უნიათო ხელისუფლებას ხელმოწერებიც კი აშინებს

უნიათო ხელისუფლებას ხელმოწერებიც კი აშინებს


   

    საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადებით, იგი ყურადღებას მიაქცევს ხელმოწერების შეგროვების პროცესს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც «ტრადიციონალისტთა კავშირის» ეგიდით მიმდინარეობს.
    რა იგულისხმება «ყურადღების მიქცევაში», ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში კახეთის ეპოპეა სადაც, აკაკი ასათიანის მტკიცებით, უშიშროების თანამშრომლებმა სცადეს ხელი შეეშალათ «ტრადიციონალისტთა» აქტივობისათვის, ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა იმ თვალსაზრისით, რომ მათ პროპაგანდისტულად უდავოდ მოიგეს ამგვარი წინააღმდეგობებით.
    ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია, როდესაც იგი პოლიტიკური პროცესის ხელის შეშლას ცდილობს - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა სცადო (პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე), თუ შეგიძლია საქმე ბოლომდე მიიყვანო, თორემ როცა ხელის შეშლას ცდილობ და არ გამოგდის - შედეგი უარესია. ვინაიდან მოწინააღმდეგე შესანიშნავ არგუმენტს იძენს; არადა, სინამდვილეში «ხელმოწერების შეგროვებას» მნიშვნელობა სწორედ ხელისუფლების პანიკურმა დამოკიდებულებამ შესძინა. რეალურად კი მას საპანიკო არაფერი აქვს თუ ქვეყნის მართვის სადავეები მტკიცედ უპყრია ხელთ - თუ არა, მაშინ სხვა საქმეა.
    იურიდიული თვალსაზრისით ეს ხელმოწერები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის გადადგომის მხოლოდ ერთ მექანიზმს: იმპიჩმენტს, ანუ პარლამენტმა უნდა მოახდინოს შესაბამისი პროცესის ინიცირება, შემდეგ დაამტკიცოს, რომ პრეზიდენტმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ან კონსტიტუცია დაარღვია და მხოლოდ ამ დასკვნაზე დაყრდნობით გამოიტანოს ვერდიქტი ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.
    ძნელი მისახვედრი არ არის: ესეც კი აბსოლუტურად არარეალურია, - ხელმოწერებს ხომ არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს. სამაგიეროდ, მას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და სწორედ ამის ეშინია ხელისუფლებას. საკმარისია, სცენაზე გამოჩნდეს ახალი «კიტოვანი» ან ახალი «იოსელიანი» (სხვათა შორის, ეს სრულებითაც არაა გამორიცხული) და «ტრადიციონალისტთა კავშირის» შეგროვებული ხელმოწერები სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს - ეს უეჭველად იქცევა პოლიტიკურ არგუმენტად.
    თუმცა, მეორეს მხრივ, აკაკი ასათიანის აქცია ისეთი მძვინვარე ენთუზიაზმის პირობებში არ მიმდინარეობს, როგორის იმედიც ავტორს ჰქონდა.
    «ასეულობით ათასი» ხელმოწერა ჯერჯერობით არ გროვდება, «ათეულობით ათასი» კი საქმეს ვერ შველის. ბოლოს და ბოლოს, ამერიკაში ან საფრანგეთში რომ დაიწყოს ვინმემ ხელმოწერების შეგროვება ანალოგიური მოთხოვნით, ხელმომწერი იქაც გამოჩნდება, მაგრამ მთლიანობაში ეს მაინც არასტაბილურობისა და სუსტი სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის გამოვლინებაა. ცივილიზებულ ქვეყანაში ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აბსურდად აღიქმება, რადგან არსებობს არჩევნების ინსტიტუტი.
    ხოლო ის ხალხი, ვინც კონკრეტული პრეზიდენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ყოველთვის მზად იქნება მხარი დაუჭიროს მის გადადგომას ან, ყოველ შემთხვევაში, გული არ შესტკივა მოქმედი პრეზიდენტისათვის. ამის მიუხედავად, «ტრადიციონალისტთა დევნა» მათ მიერ ხელმოწერების შეგროვების გამო მაინც უდიდესი სიბრიყვე იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან, ვინაიდან სულ ერთია, რეალურად ხელის შეშლას იგი ვერ შეძლებს და აკაკი ასათიანს უაღრესად მომგებიან კოზირებს ჩააბარებს, რომლითაც იგი ჭკვიანურად ისარგებლებს.
    «უშიშროების სამსახური» პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა ერეოდეს. ვაი იმ ხელისუფლებას, რომლის სპეცსამსახური პოლიტიკურ პაექრობაში ჩაბმას იწყებს - ასეთი ხელისუფლება მარცხისთვისაა განწირული. სპეცსამსახურის ჩარევას პოლიტიკაში აზრი აქვს მხოლოდ იმ პირობით, თუ მას «ძალა შესწევს ქადილისა», ანუ ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმია გამეფებული და ხელისუფლების შიშით კრინტს ვერავინ ძრავს. დღეს საქართველოში, საბედნიეროდ, ასეთი ვითარება არ არის. მაშ, რას უნდა მიაღწიოს ჯემალ გახოკიძემ და მისმა «უშიშროებამ»? - ვერაფერს ხელისუფლების დისკრედიტაციისა და შემდგომი დასუსტების გარდა.
    მასობრივი მენტალიტეტის თვისებათა გათვალისწინებით. მოსახლეობის უმრავლესობას «აკრძალული ხილისადმი» სწრაფვის სინდრომი გაუჩნდება. ამიტომ ხელისუფლებას ურჩევნია, იმ აზრს შეურიგდეს, რომ ოპოზიციური განწყობა ქვეყანაში არსებობს და მას თავისუფლად გამოხატვის საშუალება დაუტოვოს. მაშინ ოპოზიცია ოპოზიციად დარჩება.
    კიდევ ერთი მაგალითი: იგორ გიორგაძისაგან «აკრძალული ხილი» თვით ხელისუფლებამ შექმნა საკუთარი უნიათოებით. მის ინტერვიუებს ისეთ ყურადღებას აქცევდა, თითქოს გიორგაძე მართლა სერიოზული ფიგურაა. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის სპეცსამსახურთა ჩვეულებრივი «მოსამსახურე» აქცია კიდეც «პოლიტიკურ მოღვაწედ», რადგან ყველა ინტერვიუს გაფაციცებით კითხულობდნენ, ჟურნალისტებს უშიშროებაში იბარებდნენ და ა.შ.
    გაცილებით მიზანშეწონილი იქნებოდა, იგორ გიორგაძის «ნააზრევთათვის» ყურადღება არავის მიექცია.
   
   

მერიდიანი, 22 ივლისი, 1998 წ.