გალის საზარელი მოვლენები ქართული უპასუხისმგებლობის შედეგია

გალის საზარელი მოვლენები ქართული უპასუხისმგებლობის შედეგია

       როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიზანული მოძრაობა გალის რაიონში დამთავრდა ქართული მოსახლეობის გამოძევებით და გაგრის სამარცხვინო შეთანხმებით «აფხაზეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის».
    საქართველომ ფაქტობრივად აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე ფაქტო - აბა სხვას რას ნიშნავს «საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე» ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერა?!
    საკითხავი ის არის, თავად ირაკლი მენაღარიშვილს თუ ესმის, რა როლი შეასრულა. ალბათ ესმის, მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ აფხაზურმა მხარემ, როგორც არაერთხელ, ამჯერადაც გენიალურად ისარგებლა შექმნილი მდგომარეობით: რაკი თბილისს ჰაერივით ესაჭიროებოდა რაიმე დოკუმენტი «ცეცხლის შეწყვეტის» შესახებ, აფხაზებმა საკითხი მკაცრად დასვეს - დოკუმენტს ხელს მოვაწერთ მხოლოდ «საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზეო; საქართველოს ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდა: შეეძლო არ მოეწერა ხელი დოკუმნეტზე ან მოეწერა, მაგრამ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და ამით დათანხმებოდა აფხაზეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის აღიარებას.
    თბილისმა უკანასკნელი არჩია.
    საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმოწერილი დოკუმენტი, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ გალის რაიონში აფხაზური მხარე ქართველთა დედაბუდიანად ამოძირკვასა და გადაწვას შეწყვეტს ან (მით უმეტეს) ლტოლვილებს დააბრუნებს. ირაკლი მენაღარიშვილს ამის, ალბათ, თავად არ სჯერა. მაშ, რა რჯიდა გაგრაში გამგზავრებულიყო შეუსრულებლობისათვის განწირული დოკუმენტის ხელმოსაწერად, რომელიც, იმავდროულად, აფხაზეთის საერთაშორისო სამართალსუბიექტურობის შთაბეჭდილებას ქმნიდა?
    მეორდება 1992-93 წლების ვითარება, როცა წყალწაღებული საქართველო «ხავსს ეჭიდებოდა», ხელს აწერდა დოკუმენტებს, რომელთაც მეორე მხარე უმალვე არღვევდა, რასაც ყოველთვის მოსდევდა ქართველთა მორიგი გენოციდი და აწიოკება.
    ასეთი ფოტოგრაფიული სიზუსტით ვითარების განმეორება იმას ნიშნავს, რომ განვლილი წლების განმავლობაში აბსოლუტურად ვერაფერი ვისწავლეთ.
    შეუძლებელია არ ითქვას ისიც, რომ ხელისუფლებასთან ერთად მომხდარისათვის პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ეკისრებათ პარტიზანებს და მათ უკან მდგომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მესვეურებს, რომელთაც წამოიწყეს პორცესი, რომლის შემდგომი მართვისა და ბოლომდე მიყვანის უნარი და შესაძლებლობა (როგორც აღმოჩნდა) საერთოდ არ გააჩნდათ.
    ნუთუ ძნელი იყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ (როცა იწყებოდა პარტიზანული მოძრაობა) იმის გათვლა, რომ აფხაზური მხარე ამას დიდხანს არ მოითმენდა? ადრე თუ გვიან იგი უეჭველად მოახდენდა ძალების კონცენტრაციას და გალის რაიონის პარტიზანებისაგან მთლიანად «გაწმენდას» შეეცდებოდა, რასაც რაიონში დაბრუნებული მოსახლეობის ხელმეორედ გამოყრა მოჰყვებოდა.
    არც იმის გათვლა იყო ძნელი (არ უნდა ყოფილიყო ჭკუათმყოფელი ადამიანისათვის!), რომ რუსებისადმი შიშის გამო საქართველოს ხელისუფლება ფართომაშსტაბიან ომს (იმ პირობებში როცა ენგურზე რუსეთის ჯარი დგას), არ დაიწყებდა.
    მაშასადამე, გალის რაიონში და ზოგადად აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის დაწყებას აზრი ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიზანებს ექნებოდათ იმის თავი, მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ მომხდური მტრისათვის და ფართომაშსტაბიანი შემოსევების დროსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაეცვათ.
    სინამდვილეში რა გამოვიდა? ორი წლის განმავლობაში (ვთქვათ) ასი აფსუა მილიციელი მოკლეს, სამაგიეროდ კი 20-26 მაისს აფხაზურმა ფორმირებებმა გადაწვეს, გაანადგურეს ყველა ქართული სოფელი გალის რაიონში და მთლიანად გამოყარეს 30 ათასი დაბრუნებული ლტოლვილი.
    ახლა ვუსმინოთ ირაკლი მენაღარიშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ზღაპრებს, თითქოს აფხაზები დაუშვებენ იმავე ვითარების აღდგენას, რომელიც 20 მაისამდე იყო გალში. მაშინ რაღა აზრი ჰქონდა სამხედრო აქციას? რომც თქვან - დაბრუნდითო (ვიმეორებ), ლტოლვილები შიშით აღარ დაბრუნდებიან. და ვეღარც დაბრუნდებიან გადამწვარ ნასოფლარებში.
    აფხაზები ძალიან ეფექტურად იყენებენ არტილერიას; რა თქმა უნდა, არტილერიის სროლის შედეგად მოსახლეობა სოფლებს დატოვებს და გაიქცევა. მაგრამ უბედურება ის არის, რომ საარტილერიო სროლის დაწყებისთანავე იმ სოფლებიდან შეიარაღებული მამაკაცებიც გამოიქცნენ. დავაკვირდეთ, რა ხდებოდა ჩეჩნეთში: რუსები ორ წლის განმალვობაში არტილერიით, ავიაციით, ნაღმტყორცნებით ბომბავდნენ ერთი მტკაველი სიგრძის ბამუტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერაფრით შეძლეს ამ სოფლიდან ჩეჩენი მეომრების განდევნა. დაბომბვა დიდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მშვიდობიან მოსახლეობაზე, მაგრამ როდესაც ასეთივე ზემოქმედება მებრძოლებზეც ვრცელდება, ეს უკვე დამაფიქრებელია.
    სოფელ «პერვომაისკოეში» რადუევის დაჯგუფებას მთელი დივიზია ბომბავდა «გრადებით», «სმერჩით» და ა.შ. მაგრამ ძვრა ვერ უყვეს. უშუალო სამხედრო შეტაკება ჩეჩნებმა მაინც მოიგეს, ალყაც გაარღვიეს და თქვენ წარმოიდგინეთ, ტყვეებიც აიყვანეს. ოჯახაშენებულო, პირველი ტანკის გამოჩენისთანავე თუ გაიქეცი, მაშინ რატომღა იღებ ხელში იარაღს? მთელი სატანკო კორპუსები უტევდნენ გროზნოს, მაგრამ იქვე დაიმარხნენ! ისევ და ისევ არტილერიაზე თუ არის საუბარი, ბოლოს და ბოლოს, ნაღმტყორცნები შეიძლებოდა პარტიზანებსაც ჰქონოდათ. თუ იწყებდნენ ბრძოლას რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის ზურგში (რაც იმთავითვე გამორიცხავდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ფართომაშსტაბიან მონაწილეობას), მაშინ სწორედ უნდა გაეთვალათ შესაძლებლობები და უბედური მოსახლეობა უარეს დღეში არ უნდა ჩაეგდოთ!!!
    მაგრამ აქ კვლავ გამოვლინდა ქართული უპასუხისმგებლობა, რომელმაც არაერთგზის ჩაგვაყენა უმძიმეს მდგომარეობაში.
    ისე არავინ გამიგოს, თითქოს მომხდარში მაინცდამაინც პარტიზანებს ვადანაშაულებ; უბრალოდ, ხელისუფლების ქმედებაზე კომენტარიც კი ზედმეტად მიმაჩნია.

მერიდიანი, 27 მაისი, 1998 წ.