ელექტროტარიფის გაზრდა გარდაუვალია
       

        საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მისიათა ვიზიტის ფარგლებში კვლავ აქტიურად ჟღერს ელექტროენერგიის ტარფიის ზრდის თემა. მსოფლიო ფინანსურ ცენტრებში ეს საკითხი გადაწყვეტილად მიაჩნდათ და მიაჩნიათ - ცოტამ თუ იცის, რომ თავდაპირველად ნავარაუდევი (და შეთანხმებულიც) იყო ტარიფის ზრდა არა 9,8, არამედ 11 თეთრამდე, მაგრამ «მისიებთან» ხანგრძლივი «ჭიდაობის» შედეგად პროექტი დროში გაიწელა - ანუ ის, რაც დღეს ხდება, ადრე ნაკისრი ვალდებულებების «განაღდებაა».
        ამჯერად, გადასაწყვეტია სამი ძირითადი პრობლემა: 1. მიიღებს თუ არა საქართველო სანაცვლო კომპენსაციას მსოფლიო ბანკისგან არა მხოლოდ სისტემის რესტრუქტურიზაციის, არამედ სოციალური «ამორტიზაციისთვის», 2. როდის განხორციელდება «გაძვირება» და 3. (რაც მთავარია) - როგორი იქნება მომატებული ტარიფის «სტრუქტურა». რამდენი ერგება ამერიკულ «აეს» - სს, რამდენი - სახელმწიფოს (ენერგოსისტემა ს, «ბაზარს» და ასე შემდეგ), რამდენი ჩაითვლება საგარეო ვალის ანგარიშში.
        ბუნებრივია, ბოლო საკითხი ყველაზე მტკივნეულია, ვინაიდან თუ საქართველოს მართლა ელის «დეფოლტი» (როგორც ზოგიერთები იქადნებიან), კოტრობის საფუძვლად შესაძლოა სწორედ «ენერგოვალები» იქცეს.
        ოღონდ, აქ არა იმდენად სამართლიანები, არამედ ობიექტურნი და თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ: ძალიან ადვილია ამ ვალების წარმოშობის ახსნა იმით, რომ «ენერგომაფიამ ხელი მოითბო, ხოლო მისი გაუმაძღრობისთვის ხალხს ელექტროენერგიას უძვირებენ».
        ეს პოპულარული ინტერპრეტაციაა, მაგრამ ბოლომდე სიმართლე არ არის. სინამდვილეში კი, ენერგომაფიამ, რასაკვირველია, ხელი მოითბო, გვარიანად გაძღა, ოღონდ მთავარი მიზეზი მიანც მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობაა.
        რასაკვირველია, ეს არავის ამართლებს, - არ იყო მოწესრიგებული აღრიცხვა და მოსახლეობაც არ იხდიდა. დღეს თბილისში, ასე თუ ისე, აღრიცხვა მოწესრიგებულია, ამიტომ ძალიან ადვილია ახლა დააკისრო დედაქალაქის მოსახლეობას იმ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, რომელიც ადრე მოიხმარა და ვერ გადაიხადა, ან სულაც მას არ მოუხმარია - მოიხმარა რაიონების მოსახლეობამ და ზოგიერთმა საწარმომ, რომლის ნამუსგარეცხილ ხელმძღვანელობას, მილიონიანი ინვესტიციის მიუხედავად 10-20 ათასი ლარის გადახდა არ უნდა მოხმარებული ელექტროენერგიისთვის.
        სანამ ეს სიმართლე არ ითქმება და ყოველივე დაბრალდება მხოლოდ ამა თუ იმ გაიძვერა ბიზნესმენს ან «ენერგომაფიოზს», მანამ ვითარებას არაფერი ეშველება. ელექტროენერგიის ტარიფი კი უეჭველად გაიზრდება არათუ 9,9 ან 10 თეთრამდე, არამედ 11-12 თეთრამდე - აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მხოლოდ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს გარანტიით (უბედურ მირცხულავამდე) აღებული სესხები (იგივე მოხმარებული ელექტროენერგია), რის საფუძველზეც, ვიმეორებ, საირმის «მწვერვალს» ერთი-ორი სასახლე კიდევ შეემატა, არამედ ელექტროენერგიის თვითღირებულების ზრდა.
        მაგალითად, «აეს»-ი იძულებული გახდება «იტერასაგან» ამიერიდან 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 53-55 დოლარად შეიძინოს (ტრანსპორტირების ხარჯთა ჩათვლით).
        ერთადერთი, რაც ამ ვითარებაში შესაძლებელია გააკეთოს ხელისუფლებამ, არის ჯერ ერთი, კომპენსაცია სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული «დისპეტჩერიზაციის» თანხების ხარჯზე (ტარიფის შესაბამისი წილის შემცირებით) და მეორე: გაძვირების განხორციელება ივნის-ივლისში, როდესაც ენერგოკრიზისი ესოდენ მწვავედ არ იგრძნობა.
        თუმცა, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის «კეთილშობილურ პროგრესული წნეხის» შედეგად, ხელისუფლება (მიუხედავად სოციალური უკმაყოფილებისადმი შიშისა), მაინც იძულებული გახდება, უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში გადადგას მართლაც ძალზე სარისკო, მაგრამ ყოვლად აუცილებელი ნაბიჯები: უნდა გაგრძელდეს დარგის რესტრუქტურიზაცია, მისი განსახელმწიფოებრიობა, მათ შორის, გენერაციისა და დისპეტჩერიზაციის, რის შედეგადაც საქართველოში ელექტროენერგიას მიიღებს მხოლოდ გადამხდელი და, არავითარ შემთხვევაში, არ მიიღებს არგადამხდელი.
        სანამ ასეთი წესი არ დამკვიდრდება - ამ საქმეს არაფერი ეშველება: ვიცხოვრებთ ბნელ მარაზმში, ხოლო სხვადასხვა ჯურის თაღლითები, ნამუსგარეცხილ ჩინოსანთა დახმარებით, საირმის «უძრავი ქონების სასაფლაოზე» დააბანდებენ სისხლიან და ცრემლიან კაპიტალს, შემდეგ კი ყველაფერს ჩვენ დაგვაბრალებენ - რატომ არ გადაიხადეთო.

დილის გაზეთი, 2 თებერვალი, 2001 წელი

მთელ გვერდზე