგინალურ პოლიტიკურ ძალთა სიმრავლე. თუმცა, ეს სხვა საკითხია და იგი «მემარჯვენე ძალთა ალიანსის» შექმნას ხელს არ უშლის. გაცილებით მნიშვნელოვანია თვით «კანდიდატები» რამდენად იქნებიან შეთავსებადნი და რამდენად მოინდომებენ არა მხოლოდ «საკონსულტაციო მექანიზმის», არამედ საარჩევნო ბლოკის შექმნას, რათა ერთობლივად (პირობითი სახელწოდებით, «მემარჯვენე ძალთა ალიანსი») გამოვიდნენ 2003 წლის ოქტომბრის არჩევნებზე.
        ჯერჯერობით ყველაფერი (მცირე გამონაკლისით) ერთნაირი სიმტკიცით აცხადებს, რომ არავითარ «საარჩევნო ბლოკზე» საუბარი არ არის, მაგრამ ეს თემა ადრე თუ გვიან, უდავოდ დადგება დღის წესრიგში. 7-პროცენტიანი ბარიერის შეცმირება არჩევნებამდე ვერ მოხერხდება, ამიტომ პარტიული დაჯგუფებები, უბრალოდ, იძულებულნი იქნებიან, გაერთიანებაზე იფიქრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგიერთი «მემარჯვენე პარტია» უეჭველად პარლამენტს მიღმა დარჩება, სხვები კი სერიოზულ რისკზე წავლენ და «ზღვარზე იქნებიან». მეორე მხრივ, გაერთიანების შემთხვევაშიც არ იგულისხმება, რომ მოხდება ხმების მექანიკური შეჯამება (საქართველოში ამომრჩეველი დიდწილად ჯერ კიდევ «წინააღმდეგ» აძლევს ხმას და არა «მოხმრედ»), მაგრამ 7-პროცენტიან დაჯგუფებას ეს დიდი გაერთიანება უეჭველად გადალახავს სწორად აგებული პროპაგანდის მეშვეობით. ოღონდ, პარლამენტში მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს უმრავლესობის მოპოვებას.
        ბევრს საუბრობენ, აგრეთვე, ვაჟა ლორთქიფანიძის შესაძლო გაერთიანებაზე ამ ჰიპოთეტურ ალიანსში, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ «მემარჯვენე» კლუბში ორი მსხვილკალიბრიანი ფიგურაა (ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკავშილი), საეჭვოა მათი იმავე კალიბრის (თუმცა, ნაკლები რეიტინგის) ფიგურა იგუონ. აქედან გამომდინარე, ვაჟა ლორთქიფანიძე ან თავის პარტიას შექმნის, ან «ახლებთან» ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუ საბოლოოდ ალიანსი არ შედგა.

დილის გაზეთი, 22 ოქტომბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე