თბილისის მოლაპარაკება კრახით დასრულდა

        გუშინ ილია კლებანოვი შაქარივთი დაუტკბა მასპინძლებს: «მოლაპარაკება რუსეთის ბაზების გაყვანის თაობაზე უპრობლემოდ მიმდინარეობს, ყველაფერზე შევთანხმდით და წვრილმანიღა დაგვრჩა».
        არადა, ელემენტარულად ჩნდება კითხვა: თუ პრობლემები არ არის, თუ ყველაფერზე მოილაპარაკეს, მაშინ რა საჭიროა მორიგი («არაგეგმიური») რაუნდი, რომელიც დეკემბერში უნდა გაიმართოს იმავე მოსკოვში?
        ასეთივე დაშაქრულად ოპტიმისტური იყო ქართული მხარეც, მაგრამ ამან არავინ მოატყუოს. სინამდვილეში, თბილისის მოლაპარაკება სრულიად უშედეგოდ, შეიძლება ითქვას, კრახით დასრულდა.
        რუსეთის პოზიცია უცვლელია: «ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ვალდებულებები, რაც ვიკისრეთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებისა და საფლანგო შეზღუდვების შეთანხმებით».
        მართლაც, რუსეთმა «ნამეტი» სამხედრო ტექნიკა გაიტანა საქართველოდან და დასავლეთი ვერაფერში შეედავება. ამით რუსეთმა ერთგვარად დაარღვია «ინტერესთა თანხვედრა» საქართველოსა და დასავლეთს შორის, ხოლო ბაზების ლიკვიდაცია სულ სხვა საკითხია, რაც სცილდება ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებს და ორმხრივ ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.
        ამიტომ სტამბოლში, ეუთოს სამიტის დროს (1999 წლის ნოემბერში), როდესაც იქმნებოდა ეს სახელშეკრულებო ბაზა, საქართველო უნდა მოქცეულიყო, როგორც მოლდოვა, რომელმაც საჯაროდ არ დართო რუსეთს «სამხედრო კონტინგენტის დროებითი განლაგების» ნება.
        საქართველო ამას დაეთანხმა იმ ილუზიით, რომ პუტინის ახალი ადმინისტრაცია აფხაზეთთან დაკავშირებით რაღაცას შეცვლიდა. დღეს კი რუსეთს ეს თანხმობა ხელზე აქვს დახვეული. ილია კლებანოვისა და რუსული გენერალიტეტის ინტერპრეტაციით «დროებითი განლაგება» 25 წლით განლაგებას ნიშნავს.
        გარდა ამისა, რუსეთს (ილია კლებანოვის სახით) კვლავინდებურად ჯიუტად არ სურს აღიაროს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზისა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის განცალკევება, მეტს თუ არ ვიტყვით, უბრალოდ, აბსურდია!
        არადა, სწორედ ამ აბსურდს გვიმტკიცებენ და ჯერჯერობით თავისიც გააქვთ: ვიდრე ვაზიანის აეროპორტში თუნდაც, ათი რუსი ჯარისკაცი იმყოფება (სამხერდო ტექნიკის გარეშეც) – იქ სხვა ვერავინ შევა. შევა და რუსეთისთვის ომის გამოცხადებად ჩაეთვლება. ესე იგი, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ჯარს
        გაიყვანს, ოღონდ სამხედრო აეროდრომზე კონტროლს შეინარჩუნებს. არადა, ეს აეროდრომი ხომ ბაზის უმთავრესი ობიექტია? თანაც, როგორც აღმოჩნდა, ვაზიანის ბაზის გაცვლაზეც (აეროდრომის გარეშე) რუსები მხოლოდ იმ პირობით გვთანხმდებიან, თუ საქართველო 20-25 წლით დაუკანონებს ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს!
        ესე იგი, არ უნდათ წასვლა, არ უნდა და მორჩა! გუდაუთაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია: უკეთეს შემთხვევაში, ეს ბაზა «სამშვიდობო ძალთა სარეაბილიტაციო ცენტრად გადაკეთდება. «რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ «სამშვიდობო ძალები» მხოლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურის ნაწილს გამოიყენებენ - ამას ოფიციალური თბილისი, რა თქმა უნდა, ვერ გააკონტროლებს, ანუ რუსეთისთვის საკმარისია ჩვენი პრინციპული თანხმობა გუდაუთაში რუსულ სამხედრო კონტინგენტის დატოვების შესახებ (ეგრეთ წოდებულ «სამშვიდობო ძალთა» საფარქვეშ), რომ იქ რეალურად აღარაფერი შეიცვლება.
        რჩება ერთადერთი შესაძლებლობა: საქართველომ განაგრძოს «ჩამოწერილი» სამხედრო ტექნიკის შეძენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რათა «შეავსოს» თავისი კვოტა. ამის შემდეგ დასავლეთი კვლავ იძულებული გახდება, ჩაერიოს პროცესში, რათა არ დაუშვას ვენის ხელშეკრულების სტამბოლში ადაპტირებული ხელშეკრულების დარღვევა.
        მაგრამ «ცოცხალ ძალას» ამ გზითაც ვერ გავიყვანთ. რუსეთი ამასობაში აამოქმედებს საქართველოზე ზემოქმედების ყველა ბერკეტს: სავიზო რეჟიმიდან – ვალების დაუყოვნებლივ გადახდამდე.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის რაუნდიც ასევე უშედეგოდ დასრულდება – რუსეთისთვის საქართველოდან ჯარების გაყვანა გეოპოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია, ხოლო საქართველოს, ზემოქმედების (ან საპასუხო ზემოქმედების) არანაირი საშუალება აღარ გააჩნია.

დილის გაზეთი, 20 ოქტომბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე