«ნიჩბოსნები» კრემლის დუმაში დღესაც მოიძებნებიან

«ნიჩბოსნები» კრემლის დუმაში დღესაც მოიძებნებიან

        გუშინ რუსეთის ფედერალური საკრებულოს ქვედა პალატას (სახელმწიფო სათათბიროს) უნდა განეხილა დადგენილების პროექტი «საქართველო-ამერიკის სამხედრო შეთანხმების» თაობაზე, რომლეიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლის უფლებას აძლევს.

        გარდა ამისა, შეთანხმება (ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია) გულისხმობს ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის «გახსნას» ამერიკული ავიაციისთვის. ბუნებრივია, რუსულ პოლიტიკურ და სახელისუფლებო წრეებში შეთანხმებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან აღქმულ იქნა, როგორც ამერიკის «გეოპოლიტიკური შემოტევის» გაგრძელება პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
        მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, აგრეთვე, კონკრეტული ინიციატორის მოტივაცია, დადგენილების პროექტი შეადგინა ანატოლი ჩეხოევმა. იგი «სამხრეთ ოსეთის» ავტონომიური ოლქის კომპარტიის ყოფილი ლიდერია, რომელიც 1990 წელს გივი გუმბარიძის მმართველობაში მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა გადამდგარიყო. მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს (ბინა სსრკ სახალხო დეპუტატობისას მიიღო) და იქიდან ხელმძღვანელობს ოსურ სეპარატიზმს ცხინვალში. რასაკვირველია, ჩეხოევი ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივი დაძაბულობა არსებობდეს.
        საქმე ის გახლავთ, რომ ოს და აფხაზ სეპარატისტთა შორის დიდი შეშფოთება გამოიწვია პუტინ-შევარდნაძის სოჭის შეხვედრამ, რომლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა რუსეთთან კომპრომისის შესაძლებლობა საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის გზით. ოსებს შეეშინდათ, რომ რუსეთს შეიძლებოდა ასეთი კომპრომისი ჭკუაში დასჯდომოდა და აეძულებინა ოსი სეპარატიტსტები, თბილისთან დათმობაზე წასულიყვნენ. არადა, მათ არც ერთი ფორმით საქართველოს შემადგენლობაში დარჩენა არ სურთ – თუნდაც ფედერაციის სუბიექტის უფლებით. სწორედ ამიტომ, ჩეხოევმა საქართველო-ამერიკის შეთანხმების რატიფიცირება გამოიყენა, რათა რუსულ ისტებლიშმენტში ანტიქართული განწყობა კვლავ გაეღვივებინა და პუტინ-შევარდნაძის «ავისმომასწავებელი» (მისთვის) დიალოგი ჩაეშალა.
        ჩეხოევის «პროექტი» უპრეცედენტოდ მწვავე და აგრესიულია, რუსულ «გოსდუმას» არაერთი ანტიქართული დადგენილება თუ განცხადება მიუღია, მაგრამ ამჯერად ლამის ომის პირდაპირი დეკლარირება ხდებოდა.
        გარდა ამისა, «სახელმწიფო სათათბირო», ფაქტობრივად, ცნობდა «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და რუსეთთან შეერთებას. თანაც ჩეხოევი მოითხოვდა, სახელმწიფო სათათბიროს ეს დადგენილება სწორედ 9 აპრილს (!) მიეღო, მაგრამ აქ კი შეცდომა დაუშვა და საქართველოს სიძულვილში გადააჭარბა. საგარეო საქმეთა და სნგ-ს კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანატოლი ჩეხოევი სხვა დეპუტატებმა «ექსტრემიზმში» დაადანაშაულეს. მის ნამდვილ მოტივაციასაც იოლად მიუხვდნენ და უთხრეს, რომ «სამხრეთ ოსეთის» იურიდიული შემოერთება მეტისმეტი იქნებოდა. ამის თაობაზე ინფორმაციამ რუსულ პრესაშიც გაჟონა.
        შედეგად, დადგენილების პროექტი მნიშვნელოვნად შერბილდა და განხილვა 9 აპრილიდან მომავალი კვირისთვის გადადო. ეჭვი არ შეგვეპაროს, ამ დადგენილებას სახელმწიფო სათათბირო უეჭველად მიიღებს, მასში უდავოდ შევა მოწოდება რუსეთის მთავრობისადმი, აამოქმედოს ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ: რასაც უფრო პოლიტიკური დეკლარაციის მნიშვნელობა ექნება. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის – დიმიტრი ოგოზინის განცხადებით, სოჭის შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
        მაგრამ მხოლოდ ამ მოსაზრებით რუსი დეპუტატები, რა თქმა უნდა, არ იხელმძღვანელებდნენ. გამომჟღავნდა კიდევ ერთი მომენტი: რუს დეპუტატთა დიდ ნაწილს ეყო ჭკუა, მიმხვდარიყო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შეთანხმების წინააღმდეგ მეტისმეტად აქტიური გალაშქრება არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ წასვლა იქნებოდა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასაც გაამწვავებდა. ეს კი დღევანდელ პირობებში რუსეთს სრულებითაც არ აძლევს ხელს, რადგან ერაყში ომის დამთავრებისთანავე ამერიკამ შეიძლება იგი დასაჯოს ნავთობზე ფასების «დაქცევით», ანუ რუსეთის ბიუჯეტის განადგურებით, რუსებს ისედაც «კუდი ეწვით» ერაყში ამერიკელთა მიერ «ღამის ხედვის აპარატურის» აღმოჩენის შემდეგ, რითაც დადასტურდა, რომ გაეროს აკრძალვის მიუხედავად, რუსეთი საიდუმლოდ აწვდიდა ერაყის რეჟიმს უახლეს იარაღს.
        ამასთანავე, ჩვენთვის ძალზე უსიამოვნო სიმპტომია როგოზინის განცხადება, რომ «ამერიკა-საქართველოს შეთანხმება არღვევს სტამბოლის შეთანხმებას». იგულისხმება 1999 წლის ნოემბრის შეთანხმება საქართვლეოდან რუსეთის ბაზების გატანის თაობაზე.
        მაშასადამე, რუსეთიც «შეთანხმებით» საქართველოში მყოფი ასიოდე სამხედრო ინსტრუქტორის საკითხს არ გაამწვავებს, მაგრამ ამ მომენტს გაომიყენებს საქართვლეოში მნიშვნელოვანი სამხედრო ყოფნის შესანარჩუნებლად.

დილის გაზეთი, 9 აპრილი, 2003 წელი