ბადრი პატარკაციშვილი - ანტიქართული ისტერიის მორიგი მსხვერპლი
       

        გუშინ ინტერპოლის თბილისის ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სრული სიყალბეა რუსული სააგენტოების ინფორმაცია, თითქოს, ცნობილ ქართველ ბიზნესმენსა და მეცენატს ბადრი პატარკაციშვილს ინტერპოლი ეძებს.
        სინამდვილეში საქმე ეხება პუტინის «ახრანკად» ქცეულ რუსეთის გენპროკურატურის შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის კლინიკური იდიოტიზმი არაპროფესიონალისათვისაც ცხადია: პატარკაციშვილს ბრალად სდებენ რუსი ბიზნესმენის ციხიდან გაქცევის მცდელობის (?) ორგანიზებას.
        შესაბამისი განცხადება პირადად გენერალურმა პროკურორმა გააკეთა, რაც იმთავითვე მეტყველებს პროცესის პოლიტიკურ ანგაჟირებაზე.
        ბნებრივია, ბადრი პატარკაციშვილი უკანასკნელი ათწლეულის განმალვობაში რუსული ისტებლიშმენტისა თუ ბომონდის სრულუფლებიანი წევრია და ამ თვალსაზრისით დიდად არ განსხვავდება იმავე ბომონდის სხვა წევრებისაგან. არც უკეთესია რაიმეთი მათზე და არც უარესი.
        მაგრამ «პატარკაციშვილის საქმე» უაღრესად ნიშანდობლივია თანადროულ რუსულ საზოგადოებაში არსებული სულიერი ატმოსფეროს გათვალისწინებით. ეს საზოგადოება კვლავ შოვინიზმით სუნთქავს და არსებობს. როგორც ჩანს, ამ თვალსაზრისით მისი საშველი არ არის: პუტინის «იმიჯის» გაკეთილშობილება «გაპატრიოტება» სწორედ ფობიათა გაღვივებით ხდება: ებრაელი ბერეზოვსკის და ებრაელი გუსინსკის გაძევებას ქვეყნიდან, რამაც «კურსკის» ჩაძირვის შემდეგ პუტინის შერყეული რეიტინგის ამაღლება გამოიწვია, ახალი ქსენოფობიური მსხვერპლის «მიგნება» მოჰყვა. რუსი შოვინისტებისა და ქსენოფობებისათვის (მთელ რუს ხალხს არ ეხება, რასაკვირველია) ებრაელის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართველია ყველაზე მეტად საძულველი.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც პუტინმა გლებ პავლოვსკის რჩევით საქართვლეოსთან სავიზრო რეჟიმი შემოიღო, ერთ-ერთი მიზეზი შემდეგიც იყო: რაკი რუსულ ლიბერალურ საზოგადოებაში საუბრობდნენ რუსეთში «სტალინიზმის» აღორძინების შესახებ, საჭირო იყო ნებისმიერი საბაბითა და მეთოდით პუტინი გამიჯვნოდა საქართველოს, რათა «პუტინიზმისთვის» წმინდად რუსული იერი მიენიჭებინათ.
        ხსენებული ლიბერალური საზოგადოება (სტალინის გამო) «გრიზუნებისადმი» (ასე გვეძახიან მოსკოვში) განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩეოდა. გლებ პავლოვსკიც ხომ იმავე საზოგადოების წარმომადგენელია - იგი პუტინის «ინტელექტუალური ცენტრის» ერთ-ერთ ხელმძღვანელად ითვლება. მიხალკოვ-ალექსანდროვის «საბჭოურ-რუსული» ჰიმნის აღდგენაც პავლოვსკის წინადადება იყო. იმავე ლაბორატორიაში მომზადდა მორიგი საზიზღარი შოვინისტური «პი-არ» აქცია, ამჯერად, ქართველი ბიზნესმენის «მსხვერპლით».
