რაღა დროს პატიაშვილია, თქვე დალოცვილებო?!

        გასულ შაბათს, «სახალხო პარტიის» ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ დაადასტურა, რომ ჯუმბერ პატიაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად «წამოყენებული» საინიციატივო ჯგუფი სხვა არაფერია, თუ არა «სახალხო პარტიის» საინიციატივო ჯგუფი! ანუ ჯუმბერ პატიაშვილი (რას მოვესწარით!!!) ფაქტობრივად «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» კანდიდატია 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში!
        «სახალხოელებს» ხომ არაერთგზის მიუნიშნებიათ რომ სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია». ამ პარტიის ისტორია თითქმის 20 წელს ითვლის. 80-იანი წლების მიწურულს იგი ყველაზე პროგრესულ, მხოლოდ მომავლისაკენ პირშებრუნებულ «პოლიტიკურ ძალად» ითვლებოდა და სულ სხვა (ყველანაირად სხვა) «საპრეზიდენტო კანდიდატი» ჰყავდა.
        გასულ შაბათს, დაახლოებით იმავე დროს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში გაიხსნა კომპიუტერული ტექნიკის გამოფენა, რომელიც 21-ე საუკუნისა და მესამე ათასწლეულის პირველ საოცრებად შეიძლება ჩაითვალოს.
        მსოფლიოს უდიდესმა და უძლიერესმა ფირმებმა, კონცერნებმა, ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა წარმოადგინეს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები. მათ შორის, ყველაზე საყურადღებო იყო კომუნიკაციის უახლესი საშუალება, ე.წ. WTN ტექნოლოგია ანუ ტელეფონ-კომპიუტერი: მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის ჰიბრიდი.
        ეს მართლაც ფანტასტიკაა: ჩვეულებრივი მობილური ტელეფონის დისპლეიზე თქვენ შეიძლება ჩაატაროთ თითქმის ყველა ოპერაცია, რომელსაც 15 წლის წინ IBM- ის პერსონალური კომპიუტერი, ხოლო 6-7 წლის წინ მინიატურული «ლეპ-ტოპი» აწარმოებდა.
        «მობილის» დისფლეი უკვე არა მხოლოდ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის «დოუ-ჯონსის» ინდექსს გიჩვენებთ, არამედ Windows-ის ყველა ფუნქციას ასრულებს: იგი დაკავშირებულია პლანეტის მეორე ნახევარსფეროში მდებარე კომპიუტერულ ქსელთან. თან, დაკავშირებულია არა სატელეფონო ქსელით, არამედ «ინტერნეტით», რაც ათჯერ იაფია. მაშასადამე, ყველა ადამიანს შეუძლია გულის ჯიბით ან შარვლის ქამარზე ატაროს მინიატურული მობილ-ტელეფონი, რომელიც მუდმივ კავშირში იმყოფება «ინტერნეტის» უკიდეგანო ოკეანესთან.
        შაბათს, ამერიკელ ალპინისტთა ჯგუფი ავიდა ევერესტზე (ჯომოლუნგმაზე) სამხრეთის მხრიდან, ააფრიალა ამერიკის დროშა და პირველად, კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიოს უდიდესი მწვერვალიდან განახორციელა ჩართვა ინტერნეტში. ამისთვის საკმარისი იყო, უბრალოდ გაეხსნათ სატელიტური ტელეფონი, დაახლოებით მიემართათ იგი კოსმოსური თანამგზავრისკენ (მთელს ამ ოპერაციას დასჭირდა ზუსტად წუთნახევარი), შემდეგ შეეერთებინათ ტელეფონი «ლეპ-ტოპისთვის» (მინი კომპიუტერი, რომელიც სულ 1-2 კგ-ს იწონის) და «windows-2000»-ს პროგრამით «შესულიყვნენ» ჯერ ინტერნეტში, შემდეგ ელექტრონული ფოსტის «News»-ებში.
        ყველაფერმა ამან დაიკავა ზუსტად 5 წუთი. კიდევ 3 წუთის შემდეგ, მინი-ვიდეოკამერა შეუერთეს «ლეპ-ტოპს» და «რიალ-ფლეერის» რეჟიმში განახორციელეს პირდაპირი სატელევიზიო ჩართვა ინტერნეტში; ესე იგი, დედამიწის ყველა წერტილში, ასეულობით მილიონ მონიტორზე «ინტერნეტის» მომხმარებლებს შეეძლოთ თვალი ედევნებინათ ამ უნიკალური ღონისძიებისათვის საუკეთესო ხარისხით.
        შაბათს, ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო: ამიერიდან მსოფლიო საფონდო ინდექსს (დოუ-ჯონსს) განსაზღვრავს არა მსოფლიო ფასები ნავთობზე, არამედ უდიდეს კომპიუტერულ კონცერნთა და ტრანსნაციონალურ კომპანიათა აქციების ღირებულება და . . . . . . . ამ ეპოქაში რაღა დროის პატიაშვილია თქვე დალოცვილებო?

7 დღე, 28 თებერვალი, 2000 წელი

მთელ გვერდზე