მარშალი სერგეევი გვემუქრება

მარშალი სერგეევი გვემუქრება

სერგეევის განცხადება ბლეფია
   

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი, იგორ სერგეევი 27-28 თებერვალს უნდა სწვეოდა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, რომლის დროსაც დაგეგმილი იყო მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა; კერძოდ, რამდენიმე სამხედრო ობიექტის და გარკვეული ოდენობის სამხედრო ტექნიკის გადმოცემის შესახებ. ეს შეხვედრა კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა
    შეიძლება ითქვას, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებები (მათ შორის, საქართველოდან სამხედრო ტექნიკის გატანის შესახებ) იქითკენ იყო მიმართული, რომ კრემლი დაერწმუნებინა, გადმოეცა საქართველოსათვის ათი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ქონებიდან თუნდაც მცირე ნაწილი.
    წლის დასაწყისში, წინასწარი მოლაპარაკების საწარმოებლად თბილისში იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი გენერალი ივაშოვი. როგორც ჩანს, მხარეებმა ან ვერ მოილაპარაკეს, ან საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიჩნია საკმარისად სამხედრო ტექნიკის ის ოდენობა, რომელსაც რუსეთი დაჰპირდა. რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს, მოსკოვი თანახმაა, გადმოგვცეს მხოლოდ ის სამხედრო ინფრასტრუქტურა (საწყობები, სარემონტო საამქროები, ყაზარმები), რომლებიც თავად არ სჭირდება.
    ბუნებრივია, ამ პირობებში ედუარდ შევარდნაძემ მარშალ სერგეევის ვიზიტისადმი ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. მით უმეტეს, რომ თავისთავად სერგეევის ჩამოსვლა შეიძლებოდა სერიოზული არგუმენტი გამხდარიყო ოპოზიციისათვის ხელისუფლების წინააღმდეგ; 9 თებერვლისა და 19 თებერვლის მოვლენებს შეეძლო მხოლოდ დაემძიმებინა და გაერთულებინა ეს არგუმენტაცია.
    ამიტომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სთხოვა რუსეთის ანალოგიურ უწყებას, ვიზიტი «სამომავლოდ» გადაედო. ეს დიპლომატიური ფორმულირებაა, რომელიც გულისხმობს ამა თუ იმ შეთანხმების არარეალურობას, ამავე დროს, დაუინტერესებლობას თვით ვიზიტის განხორციელებაში, ვინაიდან შექმნილ ვითარებაში სერგეევის ჩამოსვლა და მისთვის წვეულებების გამართვა შეურაცხყოფად იქნებოდა აღქმული.
    სწორედ ამ დემარშს მოჰყვა სერგეევის განცხადება რუსეთის სამხედრო ბაზების შესაძლო გაყვანის თაობაზე. აშკარაა, რომ მოსკოვში საქართველოს უარი აღიქვეს, როგორც ზეწოლის ფორმა, რათა რუსეთი იძულებული გამხდარიყო, კიდევ უფრო დიდ დათმობებზე წასულიყო სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო ობიექტების გადმოცემის საკითხში.
    მაგრამ აქ რაიმე სერიოზული დათმობა ელცინის ადმინისტრაციისათვის კატეგორიულად მიუღებელია. საქართველო უარს ამბობს, ბაზების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინოს მანამ, ვიდრე რუსეთი არ დაეხმარება აფხაზეთის დაბრუნებაში. რუსეთს კი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმის ძალიან ეშინია, - რათა ამით ჩრდილოეთ კავკასია არ აამხედროს.
    სამხედრო ტექნიკის საქართველოსათვის გადმოცემა დაარღვევს სამხედრო პარიტეტს სამხრეთ კავკასიაში. რუსი სტრატეგები კი ამ რეგიონში სომხეთის განუზომელ გაძლიერებაზე აკეთებენ აქცენტს, რათა საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტების (მათ შორის, ნავთობის პროექტის) ჩასაშლელად მძლავრი ბერკეტი ჰქონდეთ.
    გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვერც ერთ ტანკს ვერ გადმოსცემდა საქართველოს თებერვლის მოვლენათა შემდეგ, ვინაიდან ამით უეჭველად გააღიზიანებდა ელცინის ოპოზიციას სახელმწიფო სათათბიროში.
    საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა აშკარად განაცხადეს, რომ თებერვლის მოვლენები მოსკოვში დაიგეგმა. ამის შემდეგ თბილისში ჩამოსვლა სერგეევისათვის მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნებოდა მომგებიანი - თუ იგი საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდოდა სიმბოლური ვიზიტით და ქართული მხარის არც ერთ წინადადებას არ დაეთანხმებოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაფერს დაუთმობდა და ასე დაბრუნდებოდა რუსეთში - მაშინ მისი ვიზიტი რუსული ოპოზიციის კმაყოფილებასაც კი გამოიწვევდა, ვინაიდან ამით დაფიქსირდებოდა ჩვენი ქვეყნის ძველებური (ფაქტობრივად, კოლონიალური) სტატუსი რუსეთის მიმართ.
    საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამგვარ ვიზიტს მისი საერთოდ ჩაშლა ამჯობინა და სერგეევს მასპინძლობაზე უარი უთხრა.
    ამით, ფაქტობრივად, არაფერი დაუკარგავს (მარშალ სერგეევის სტუმრობა მაინც უშედეგო იქნებოდა), ხოლო მოსახლეობის თვალში დაადასტურა, რომ ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური რუსეთის თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ხვდებოდა და აცილებდა.
    რაც შეეხება ჯარების გაყვანას, ეს აშკარა ბლეფია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების იძულებას, დამამცირებელი განცხადებები გააკეთოს და თავზე ნაცარი დაიყაროს (რაღა გვეშველება, რუსეთის ჯარი თუ აღარ დაგვიცავსო).
    ერთადერთი სწორი და მიზანშეწონილი პასუხი ქნება: «კი ბატონო, გაიყვანეთ ჯარი. არ შეგეხვეწებით მის დატოვებას». თუ ასე ვუპასუხებთ, უმალვე გამოჩნდება, რომ რუსეთი ამ სამხედრო ბაზებს ომის ფასადაც კი არ დათმობს - არათუ ჩვენი თხოვნით, მოთხოვნით ან საკუთარი სურვილით გაიყვანს.

მერიდიანი, 6 მარტი, 1998 წ.