ენერგეტიკული ბედისწერა

        საქართველოს დამოუკიდებლობას განუყოფელ ლაქად დაჰყვა ენერგეტიკული კრიზისი. 1991-93 წლებში, ერთგვარი «ინერციით», კიდევ მოსათმენი მდგომარეობა იყო (თუმცა, გათიშვები და ჩაბნელებები უკვე მაშინ დაიწყო) მით უმეტეს, რომ იმ დროს საქართველო ჯერ კიდევ იღებდა ბუნებრივ აირს თურქმენეთიდან, მაგრამ, როდესაც (1994 წლის შემოდგომაზე) თურქმენეთმა გადაუხდელობის გამო, გაზის მოწოდება შეგვიწყვიტა, საქართველოს ენერგეტიკა «ჰიდროელექტროსადგურებზე დაჯდა» და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო... მას შემდეგ ენერგეტიკის რამდენიმე მინისტრი გამოიცვალა, ათეულობით საგანგებო თათბირი ჩატარდა, ბობოლა ენერგეტიკოსები გაასამართლეს, პრივატიზება დაიწყო, მაგრამ სიბნელეს არა და არ ეშველა – იგი ცხოვრების წესად იქცა.
        საქართველოში უკვე მთელი თაობა გაიზარდა, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს ნორმალური ელექტრომომარაგება ბინაში, ანუ მუდმივი «შუქი», თბილისში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში (ამერიკული «ეი-ი-ეს»-ის წყალობით, რომელსაც ეყო სიბრიყვე საქართველოში 230-მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა) მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ ქვეყნის მაშტაბით, ვითარება ისეთივე ტრაგიკულია, რგორიც იყო თბილისში 5-6 წლის წინათ.
        თუ საღამოს თბილისი, ასე თუ ისე, განათებულია, ეს იმის «შედეგად», რომ ყველა რესურსის მობილიზება ხდება დედაქალაქის გასანათებლად, ხოლო დანარჩენი საქართველო უკუნეთშია ჩაფლული.
        საცოდავი დავით მირცხულავას მოხსნა ან მისი «იმპიჩირება», ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. საქართველოს ენერგეტიკას რამდენიმე თანდაყოლილი მანკი აქვს.
        პირველი: საკუთარი ენერგეტიკული რესურსების სიმწირე – ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც საქართველოს თავად შეუძლია გამოიმუშაოს (საუკეთესო შემთხვევაში) საჭიროების ნახევარია. საბჭოთა პერიოდში მეორე ნახევარს საბჭოთა კავშირის გრანდიოზული ენერგოკომპლექსი აკმაყოფილებდა, დამოუკიდებელ ქვეყანას კი უფასოდ არავინ არაფერს მისცემს.
        მეორე მიზეზი:. დაბალი საგადამხდელო კულტურა – მოსახლეობა მიეჩვია, რომ საბჭოთა ეპოქაში ელექტროენერგია თითქმის უფასოდ (100 კილოვატი – 2 მანეთი!!!) მიეწოდებოდა, ამიტომ უჭირდა იმის გაგება, თუ რატომ უნდა გადაეხადა «ნამდვილი ფასი» ან შეეზღუდა თავისი უფლება, გამთბარიყო «ელექტროქურებით». არადა, ასეთი ფუფუნების უფლებას ევროპაში მხოლოდ ორი უმდიდრესი ქვეყნის (საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის) მოსახლეობა თუ აძლევს თავს. რუსეთსა და ყაზახეთში, რომელთაც ენერგორესურსების ამოუწურავი მარაქიაქვთ, მოსახლეობის დაბალ საგადამხდელო კულტურას კატასტროფა მიანც არ გამოუწვევია, მაგრამ მწირი ენერგეტიკული რესურსების მქონე საქართვლეოში ეს გამანადგურებელი ფაქტორი იყო.
        მესამე მიზეზი, რა თქმა უნდა, სისტემის სრული გახრწნილობა და ყოვლისმომცველი კორუფციაა, მაგრამ როგორც არ უნდა გაღიზიანდეს მკითხველი, მაინც უნდა ითქვას, რომ ამ გაუთავებელი ენერგოუბედურების ძირითადი, განმსაზღვრელი მიზეზი მიანც პირველი ორია.
        უფრო მეტიც:. კორუფცია უმეტესწილად ამ ორი მიზეზით საზრდოობს.
        თანაც, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ჩვენს უბედურებას ბევრი არაფერი ეშველება: ხვალვე რომ მიაღწიოს 100 პროცენტს გადახდის მაჩვენებელმა, საქართველოს მაშსტაბით დამპალი და გახრწნილი ინფრასტრუქტურის, თუნდაც გამოცვლას (გენერაციის ობიექტების მშენებლობაზე აღარც არის საუბარN), რამდენიმე წელი დასჭირდება. იმპორტის შესაძლებლობა შეზღუდული არ არის, მაგრამ გადახდის გარეშე დარგი მუდამ დოტაციური იქნება, რასაც საქართველოს გაძვალტყავებული ბიუჯეტი ვერ აუვა. «ეი-ი-ეს-თელასის» ტრაგიკომიკური «მარტვილობის» შემხედვარე სხვა ინვესტორები ასეთ შეცდომას არ დაუშვებენ და საქართვლეოს ენერგეტიკაში სერიოზულ ინვესტიციებს არ უნდა ველოდოთ.
        რუსული და აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ღირებულება (50-60 დოლარი) განაპირობებს საბაზრო ენერგიის სიძვირეს, ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას კი უზარმაზარი კაპიტალდაბანდება დასჭირდება, რისი საშუალებაც საქართველოს 10-15 წელი არ ექნება.
        ამრიგად, უახლოეს მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესებას არ უნდა ვლეოდოთ, «ეი-ი-ეს»-ის წასვლის შემთხვევაში, ვითარება თბილისში კვლავ გაუარესდება, ანუ ენერგოკრიზისი დამოუკიდებელი საქართვლეოს ბედისწერაა, რასაც (გვინდა თუ არა) უნდა შევურიგდეთ.

დილის გაზეთი, 6 დეკემბერი, 2002 წელი

მთელ გვერდზე