შევარდნაძის გადადგომა სინამდვილეში თითქმის არავის აძლევს ხელს

შევარდნაძის გადადგომა სინამდვილეში თითქმის არავის აძლევს ხელს

  

    შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნა რაიმე განსაკუთრებულ «სენსაციად» ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძემ ეს მოთხოვნა, ანუ ეს საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური სტერეოტიპი საკმაოდ მოხერხებულად «ამოწურა».
    ჯერ კიდევ წინა პარლამენტში, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მან სამჯერ განაცხადა გადადგომის შესახებ და სამჯერვე (სხვათა შორის, დღეს უკვე ოპოზიციონერად მოვლენილი პოლიტიკოსის ჩათვლით) «გადაათქმევინეს»; შევარდნაძემ, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, რომ ასეც მოხდებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
    დავაკვირდეთ, ვინ მოითხოვს დღეს მის გადადგომას - ვახტანგ გოგუაძე და ვალერი კვარაცხელია, რომელთაც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არანაირი გავლენა არ გააჩნიათ. აკაკი ასათიანი, მართალია, პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მაგრამ ამინდს მაინც ვერ ქმნის. სხვა თითქმის არც ერთ პოლიტიკურ ძალას (უბედური ლტოლვილები «საკოორდინაციო საბჭოდან» ჩვენს საზოგადოებას ჩირადაც არ უღირს) პრეზიდენტის გადადგომა არ მოუთხოვია.
    დავიწყოთ «გარესაპარლამენტო ოპოზიციიდან» - რესპუბლიკელები უკვე არათუ ებრძვიან შევარდნაძეს, არამედ პირიქით, ფარულად, მხარსაც კი უჭერენ მას, ვინაიდან დარწმუნდნენ, რომ თუ შევარდნაძე წავა, შეიძლება მოვიდეს მისი  ალტერნატივა და მათ სულაც არ სურთ ხელი შეუწყონ ამ ძალის გაძლიერებას.
    სხვათა შორის, ირაკლი წერეთელსაც კი არ მოუთხოვია პრეზიდენტის გადადგომა. თავისი მრწამსი «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის» ლიდერმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოხატა, როცა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლას ინანიებდა: «ასეთ შეცდომას მეტად აღარ დავუშვებ. პრეზიდენტის გადადგომას მოვითხოვ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩემს ინტერესებს შეესაბამება. შევარდნაძე წავიდეს და პატიაშვილი მოვიდეს - ამისათვის ვიბრძოლო?»
    არც ისე იდილიურია თამრიკო ჩხეიძის დამოკიდებულება აკაკი ასათიანთან; რუსეთისადმი დამოკიდებულების თემა ადრე თუ გვიან მათ ურთიერთობებშიც იჩენს თავს.
    რაც შეეხება «ზვიადისტებს», ისინი თანამედროვე პოლიტიკური სპექტრის ნაწილს არ წარმოადგენენ, თანაც ძნელად თუ ითანამშრომლებენ იმ ძალებთან, ვინც 1991 წელს ხელისუფლების დასამხობად აუცილებელი ფონი შექმნა.
    კიდევ უფრო რთული ვითარებაა პარლამენტში. თვით ყველაზე რადიკალურად განწყობილ ოპოზიციურ საპარლამენტო ძალას - «სახალხო ფრაქციასაც» არ მოუთხოვია ედუარდ შევარდნაძის გადადგომა. მამუკა გიორგაძემ ლაზათიანად ლანძღა პრეზიდენტი, მაგრამ ბოლოს მაინც თქვა: ნაკლოვანებები უნდა გამოსწორდეს და მთავრობა უნდა გადადგესო. თუმცა, საეჭვოა, გიორგაძეს არ სცოდნოდა, რომ ისეთ სახელისუფლო სისტემაში, როცა პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ შტოს, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა აბსურდია – ამ სისტემაში მთავრობა შეიძლება გადადგეს მხოლოდ პრეზიდენტთან ერთად! ანუ, ყველაფრიდან ჩანს, პრეზიდენტის გადადგომა თვით «სახალხოელებსაც» არ სურთ, ვინაიდან შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი დაარღვევს პოლიტიკურ ბალანსს და საკმაოდ გაურკვეველ ვითარებას შექმნის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ორი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტიის - «სოციალისტების» და «ეროვნულ-დემოკრატების» თითქოსდა მოულოდნელ დემარშებს.
    ჯერ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ (საპარლამენტო დებატებისას), შემდეგ კი ვახტანგ რჩეულიშვილმა (ტელევიზიით გამოსვლისას) ფაქტობრივად გამორიცხეს შევარდნაძის გადადგომის შესაძლებლობა.
    უმალვე ცხადი გახდა: ორივე პოლიტიკურ ძალას ხელს აძლევს ამჟამინდელი ბალანსის შენარჩუნება მინიმუმ 2000 წლამდე მაინც. სავარაუდოდ კი - 2005 წლამდე.
    1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» და «სოციალისტური პარტია», რა თქმა უნდა, სასტიკ ბრძოლას გაუმართავენ «მოქალაქეთა კავშირს», რათა პარლამენტში პოზიციები განიმტკიცონ, მაგრამ პრეზიდენტის გადადგომისათვის ისინი თავს არ გამოიდებენ.
    2005 წლისათვის, როგორც ირინა სარიშვილი-ჭანტურიას, ასევე ვახტანგ რჩეულიშვილს, ზურაბ ჟვანიაზე არანაკლები პრეტენზია გააჩნიათ პრეზიდენტობაზე.
    მანამდე კი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობა მათაც ხელს აძლევს ბალანსის შესანარჩუნებლად, რომელიც უეჭველად შეიცვლება პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში.
    ძალთა ახალი თანაფარდობის შემთხვევაში კი როგორც «სოციალისტები», აგრეთვე «ეროვნულ-დემოკრატები» არცთუ მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ეს მათ შესანიშნავად უწყიან. აქედან გამომდინარე, რაკი დეკემბერ-იანვრის მოვლენების განმეორება გამორიცხულია, პრეზიდენტის გადადგომა «ზღაპარია» და მას ასრულება არ უწერია; თუ, რასაკვირველია, ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის ისევ რუსეთმა არ განახორციელა კიდევ უფრო მძლავრი ოპერაცია, ვიდრე გალის ეგზეკუცია იყო.

მერიდიანი, 3 ივნისი, 1998 წ.