ირაკლი ალასანია: «საბურთალოელობიდან» - პოლიტიკოსობამდე

ირაკლი ალასანია: «საბურთალოელობიდან» - პოლიტიკოსობამდე

        «საყოველთაო მიტევებისა და მონანიების» დღეს ირაკლი ალასანია აღმოჩნდა ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი, რომელიც მივიდა სამების ტაძარში და მიხეილ სააკაშვილს ხელი ჩამოართვა.
        განსხვავებით «გრეჩიხასაგან», რომლისთვისაც 2007 წელს სააკაშვილის გაწვდილი ხელი სრული მოულოდნელობა იყო და აშკარად დააბნია, 2009 წლის 28 აპრილს ალასანიამ შეგნებული ნაბიჯი გადადგა და მკაფიო არჩევანი გააკეთა, რაც მისი, როგორც პოლიტიკოსის ფსიქოლოგიური პორტრეტის ყველაზე მკაფიო შტრიხი გახდა.
        იმავე «გრეჩიხასაგან» განსხვავებით, რომელიც იმდენად დაიბნა, რომ სააკაშვილს თავი დაუკრა (ამას დღემდე მწარედ ნანობს, მაგრამ გვიან არის) ალასანიას საკუთარი ჟესტიკულაციისა და გამომეტყველების მართვაც შეუძლია – მან მოახერხა იმის დემონსტრირება, რომ ეს ხელის ჩამორთმევა მთლიანად პოლიტიკური აქტი იყო, თორემ პიროვნული დამოკიდებულება არ შეუცვლია.
        თანაც, ალასანიამ წინასწარ იცოდა, რომ სააკაშვილი მასთან აუცილებლად მივიდოდა და ხელს ჩამოართმევდა; წინასწარ იცოდა ისიც, რომ ოპოზიციონერი კოლეგები «გაოგნებულნი იქნებოდნენ» (როგორც «პრაიმ-ტაიმს» ეკა ბესელიამ განუცხადა მეორე დღეს) ალასანიას გადაწყვეტილებით – დაერღვია «სოლიდარულად» მიღებული გადაწყვეტილება სიონსა და ქაშუეთში ლოცვის შესახებ.
        მაშასადამე, ალასანიამ ამ პოლიტიკური ნაბიჯით დაადასტურა, რომ როგორც პოლიტიკოსი, აქცენტს გააკეთებს არა ე.წ. «რუსთაველის საკნებში» ჩაყუნცულ «მჩხირალ» ნაძირალებზე, არამედ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც არ მოსწონს მიშა, მაგრამ უფრო დალაგებული, კონსტრუქციული, გააზრებული და წინდახედული მოქმედების მომხრეა.
        ამით ირაკლი ალასანია ნამდვილად განსხვავდება ნინო ბურჯანაძისგან, ვისაც აშკარად პირადი ბოღმა, წყენა და სიძულვილი ამოძრავებს და ირაკლი ოქრუაშვილისგანაც, ვისაც დღეს არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ქვეყანაში მორიგ რევოლუციასა და დაპირისპირებას შეუწყოს ხელი, რაკი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში და არ შეაბრუნონ ისევ ციხეში, საიდანაც ცნობილი მონანიების შედეგად დაიძვრინა თავი.
        აქედან გამომდინარე, ირაკლი ალასანიამ, სამებაში მისვლით, მისი ცოდვილი თაობის დადებითი თვისებებიც გამოამჟღავნა.
        ეს ის თაობაა, 80-იანი წლების დასაწყისში საბურთალოზე და «ვერის ტრუბებთან» ან უნივერსიტეტის ბაღში რომ «აბირჟავებდა» და არც არაფერს იკლებდა; შემდეგ სამოქალაქო კონფლიქტშიც მონაწილეობდა და აფხაზეთის ომშიც, «კულინარიელებიც» იყვნენ და «მხედრიონელებიც».
        თვით ალასანია, როგორც ამბობენ, «კულინარიელთა» საძმოს წევრი არ ყოფილა, მაგრამ საერთო ნაცნობები თუ «ჩერეზ ძმაკაცები» ნამდვილად ჰყავდა.
        ამის მიუხედავად, ალასანია ამჟღავნებს უნარს (ბევრი სხვა თანამედროვისაგან განსხვავებით), რომ ამაღლდეს «ძველბიჭობაზე», გამოვიდეს ამ «იდეოლოგიისა» და «სტილის» ტყვეობიდან და საკუთარი თაობის საუკეთესო თვისებები – თავისუფლება, უშიშრობა, ნებისყოფა, ბრძოლისუნარიანობა, თავდაჯერებულობა, შეუპოვრობა, პირადი ღირსების განცდა, არამორჩილება, სიახლის აღქმის უნარი - პოლიტიკის სამსახურში ჩააყენოს.
        შესაბამისად, ირაკლი ალასანია არა მხოლოდ ნიჭიერი პოლიტიკოსის სახელს იმსახურებს, არამედ საკუთარ თაობას, საკუთარ სოციალურ ფენას აძლევს (უფრო ზუსტად უნარჩუნებს) შანსს, რომელიც მან «ვარდების რევოლუციის» შემდეგ მოიპოვა.