სნგ მოკვდა, გაუმარჯოს სუუამს!

        გუშინ მინსკში დასრულებული დსთ-ის სამიტის უმთავრეს შედეგად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ საქართვლეოს, უკრაინის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას პრეზიდენტები უახლოეს მომავალში შეიკრიბებიან კიევში და ახალ პოსტსაბჭოურ გაერთიანებას შექმნიან, ანუ სუუამი გადაიქცევა რეგიონულ ორგანიზაციად.
        რაც შეეხება «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას», პრეზიდენტ პუტინის წინადადებით, მომავალი სამიტები მუდამ ბელორუსიის დედაქალაქში გაიმართება.
        თუმცა, დანამდვილებით არ არის ცნობილი, დაეთანხმნენ თუ არა ამ წინადადებას სხვა პრეზიდენტები, მაგრამ ცხადია, რუსეთის განზრახვა: მას სურს ქარაგმულად მიახვედროს «დამოკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» ლიდერები, რომ მათ ურთიერთობას რუსაეთთან დსთ-ს ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ისინი ბელორუსიის გზას დაადგებიან და რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებაზე დათანხმდებიან.
        რასაკვირველია, ეს ურთულესი ამოცანაა დღევანდელი რუსეთისთვის, მაგრამ იგი ამ მიზნის მიღწევას აპირებს დაახლოებით იმავე მეთოდებით, რომლითაც საქართველოს დაჩოქებას ცდილობს ამჟამად.
        ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ლიდერთა ცინიზმსა და არაშორსმჭვრეტელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ასეთი აშკარა «სადამსჯელო ექსპედიციის» წინააღმდეგ მათ ცალყბადაც კრინტი არ აუძრავთ.
        თუმცა, არა უშავს, - რაკი რუსეთმა ერთხელ სცადა, სხვა დროსაც მიმართავს იმავე ხერხს უკვე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
        ამჟამად კი, რუსეთი საქართველოს სჯის, რადგან ჩვენი ქვეყანა ყველაზე უმწეო და დაუცველია. ღმერთმა ნუ ქნას, ამგვარი მეთოდებით რუსეთმა მოახერხოს საქართველოში ლუკაშენკოს მაგვარი საზიზღარი რეჟიმის დამყარება. ამ რეჟიმის დასახასიათებლად ერთი მცირე შტრიხიც კმარა. პრეზიდენტის ბრძანებით, მინსკის ცენტრალურ რაიონებში სამიტის მსვლელობისას დროებითი მშრალი კანონი გამოაცხადეს და არათუ არყის, არამედ ლუდის გაყიდვაც კი აკრძალეს, აქაოდა, ნასვამმა ახალგაზრდობამ რაიმე ექსცესით ჩრდილი არ მიაყენოს ისეთ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, როგორიც არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.
        პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი პუტინი რიტორიკულად კითხულობდა: სად წავიდნენ ჩეჩენი ბოევიკები და ვინ ეხმარებათ ჩეჩენ სეპარატისტებს? იგი გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ასას ხეობაში დაკავებულ ჩეჩნებს. საქართველოს პრეზიდენტმა თავი შეიკავა და საპასუხო კითხვის სახით არ სთხოვა ვლადიმირ პუტინს, ახლა მიანც გაერკვია, საიდან და ვისგან აღმოაჩნდათ ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებამდე 4 წლით ადრე აფხაზ სეპარატისტებს ორი სუ-27 ტიპის თვითმფრინავი, ან იქნებ, ეს თვითმფრინავები კეთილმა თოვლიოს ბაბუამ მშვენიერ სნეგუროჩკასთან ერთად ჩამოუტანა სეპარატისტებს ჩრდილოეთიდან?
        იმავე პრესკნფერენციაზე გაირკვა, რომ როგორც ჩანს, ელემანტარულ შოვინიზმსა და ფაშიზმში გადავარდნილი დღევანდელი რუსული ხელისუფლება, რუსეთში მცხოვრებ 600 ათას ქართველში (რომელთა გამოყრითაც გვემუქრება, თუ სამხედრო ბაზებს არ დავაკანონებთ ჩვენს ტერიტორიაზე) იმ ქართველებსაც გულისხმობს, ვინც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დასახლდა რუსეთსა და მოსკოვში.
        ასეთთა რიცხვი კი 300 ათასს აღწევს მხოლოდ მოსკოვში.
        ამ ლოგიკით, მაშინ ჩვენც შეგვიძლია საქართველოდან გავასახლოთ ის რუსები, რომლებიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონებში საბოთა ეპოქაში დასახლდნენ, მაგრამ საქართველო ამას არასდროს იკადრებს, თუნდაც სამაგიეროს გადასახდელად.
        მინსკის სამიტის მსვლელობისას საქართველოსადმი განსაკუთრებით ფანატიკური სიძულვილით გამორჩეული რუსი «ტელეპოლიტოლოგი» მიხაილ ლეონტიევი კიდევ ერთხელ უხამსად დაგვესხა თავს.
        მისი გესლიანი ტელეპასკვილის აღწერა არც ღირს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლეონტიევი რუსი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის გულისთქმასა და სულისკვეთებას გამოხატავს.
        ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ლეონტიევმა, ფაქტობრივად, პირდაპირ თქვა: «ამას წინათ თბილისში ჩატარებულმა სტუდენტურმა დემონსტრაციებმა დაადასტურა, რომ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებით შეიძლება მოხერხდეს შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა».
        რაც შეეხება მთლიანობაში სნგ-ს სამიტს, იგი სრულიად ფუჭი და უსარგებლო იყო ამ ორგანიზაციის განვითარების თვალსაზრისით. სნგ რჩება რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცედ, ხოლო კრემლს ამ სივრცეზე დერჟავული პოლიტიკის გატარების უფლება სურს მოიპოვოს.
        საამისოდ, საჩვენებლად სჯის საქართველოს.
        ოღონდ ამის მიზეზი ის კი არ არის, თითქოს ოფიციალური თბიოლისი რაღაცას არასწორად აკეთებს, ან არასწორ პოლიტიკას ატარებს (როგორც ზოგიერთი დემაგოგი აცხადებს), არამედ ის, რომ საქართველო ყველაზე სუსტია და რუსეთს, ჯერჯერობით, დაუსჯელად შეუძლია საჩვენებელი ეგზეკუციის მოწყობა.
        მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას დასაკარგი თითქმის აღარაფერი აქვს. რუსეთმა უკვე გამოიყენა ერთ-ერთი უძლიერესი ბერკეტი (სავიზო რეჟიმი), ამის შემდეგ ბაზების გაყვანა საქართველოდან უკვე მხოლოდ დროის საკითხია.

დილის გაზეთი, 2 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე