კლებანოვი საქართველოდან გაწბილებული წავიდა

        ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა «ათასწლეულის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე» განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ცდილობდნენ სახელმწიფო მინისტრ გია არსენიშვილის დისკრედიტაციას - «ყბადაღებულ 22 მილიონთან» დაკავშირებით, თითქოს ქართულმა დელეგაციამ კარგად ვერ გაიგო რა ითქვა რუსეკთის პრემიერ-მინისტრ კასიანოვთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც რუსულმა მხარემ პრინციპული თანხმობა განაცხადა საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციისა და «ნულოვან ვარიანტზე».
        სინამდვილეში, რუსულმა მხარემ (კონკრეტულად პრეზიდენტმა), უბრალოდ გადაწყვიტა, «სავალო ბერკეტი» გამოეყენებინა საქართველოს მოსახრჩობად. იმავე არგუმენტით ოპერირებდა ვიე-პრემიერი ილია კლებანოვი თბილისში გამართულ მოლაპარაკებების დროს.
        თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო მინისტრმა (ეკონომიკურ გუნდთან ერთად) დიალოგი საკმაოდ ოსტატურად წარმართა. ერთი მხრივ, სამხედრო საკითხებში შესამჩნევი პროგრესია მიღწეული, მეორე მხრივ კი, ეკონომიკურ სფეროში საქართველომ არათუ რაიმე დათმო, არამედ ზოგი რამ სარგებელიც მიიღო. ოღონდ, ვიდრე კონკრეტულ მაგალითებს მოვიტანდეთ, თვით ფინანსთა მინისტრის განცხადებაა აღსანიშნავი. იგი მეტყველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კონსოლიდაციის (არსენიშვილის გარშემო) უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ზერელე ანალიზით მოეჩვენა ზოგიერთ დამკვირვებელს.
        ილია კლებანოვთნან შეხვედრისას, გია არსენიშვილმა სულ «ფილკინა გრამოტა» ეძახა რუსეთის მთავრობის უსტარებს, რომლებშიც თვალნათლივ ცხადდებოდა რუსეთის ოდინდელი ავადმყოფობა, როდესაც «მარჯვენა ხელმა არ იცის, რასა იქმს მარცხენა».
        ამის მიუხედავად, სახელმწიფო მინისტრმა (ელმენტარული ობიექტურობა მოითხოვს ეს ითქვას) მიაღწია რამდენიმე ხელსაყრელ შეთანხმებას რუსეთის სამთავრობო დელეგაციასთან.
        კერძოდ, გადაწყდა დაჩქარდეს მუშაობა «სამრეწველო საკუთრების დაცვის» შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებლად. მათ შორის, «სავაჭრო ნიშნების».
        რასაკვირველია, აქ უპირველესად, იგულისხმება ქართული ღვინო და ბორჯომი, თორემ რუსეთს საქართველოს ბაზარზე ასეთი პრობლემა არა აქვს. უფრო მეტიც, საბოლოოდ ხელმოწერილი ოქმის შესაბამისად, 2001 წლის 1 აპრილამდე მხარეებმა უნდა შეიმუშაონ წინადადებები ფალსიფიკაციის აღსაკვეთად.
        გარდა ამისა, რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ არსებობს როკის გვირაბიდან – საქართველოში რუსეთიდან კონტრაბანდული «ნიაღვარის» პრობლემა. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე.
        ნახსენებია აგრეთვე სპირტიც, მაგრამ არსენიშვილის მხრიდან ეს სიმბოლური დათმობა ერთგვარი «დიპლომატიური სატყუარა» იყო, ვინაიდან საქართველოდან – რუსეთში სპირტის «კონტრაბანდის» ბუმმა კარგა ხანია ჩაიარა, ხოლო რუსეთიდან – საქართველოში ყოველდღიურად ასეულობთი ათასი დოლარის ღირებულების უაქციზო საქონელი შემოდის.
        გარდა ამისა (მიაქციეთ ყურადღება) არსენიშვილმა ისიც მოახერხა, რომ ოქმში გაჩნდა ასეთი დებულება: «ქართული მხარე 2001 წლის 1 თებერვლამდე განიხილავს რუსეთის წინადადებას «როკი – ქვემო ზარამაგის» საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის (ობუსტროისტვო) შესახებ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს პუნქტი ოს სეპარატისტებს, ცხინვალში ძალიან არ მოეწონებოდათ, ვინაიდან მას პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება.
        «ეკონომიკური გუნდის» წარმატებად უნდა ჩაითვალოს წინასწარი შეთანხმება რუსეთთან, რომელიც ითვალისწინებს «რაო-ეეს როსია»-სადმი საქართველოს ვალის ნაწილის ჩამოწერას.
        შემუშავებულია საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთიდან- თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდების პროექტი, რაც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკონომიკურ ბლოკადას. ანალოგიური შეთანხმება მზად არის «გაზპრომითან».
        თანაც, ორივე შემთხვევაში ინიციატორი სწორედ რუსული მხარე იყო.
        ამით საქართველომ მოახერხა რუსეთის მმართველ ელიტასა და ისტებლიშმენტში მოკავშირეების მოძიება, რომლებიც სისხლხორცეულად იქნებიან დაინტერესებულნი, არ დაუშვან რუსეთის მხრიდან საქართველოს ბლოკადა.
        ასეთი დაინტერესების შემთხვევაში კი, მათ საკმარისი ბერკეტები აქვთ, რათა აიძულონ პუტინის ადმინისტრაცია, ანგარიში გაუწიოს მათ ინტერესებს.
        სხვათა შორის, ანატოლი ჩუბაისი «კავკასიონთან» ერთად აპირებს ორი ახალი მაღალი ძაბვის ხაზი ააგოს საქართველოს ტერიტორიაზე. «ზესტაფონი ახალციხე-თურქეთი» და «დაღესტანი-კახეთი».
        «რაო-ეეს როსია» მზად არის იჯარით აიღოს თბილსრესის მოძველებული (თითქმის ჯართი), მე-3, მე-4 და მე-8 ენერგობლოკები, რომლებიც «აეს»-მა არ შეიძინა სწორედ მათი უვარგისობისა და ასამოქმედებლად აუცილებელი სახსრების კოლოსალურობის გამო.
        «გაზპრომი» კი მზადაა მნიშვნელოვანი ინვესტირება განახორციელოს საქართვლეოში, აქ, უეჭველად, მჟღავნდება სტრატეგია: «შემოვიტყუოთ რუსული კაპიტალიოჩვენს ქვეყანაში ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ რუსეთმა საქართველოზე ზემოქმედების ეკონომიკურ ბორკილთა ამოქმედება ვერ მოახერხოს».
        მით უმეტეს, თუ მესამე ქვეყნის მიმართ ვალდებულებები დაერთვება ამ სისტემას. არსენიშვილი ტყუილად ცდილობს რუსეთიდან თურქეთში «სატრანზიტო პროექტების» დაკანონებასა და განხორციელებას. ეს საკმაოდ გონიერი და შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებაა: რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიოს, საკუთარი ოლიგარქებიც «გატეხოს», მაგრამ თურქეთთან ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევას ნამდივლად მოერიდება.
        ყოველივე ამის სანაცვლოდ, არსენიშვილმა რუსებს (მათი მოთხოვნით) დაუდო პირობა, რომ საქართველო ხელს არ შეუშლის რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. მაგრამ რეფორმატორ-ეკონომისტთა გუნდის ეს ვალდებულება შეიძლება წმინდა წყლის ფორმალობად ჩაითვალოს, ვინაიდან სულერთია, რუსეთის მსო-სთან მიერთების საკითხი ვაშინგტონში, ბრიუსელსა და ტოკიოში გადაწყდება, ხოლო რაკი გადაწყდება, საქართველო პროცესს წინააღმდეგობას მაინც ვერ გაუწევს, ანუ ასეთი «დათმობა» (წმინდა ფორმალური) ნამდვილად ღირდა.
        ასევე «ფორმალურად» შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ვალდებულება, აამოქმედოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, ვინაიდან ქართული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, დოკუმენტში ჩაიწერა ფრაზა «აფხაზეთში კონფლიქტის მოწესრიგების პარალელურად», რაც სტატუს-კვოს აღდგენას ნიშნავს.
        ქართულმა და რუსულმა მხარეებმა მოილაპარაკეს, დიალოგი გამართონ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის (!) მონაკვეთზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ. მიზეზთა გამო, ეს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოსთვის უფრო მომგებიანი აღმოჩნდეს, ვიდრე რუსეთისათვის.
        ზემოთქმულის გათვალისწინებით, ის განცხადებები, თითქოს გია არსენიშვილმა და «ეკონომიკურმა გუნდმა» უნიათოდ წარმართეს მოლაპარაკება რუსეთთან, სრული აბსურდია. «სიტყვის თავისუფლება» კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ «სოლიდარობის» მოტივით აბსურდი ყველამ გავიზიაროთ.

მერიდიანი, 25 დეკემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე