კირითხურო........

კირითხურო........

 

„.......თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო.......“ (დიდოსტატი)

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ვინ აშენებს ქვეყანას, ვინ ქმნის თანამედროვე ერს (ანუ „ნაციას“), ვინ სძენს მას სიცოცხლეს, ძალასა და საზრისს? ვინ ადუღაბებს და აქცევს განუყოფელ ერთობად?

„დიდი ლიდერი“? არა ბატონო, - ის მარტოდმარტო უძლურია უნიჭოთა და უნდილთა შორის.

სინამდვილეში, მხოლოდ „განფენილი გენია“, რომელიც „ცალკეულთა“ (ხშირად სულაც „უჩინართა“) ნიჭსა და გუმანში გამოხატება!

აი შესანიშნავი მაგალითი: 1963 წლის 22 ნოემბერს, 12 46 PM, ანუ დღის თორმეტ საათსა და ორმოცდაექვს წუთზე, ამერიკის სატელევიზიო გიგანტებმა (ABC, NBC, CBC - მაშინ CNN ჯერ არ იყო) ერთბაშად შეწყვიტეს გადაცემები და პირდაპირ ეთერში წაიკითხეს საინფორმაციო სააგენტო United Press-ის მოკლე ცნობა დალასიდან.

სულ რამდენიმე წინადადებაა.

მოდით ერთად წავიკითხოთ ყურადღებით:

„დალასის ცენტრში განხორციელდა თავდასხმა პრეზიდენტ კენედისა და გუბერნატორ კონოლიზე. თავდასხმისას ორივე კაბრიოლეტით მგზავრობდა. მთელი გზა, პარკლენდის საავადმყოფომდე, პრეზიდენტ კენედის ცოლი ჯეკი ეხვეოდა ქმრის უძრავ სხეულს“ (ციტატის დასასრული).

პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი, ვინც ტრაგედიის შესახებ მოკლე ცნობას წერს (ხომ კონკრეტული ადამიანი წერს არა?) ამ სამიოდე წინადადებას ქმნის, ანუ საზრისებს „ალაგებს“, მომხდარიდან (12 31 PM) სულ რაღაც ათიოდე წუთის შემდეგ!

აბა დანარჩენი ხუთი წუთი ხომ წმინდად „ლოჯისტიკურ მომენტებს“ დასჭირდებოდა არა?

ჰოდა..... ამ ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტების გათვალისწინებით (გენია - გონის სიმკვირცხლეა პირველ რიგში კრიტიკული ვითარებისას!) ისევ და ისევ დავაკვირდეთ როგორაა ეს შედევრი „დალაგებული“:

ანუ.... ნახსენებია გუბერნატორი, რადგან ეს ტეხასია!

იმიტომ, რომ ტეხასია!!!

ამავდროულად, „კაბრიოლეტის“ ხსენება მთლიანად „ხატავს“ „ექშენს“, ესე იგი მარტო ამ ერთი „კაბრიოლეტით“ უკვე ყველაფერი ნათელია და თვალწინ გიდგას, თუ რა მოხდა და როგორ „ადგილზე“ (On the ground)

მაგრამ ესეც კი არაა მთავარი და ყველაზე ნიშნადობლივი. ყველაზე მთავარია აი ეს ბოლო ფრაზა: „....მთელი გზა, პარკლენდის საავადმყოფომდე, პრეზიდენტ კენედის ცოლი ჯეკი ეხვეოდა ქმრის უძრავ სხეულს“

მომკალით, ამკუწეთ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ინფორმაცია მამაკაცის დაწერილია და არა ქალის.

თუ რატომ ვარ ამაში დარწმუნებული, ნუ დამაკონკრეტებინებთ, მაგრამ პროფესიონალმა (!) ვინც ამ ინფორმაციას „ძერწავდა“, იცოდა, ითვალისწინებდა, რომ იგი საერთოეროვნულ, სულისშემძვრელ, საყოველთაო news-ად უნდა ექცია.

ინფორმაციის ავტორმა იცის (სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში „ტვინავს“ უცთომელი გუმანით), რომ მის ცნობას ამერიკელი მამაკაცების გარდა, ამერიკელი ქალებიც მოისმინენ და რომ ქალი, რომელიც სამზარეულოდან გამოვარდება და ტელევიზორთან ან რადიოსთან მივარდება, პირველი, რასაც გაიფიქრებს მისი ქალური მენტალობიდან და ფსიქოლოგიური „კონსტიტუციიდან“ გამომდინარე, იქნება არა ის, „ვინ ესროლა“ „ვინ გაბედა“, „როგორ მოხდა“ და ა.შ (სუფთად მამაკაცური საზრისები) არამედ......„კი მაგრამ, ჟაკლინი?! სადაა ჯეკი? ის რას....ის როგორ......“. (წმიდად ქალური საზრისი)

აი სწორედ მისთვის, ამ ქალისთვის, ესე იგი ამერიკის მეორე, სრულუფლებიანი ნახევრისთვისაა ეს თითქოსდა არაფრისმთქმელი, თითქოსდა სრულიად უადგილო, „არაარსებითი“, უინტერესო, თითქოსდა უჭირო და „არა ინფორმატიული“ ფრაზა ამ ცნობაში: „........მთელი გზა - პარკლენდის საავადმყოფომდე, პრეზიდენტ კენედის ცოლი ჯეკი ეხვეოდა ქმრის უძრავ სხეულს“.

რაც მთავარია, ამ წინადადების არსებითი მიზანი არ არის „მესიჯი“ (შეტყობინება), რომ ჟაკლინი არ დაშავებულა ტერაქტისას.

ასე რომ ყოფილიყო, უნიჭო ავტორი უბრალოდ დაწერდა: „ქვეყნის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი არ დაშავებულა“. და მორჩა.

მაგრამ ავტორმა იცის: ქალს ის კი არ აინტერესებს, ჯეკი გადარჩა თუ არა, არამედ ჯეკის რეაქცია ქმრის მკვლელობაზე. ანუ ფაქტი კი არა, მისი ემოციური შემადგენელი! ამიტომ წერს ასე: „........მთელი გზა - პარკლენდის საავადმყოფომდე, პრეზიდენტ კენედის ცოლი ჯეკი ეხვეოდა ქმრის უძრავ სხეულს“.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

იცით რატომ არის ამერიკა დიდი (დიადი) ქვეყანა?\

ანუ რატომ იქცა იგი დიად ქვეყანად?

ატომური იარაღი? ეკონომიკა? არამც და არამც უპირველეს ყოვლისა.

იმიტომ, რომ მისი Deep state ანუ `სიღრმისეული `სახელმწიფო`, ესე იგი უჩინარ `გადაწყვეტილების მიმღებთა` (decision makers) მრავალრიცხოვანი ლეგიონი (საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლიდან - საშუალო რგოლის ჩინოსნამდე) შედგება სწორედ ასეთი ნიჭიერი, ჭკვიანი, გონიერი, გამჭრიახი ადამიანებისგან.

სწორედ ისინი არიან იმ ზემძლავრი სახელმწიფოს `კირითხურონი`, მათზე დგას სინამდვილეში ამერიკაც და ნებისმიერი სხვა Nation.

და.....ვაი იმ ერს, ვისაც ქმედითი და გამჭრიახი Deep state (საშუალო რგოლის უჩინარ მოღვაწეთა უნარიანი ლეგიონი) არ ჰყავს.

აუცილებლად გაქრება და აღიგავება პირისაგან მიწისა.

მის მიწა-წყალს კი, ადრე თუ გვიან სხვები დაეპატრონებიან.

დათო

2023 წლის 10 იანვარი