გია არსენიშვილის დანიშვნა შეიძლება მოულოდნელად ზუსტი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს

        გასულ კვირას საქართველოში ნამდვილი «პოლიტიკური მიწისძვრა» მოხდა. პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, თანამდებობიდან გადააყენა «სახელმწიფო მინისტრი» და განაცხადა, რომ «ძირფესვიანად განახლებულ» მთავრობას წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
        იგულისხმება, რასაკვირველია, «პერსონალური შემადგენლობა» და არა მხოლოდ «შერწყმულ-შეჯვარებული სტრუქტურები. მიუხედავად დამკვიდრებული აზრისა, რომ «პერსონალიათა გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება» - სინამდვილეში, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც არა სტრუქტურები, არამდე დიდწილად მართლაც «კადრები წყვეტენ ყველაფერს». ეს მაქსიმა იოსებ სტალინს ეკუთვნის, მაგრამ იგი ჭეშმარიტია ნებისმიერი სახელმწიფოებრივი სისტემისათვის. თუ ვინმეს ჰგონია, დემოკრატიულ სახელმწიფოში «კადრები არაფერს წყვეტენ» - ძალიან ცდება. ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს კადრებს – ვთქვათ, საჭბოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ანდრეი გრომიკო – მაგრამ იმ დროს განა ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკისთვის, რომ მისი სახელმწიფო მდივანი (იგივე საგარეო საქმეთა მინისტრი) ჰენრი კისინჯერი იყო? «დალაგებულ ქვეყანაშიც» კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტი – რონალდ რეიგანი თუ ჯიმი კარტერი, მიტერანი თუ შირაკი, ვინ იქნება პრემიერი- მარგარეტ ტეტრჩერი თუ ტონი ბლერი.
        მაგრამ საქართველოში დამკვიდრებული საზოგადოებრივი სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელია. ერთ-ერთი ასეთი სტერეოტიპის შესაბამისად, მთავარი პრობლემა «სისტემაა» და არა «პერსონა»: ისევ დაიწყო სავსებით ფუჭი დესტრუქციული საუბარი, ეგრეთ წოდებულ, «მინისტრთა კაბინეტზე», რომლის შემოღება, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვს. თითქოსდა არ გვყავდა «პრემიერ-მინისტრი» ან «ვიცე-პრემიერები» გვაკლდა, მაგრამ მაშინ «ძველ» სისტემას სწორედ ის ხალხი უწოდებდა «კორუფციის ბუდეს», ვინც ამჟამად გააფთრებით მოითხოვს «კაბინეტის» შემოღებას, როგორც პანაცეას ყველა უბედურებისაგან – შესაბამისად, საკონსტიტუციო სივრცის დესტაბილიზაციას, კონსტრუქციის უაზრო მსხვრევას და ასე შემდეგ.
        კონსტიტუციაში შეიძლება შედიოდეს ცვლილებები – ეს სავსებით ნორმალური პროცესია. მით უმეტეს, როდესაც იგი პოლიტიკური კონსენსუსის ვითარებაში ხორციელდება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყოველ 2-3 წელიწადში კონსტიტუციის ძირფესვიანი გადაკეთება – მინისტრთა საბჭოს ინსტიტუტის აღდგენა კი სწორედ ამგვარ «ძირფესვიან» ცლვილებებს მოითხოვს.
        თანაც, ეს აბსოლუტურად არაფერს შეცვლის რეალურად, იმ პრობლემათა გადაწყვეტის თვალსაზრისით, რამაც აუცილებლობად აქცია მთავრობის პერსონალური შემადგენლობის შეცვლა.
        მაშასადამე, საქმე სწორედ «კადრებშია», ანუ «პერსონალიებსა» და მათ თვისებებში. ოღონდ ეს საკითხიც ნათლად გასარკვევია: ვაჟა ლორთქიფანიძეს საქართველოში «კორუმპირებულის» სახელი ნამდვილად არ ჰქონდა. აქ საქმე «კორუმპირებულობაში» არ არის და, საერთოდ, სრულიად ყალბია დამკვიდრებული აზრი, თითქოს ყველა უბედურების (მათ შორის, «საბიუჯეტო უბედურებათა») სათავე მხოლოდ მინისტრების კორუფცირებულობაა.
        მთავარი პრობლემა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხია და არა «კორუფცია». არსებული სისტემაც შესანიშნავად იმუშავებს, თუ ხელისუფლება გამოამჟღავნებს პოლიტიკურ ნებას, ხოლო ამ ნების რეალურად აღმასრულებელი სრულებით აპოლიტიკური ფიგურა იქნება, ანუ ისეთი პიროვნება, ვინც გადაწყვეტილებათა მიღებისას არ იფიქრებს იმაზე, თუ რამდენად «პოპულარულია» ესა თუ ის გადაწყვეტილება მოსახლეობასა თუ გავლენიან ფინანსურ-ოლიგარქიულ წრეებოში.
        ჩემი აზრით, გია არსენიშვილი პრეზიდენტმა სწორედ ამ ნიშნით შეარჩია – იგი ყველაზე ნაკლებად პოლიტიზებული ფიგურაა სხვა «კანდიდატებს» შორის, რომელთა გვარები ხშირად გაისმოდა კულუარებში მომავალ ცვლილებებთან დაკავშირებით. თემურ შაშიაშვილიც და ვანო ზოდელავაც საკმაოდ გავლენიანი, თანაც მზარდი პოლიტიკური ფიგურები არიან. პრეზიდენტს კი სურდა ამ თანამდებობაზე დაენიშნა ისეთი მოღვაწე, ვისაც «პოლიტიკოსის იმიჯი» საერთოდ არა აქვს.
        როგორც ჩანს, დღევანდელ ვითარებაში, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – სახელმწიფო მინისტრი ისევე «დეპოლიტიზებული» უნდა იყოს, როგორც (ვთქვათ) ომბუდსმენი. «სახალხო დამცველის» პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის მცდელობამ კი გასულ კვირას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა «უმრავლესობიდან» - «უმცირესობამდე».
        ვაჟა ლორთქიფანიძე «ვერ იყო» და კაცმა რომ თქვას, ვერც იქნებოდა «დეპოლიტიებული» სახელმწიფო მინისტრი. ბუნებრივია, თუ იგი გადაწყვეტილებას იღებდა (მათ შორის) პოლიტიკური მიზანშეწონილობისა თუ სარგებლიანობის მოსაზრებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრი იმავდროულად მმართველი პარტიის ერთ-ერთი (საკმაოდ შორსმომზირალი) ლიდერიც იყო. ეს კი ობიექტურად ქმნიდა პრობლემებს.
        დღევანდელ პირობებში სახელმწიფო მინისტრი უნდა იყოს ისეთი ფიგურა, ვინც არასდროს არ იფიქრებს იმაზე, თუ რამდენად გაზრდის ესა თუ ის გადაწყვეტილება მის პოპულარობას «ხალში» (ანუ ელექტორატში) ან ახლად ჩამოყალიბებულ-დამკვიდრებულ ოლიგარქიაში, - მთლიანად, ეგრეთ წოდებულ «ქართულ ისტებლიშმენტში», რომლის რაობა და თვისებრიობა ჯერ კიდევ შესასწავლია.
        სახელმწიფო მინისტრი მზად უნდა იყოს, მიიღოს «დარტყმა» თავის თავზე, არ მოერიდოს ვინმეს განაწყენებას. რაც მთავარია, განახორციელოს პრინციპული, ძალზე მტკივნეული გადაწყვეტილებები.
        გია არსენიშვილი პრეზიდენტს სწორედ ასეთ ფიგურად მიაჩნია. სხვა საკითხია, რამდენად გაამართლებს იგი ამ ვარაუდს. საერთოდ, პოლიტიკური ამბიცია ადამიანებს ძალიან ადვილად უჩნდებათ – მით უმეტეს, მაღალი თანამდებობა ყოველმხრივ «სხივმოსილია» - ეს «სხივმოსილება» კი თავისთავად ცდუნებაა.
        ანუ, მაინც «გააჩნია» პიროვნებას და მის პიროვნულ თვისებებს. მაგრამ რაკი გია არსენიშვილი სწორედ ამ მოტივაციით დაინიშნა (თუ ჩვენი ვარაუდი სწორია) – იგი მას ნათლად უნდა აცნობიერებდეს და, ალბათ, ისიც ესმის, რომ თუ ამ მოტივაციას არ გაამართლებს, სულ ადვილად გამოეთხოვება სავარძელს. თანაც, ყოველგვარი პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე, ხოლო თუ საკმოად მტკივნეულ «მისიას» შეასრულებს, პოლიტიკური პერსპექტივა არა, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი პოსტი ნამდვილად გარანტირებული ექნება. ეს მრავალი «თუ» მაინც აუცილებელია, რადგან საქართველოში ბევრი რამ საერთოდ არ «ექვემდებარება» ამ პროგნოზს.
        ვაჟა ლორთქიფანიძის «წასვლა» და სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გია არსენიშვილის «მოსვლა» უეჭველად უკავშირდება სახელმწიფოს «დეფოლტის» (გაკოტრების) მზარდ საშიშროებას. ამის თაობაზე არავინ მსჯელობს, არადა, საფრთხე (თუ ასე გაგრძელდა) სავსებით რეალურია – ქრონიკულად არ სრულდება ბიუჯეტი, იზრდება საბიუჯეტო დავალიანება, სახელმწიფო ვეღარ ახერხებს არათუ საგარეო ვალების ძირითადი თანხის გადახდას, არამედ კრედიტების მომსახურებასაც კი, ანუ პროცენტების დაფარვას.
        თანდათანობით, მაგრამ განუხრელად მიმდინარეობს სახელმწიფო სტრუქტურების ეროზია. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ არსებობა დაფინანსების გარეშე. ბიუჯეტი კვლავინდებურად არ სრულდება; «თოფიანი კაცი» საქართველოში ნახევრად მშიერია.
        რა არის ამის უმთავრესი მიზეზი? არა კორუფცია (ამ ცნების პოპულისტური გაგებით) ანუ მხოლოდ მაღალჩინოსანთა მექრთამეობა (თუმცა, ესეც არის, რასმაკვირველია. – ავტ.), არამედ მოსახლეობისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობისათვის ძალზე მტკივნეული და არაპოპულარული გადაწყვეტილებების შიში.
        ვიდრე ეს შიში იარსებებს ხელისუფლებაში, მანამ ქვეყანას არაფერი ეშვლება და შეიძლება დროში გაჭიმული «სახელმწიფოებრივი კვდომის» პროცესიც დაიწყოს.
        არა აქვს მნიშვნელობა, საბოლოოდ «ემისია» გაანადგურებს ქვეყანას, თუ «სოციალური აფეთქება», - შედეგი ამ შემთხვევაში მართლაც არ შეიცვლება.
        რაში მდგომარეობს ჩვენი უმთავრესი პრობლემის არსი, ძალზე მკაფიოდ გამოჩნდა გასულ კვირას, როდესაც საქართველოს «ენერგოსისტემის მამებმა», როგორც იქნა, მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და მასობრივად გამოურთეს ელექტროენერგია «არგადამხდელ მომხმარებლებს».
        ეს თითქოს წვრილმანია, თითქოს რა კავშირშია «ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის» გადაწყვეტილება სახელმწიფო მინისტრის შეცვლასთან. შესაძლოა, პირდაპირი კავშირი ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ნიშანდობლივია თვით ტენდენცია, აგრეთვე საპასუხო რეაქციაც.
        როგორც მოსალოდნელი იყო, ელექტროენერგიის გამორთვას მოჰყვა ამაზრზენი პოპულისტური ისტერიკა პარლამენტში. თანაც, არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც.
        გარდა ამისა, დაიწყო გზებისა და ხიდების «გადაკეტვა». ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, რომლებიც, რასაკვირველია, წილობრივად დაინტერესებულნი არიან «ადგილობრივ საწარმოთა» ფუნქციონირებით და მოსახლოების «კმაყოფილი უდრტვინველობით», ყველანაირად შეუწყვეს ხელი «პროტესტის გამძვინვარებას».
        ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმაც, «რასაკვირველია,» თითს თითი არ დააკარეს ავტომაგისტრალების გასაწმენდად, შედეგად კი, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო იძულებული გახდა (როგორც ჩანს), უკან დაეხია, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ «არგადამხდელებს» კვლავინდებურად მიაწვდიან ელექტროენერგიას იმათ ხარჯზე (სხვა სქემა უბრალოდ არ არსებობს), ვინც პატიოსნად, რეგულარულად იხდის ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო მომავალ ზამთარს კვლავ აღმოვჩნდებით ისეთივე ბნელ მარაზმში, როგორშიც ვიმყოფებით 1994 წლიდან.
