ყაბარდოელები სვანეთში შემოიჭრნენ
       

        გუშინ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყაბარდო-ბალყარეთის მონაკვეთზე შეიარაღებული ჯგუფის დაკავების შესახებ.
        ოფიციალური ცნობების შესაბამისად, სხვადასხვა ასაკის ცამეტი მამაკაცი, რომელთაგან სამი შეიარაღებული იყო ავტომატური იარაღით, მოულოდნელად გამოჩნდა ერთ-ერთი სასაზღვრო განწესის ტერიტორიაზე.
        მესაზღვრეებმა ისინი ოდნავ ღრმად შემოუშვეს (როგორც ჩანს, რომ არ დაბრალებოდათ ინციდენტის პროვოცირება) და შემდგომ განაიარაღეს. საზღვრის ცამეტივე დამრღვევი ოპერატიულად ჩამოიყვანეს თბილისში, რაც კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული - გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მესაზღვრეებს (რომელთაც ერთ-ერთი ყვლეაზე ნიჭიერი და ჭკვიანი ქართველი საბჭოთა გენერალი ვალერი ჩხეიძე ხელმძღვანელობს) მძლავრი ბაზა ქუთაისში ან თუნდაც მესტიაში - შესაბამისი ინფრასტრუქტურით ასეთი შემთხვევებისათვის, რათა არ გამხდარიყვნენ: იძულებულნი, ოთხას კილომეტრზე წამოეყვანათ საზღვრის დამრღვევნი.
        არავინ იცის, რა შეიძლებოდა მომხდარიყო გზაში - მით უმეტეს, საქართველოს პირობების გათვალისწინებით, როდესაც თვით დედაქალაქის ცენტრში დაძრწიან შეიარაღებული ბანდები და დღისით, მზისით, ადამიანებს იტაცებენ.
        გენერალი ჩხეიძე დაუყოვნებლივ დაუკაშვირდა თავის რუს კოლეგას - გენერალ ტოცკის (და არა ჩრდილოკავკასიაში დისლოცირებული სასაზღვრო ჯარების სარდალს ბოლხოვიტინს, რომელმაც ბოლო დროს რამდენიმე პროვოკაციული განცხადება გააკეთა) და უმალვე დაეთანხმა «ერთობლივ გამოძიებას», რაც ამჯერად ნამდვილად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
        უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, ვინ დაარღვია საზღვარი - რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა დაუყოვნებლივ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაკავებულები ჩეჩნები არიან. როგორც ჩანს, რუსმა სპეციალისტებმა ამჯერად საინფორმცაიო დივერსიის ყველა ნიუანსი ვერ გათვალეს: თუ ყაბარდო-ბალყარეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილები ჩეჩნები არიან, მაშინ გამოდის, ყაბარდო-ბალყარეთში, რომელსაც მოსკოვი ხშირად აქებდა ჩეჩნეთის ომის მსვლელობისას «ლოიალობის» გამო, ფუნქციონირებენ ჩეჩნური ბაზები;
        ხოლო თუ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილნი ყაბარდოელები არიან (რაც უფრო სავარუდოა), ეს მომენტიც საქართველომ შეიძლება აქტიურად გამოიყენოს საკუთარი ინტერესების დასაცავად და განსახორციელებლად: ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა ვალერი კოკოვმა უდიდესი როლი შეასრულა აფხაზეთის ომის დროს საქართველოს დამარცხებაში, რისთვისაც იგი შემდგომ ბორის ელცინმა «ხალხთა მეგობრობის» ორდენით დააჯილდოვა.
        კოკოვი დღესაც ძალიან სერიოზული ფიგურაა და დიდი გავლენით სარგებლობს რუსულ ისტებლიშმენტში. განსაკუთრებით, ისევ და ისევ, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. კრემლში, უპირველეს ყოვლისა, ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტს უთანხმებენ აფხაზეთის საკითხში ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას.
        «საჭიროებისას» კოკოვი მზად არის, ჩაშალოს ნებისმიერი კომპრომისი, რასაც რუსეთი და საქართველო მიაღწევენ აფხაზეთის თაობაზე, მაგრამ ყაბარდოდან ცამეტკაციანი რაზმის გადმოსვლა ბევრ შეკითხვას გაუჩენს შესაბამის წრეებს მოსკოვში. ამ ეჭვების გაღვივება ქართული სპეცსამსახურების უმთავრეს ამოცანად უნდა იქცეს, მით უმეტეს, რომ ვაჰაბიზმი უეჭველად იკიდებს ფეხს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაშიც, ანუ «ჩერქეზული» მოდგმის ხალხებში.
        საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულთა ჩაცმულობა და აღჭურვილობა, მთლიანად მათი იერი უეჭველად მიუთითებს, რომ ისინი შორეულ მოგზაურობას აპირებდნენ - შესაძლოა, ჩეჩნეთში ჰქონდათ განზრახული გადასვლა, ან თუნდაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში - საქართველოს ტერიტორიის გავლით.
        ამ შემთხვევაში, თბილისმა შეიძლება აქტიურად ითანაშმრომლოს მოსკოვთან - ყაბარდოელების მიმართ ჩვენ, მით უმეტეს, არანაირი მორალური ვალდებულება არა გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს.
        შესაძლოა, იმ ვითარებაში, როდესაც აფხაზეთში გარკვეული ცვლილების პროცესი დაიწყო - პრემიერ-მინისტრად ანრი ჯერგენია დაინიშნა, რომელიც ვალერი კოკოვის მხურვალე მეგობარია.
        Gგამოდის, ჩეჩნეთში ომის გაგრძელება ობიექტურად ძაბავს ვითარებას აფსუა-ადიღურ ერთობაში. შეუძლებელია, ამ მდგომარეობამ კოკოვს (საქართველოს დაუძინებელ მტერს) პრობლემები არ შეუქმნას. საქართველომ სპეციალურად უნდა მოიწვიოს რუსეთის სპეცსამსახურთა, ან საგამოძიებო ორგანოთა წარმომადგენლები, რათა მათ ერთობლივი გამოძიება ჩაატარონ.
        საქართველოს არაფერი ავალდებულებს, გადასცეს ყაბარდოელები რუსებს, თუმცა, ეს არცაა გამორიცხული. ისევ და ისევ მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე.

დილის გაზეთი, 9 ივნისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე