რუსის ჯარი გუდაუთიდანაც დაიძრა

        გუშინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ სტამბოლის შეთანხმების შესაბამისად, დაიწყო სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გატანა გუდაუთის ბომბორას აეროდრომიდან, ანუ გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია!
        ამჯერად საუბარი არ არის «ნამეტი ტექნიკის» გატანაზე, ვინაიდან «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებული ხელშეკრულების» შესაბამისად, რუსეთმა, დადგენილ «კვოტებში» ჩასატევად სამხედრო ტექნიკა გაიტანა თბილისის (ვაზიანის) და ახალქალაქის სამხედრო ბაზებიდან.
        ამ თვალსაზრისით, გუდაუთიდან არც ერთი ჯავშნოსანი მანქანაც რომ არ გაეტანათ, ხსენებული ხელშეკრულება არ დაირღვეოდა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ვენის ხელშეკრულებას სტამბოლის ეუთოს სამიტზე დაერთო რუსეთ-საქართველოს დეკლარაცია, რომლის შესაბამისად, 2000 წლის ბოლომდე უნდა დაწყებულიყო და 2001 წლის 1 ივლისამდე დასრულებულიყო გუდაუთის ბაზის სრული ლიკვიდაციის პროცესი.
        თუ რუსეთი ამ პროცესს არ დაიწყებდა (დაიწყებდა მაინც), მას სავსებით სამართლიანად დასდებენ ბრალად არა მხოლოდ სტამბოლის დეკლარაციის, არამედ თვით ვენის ხელშეკრულების დაღრვევას, ვინაიდან პირველი მეორეს განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამის გამო გახდა რუსეთი იძულებული, დაეწყო ტექნიკის გატანა გუდაუთიდან.
        ეს არ ნიშნავს, თითქოს გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია უკვე გადაწყვეტილია – 2001 წლის 1 ივლისამდე საკმაო დროა. ამ პერიოდში კი (როგორც რუსეთს მიაჩნია), სავსებით შესაძლებელია რაიმეს «გახერხება» - ვთქვათ, «მშვიდობისმყოფელთა ბაზად» გადაკეთება და ასე შემდეგ.
        მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად გახსნა საზღვარი ფსოუზე და ამით აშკარად ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოფიციალური თბილისის პოზიცია «სამშვიდობო ძალთა სარეაბილიტაციო ცენტრთან» დაკავშირებით შესამჩნევად გამკაცრდა. არ არის გამორიცხული, ამ პროცესებს არა თუ გუდაუთის ბაზის სრული ლიკვიდაცია, არამედ აფხაზეთიდან ეგრეთ წოდებული, «ცისფერჩაფხუტიანთა» გაყვანაც მოჰყვეს.
        მოსკოვი დაგვემუქრება სამშვიდობო ძალთა გაყვანით, თუ გუდაუთაში «სარეაბილიტაციო ცენტრს» არ დავაკანონებთ. ასეთი მუქარა საქართველოში შესაბამის «საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტს» შექმნის. ამ დომინანტის ზემოქმედებით, ხელისუფლება უკან ვეღარ დაიხევს (რათა ოპონენტები არ გააძლიეროს) და სამშვიდობო ძალები გავლენ, რაც, დღევანდელ პირობებში, სულაც აღარ ნიშნავს ომის განახლებას.
        სხვათა შორის, რუსეთის ხელისუფლების ასეთივე სწორხაზოვანმა, ჩლუნგმა მუქარამ: დაგვიკანონეთ ახალქალაქი-ბათუმის ბაზები, თორემ სავიზო რეჟიმს შემოვიღებთო – მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო.
        ახლა, რაც შეეხება სოხუმის ხელისუფლებას. მიუხედავად შეცვლილი ვითარებისა, არძინბას გულის სიღრმეში (თუმცა კი არ იმჩნევს) მაინც ეშინია ომის განახლებისა. ამიტომ აფხაზური მხარე იქადნებოდა, რომ არ დაუშვებდა რუსეთის სამხედრო ტექნიკის გატანას გუდაუთიდან. უკვე იქმნებოდა შესაბამისი სქემებიც. მაგალითად, ბავშვებისა და ქალების გამოყვანა შარაგზაზე და ასე შემდეგ. მაგრამ გუდაუთის ბაზის უნიკალობა ის გახლავთ, რომ იგი უშუალოდ გადის ზღვაზე, ხოლო რუსეთის საზღვაო ფლოტს აფსუანური «დრედნოუტები» რასაკვირველია, ვერაფერს დააკლებდნენ.
        მიუხედავად ამისა, უეჭველია, რომ მოსკოვში არძინბას ამასწინანდელი საიდუმლო ვოიაჟის დროს, მასპინძლებმა იგი დაარწმუნეს მთელი ამ ოპერაციის თვალთმაქცურობაში, ანუ რუსეთს მხოლოდ იმის დაფიქსირება ესაჭიროება, რომ ვითომდაც დაიწყო ტექნიკის გატანა, ხოლო 2001 წლის 1 ივლისამდე სავსებით «კანონიერი ვადა» აქვს.
        მართლაც, გუდაუთის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებული 17 სამხედრო თვითმფრინავიდან ჯერ არც ერთი არ «გაფრენილა». გაიტანეს მხოლოდ 4 ერთეული მძიმე ტექნიკა 8-დან, რაც ბაზაზეა დისლოცირებული.
        ოღონდ, თუ 2001 წლის 1 ივლისამდე რუსეთმა საქართველოში ვერაფერი «ააფეთქა», გუდაუთის ბაზის ლიკვიდაცია გარდაუვალი იქნება, რადგან სტამბოლის შეთანხმება ამას ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს.
        ბაზაზე ტექნიკის დამალვაც არ გამოვა. გუდაუთაში, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, მაგრამ ამერიკის კოსმოსურ თანამგზავრებს ვერაფერს გამოაპარებ – მაშინაც კი, თუ არძინბამ ბაზაზე ოფიციალური დამკვირვებლები არ დაუშვა.
        მთელი ეს სიტუაცია კი კვლავ გვაფრთხილებს: რუსეთმა «თუ რაიმე არ ააფეთქა» - მისი წასვლა გარდაუვალია გუდაუთიდანაც და მთელი საქართველოდანაც.

დილის გაზეთი, 12 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე