მაიკლ სქოულის გედის სიმღერა
       

        გუშინ პრეზიდენტ შევარდნაძეს უკანასკნელად შეხვდა «აეს-თელასის» მენეჯერი მაიკლ სქოული. მას თან ახლდნენ «აეს-მტკვრის» (თბილსრესის) ხელმძღვანელი ბილ ო'რეილი და «აეს-სილქ როუდის» პრეზიდენტი, გარი ლავსლი.
        ეს უკანასკნელი ამერიკული კორპორაციის ერთ-ერთი თანამფლობელია. შესაბამისად, მან იტვირთა «ძირითადი სუტმრის» ფუნქცია და განაცხადა, რომ თბილისში გავრცელებული ხმები, თითქოს «მაიკლი» ცუდი მუშაობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს - სიმართლეს არ შეესაბამება.
        სინამდვილეში, სქუოლი დააწინაურეს (როგორც ჩანს, საქართველოს ჯოჯოხეთურ პირობებში მან «გმირულად» გაართვა თავი ძირითად პრობლემას და «აეს»-ის ქონება ნაციონალიზაციას გადაარჩინა) ანუ სტამბულში გადაიყვანეს იმ რეგიონული სისტემის მმართველად, რომელიც ერთდროულად მოემსახურება თურქეთს, ჩრდილოეთ აფრიკას და აღმოსავლეთ ევროპას.
        საინტერესოა, რომ მაიკლ სქოულის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება თურქეთში ელექტროენერგიის რეექსპორტი საქართველოს გავლით.
        ამ თემაზე «აეს»-ი ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს მოსკოვში ანატოლი ჩუბაისის «რაოეეს-როსიასთან». არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ანატოლი ჩუბაისი თბილისში შეხვდეს «აეს»-ის კორპორაციის დირექტორთა საბოჭს წევრებს, ანუ გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა.
        «აეს-»ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში კომპანიამ ბევრის გაკეთება შეძლო. როგორც ჩანს, მას საკმოად სარფიან კაპიტალდაბანდებად მიიჩნია «თელასისა» და «თბილსრესის» ქმედითი ბლოკების შესყიდვა იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკა, მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და 20 წლის განმალვობაში, პირველად, დოლარის სერიოზული დევალვაციის მოლოდინში, შიშით ცახცახებს.
        2001 წლის ბოლოსთვის «აეს»-ი დაასრულებს თბილისში მრიცხველების «გამოტანის» პროცესს, რის შემდეგაც გადახდის დონე 80 პროცენტს მიაღწევს. ყოველ შემთხვევაში, ასე იმედოვნებენ.
        ასევე, დამთავრდება კაბელებისა და «ფიდერების», ანუ ლოკალური სადისტრიბუციო ქსელების შეცვლა.
        რაც შეეხება «თბილსრესის» მე-9 და მე-10 ბლოკებს, ლეგენდარულ მე-9 ბლოკზე გარი ლავსლის არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, არ დავიწყნია აღენიშნა, რომ მე-10 ენერგობლოკმა, სექტემბრიდან მოყოლებული, 6 თვე იმუშავა, ნაცვლად შარშანდელი 3 თვისა და ამჟამადაც 49-ე დღეა შეუფერხებლად მუშაობს.
        საქართველოს ტრაგიკომიკურ უახლეს ისტორიაში ეს აბსოლუტური რეკორდია.
        ამავდროულად, ამერიკელებს არ დაუმალავთ, რომ თბილისს არაფერი ეშველება, თუ მთლიანად არ გამოსწორდა მდგომარეობა ქვეყნის ენერგოსისტემაში.
        «აეს»-ი სისხლხორცეულად დაინტერესებულია იმ ტენდერების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებაში, რომლებიც საბითუმო ბაზრის და დისპეტჩერიზაციის სისტემის მართვაში გადაცემას გულისხმობს და რომელთა ჩაშლას ამჟამად მაფიოზური ბანდა ცდილობს ზოგიერთი «გულუბრყვილოს» გამოყენებით.
        თანაც, «აეს»-ის სრულებითაც არ გააჩნია პრეტენზია, თავად დაისაკუთროს ეს ობიექტები - ოღონდ კი ისინი კორუმპირებული ბიუროკრატის ხელში აღარ იყოს და «თბილსრესის» ბლოკებში გამომუშავებული ელექტროენერგია, მცირე ქრთამის საფასურად, «არგადამხდელებს» არ მიეწოდებოდეს.
        თანედათან იზრდება საბითუმო ბაზრის დავალიანება «აეს-მტკვრისადმი». თანხის ოდენობამ უკვე 20 მილიონ ლარს მიაღწია ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ ელექტროენერგია «არგადამხდელებს» მიეწოდებათ, თუმცა, კონტრაქტით გათვალისწინეუბლია გარკვეული ზღვრული რაოდენობა, რის შემდეგაც «აეს-მტკვარი» ელექტროენერგიას, უბრალოდ, აღარ მიაწვდის «ბაზარს», ანუ მხოლოდ საკუთარ მომხმარებელს (თბილისს) მოახმარს.
        რაც შეეხება ამ ბლოკების ბუნებრივი აირით მომარაგებას, «აეს»-ი ინტენსიურად მუშაობს რუსეთთან («გაზპრომთან» და «იტერასთან»), ამერიკის სახელმწიფოებრივი ბერკეტების გამოყენებით (აი, რას ნიშნავს ამერიკელი ინვესტორი), ხოლო ამერიკელებს, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, სერიოზულად აქვთ იმედი, ნინოწმინდის საბადოდან უკვე გაისად იმდენი ბუნებრივი აირი მიიღონ, რაც «თბილსრესის» ბუმბერაზ ბლოკებს დააკმაყოფილებს, სხვა ბლოკებს კი მაზუთზეც შეუძლია მუშაობა.
        თუ დისპეტჩერიზაციისა და საბითუმო ბაზრის მართვაში გადაცემა მაფიამ ვერ ჩაშალა, «აეს»-ი სხვა ქალაქებისა და რაიონების სადისპეტჩერიზაციო ქსელების შეძენასაც გეგმავს, მაგრამ ამერიკელებს აეჭვებთ დღგ-ის განუხრელი ზრდა.
        როგორც ჩანს, მომავალი 1-2 წელიწადი საქართველოს მრავალ ტანჯული ენერგეტიკული სისტემისთვის გადამწყვეტი იქნება.

დილის გაზეთი, 7 აპრილი, 2001 წელი

მთელ გვერდზე