უმრავლესობა ცილობს ოპოზიციას ინიციატივა წაართვას
       

        «ცხელი პოლიტიკური ზაფხული», რომლის გარდაუვალობაზეც ამდენს ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დაიწყო! მისი შემადგენელი იქნება უეჭველად ცხარე საპარლამენტო დისკუსია «ადგილობრივი თვითმმართვლეობისა» და «საარჩევნო კანონზე».
        მაგრამ პოლიტიკური პროცესის ეს სეგმენტები დომინანტური შეიძლება აღარც იყოს მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა ახალი მიმართულება «რეფორმატორთა გუნდის» შეტევისა.
        ზურაბ ჟვანია გააფთრებით ცდილობს, ინიციატივა წაგლიჯოს ოპოზიციას და, როგორც ჩანს, ამას მოახერხებს კიდეც. მხედველობაში გვაქვს არა იმდენად კომპრომისული წინადადებები საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების წესის შესახებ (რომელთაც «არაუმრავლესობა» არ მიიღებს და არ ცნობს), არამედ ფინანსთა სამინისტროს წინადადებები საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე.
        გუშინ ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ინიციატივა ეკუთვნის ზურაბ ჟვანიას, თუმცა, ედუარდ შევარდნაძე არათუ მხარს უჭერს მას, არამედ უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს კანონპროექტს - პარლამენტში შესატანად.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონპროექტის გარშემო კიდევ უფრო ბობოქარი და მძვინვარე დისკუსიები გაიმართება, ვიდრე «მინისტრთა კაბინეტის» შესახებ. ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, «მოსალოდნელია წინააღმდეგობა უხვმოსავლიანი სოციალური ფენების მხრიდან», ვინაიდან სწორედ მათ დააწვებათ ახალი საგადასახადო რეჟიმის მთელი სიმძიმე მაშინ, როდესაც წვრილ ბიზნესს ტვირთი შეუმსუბუქდება.
        ვახტანგ რჩეულიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ უკვე განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება «დაჩაგრავს დიდ ბიზნესს» და ხელს არ შეუწყობს მსხვილი მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. ზურაბ ნოღაიდელის პროექტით კი, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს არ აღემატება, დაიბეგრება მხოლოდ ერთი გადასახადით. სოფლის მეურნეობისათვის ეს იქნება მიწის გადასახადი, ძირითადი საქმიანობისთვის - ფიქსირებული გადასახადი, ხოლო დანარჩენებისთვის- ბრუნვის გადასახადი.
        აქვე უნდა ითქვას, რომ «ბრუნვის გადასახადს» კარგა ხანია, ეფუძნება საგადასახადო სისტემა სომხეთში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ბოლოს მაინც დაყაბულდა, ვინაიდან მონეტარიზმის პრინციპებს ეს არ ეწინააღმდეგება.
        გათვალისწინეუბლია საშემოსავლო გადასახადის გამარტივებაც. აქაც, საგადასახადო ტვირთი, ნაკლებშემოსავლიანი ფენებიდან გადავა მეტშემოსავლიან ფენებზე.
        «აქციზურად» მიიჩნევა მხოლოდ ოთხი აქციზური საქონელი: სიგარეტი, ალკოჰოლური სასმელები, ნავთობპროდუქტები და ავტომანქანები. გათვალისწინებულია შესაბამისი აქცენტების გადანაცვლება ადმინისტრირების თვალსაზრისითაც.
        განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტით უქმდება საგადასახადო შემოსავლების აბსოლუტური უმრავლესობა, რასაც აგრეთვე, ძალზე მტკივნეული რეაქცია მოჰყვება.
        ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ეს წინადადებები ფისკალურად ნეიტრალურია და არ იწვევს შემოსავლების კლებას. როგორც აღმოჩნდა, ამ წინადადებათა თანაავტორია ლეშეკ ბალცეროვიჩის ჯგუფი, რომელიც პირობას დებს, რომ აქტიურად ჩაერთვება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რათა იგი დაითანხმოს და სსფ-ის მხრიდან პროექტს საფრთხე არ შეექმნას.
        იმავდროულად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ «არაფერი გამოვა ამ საქმიდან», თუ პარალელურად არ გაძლიერდა ბრძოლა კონტრაბანდისა და ფალისფიკაციის წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული კონტრაბანდისათვის სასჯელის გამკაცრებაც - ამჟამად ეს დანაშაული, ფაქტობრივად, არ ისჯება. ყოველ შემთხვევაში კოლოსალური კონტრაბანდის შემთხვევის გარდა, ციხე არ არის გათვალისწინებული.
        როგორც ჩანს, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით განმეორდება ის ამბავი, რაც მოხდა «ტექდათვალიერებასთან» დაკავშირებით. ოპოზიცია ყველანაირად შეეწინააღმდეგება ცვლილებებს და კვლავ წააგებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში.

დილის გაზეთი, 19 ივნისი, 2001 წ.

მთელ გვერდზე