ქართული სახელისუფლებო ტანდემი

ქართული სახელისუფლებო ტანდემი

Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
  
გასულ კვირას განხორციელებული სამთავრობო პერტურბაციის მთავარი შედეგი ის გახდა, რომ საქართველოში მხოლოდ „სააკაშვილის ხელისუფლება“ აღარ არსებობს. უკვე არსებობს და გაფორმდა „სააკაშვილ-მერაბიშვილის ხელისუფლება“, რომელიც 2013 წლის ბოლომდე ამ ფორმით იმოქმედებს. ანუ, შეიქმნა ტანდემი. მაგრამ არა რუსული გაგებით, სადაც პუტინ-მედვედევს ტანდემზე საუბრობდნენ და რომლის მიზანი ხელისუფლების პუტინისთვის შენარჩუნება იყო; საქართველოში ვანო მერაბიშვილი ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსია, ვიდრე მედვედევი იყო პუტინის სახელისუფლებო სისტემაში.
    ბოლოს და ბოლოს დიმიტრი მედვედევი, პრემიერ-მინისტრად (შემდეგ პრეზიდენტად) დანიშვნამდე მხოლოდ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი იყო და ძალისმიერ სტრუქტურებთან შეხება არ ჰქონია. ხოლო როცა პუტინის წინამორბედმა, ბორის ელცინმა დანიშნა მემკვიდრე (ნამდვილი მემკვიდრე!) მან კადრი სწორედ ძალისმიერ სტრუქტურაში შეარჩია: ვლადიმერ პუტინი რუსული სპეცსამსახურის ყოფილი შეფი იყო და სერიოზული გავლენაც ჰქონდა. ანუ, თუ პრეზიდენტი, - ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველო და რუსეთია, - „შემცვლელს“ და მემკვიდრეს ეძებს, მას უეჭველად ძალისმიერ სტრუქტურაში პოულობს, რათა ძალაუფლების გადაბარება უმტკივნეულოდ და გარანტიებით მოხდეს. ხოლო რაკი პუტინს არსად წასვლა არ უნდოდა, მან, დროებით, „ყავისფერი ჩინოვნიკი“ მოძებნა მედვედევის სახით.
    ვანო მერაბიშვილზე ყველაფერი შეიძლება თქვა, მაგრამ „უღიმღამო ჩინოვნიკი“ იგი ნამდვილად არ არის; მას „გამოჰყვა“ ის გავლენა, რაც ქვეყნის უძლიერეს სახელმწიფო ინსტიტუტში ჰქონდა და „ძლიერი ხელის“ იმიჯიც აქვს, რაც საქართველოში ტრადიციულად მნიშვნელოვანია. აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლეს ისტოირიაში კიდევ იყო ერთი კრიტიკული მომენტი, როცა მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნოდ შეცვალა პრემიერ-მინისტრი: ზურაბ ნოღაიდელი გაუშვა 2007 წლის ნოემბერში და მის ნაცვლად სრულიად უღიმღამო ლადო გურგენიძე დანიშნა. მაგრამ ეს სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ მაშინ თვითონ არსად არ აპირებდა წასვალს და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას გეგმავდა.
    ამის მიუხედავად, ნოღაიდელის - გურგენიძით ჩანაცვლებამ სააკაშვილს მაშინ მაინც სერიოზული ზიანი მიაყენა, რადგან მიტინგების ფონზე ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ხალხმა „უკან დახევად“ და „შიშის გამოვლინებად“ უფრო აღიქვა, ვიდრე განახლების მცდელობად.
    სწორედ ესაა საკვანძო მომენტი ამ დისკურსში: თუ, პოლიტიკური თვალსაზრისით (მაგალითად არჩევნების წინ) და ახალი პროგრამის გამოსაქვეყნებლად პრემიერის „მოხსნა“ აუცილებელია, მაშინ ეს უნდა იყოს ისეთი კანდიდატი, რომელიც „სუსტად“ და „უღიმღამოდ“ მაინც არ აღიქმება, ხოლო პრეზიდენტის გადაწყვეტილება „შიშისა და სისუსტის“ გამოვლინებად არ გამოყურება: ნიკა გილაურის „მოხსნა“ (იმ პირობებში, როცა „ქართული ოცნება“ მიტინგებს მართავს მთელი ქვეყნის მასშტაბით) და მის ნაცვლად, ვთქვათ, დიმიტრი შაშკინსი დანიშვნა პრემიერ-მინისტრად, რაზეც აქტიურად საუბრობდნენ, აუცილებლად იქნებოდა აღქმული, როგორც სისუსტის გამოვლინება და მარცხი. სწორედ ასე გაიგო მასამ ნოღაიდელის ჩანაცვლება ვინმე გურგენიძით 2007 წელს. მაგრამ რაკი ნაცვლად ნიკა გილაურისა, პრემიერად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და გავლენით ქვეყანაში პრეზიდენტის შემდეგ მეორე ფიგურა დაინიშნა - ეს უკვე „უკან დახევად“ კი არა „შეტევაზე გადასვლად“ ჩაითვლება.
    ზოგადად, საქართველოში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკას აღიქვამს, როგორც სანახაობას (გლადიატორთა ბრძოლას), თვითონ სურს მხოლოდ მაყურებლის როლში იმყოფებოდეს, საბოლოოდ კი მხარი ძლიერსა და გამარჯვებულს დაუჭიროს, ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია სისუსტის გამომჟღავნება. ყვლაფერს აპატიებენ ხელისუფალს - ამის გარდა!
    2007 წლის გაკვეთილს მიშა სააკაშვილი რა თქმა უნდა ითვალისწინებს და ამიტომაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ექს-შინაგან საქმეთა მინისტრს იგი არა მხოლოდ დროებით შემცვლელად, არამედ მემკვიდრედ და ძალაუფლების „გადაბარების“ ძალისმიერ გარანტორადაც მიიჩნევს.

2012