„ქართული განძის“ ამერიკული გამოფენის მოწინააღმდეგეებმა მიზანს მიაღწიეს

„ქართული განძის“ ამერიკული გამოფენის მოწინააღმდეგეებმა მიზანს მიაღწიეს

              აღსრულდა ყველაზე ცუდი წინათგრძნობა - როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენის მოწყობისა და ქართული ხელოვნების ნიმუშთა გატანის საწინააღმდეგოდ თბილისში გამართულმა აქციებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე.
        ამერიკის სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა და «ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა» კურატორმა, სტივენ სესტანოვიჩმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ანტიამერიკულ განწყობილებათა ზრდის გამო.
        მის კითხვაში, სარწმუნო წყაროს ცნობით, ერთგვარი წყენაც იგრძნობოდა, - თქვე დალოცვილებო, ამდენს გეხმარებით, მხარს გიჭერთ, ასეთი სიძულვილი და ბოღმა რითი დავიმსახურეთო.
        შექმნილი ვითარება ამერიკელთათვის აბსოლუტურად გაუგებარია. მათი ლოგიკით, საქართველოს არავინ აძალებდა, ხელი მოეწერა კონტრაქტისათვის გამოფენის მოწყობის თაობაზე - თავიდანვე უარი ეთქვათ და არაფერიც არ მოხდებოდა, - ახლა რატომ გვლანძღავთ მიტინგებზე და რატომ გვიწოდებთ «სატანის ბუდეს» აიათოლა ჰომეინის მსგავსად?
        მაშასადამე, ჩვენ გავანაწყენეთ ქვეყანა, რომელსაც (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ) არც ერთ ეპოქაში, არც ერთ ისტორიულ პერიოდში, მათ შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისათვის სიკეთის გარდა არაფერი გაუკეთებია: 1992-93 წლებში ამერიკის ჰუმანიტარულმა ხორბალმა, პირდაპირი მნიშვნელობით, შიმშილით სიკვდილს გადაგვარჩინა, ამერიკამ მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით - ხორბლით, საწვავით - ნახევარი მილიარდი დოლარის უსასყიდლო საჩუქარი გამოგვიგზავნა.
        აღარაფერს ვამბობ გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრანშებზე (ესეც, ძირითადად, ამერიკული ფულია), საქართველოს სასაზღვრო ჯარების მშენებლობისათვის ათეულობით მილიონი დოლარის გამოყოფაზე, პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და ა.შ. და ა.შ.
        მითხარით, რით დაიმსახურა ამ ქვეყანამ ჩვენგან ის წყევლა-კრულვა, რაც დღენიადაგ გაისმის «განძის გატანასთან» დაკავშირებით მოწყობილ მიტინგებზე?
        ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ ეს «წვრილმანია» და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე ზეგავლენას არ მოახდენს. ამერიკის ნებისმიერი ხელისუფლება, მთლიანად ამერიკული ისტებლიშმენტი, ტრადიციულად, ძალიან მწვავედ აღიქვამს ანტიამერიკანიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.
        მით უმეტეს, აშკარა უსამართლობასა და უმადურობას, - ჩვენთვის (ვიმეორებ) ამერიკას ხომ სიკეთის მეტი მართლა არაფერი გაუკეთებია?
        თუ განძი მართლა აღარ წავა გამოფენაზე ამერიკაში, მაშინ ამერიკის ადმინისტრაცია დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმა ანტიამერიკული გამოსვლების ორგანიზატორებს და მათი შეხედულებები გაიზიარა.
        ამ შემთხვევაში ეს უკვე «ობსკურანტთა» პოზიცია კი აღარ იქნება, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივ პოზიციად წარმოჩინდება! აქედან გამომდინარე, რაკი განძის ამერიკაში გატანა-არგატანის საკითხი დაისვა, რაკი ამ თემაზე მსჯელობას ასეთი აურზაური მოჰყვა და რაკი პრობლემამ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა (ხუმრობა ხომ არ არის, - ამერიკის საგანგებო დავალებათა ელჩი სტივენ სესტანოვიჩი ამ საკითხს პრეზიდენტთან შეხვედრისას აყენებს!), - ახლა უკვე განძის გატანაზე უარის თქმა პოლიტიკური დემარში იქნება ქართული სახელმწიფოს მხრიდან.
        გარწმუნებთ, ამერიკულმა ცივილიზაციამ 200 წელი გაძლო ხახულის ხატის უნახავად და კიდევ 2000 წელსაც როგორმე გაძლებს, აქ გამოფენის მოწყობაში როდია საქმე, მადლენ ოლბრაიტსა და სტივენ სესტანოვიჩს ქართული გამოფენა, შესაძლოა, სულაც არ აინტერესებდეთ, მაგრამ მათ, დიახაც, აღელვებთ, შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ანტიამერიკანიზმის გამოვლინების დაძლევას.
        ამიტომ განძის «გატანა-არგატანის» საკითხი მათთვის გადამწყვეტი პოლიტიკური საკითხი გახდა. თუ ხელისუფლება გამოფენაზე ექსპონატების გატანას ვერ გაბედავს, მაშასადამე, ანტიამერიკული განწყობა თვით ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის შინაგანი მრწამსის გამოხატულება ყოფილა.
        ასეთ შეფასებას ხელს უწყობს საპატრიარქოს ზოგიერთი წარმომადგენლის აშკარად პროვოკაციული ანტიამერიკული განცხადება - ფაშისტური სერბეთის წინააღმდეგ ამერიკისა და ნატოს სავსებით სამართლიანი აქციის კრიტიკა.
        ამრიგად: საქართველოს ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი აღმოჩნდნენ, შეიძლება ითქვას, საბედისწერო ალტერნატივის წინაშე, - ან წავიდნენ კონფრონტაციაზე საკუთარი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ან მკვეთრად გაიუარესონ ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის დახმარება და მხარდაჭერა დღეს საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უმთავრესი წინაპირობაა.
        ვინ არის დამნაშავე ასეთი საზარელი ალტერნატივის წარმოშობაში? ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა შექმნილი ვითარების გამო?
        პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაეკისროთ არა უბედურ «სტუდენტებს», რომლებიც ახლა აქციებს აწყობენ და განძის გატანის შემთხვევაში, თავის დაწვით იმუქრებიან, არამედ იმ «ჭკუისკოლოფებს» საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მუზეუმებში, რომლებიც თავიდანვე დაეთანხმნენ გამოფენის მოწყობისა და საქართველოდან განძის გატანის იდეას, - აწარმოოს მოლაპარაკება ამერიკელებთან და გააფორმეს კონტრაქტი.
        თქვე ოჯახაშენებულებო, ნუთუ არ იცოდით, ვისთან და რასთან გქონდათ საქმე, ნუთუ ძნელი გასათვლელი იყო, რა რეაქცია მოჰყვებოდა განძის გატანის მცდელობას? თავიდანვე გეთქვათ ამერიკელთათვის, - ძალიან კი გვინდა გამოფენაში მონაწილეობა, მაგრამ იცით რა, ამჟამად მუზეუმებში გარკვეული პრობლემები გვაქვს, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია- რესტავრაცია, ამიტომ ძალიან ვწუხვართ, მაგრამ გამოფენაში მონაწილეობისაგან ამჯერად თავს შევიკავებთო.
        ასეთი პასუხი რომ გაგეცათ, კონტრაქტი რომ არ გაგეფორმებინათ, არაფერიც არ მოხდებოდა. ღირდა კი ის 300 ათასი დოლარი ამად?!

        ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ამ ხალხს თვალწინ ჰქონდა 9 წლის წინანდელი მაგალითი, როდესაც «განძის გატანასთან» დაკავშირებით ზუსტად ასეთივე ვითარება შეიქმნა. ეს გარემოება უკვე ბადებს ეჭვს: ხომ არ იყო აქ პროვოკაციული ჩანაფიქრი? პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო, სხვა არის, მაგრამ 9 წლის წინანდელ ორომტრიალში ხომ იგივე ხალხი მონაწილეობდა «გატანის მომხრეთა მხრიდან?»
        მაინც ჯიუტად რატომ გაიმეორეს იმდროინდელი ექსპერიმენტი? როგორც ჩანს, ეს მათთვის «პრინციპის საკითხი» იყო. ქართული ელიტარული ინტელიგენცია დღენიადაგ ცდილობს მამარდაშვილის «იდეათა» ერთგულება დაადასტუროს, ამიტომ აქციეს საქართველო «განძთან დაკავშირებული» ხელმეორე ექსპერიმენტის პოლიგონად, თუმცა შესანიშნავად უწყობდნენ (უნდა სცოდნოდათ, თუ იდიოტები არ არიან), რომ რეაქცია კვლავინდებურად მწვავე იქნებოდა.
        შედეგად კი, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც აშკარად მართავენ იმ გონებადაბნეულ ადამიანებს, ახლა რომ ანტიამერიკულ ლოზუნგებს გაიძახიან, მიიღეს შესანიშნავი საშუალება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ პრობლემათა პროვოცირებისათვის.

მერიდიანი, 21 მაისი, 1999 წელი