სავალუტო ფონდი ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრას მოითხოვს

სავალუტო ფონდი ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრას მოითხოვს

       

        შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია საერთაშორისო სავალუტო ფონდის «შეშფოთებამ» წლევანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებით. დევიდ ოუენი აღარ მალავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ფონდმა შეიძლება ახლად დაწყებული «სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის» პროგრამა შეწყვიტოს და ივლისში ახალი ტრანში აღარ გადმოგვირიცხოს.
        ეს სრული კატასტროფა იქნება (მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს), ვინაიდან «სიღატაკის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის» პროგრამის შეწყვეტასთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობას შეაჩერებს მსოფლიო ბანკი და სხვა ფინანსური დონორები (ევროკაშვირი, იაპონია...).
        სავალუტო ფონდი მოითხოვს, ერთი შეხედვი, იოლ გადაწყვეტას, თანაც ალტერნატივის სახით. ალტერნატივა კი შემდეგია:
        1. შეასრულეთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იმავე ხერხებით, რითაც ცდილობდით დღემდე შესრულებას.
        2. თუ ვერ ასრულებთ ბიუჯეტს, განახორციელეთ მისი სეკვესტრი.
        3. მანამ იქნებით ასეთ წუმპეში, ვიდრე არ გადადგამთ მტკიცე და არაპოპულარულ ნაბიჯებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზებისათვის.
        სავალუტო ფონდს აქ მართლაც შეუმცდარი მეთოდიკა აქვს: მთლიანი შიდაპროდუქტი იზრდება შემოსავლები კი არა. მაშასადამე, დანარჩენი იმალება და ბიუჯეტის ფარგლებში არ ექცევა.
        უცხოელი ექსპერტების მონაცემებით, საქართველოს სამეწარმეო სექტორში აღურიცხავი ნაწილი შარშან 55 პროცენტს აღწევდა. მხოლოდ დღგ-ის სახით, 2000 წელს ბიუჯეტში 745 მილიონი ლარი უნდა შესულიყო, ნაცვლად 278 მილიონი ლარისა.
        აღურიცხავი მრეწველობის წილი 40 პროცენტია. სოფლის მეურნეობაში, საშუალოდ, - 10-11 პ როცენი, მშენებლობაში - 46 პროცენტი. ნიშანდობლივი მაგალითი: მხოლოდ თბილისში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების რეალური მოცულობა 145 მილიონ ლარს აღემატება, მაგრამ ამ თანხის კანონიერად დაბეგვრა იმას ნიშნავს, რომ საკუთარ ბინაში «რემონტის» გაკეთება უნდა დაიბეგროს, რაც არავის ეპიტნავება - აი, ამას ნიშნავს ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზება არაპოპულარული მეთოდებით.
        იზრდება ბანკებს გარეთ მბრუნავი ფულის მასა (1996 წლიდან - 2-ჯერ) იგივე, როგორც დოლარიზაციის კოეფიციენტი. აღურიცხავი სავალუტო მასა დაახლოებით 300 მილიონი დოლარია, რაც 100 პროცენტით აღემატება საბანკო დეპოზიტი. ფულის დიდი მასა კი «დამოკლეს მახვილია», რომელიც ქვეყნის თავზე ჰკიდია: გარეგანი ზემოქმედების (მაგალითად, მეზობელ ქვეყანაში ვალუტის დევალვაციის) შედეგად, იგი შეიძლება «მოწყდეს».
        იმავდროულად, ფულის კოლოსალური ოდენობა გაედინება ქვეყნიდან, ანუ არ მონაწილეობს საინვესტიციო პროექებში და თუ მონაწილეობს - მხოლოდ არალეგალურ ჩრდილოვან სექტორში.
        გამოსავალი თვალაჩინოა, მაგრამ საქართველოს პირობებში პოლიტიკურად მეტად სარისკო ფისკალური ადმინისტრირების გამკაცრება, ანუ სასჯელის დამძიმება კონტრაბანდის, ფალსიფიცირებისა და გადასახადების დამალვისათვის. კონტრაბანდამ საქართველოში კატასტროფულ მაშსტაბებს მიაღწია, ვინაიდან იგი, შეიძლება ითქვას, არ ისჯება. ხელისუფლება ერიდება მკაცრ ზომებს, რაკი კონტრაბანდაში ათეულობით ათასი ადამიანია ჩართული (მძღოლიდან - ბაზრობის მოვაჭრემდე) და მათი მძვინვარე რეაქცია არ დააყოვნებს.
        მაგალითად, ხორბლისა და ფქვილი მოხმარება საქართველოში საშუალოდ მილიონ ტონას შეადგენს ყოველწლიურად, იმპორტი კი (ოფიციალურად) 340 ათასი ტონაა. ადგილობრივი წარმოება, - მაქსიმუმ 200 ათასი ტონა, ანუ დანარჩენი ნახევარი მილიონი ტონა კონტრაბანდულად შემოდის და ანგრევს, ანადგურებს ადგილობრივ ბაზარს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საბაჟოზე «ჩაყლაპული» თანხა 40 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა უფრო მეტად სავარაუდოა, რომ საქონელი ერგნეთიდან და საზღვრის სხვა «პრობლემური» მონაკვეთებიდან შემოდის არალეგალურად.
        ახლა ვნახოთ, რა «ცოდვის ტრიალია» საწვავის სფეროში დიზელზე მოთხოვნა წელიწადში 400 ათასი ტონაა, 1998 წელს შემოვიდა 284 ათასი ტონა, 1999 წელს - 77 აპთასი ტონა, ხოლო 2000 წელს - 48 ათასი ტონა(!) - ნამდვილი ანეკდოტია.
        ბენზინის იმპორტი ოფიციალურად (2000 წ.) 183 ათასი ტონა, ხოლო მოხმარება - 650 ტონა. ეს, დამატებით (მხოლოდ ბენზინიდან), 120 მილიონი ლარის საბიუჯეტო შემოსავალია.
        ამ ვითარებაში, ბუნებრივია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჭოჭმანით გამოგვიყოფს კრედიტებს, ვინაიდან, არ არის მიზანშეწონილი ისეთი ქვეყნის დაკრედიტება, რომელიც საცერივით კარგავს საკუთარ რესურსებს.
        ძნელი გამოსათვლელი არ არის, რომ გადასახადების სრულად აკრეფის შემთხვევაში, ბიუჯეტი, მინიმუმ, 2-2,5 მილიარდი დოლარი უნდა იყოს და არა ერთი მილიარდი, როგორც ამჟამად.
        მაგრამ, მეორე მხრივ, იმ ზომების გატარება, რაც აუცილებელია ეკონომიკის მთლიანად «გასათეთრებლად», საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გაათკეცებას გამოიწვევს და კიდევ საკითხავია, რა ჯობს.

დილის გაზეთი, 3 მაისი, 2001 წელი