დღეს მთავრობა ბიუჯეტს ამტკიცებს
       

        საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარეობს «გადამწყვეტი» თათბირი 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. უფრო ზუსტად, ეს არის (ფორმატით) მთავრობის ის ლეგენდარული (არგამართული) სხდომა, რომელიც გასული ოთხშაბათიდან შაბათისათვის გადაიდო, ცნობილი მოვლენების გამო.
        კონსტიტუციის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, ყოველი წლის 1 ოქტომბრამდე შეიტანოს პარლამენტში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი. ამნედა, ვადა იწურება - მომავალ კვირას პრეზიდენტმა შეიძლება ვეღარ მოიცილოს საგანგებოდ ბიუჯეტისათვის, ვინაიდან, ტერაქტების მიუხედავად, მაინც მზადდება ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც საქართველოს გარშემო შექმნილი საკმაოდ საშიში ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნისათვის უიდესი მნიშვნელობა აქვს.
        რაც შეეხება ძალთა გადაადგილებას მთავრობაში, დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, ჯერჯერობით, არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას. იგი ამას ხსნის სახელმწიფოებრივი აუცილებლობით: ფინანსთა მინისტრის გადადგომამ იმ ვითარებაში, როდესაც «გაშვებულია» საბიუჯეტო პროცესი, შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობათა გაწყვეტა დონორ ორგანიზაციებთან. ასეთ შემთხვევაში კი ლაპარაკი ზედმეტია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მორიგი ტრანშის გამოყოფაზე, ურომლისოდაც, არათუ 2002 წლის ბიუჯეტი ვერ შედგება, არამედ წლევანდელი ბიუჯეტი (მას ისედაც სეკვესტრი ემუქრება), საერთოდ, ხუხულასავით დაიშლება.
        გარდა ამისა, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში, კარდინალურად შეიცვლება საფინანსო პოლიტიკა და, დაცული მუხლების დაფინანსების ნაცვლად, დაფინანსდება «მცირე ბიზნესი». ეს საკმაოდ «გამჭვირვალე» განცხადებაა, ისევ და ისევ, ცნობილი დაპირისპირების კონტექსტში.
        თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, შესაძლოა, ზურაბ ნოღაიდელი მაინც გადადგეს, რითაც პროცესი (მაჭავარიანისა და სააკაშვილის წასვლის შემდეგ) დასრულებულ სახეს მიიღებს.
        2002 წლის ბიუჯეტის (ისევე, როგორც წლევანდელის) ორი უმთავრესი «ავადმყოფობა» კვლავ კონტრაბანდა და სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობაა.
        ტელეკომუნიკაციათა პრივატიზება ვერ მოხერხდა «ტიტანური მცდელობის» მიუხედავად. ალბათ, ვეღარც მოხერხდება - ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის ტერაქტებამდეც არავინ გამოთქვა სურვილი, 40 მილიონი დოლარი გადაეხადა «ტელეკომსა» და «ელექტროკავშირში». 11 სექტემბრის შემდეგ კი (ალბათ, 2 წელი მაინც), ეს, საერთოდ, წარმოუდგენელია.
        «თურქეთის კრიზისი ძაბავს ვითარებას საქართველოს ბაზარზე, აფერხებს შიდა ინვესტირებას», - აცხადებდნენ ეკონომისტები 11 სექტემბრამდე. გლობალური ტერაქტის შემდეგ ამაზე საუბრები, უბრალოდ, ტრაგიკომიკური ხდება.
        ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად დამანგრეველი იქნება მანჰეტენის აფეთქების აგორებული ტალღა არა ზოგადად «ეკონომიკისთვის», არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ყოველი ცალკეული ქართული ოჯახის ცხოვრებისთვის. ამას უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ ყველანი - განურჩევლად ქონებრივი თუ სოციალური ცენზისა. მით უმეტეს, იმ მდგომარეობაში, როდესაც 2002 წლის ბიუჯეტში კვლავინდებურად ჩადებულია ჩრდილოვანი ეკონომიკის 50-პროცენტიანი ტვირთი, უპირველესად, კონტრაბანდა ცხინვალიდან. ამიტომ ბიუჯეტის საერთო მოცულობა პროექტით განისაზღვრა 1 მილიარდ 100 მილიონი ლარის ოდენგობით. ამდენივე უნდა ყოფილიყო წლეულსაც, მაშასადამე . . . . . . «ხვალ იქნება დღეს».

დილის გაზეთი, 22 სექტემბერი, 2001 წელი

მთელ გვერდზე