ნიუ-იორკი „ათასწლეულის ტერაქტის“ შემდეგ

ნიუ-იორკი „ათასწლეულის ტერაქტის“ შემდეგ

წარმავალი ცივილიზაციის შურისძიება
       

        ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც ესმის, რა არის «თავისუფლება», სულით ხორცამდე შეძრავს დღევანდელი ნიუ-იორკის ხილვა. ულამაზეს ცათამბჯენებს თითქოს ძველი ელვარება მოაკლდათ მას შემდეგ, რაც მათ შორის უდიდესნი დაინგრნენ და ფერფლად იქცნენ.
        არადა, ისინი ხომ არა მხოლოდ ნიუ-იორკის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა-საფუძველს - თავისუფალი არჩევანის უფლებას განასახიერებდნენ.
        ტოტალიტარული მენტალიტეტის მქონე ფანატიკოსთა ბინძურმა ვნებამ (იგი სიცოცხლის წყურვილზე ძლიერი აღმოჩნდა) მიზანს მიაღწია და თვით თავისუფლების სულისკვეთებაც შელახა დროებით.
        რასაკვირველია, «თუინ-თაუერს» აღადგენენ, აღადგენენ თანამედროვე (და არა 60-იანი წლების) ტექნოლოგიათა გამოყენებით, რის შემდეგაც კიდევ უფრო მშვენიერნი იქნებიან. უფრო მეტიც, არა მხოლოდ თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ თავისუფლებისთვის საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში დაღუპულთა ხსოვნის ძეგლადაც იქცევიან. მათ არასდროს ჰქონიათ (ყველაფრის მიუხედავად) საკრალური მნიშვნელობა - ამიერიდან კი ნამდივლად შეიძენენ.
        მაგრამ აუცილებელია გავარკვიოთ, რა ამოძრავებდათ მათ, ვინც ლიბერალური ცივლიზაციის სიმბოლოზე აღმართეს ხელი?
        მიაქციეთ ყურადღება - მათ ნამდვილად ამოიკითხეს ეს სიმბოლური მნიშვნელობა ამ ცათამბჯენებში - განა შემთხვევითაა, რომ სწორედ მათზე მიიტანეს იერიში?
        სამუელ ჰანტინგტონი თავის შესანიშნავ ნაშრომში წერს, რომ მომავალი მსოფლიო ანტაგონიზმი (იგი არ გულისხმობს მხოლოდ ომებს) უეჭველად ცივილიზაციათა შორის დაპირისპირებაში გამოიხატება, მაგრამ რას ნიშნავს კონკრეტულად «ცივილიზაციათა დაპირისპირება?», რასაკვირველია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ღირებულებათა და მენტალობათა კონფლიქტია.
        დღეს (განსაკუთრებით რუსულ პრესაში) ბევრს წერენ იმის შესახებ, თითქოს ამერიკა იმისთვის დაისაჯა, რომ «თავის ფასეულობას სხვებს ახვევდა თავს» - ამგვარი ახსნა უდიდესი დემაგოგია და უზნეობაა! სინამდვილეში, «ლიბერალიზმი» თვით საკუთარი არსით გამორიცხავს ფასეულობათა (არ აგერიოთ სახელმწიოფ პოლიტიკაში, სტრატეგიულ უსაფრთხოებათა კოორდინატების სისტემაში და ასე შემდეგ - ეს სხვა საკითხია) თავს მოხვევას. იგი ქმნის მხოლოდდამხოლოდ არჩევანის უფლებას. ეს არის ლიბერალიზმის უმთავრესი (ალბათ, ერთადერთიც) ფასეულობა, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა ღირებულება.
        დავაკვირდეთ: ისევ და ისევ რუსულ პრესაში გავრცელებული, თავისი არსით მარქსისტული კლიშეების შესაბამისად, «ტერორისტული აქტი ჩაგრულთა და ღარიბ-ღატაკთა პროტესტი იყო - მდიდარი «ოქროს მილიარდის» წინააღმდეგ.
        მტკნარი სისულელეა! ბინ ლადენია ღარიბ-ღატაკი თუ ის კამიკაძეები, ვინც ცათამბჯენებს შეასკდნენ - თითოეული მათგანი საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და ბახრეინში უმდიდრეს (ან საკმაოდ შეძლებულ) ოჯახებში გაიზარდა, ამერიკის მფრინავთა სკოლებში სწავლაც საკმაოდ ძვირი ღირს.
        საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ფასეულობათა (ანუ მენტალიტეტთა) კონფლიქტი არ გამომდინარეობს მარქსისტული იდეოლოგემებიდან. ეს არის იმ ცივილიზაციის მენტალური თავისებურების გამოვლინება, რომელიც ეფუძნება არა პიროვნების ინტერესებს, არამედ «ჯოგურ ინსტინქტს», მონურ სულისკვეთებას (ნუ გაიკვირვებთ, - ასეთი სულისკვეთებაც არსებობს), ე.წ. «სარანჩას» იდეოლოგიას, როდესაც ადამიანი განიხილება ბრმა იარაღად, უსულგულო საგნად - ჰიპოთეტური «საყოველთაო კეთილდღეობისა» და «წმინდა საერთო მიზნის» მისაღწევად.
        სინამდვილეში ყველგან და ყოველთვის ეს იდეოლოგია საბოლოოდ ხსენებული ჯოგის მცირერიცხოვან მწყემსთა კეთილდღეობას ემსახურებოდა.
        მაგრამ ასეთი სულისკვეთებისა და მენტალიტეტის ადამიანს საშინლად აღიზიანებს (ამ გამოვლინებას საქართველოშიც ვაწყდებით) ნებისმიერი ალტერნატივა. იგი უმალვე აგრესიული ხდება, როდესაც ხედავს (მით უმეტეს, გლობალიზებულ მსოფლიოში), რომ არსებობს ამქვეყნად ქვეყანა, სადაც (მაგალითად) ქალი არ არის ვალდებული, ჩადრით იაროს, უკვე თვით ამგვარი ალტერნატივის არსებობა მისთვის მტკივნეულია და უჩნდება სურვილი - მოსპოს, გაანადგუროს, დაამხოს ალტერნატივა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად.

დილის გაზეთი, 8 ოქტომბერი, 2001 წელი