        წარმოუდგენელია, ამ უმსგავსობას საქართველო უდრტვინველად შეურიგდეს და კრინტი არ დასძრას ან საერთოდ, არაფერი მოიმოქმედოს, როდესაც აშკარად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მის თანამემამულეს დევნიან, რათა შოვინისტური ტალღის შესანარჩუნებლად მორიგი «მსხვერპლთშეწირვის» რიტუალი მოაწყონ და საძულველი «გრუზინის» დასჯით კიდევ ერთხელ დაუცხრონ სოციუმს (ელექტორატს) შოვინისტური გრძნობები.
        ბადრი პატარკაციშვილი რუსეთის უდიდესი ოლიგარქის, პოსტსაბჭოური ეპოქის პირველი მილიარდერის, ბორის ბერეზოვსკის უახლოეს მეგობრად და პარტნიორად ითვლება.
        ის არის პარტნიორი და არა «მარჯვენა ხელი», როგორც რუსული მედია აცხადებს ქვეტექსტით.
        სწორედ პატარკაციშვილმა შეუქმნა ბერეზოვსკის გრანდიოზული მედიაიმპერია. არანაირ «შავ» ბიზნესს იგი არ აწარმოებს - პატარკაციშვილის, როგორც ბიზნესმენის, საქმიანობა სავსებით თავსდება (ვიმეორებ) თანამედროვე მოსკოვში მიღებულ და ლეგალიზებულ (მათ შორის, დღეს პუტინის მიერ ლეგალიზებულ) თამაშის წესებში.
        ამ თვალსაზრისით პატარკაციშვილის ბიზნესი ბევრ სხვა ოლიგარქზე უფრო მეტად «გამჭვირვალეა», მაგრამ «ნაციონალ-სოციალისტური» მენტალიტეტი არანაირ არგუმენტს არ სცნობს. მისთვის ნებისმიერი სიმდიდრე დანაშაულებრივია (იმთავითვე) - მით უმეტეს, თუ აქ «ეთნიკური გაუცხოების» მომენტია ჩარეული: ებრაელია თუ ქართველი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
        ბადრი პატარკაციშვილი ამ წლებში საქართველოშიც მუშაობდა, თუმცა, აქ ბიზნესს არ ეწეოდა. აფხაზეშთიც იყო ბორის ბერეზოვსკისთან ერთად , არძინბა მას ძალიან დიდ პატივს სცემდა, თუმცა ამ სტრიქონების ავტორი თავადაა მომსწრე, - მას სუფთა პროქართული პოზიცია ეჭირა.
        პატარკაციშვილი ბიზნესს აწარმოებდა და აწარმოებს (მაგრამ არა ჩვენებური გაგებით), - ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციებს ახორციელებდა და «საქართველოში ფულს დებდა», თუმცა, ამას უფრო კულტურ-თრეგელური შინაარსი ჰქონდა, ვიდრე კომერციული.
        მაგალითად, - დიღმის საფეხბურთო ბაზის რეკონსტრუქციისათვის პატარკაციშვილმა 1 მილიონი დოლარის უპროცენტო სესხი გამოჰყო - «უპროცენტოდ» ანუ, ფაქტობრივად უანგაროდ.
        ძნელი სათქმელია, როგორ დამთარვდება «ომი» პუტინსა და ბერეზოვსკის შორის.
        უკანასკნელი ცნობებით, ბერეზოვსკიმ 450 მილიონი დოლარი გამოჰყო, რათა გადაარჩინოს დამოუკიდებელი მედია რუსეთში და გააძლიეროს დემოკრატიული ორიენტაციის პარტიები. რას მოიმოქმედებს პუტინი, ძნელი სათქმელია.
        სულაც არ გამიკვირდება, თუ აქ სტალინისა და მერკადერის ისტორია გან მოერდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი კაცი ამ ომში რატომ უნდა დაზარალდეს და რატომ უნდა გაიჭყლიტოს? თუ რუსეთის ხელისუფლება უფრო შორს წავა და ვითარებას გაამწვავებს, საკადრისი პასუხიც უნდა მიიღოს ყველა ინსტანციიდან. პატარკაციშვილის დონის ბიზნესმენთა საქართველოში დაბრუნება მხოლოდ სასარგებლო იქნება საქართველოსთვის- მათ შორის, ჩვენი ბიზნეს-ელიტის დონის ასამაღლებლად.

დილის გაზეთი, 2 ივლისი, 2001 წელი

მთელ გვერდზე