ვინ გაიმარჯვა 2007 წლის 2 ნოემბერს?

ვინ გაიმარჯვა 2007 წლის 2 ნოემბერს?

    ისევე, როგორც რუსული საზოგადოებისათვის თვისებრივია კითხვები «რა ვაკეთოთ» და «ვინ არის დამნაშავე», ქართული სოციუმისთვის არანაკლებ თვისებრივი აღმოჩნდა ამა თუ იმ თვალსაჩინო მოვლენის შედეგად გამარჯვებულის ძიება.
        საოცარია, მაგრამ ეს თითქმის ყოველთვის საკამათოა ამ ქვეყანაში.
        აი, მაგალითად, გულზე ხელის დადებით ვთქვათ, ვინ მიგვაჩნია გამარჯვებულად განმუხურის ინციდენტის შედეგად? თუ გულწრფელნი ვიქნებით, ამ კითხვაზე ძალიან გაჭირდება პასუხის გაცემა.
    თავისთავად ეს თვისება კი ერთი ძალიან დიდი და ტრაგიკული პრობლემის «ლინკია». მისი მეორე გამოხატულებაა აბსოლუტურად უნიკალური ანდაზა, რომელიც ერთდროულად მშვენიერიცაა და შემაძრწუნებელიც: «გამარჯვება და დამარცხება ძმები არიანო».
        მე რომ მკითხოთ, მართლაც იმდენად შემაძრწუნებელია, რომ ისევ ჩვენს პოლიტიკურ ტრაგიკომედიებზე მსუბუქი ირონიზება სჯობს.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ჩემი აზრით, 2 ნოემბერს ყავს კონკრეტული გამარჯვებული. იგი გახლავთ . . . ირაკლი ოქრუაშვილი!
    ეს ყმაწვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება, ცივ ლუდს წრუპავს და მისთვის ჩვეული, გაურკვეველი შინაარსის ღიმილით აკვირდება «ბი-ბი-სი»-ს ეთერში ტრანსლირებულ სამიტინგო ეგზალტაციას საერთოეროვნულ თავყრილობაზე მისი გამოჩენა-არგამოჩენის თაობაზე.
    საოცარია, რა ჭკუა და ეშმაკობა აღმოაჩნდა ამ ახალგაზრდა კაცს. მან ხომ თავიდანვე ძალიან ზუსტად გათვალა, რომ თუ დაპატიმრებამდე მცირე ხნით ადრე (თვით დაპატიმრება კი, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდაუვალი იყო) იგი პრეზიდენტის საწინააღმდეგო სენსაციურ განცხადებებს გააკეთებდა, ამას უეჭველად მოყვებოდა მასისა და ოპოზიციის გამძვინვარება, იგი მყარ პოლიტიკურ რენომეს შეიძენდა და ხელისუფლებაც (დავაკვირდეთ ამ მომენტს) დაინტერესებული გახდებოდა, ოქრუაშვილი ყოფილიყო "თუნდაც გარეთ, ოღონდ გაფუჭებული, ვიდრე ციხეში, მაგრამ წამებული ოპოზიციონერის მანტიით".
    არადა, მასაც ხომ სწორედ ეს უნდოდა! მასაც ერჩია ყოფილიყო «თუნდაც გაფუჭებული, მაგრამ გარეთ, ვიდრე ციხეში და წამებული ოპოზიციონერის მანტიით». მით უმეტეს კომფორტულ, ტკბილ და თბილ ევროპაში, სადაც თურმე «ძალით გაამგზავრეს». ამ მხრივ საფრანგეთი გერმანიისაგან დიდად არ განსხვავდება.
    საეჭვოა იგი საქართველოში დაბრუნდეს. ისიც მტკნარი სისულელეა, თითქოს მისი ოჯახი აქ «მძევლად დაიტოვეს» და ასე შემდეგ. განა ვინ გაბედავს საერთაშორისო მედიისა და ქართული ოპოზიციის მიერ «დიქტატორის მთავარ ოპონენტ-დისიდენტად» შერაცხული პოლიტიკოსის ცოლ-შვილი ქვეყნიდან არ გაუშვას «ოჯახის გასაერთიანებლად»?! ამას იური ანდროპოვიც კი ვეღარ ბედავდა გვიანბრეჟნევის ხანაში.
    ბუნებრივია, არც ის 6 მილიონი დოლარი ეთმობოდა, მაგრამ წაგება-მოგების ბალანსი, საბოლოო ანგარიშით, მაინც მის სასარგებლოდ შედგა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ერთი სიტყვით, აქ სინამდვილეში ყველაფერი გარკვეულია. რაც შეეხება 2003 წლის ნოემბრისა და 2007 წლის ნოემბრის შედარებას:
   მრავალი გარეგნული მსგავსების მიუხედავად («მაშხალებით სვლა» ქუთაისი-თბილისის ტრასაზე; ოპოზიციური ტელეარხის არსებობა, რომელიც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ არის ისეთი აგრესიული და თავხედი, როგორც მისი იმდროინდელი კონკურენტი და ასე შემდეგ) არის რამდენიმე კარდინალური სხვაობა.
    უპირველეს ყოვლისა: როდესაც მიხეილ სააკაშვილმა, 2003 წელს, მასას მოუწოდა შეკრებილიყო 22 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე (სადაც, ობიექტურად, ბევრად მეტი ადამიანი ეტევა, ვიდრე პარლამენტის შენობის წინ), ამასთან დაპირდა, რომ სწორედ 22 ნოემბერს «წერტილი დაესმება და გადაწყდება საკითხი», მან ეს დაპირება პირნათლად შეასრულა, რაც, მასის თვალში, ზოგადად, ამ პოლიტიკოსის ძალზე მნიშვნელოვანი უნარ-თვისებაა. ანუ, მასა შეიკრიბა და საკითხი მართლაც გადაწყდა: 23 ნოემბერს საქართველოს უკვე ახალი ხელისუფლება ყავდა.
    ხოლო როდესაც ამჟამინდელი ოპოზიცია, რომელიც «კოლექტიურ სააკაშვილობას» ცდილობს, მასას ასევე მოუწოდებდა 2 ნოემბერს თბილისში შეკრებილიყო და ისეთივე მოლოდინს ქმნიდა, მასა მართლაც შეიკრიბა მაგრამ . . . არაფერიც არ გადაწყდა: 3 ნოემბერსაც და დღესაც საქართველოს იგივე ხელისუფლება ყავს, რომელიც თავს იმდენად მყარად გრძნობს, რომ ულტიმატუმის არც ერთი პუნქტის შესრულებას არ თანხმდება. ხაზს ვუსვამ: არც ერთის!
    ამ კარდინალური სხვაობის (მათთვის) გამანადგურებელ მნიშვნელობას «კოლექტიური სააკაშვილი» ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს.
    მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან სხვაობა კი ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძეს პირადი დაცვის და (მისივე აღიარებით) ოჯახის წევრებიც კი აღარ უჭერდნენ მხარს 30 წლიანი მმართველობის დასალიერს, დღევანდელ პრეზიდენტს კი არა მხოლოდ სავსებით გულწრფელი მხარდამჭერები ყავს, არამედ, შევარდნაძისაგან განსხვავებით, მან მოახერხა 4 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული ძალისმიერი სტრუქტურების ჩამოყალიბება (საგანგებოდ ასეთი სიტუაციებისათვის გაწვრთნილი სპეცდანიშნულების რაზმების ჩათვლით); შესანიშნავი პირობები შეუქმნა და, გარწმუნებთ, შევარდნაძისაგან განსხვავებით, რომელიც ამაოდ აცხადებდა «საგანგებო მდგომარეობას», ისინი მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებას ელიან. ამ ბრძანებას კი უეჭველად შეასრულებენ.
    ეს გარემოება  ოპოზიციამ კარგად უნდა «გაისიგრძეგანოს», სანამ მას თავად «გაასიგრძეგანებენ».
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, მაინც მგონია, რომ ჩვენ ყველანი დიდი მოუთმენლობით დაველოდებით  არჩევნებს.
    ორგზის უმეტეს, რომ ხელისუფლებას და დღევანდელ ოპოზიციას არჩევნების დემოკრატიულობისა და «გაუყალბებლობის» ერთნაირი საზომი-კრიტერიუმები აქვთ.
    მაგალითად, მათ მიაჩნიათ (როგორც არ უნდა სცადონ, უკვე ვეღარ უარყოფენ) რომ «გაყალბებულია» ის არჩევნები, რომლის შედეგად 7 პროცენტიანი(!) საარჩევნო ბარიერი ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა და 11 პარტიამ გადალახა. თანაც არც ერთ მათგანს საკანონმდებლო ორგანოში არათუ კონსტიტუციური ან კვალიფიციური, არამედ უბრალო უმრავლესობაც არ ექნებოდა. ხოლო «სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული» არჩევნები ის არის, რომლის შედეგად პარლამენტში ერთი პარტია და რამდენიმე ოპოზიციონერი ხვდება.
    თუმცა, ამ საკითხებზე მსჯელობას აღარ ვაგრძელებ, რადგან მასის მიერ აღიარებულ სტერეოტიპთან და ე.წ» «ქართველ ლიბერალთა» სიბრიყვესთან კამათს მაინც აზრი არა აქვს.

5 ნოემბერი 2007წ