პრივატიზების შედეგების «გადახედვისას» საქართველოში დედა შვილს არ აიყვანს ხელში

           როგორც მოსალოდნელი იყო, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას «უკანონოდ პრივატიზებული ქონების» სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ, ბობოქარი რეაქცია მოჰყვა. ახლა უკვე გვიან არის იმაზე ლაპარაკი, რომ იგულისხმებოდა მხოლოდ «უკანონო პრივატიზება», მხოლოდ «თანამდებობის გამოყენება» და ა.შ. ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია იმის გარკვევა, საქართველოში სად იწყებოდა უკანონო პრივატიზაცია და სად მთავრდებოდა «კანონიერი»
           წარმოების ძირითადი საშუალებები ბევრმა «ახალმა ქართველმა» ხელთ მაშინ იგდო, როდესაც ქვეყანას, ფაქტობრივად, კრიმინალური ბანდები მართავდნენ, ხოლო პოლიტიკურ ხელისუფლებას არანაირი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა.
           კრიმინალურ «ატამანებთან» საქმის «ჩაწყობა» კი (გარკვეული «წილის» საფასურად, რა თქმა უნდა) ძალზე ადვილი იყო. ამიტომ «პატიოსანი პრივატიზაცია» და «პატიოსნად პრივატიზებული ქონება» საქართველოში ერთობ შეფარდებითი ცნებებია.
           «პატიოსნად პრივატიზებაში» თუ იმდროინდელ კანონთა ფორმალურად სკურპულოზური დაცვა იგულისხმება – თვით ის კანონები იყო ისე დაწერილი (ხელისუფლებაში მყოფი ყაჩაღების მიერ), რომ კუპონიდან - დოლარზე გადაანგარიშებით ოციოდე დოლარად შეიძლებოდა მრავალმილიონიანი ქონების (წარმოების საშუალების) ხელში ჩაგდება.
           კანონიერია თუ არა ეს პრივატიზება? რა თქმა უნდა კანონიერია. მის შეუვალობას იცავს საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური დებულება «კერძო საკუთრების» უზენაესობის შესახებ. ამიტომ, ასი კანონიც რომ მიიღოს პარლამენტმა, დღეს «ნაპრივატიზების» ჩამორთმევა უკვე ძალზე ძნელი, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიცაა. თუმცა, პარლამენტარები, რომლებმაც ეს იდეა წამოაყენეს, ამ რეალობას შესანიშნავად აცნობიერებენ, ამიტომ ისინი ძირითადად საუბრობდნენ თანამდებობის პირთა მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, რომელიც ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეა გაფორმებული. მაგრამ აქაც არანაკლებ სირთულეებს წააწყდებიან: ჯერ ერთი, საქართველოს კონსტიტუციის მეორე ფუნდამენტური დებულების თანახმად, კანონს არ შეიძლება ჰქონდეს უკუქცევითი ძალა, მით უმეტეს, როდესაც იგი რეპრესიულ ზომებს (თუნდაც ქონების სამართლიანად ჩამორთმევას) ითვალისწინებს.
           «კონფისკაციის» ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააუქმა. ამიტომ ნებისმიერ «ნათესავს» შეეძლება იჩივლოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოიგოს კიდეც სასამართლო პროცესი.
           მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ «საკონსტიტუციო სასამართლოსა» და «რეფორმატორთა გუნდს» შორის იდილიური ურთიერთობა ნამდვილად არ არის. უფრო, პირიქით.
           გარდა ამისა (ეს მეორე), ხშირია შემთხვევა, როდესაც პრივატიზატორი თანამდებობის პირის არა ახლო ნათესავი, არამედ (ვთქვათ) ახლობელია, უბრალოდ, ან «ახლობლის ახლობელი», ან თანაკურსელი, ან ნაცნობი. სინამდვილეში, ქონება მას მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, მაგრამ, აბა, დედამისის შვილია და «არაფორმალური ვალდებულებები» არ შეასრულოს?! რა თქმა უნდა, ამას ვერ გაბედავს – მისი «დაბმის» სხვა საშუალებებიც არსებობს. ოღონდ ამ «არაფორმალურ ურთიერთობათა» დამტკიცება ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელიცაა, ფორმალურად ვერ შეედავები, ხოლო იმაზე საუბარი, რომ ქონება მეტისმეტად იაფად გაიყიდა, უკვე გვიანაა.
           ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ წარმოების საშუალებები საქართველოში ძირითადად პრივატიზებულია. თუმცა, განა ისინი ადრეც «პრივატიზებული» არ იყო? საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც კომპარტია თითქოს ქვეყანას აზანზარებდა, რომელიმე ქარხნის დირექტორი რომ პენსიაზე გადიოდა, დირექტორად მის შვილს ნიშნავდნენ ხშირად, ან იმას, ვისაც თვითონ ხელს დაადებდა. ეს ხდებოდა იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება სხვის დანიშვნას ვერ ბედავდა, - უბრალოდ, ის «სხვა» ვერ გაბედავდა არაფორმალურად «სხვის» საქმეს დაპატრონებოდა და თუ გაბედავდა, არ შეარჩენდნენ. უკიდურეს შემთხვევაში «კოლექტივი» არ მიიღებდა, ვინაიდან თავადაც «წილში იყო» და ძველ «მსუქან» ტრადიციებს უფრთხილედბოდა.
           რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობ იმ ქონებას, სადაც «სოციალისტური შრომის გმირთა» გარდა არაფერი იჭედებოდა – ვგულისხმობ წარმოების იმ საშუალებებს, რასაც თვითკმარი ღირებულება ჰქონდა და მართლა ფასეული პროდუქციის წარმოება შეეძლო. ანუ, ვთქვათ, ღვინის ქოარხნებს და სხვა.
           იგივე ითქმის ყველა სფეროზე – მართლა «მწარმოებელი» სფეროები კი საქართველოში უამრავია, ანუ ძალიან ბევრი «მსუქანი ლუკმა» იყო საქართველოში, ოღონდ ეს ლუკმები უკვე გადასანსლულია და ახლა «სინგაპურის კანონებით», რომლის მიხედვითაც, «უკანონოდ პრივატიზებულ ქონებას» სახელმწიფოს დაუბრუნებენ, სინამდვილეში, არაფერი გამოვა.
           ისინი, ვისაც «კუჭი აეწვება», ყოველნაირად შეეცდებიან შექმნან პოლიტიკური კრიზისი, დააშინონ უცხოელი ინვესტორები, გაამწვავონ დაპირისპირება, შექმნან ისტერიული ატმოსფერო, გამოიყენონ მასმედია და ა.შ. და ა.შ.
           საბოლოოდ კი, ამ ნიადაგზე შეიძლება ახალი სამოქალაქო ომიც კი გააჩაღონ. საბაბი მოიძებნება – ვთქვათ, მაშინ გაახსენდებათ აფხაზეთი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სხვა მრავალი.
           უეჭველად დაიწყებენ შეტევას პრეზიდენტზე, შეეცდებიან მმართველი პარტიის საბოლოო გახლეჩას თვით ამ პარტიის წევრ «პრივატიზატორთა» მხილებით, იქნება ერთი გნიასი და ვაი-უშველებელი.
           ერთი სიტყვით, როგორ მართებულიც არ უნდა იყოს მტკიცება ამა თუ იმ ქონების (წარმოების საშუალების) «უკანონო პრივატიზების» შესახებ, დღეს ამაზე ლაპარაკი უკვე გვიან არის. არაფერს, გარდა მორიგი სამოქალაქო ომისა, ეს არ მოიტანს.
           გაცილებით ჭკვიანური და მიზანშეწონილი იქნებოდა შევურიგდეთ რეალობას და ავირჩიოთ სხვა ორიენტირი: რამდენად წარმატებულად მუშაობს ესა თუ ის საწარმო, შეაქვს თუ არა რაიმე ბიუჯეტში, ქმნის თუ არა პროდუქციას. მაგალითად, როგორც არ უნდა მომხდარიყო «ახალი ქსელების» პრივატიზება, ფაქტია, რომ ეს სისტემა შესანიშნავად მუშაობს.
           ასევეა სხვა დარგებშიც: თუ პრივატიზებული საწარმო გაჩერებულია, არაფერს ქმნის და მეპატრონე მას, უბრალოდ, კრუხივით «დააჯდა», აი, მაშინ კი შეიძლება ამოქმედდეს კანონი «ქონებაზე გადასახადის» შესახებ, რომელიც აიძულებს მეპატრონეს ან ამუშაოს წარმოების საშუალება, ან მიჰყიდოს იგი გერგილიან, მარიფათიან ბიზნესმენს, ვინც მის ამუშავებას შეძლებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და გონიერი მენეჯმენტით.
           ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან სწორედ ეს არის.
           აკი ამბობდა დენ სიაო პინი: «არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა - მთავარია, იგი იჭერდეს თაგვებს». ხოლო დენ სიაოპინამდე დიდი ხნით ადრე, რომაელმა იმპერატორმა ბრძანა: «ფული არ ყარს!»

მერიდიანი, 1 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე