ომი ისრაელში - I

ომი ისრაელში - I

`ისრაელს ღაზა ბლოკადაში რატომ ჰყავდა 15 წელი, ყველაფერი ამის ბრალიაო`.

კი მაგრამ, ობიექტურები ხომ უნდა ვიყოთ არა?

ღაზამ დაახლოებით 15 წლის წინ აირჩია ხელისუფლება, რომელიც არათუ არ სცნობდა ისრაელის არსებობის უფლებას, არამედ რომლის დეკლარირებული მიზანი (!) იყო ისრაელის სახელმწიფოს სრული განადგურება - ისლამური მოძრაობა `ჰამასი`

რატომ არ ახორციელებდა ისრაელი west bank-ის ბლოკადას? იმიტომ, რომ იქ ხელისუფლება იყო `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია`, რომლის ისტორიულმა ლიდერმა, იასერ არაფატმა აღიარა, რომ ისრაელს ბიბლიურ ფილისტიმაში (პალესტინაში, ქანაანში) აქვს არსებობის უფლება.

თუმცა არაფატი არასდროს დათანხმებულა იმას, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი და იუდეა/სამარიას დიდი ნაწილი შესულიყო ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში.

და ეს ნორმალურია: `იერუსალიმის საკითხი` და `საზღვრების საკითხი` სხვა დისკურსია, რაზეც არაბები და ებრაელები შესაძლოა 100 წლის შემდეგ შეთანხმდნენ ან ვერც 1000 წლის შემდეგ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ....ეს მაინც სხვაა და ისრაელის სახელმწიფოს საერთოდ არარსებობის, მისი განადგურების დისკურსი - სულ სხვა.

განახორციელებდა ისრაელი ღაზას ბლოკადას აბა რას იზამდა?

ეს 2 მილიონიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი (ღაზა) ხომ ღიად დეკლარირებდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურებისა და/ანუ ებრაელთა სრული ამოწყვეტის სტრატეგიულ ამოცანას!

ახლა რაც შეეხება იერუსალიმს.

გასაგებია (უნდა იყოს გასაგები), რომ ებრაელები იერუსალიმის განუყოფლობის მეტაფიზიკურ იმპერატივს არასდროს დათმობენ, მაგრამ ალ აქსას მეჩეთის ტერიტორიას, ანუ ტაძრეულის მთას `ებრაული იერუსალიმის` შემადგენლობაში ნამდვილად ჰქონდა გარკვეული ავტონომია.

კი, იყო პროვოკაციები, მაგალითად პრემიერ არიელ შარონის შესვლა ტაძრეულის მთაზე, მაგრამ ეს მაინც დეტალებია დიდ სურათში: როცა სიტუაცია წყნარი იყო, ისრაელი იქ ოპერირების უფლებას და საშუალებას პალესტნის პოლიციასაც კი აძლევდა.

არადა არაბებს სწორედ ტაძრეულის მთა ესმით, როგორც აღმოსავლეთ იერუსალიმი - ისლამისთვის წმიდა ადგილი და ასე შემდეგ.

იასერ არაფატმა ცხოვრების დასალიერს, დაახლოებით 1980-იანი წლების ბოლოდან, ძალიან მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯები გადადგა, რასაც ისრაელმა (ისცხაკ რაბინმა) 1993 წელს უპასუხა ისტორიული დათმობით - არაბული ავტონომიების შექმნით იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში.

\

ზოგადად, რასაც მე ვაკვირდები, ებრაელებისთვის ტერიტორიას საერთოდ არა აქვს საკრალური მნიშვნელობა;

ოღონდ გარდა.....იერუსალიმისა!

მაგალითად, ბეთლემზე კონტროლი იოლი დასათმობი იყო? დღეს ბეთლემი - პალესტინის ავტონომიაა და მას არაბული პოლიცია აკონტროლებს.

ტერიტორია ებრაელებისთვის მნიშვნელოვანია (ვიმეორებ: გარდა ქალაქ იერუსალიმისა!) მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში.

და არა თავისთავად, როგორც ტერიტორია.

ამას მე ჩემს წიგნში `ურბანო-ცენტრისტული კონცეპტი` ვუწოდე პირობითად.

ეს გარემოება (თუ არაბები შეურიგდებიან ისრაელის სახელმწიფოს არსებობას) ებრაული სახელმწიფოს იმ მიდგომასთან შეთავსებით, რომ ისრაელის სუვერენიტეტის ფარგლებში `ტაძრეულის მთას` და ალ აქსას წმიდა მეჩეთს აქვთ ავტონომია, ჩემი ღრმა რწმენით ამ ისტორიულ ეტაპზე გრნეული ბიბლიური კონფლიქტის განვითარებისა, ერთადერთი შესაძლო `მოდუს ვივენდია`!

სხვა უბრალოდ არ არსებობს.

ჯერ არ არსებობს და..... 5 000 წლის მერე რა იქნება....არ ვიცი.

დათო