ნუგზარ ფოფხაძე - «რუხი კარდინალობის» მორიგი კანდიდატი

ნუგზარ ფოფხაძე - «რუხი კარდინალობის» მორიგი კანდიდატი

    პოლიტიკა საქართველოში ძალიან ხშირად «ტაკიმასხარაობის» ელფერს იძენს და ყოველგვარ სოლიდურობას კარგავს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ თეორიათა და ტექნოლოგიათა ურიცხვი რაოდენობიდან აითვისეს მხოლოდ ერთი: თუ როგორ მოახდინონ პრობლემის პერსონიფიცირება და რა ხერხით დაუპირისპირდნენ მათ მიერ «ჯოჯოხეთის მაშხალად» გამოცხადებულ პიროვნებას.

    შოთა კვირაიას ფონზე ბოლო დროს კიდევ ერთი «მივიწყებული ვარსკვლავი» აკიაფდა - ყოფილი ცკ-ს იდეოლოგი ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც გურამ ენუქიძის შემდეგ საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის ყველაზე «წარმატებული» ხელმძღვანელი იყო და თავის დროზე ცკ-შიც დაწინაურდა «მთავარ იდეოლოგად». ფოფხაძის მორიგ «კანდიდატად» გამოცხადება იმასთანაა დაკავშირებული, რომ საზოგადოება მას რაღაც «იდუმალ» და «განსაკუთრებულ» თვისებებს მიაწერს, რითაც იგი სავსებით თავსდება ამჟამად არსებულ პოლიტიკურ სქემაში. თუ შოთა კვირაიას გადაყენება გახერხდა, მაშინ ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება ახალი სამიზნე ხელისუფლებაში.
    პირდაპირი დარტყმა პრეზიდენტზე მას ჯერჯერობით ხელს არ აძლევს, მაგრამ არც «ოპოზიციური იმიჯის» დაკარგვა სურს. ფოფხაძე შესანიშნავი «სამიზნეა». თანაც, არა აქვს მნიშვნელობა, ეს უკანასკნელი თავად არის თუ არა თანახმა, ამგვარი როლი შეასრულოს. «რუხი კარდინალი» იმის «რუხი კარდინალია», რომ თანამდებობა შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს: სავსებით შესაძლებელია თავისი «საფარიდან» მართავდეს ქვეყანას.
    ახლა, იმის გამო «ოპოზიციამ სუბიექტიდან - «ობიექტად» არ მაქციოსო» - ვერცერთი პიროვნება ქვეყნიდან ვერ გადაიხვეწება და თუ გაჩუმდა, მით უარესი. იტყვიან «ჩუმად მართავსო». თუ ხმა ამოიღო: «ხომ ხედავთ, ხმა ამოიღო: მალე «იწყებსო».
    არადა, ფოფხაძემ მართლაც ამოიღო ხმა, მაგრამ მისი საპასუხო განცხადება ირინა სარიშვილის «ბრალდებაზე» ერთობ უცნაურად ჟღერდა: ნუგზარ ფოფხაძემ სარიშვილის «წინასწარმეტყველებას» «კარგად გათვლილი ბოდვა» უწოდა. არადა, როგორ შეიძლება «ბოდვა» იყოს «კარგად გათვლილი?»
    რეალურად კი ძალზე საეჭვოა, ედუარდ შევარდნაძემ ნუგზარ ფოფხაძეს რაიმე ისეთი თანამდებობა უბოძოს, რომელიც «პოლიტიკურ ნომენკლატურაში» მოიხსენიება («შევარდნაძის ფონდი» ამ ნომენკლატურაში არ შედის, - ბოლოს და ბოლოს, ჩემი ფონდის ხელმძღვანელად ვისაც მინდა, იმას დავნიშნავ-ავტ.).
    შევარდნაძე ხომ ელცინი არ არის? ამ უკანასკნელს შეუძლია დანიშნოს, ვთქვათ, ბერეზოვსკი უშიშროების მდივნის მოადგილედ და არავითარი ყურადღება არ მიაქციოს ოპოზიციის გამძვინვარებას. საქართველოში სხვა ვითარებაა. ხელისუფლების ბედს აქ მისი «იმიჯი» წყვეტს. ამდენად, ნუგზარ ფოფხაძე კვლავაც «ჩრდილში» დარჩება. რაც, სხვათა შორის, სულაც არ გამორიცხავს გარკვეულ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე. ოღონდ არა იმ მასშტაბით, როგორითაც სურს წარმოადგინოს.

    ქართული საზოგადოება მანიაკალური ფსიქოზითაა დაავადებული. ეს უკვე აშკარაა: ამგვარი დასკვნა უეჭველად გამომდინარეობს 1988 წლიდან - დღემდე განვითარებული მოვლენების ანალიზიდან. ნებისმიერ პოლიტიკოსს სულ ადვილად, ორიოდე სიტყვით შეუძლია, ხალხი «გააცოფოს» და დუჟმორეული არბენინოს აღმა-დაღმა. კიდევ კარგი, გარკვეული (ჩვენგან დამოუკიდებელი) შეზღუდვები მაინც არსებობს, თორემ ყოველ მომდევნო «რუხ კარდინალს» რომელიმე შუასაუკუნეობრივი სასჯელი (ვთქვათ, სარზე გასმა) არ ასცდებოდა.

მერიდიანი, 1 ივლისი, 1997 წ.