რუსეთი გამოღმა გვედავება

რუსეთი გამოღმა გვედავება

      

        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მკაცრი «ნოტა», რომლითაც მან საქართველოს «ტერორიზმის მხარდაჭერის» შეწყვეტა მოსთხოვა, რასაკვირველია, პირდაპირ უკავშირდება ამჟამად მსოფლიოში არსებულ ვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის დაიწყოს ომი ტერორისტული «ინტერონაციონალის» წინააღმდეგ. რუსეთი კი (გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე), ძალიან ცდილობს საქართველოც «მიაბას» ამ ინტერნაციონალს.
        ეს მას, რა თქმა უნდა, არ გამოუვა. დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს ვერ შეუქმნის «ტერორისტული ქვეყნის» იმიჯს დასავლეთის თვალში, ანუ ვერ გააიგივებს მას ერაყთან, სუდანთან, ირანთან და ავღანეთთან.
        რაც სულაც არ ნიშნავს, თითქოს რუსეთი ვერ გაბედავს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას სწორედ ამ საბაბით.
        უფრო მეტიც: ამჟამად რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების ალბათობა ყველაზე მაღალია ჩეჩნეთის ომის მთელ პერიოდთან შედარებით. ოღონდ აქ იგულისხმება არა ინტერვენცია და ოკუპაცია, არამედ საავიაციო დარტყმები. სულაც არ არის გამორიცხული, რომ როდესაც ამერიკა დაიწყებს «წერტილოვან დარტყმებს» ავღანეთის და (შესაძლოა) სუდანის ან ერაყის წინააღდმეგ, რუსეთის ავიაცია დაბომბავს პანკისის ხეობას, ხოლო საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ეს წინააღმდეგობა «საქართველოში მყოფ ჩეჩენ ტერორისტებს» მიაწერს და დაბომბვის არეალს კიდევ უფრო გააფართოვებს.
        საქართველოს დასაცავად დასავლეთი თავს მაინცდამიანც არ გამოიდებს - არა იმიტომ, რომ საქართველოს «ტერორისტობას» დაიჯერებს. უბრალოდ, ჩვენთვის არ ეცლება და რუსეთთან კრიტიკულ მომენტში ურთიერთობის გაუარესებას მოერიდება.
        ყველაზე უარეს ვარიანტში, რუსეთმა შეიძლება დაბომბოს თბილსრესი და ენერგეტიკული, აგრეთვე ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მას ძალზე წაახალისებს ის გარემოება, რომ შესანიშნავად იცის: რუსული აგრესიის შემთხვევაში, ქართული პოლიტ-ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი (მათ შორის ის ხალხი, 12 წლის წინათ რუსთაველზე ფეხშიშველი რომ დარბოდა ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია») არა რუსეთს, არამედ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას დაუპირისპირდება, - აქაოდა, «მოსკოვთან საერთო ენა ვერ გამონახესო»-ო.
        სინამდვილეში, რუსეთის ჭეშმარიტი მოტივი აქ ისევ და ისევ ბაზების საკითხია, ანუ საქართველოში სამხედრო «ყოფნის» შენარჩუნება.
        ერთგვარ «პრელუდიად» შეიძლება ჩაითვალოს სმოლენსკის მოედნის «ნოტა», რომელშიც რამდენიმე მართლაც გამაოგნებელი ბრალდებაა. მაგალითად, თითქოს თბილისი უარს აცხადებს, რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს 13 ჩრდილოკავკასიელი, ვინც ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე. მათ შორის არიან ყარაჩაელები, ყაბარდოელები და ჩერქეზები.
        ისინი თბილისში გადმოიყვანეს და მას შემდეგ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს უშიშროების სამინისტრო. ქართულმა მხარემ არაერთგზის მიმართა მოსკოვს მათი ექსტრადირების წინადადებით. მოსკოვი ჭოჭმანობდა, რათა არ დაეფიქსირებინა, რომ საქართველო მასთან თანამშრომლობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, რაც ხელს შეუშლიდა საქართველოზე პერმანენტული ძალდატანების პროცესს.
        რაც შეეხება თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის არსებობას, იგი გაიხსნა 1997 წელს - მაშინ, როდესაც მოსკოვში აფხაზეთის წარმომადგენლობა დაფუძნდა 1992 წელს.
        ორივე წარმომადგენლობა «კულტურულია» და ორივეს იმ ქვეყნის მოქალაქე ხელმძღვანელობს, სადაც ეს წარმომადგენლობა ფუნქციონირებს.
        მაგრამ მოვლენათა ამგვარ განვითარებას რამდენიმე შიდა და გარეშე ფაქტორი განაპირობებს.
        ეს «უარესი სცენარია».
        «პოზიტიურ სცენარში» კი, ანტიტერორისტული ომის შედეგად, ამერიკის პოზიციები პოსტსაბჭოურ სივრცეში უფრო გაძლიერდება, რაც საქართველოსთვის უაღრესად ხელსაყრელია.

დილის გაზეით, 20 სექტემბერი, 2001 წელი