        გარდა ამისა, ეს სქემა (როდესაც ელექტროენერგიას აწვდიან «არგადამხდელებს» «პატიოსნად გადამხდელთა ხარჯზე») უეჭველად, უეჭველად გააძვირებს ელექტროენერგიის საფასურს 9 თეთრიდან 14-15 თეთრამდე უახლოეს მომავალში. ვინ დაზარალდება? დაზარალდება ის, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე. ვინ მოიგებს? მოიგებს ის, ვინც ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. შემდეგ კი გვიკვირს, რომ საქართველოში მოქალაქეობრივი შეგნების ძალზე დაბალი დონეა. ეს შეგნება ყველა ქვეყანაში დიახაც, ცეცხლითა და მახვილით აღზარდეს.
        იგივე ითქმის კორუფციაზეც. სრული დემაგოგიაა, თითქოს კორუფციით მხოლოდ «უმაღლესი სახელისუფლებო რგოლია» დაავადებული, ხოლო «ქვემოთ» ყველაფერი მთის წყაროსავით ანკარაა. სინამდვილეში «კორუმპირებული კაპიტალის» დაგროვება იწყება წვრილმანიდან, - კონტრაბანდულად შემოტანილი «ორიოდე ჩანთა» სიგარეტიდან, სამიოდე «კანისტრა» ბენზინიდან... მათი საერთო ჯამი ასეულობით ათასი და მილიონობით ერთეულია. იწყება მილიონობით დოლარის მოძრაობა ქვემოდან ზემოთ: რიგითი კონტრაბანდისტისაგან მინისტრამდე. ვიდრე «ქვემოთ» არ ექნებათ კანონის შიში, კორუფცია «ზემოთ» აუცილებლად იარსებებს, შეიცვლება ერთი კორუმპირებული მინისტრი მეორე მინისტრით. კორუფციის ფესვები კი კვლავაც უხვად «მოირწყვება».
        გაუთავებელი ლაყბობა «სახელმწიფოებრივ კურსზე», ეგრეთ წოდებულ, «საგარეო ორიენტაციაზე», «ოპოზიცია-პოზიციის დაპირისპირებაზე», «სახელისუფლებო ორბიტებზე» სრულებით ფუჭი და არაფრისმომცემია. რა ეკონომიკური თუ საგარეო პოლიტიკური კურსიც უნდა გაატაროს ხელისუფლებამ, ვითარება არ გამოსწორდება – საქმე გვაქვს სახელმწიფოებრივ მანკთან, რომლის მოსპობა შესაძლებელია მხოლოდ ძალზე მტკივნეული, არაპოპულარული, სარისკო გადაწყვეტილებებით, თანაც, უმოკლეს ვადაში, რადგან 2000 წლის საბიუჯეტო მდგომარეობის გათვალისწინებით, კატასტროფის სუნთქვა უკვე იგრძნობა.
        სწროედ ამ გარემოებებმა გამოიწვია გია არსენიშვილის გამოჩენა ხელისუფლებაში: როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ, განსხვავებით ვაჟა ლორთქიფანიძისგან, გია არსენიშვილს აქვს ნაკლები «ორგანიზატორული უნარი» და გამოცდილება, სამაგიეროდ, აქვს ის თვისებები, რაც აუცილებელია კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
        ჩვენში ხშირად საუბრობენ «მენტალიტეტზე», თანაც, აბსტრაქტულად, თეორიული განსჯის ოდნეზე. არადა, «მენტალიტეტის პრობლემა» ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და კონკრეტულია.
        ყველაფერი არ დაიყვანება მხოლოდ «პირველი პირის» პრობლემაზე, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ იგი ტრანსფორმაციის უნარს ამჟღავნებს. ცნობილი მაგთლითია, რომ ადამიანმა სრულად მხოლოდ მაშინ შეიცნო საკუთარი შესაძლებლობები, როდესაც შექმნა ისეთი მანქანა, რომელსაც სხვა მანქანების მართვის უნარი ჰქონდა.
        «მენტალიტეტის» პრობლემა განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც იგი ხელს უშლის კონკრეტულ პიროვნებას, მიიღოს გადაწყვეტილებები. 1995 წელს ეს მენტალური პრობლემა ხელისუფლებაში არ იდგა, მაგრამ ღდეს იგი ძალზე აქტუალურია.
        გია არსენიშვილი იმდენად «ბუნდოვანი» ფიგურაა (პოლიტიკური მოღვაწე იგი საერთოდ არ ყოფილა), რომ მის შესახებ დანამდვილებით რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ის არის, რომ მას უეჭველად განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. მისი მენტალიტეტი არ არის დამძიმებული «სოციალური დანაშაულის» კომპლექსით, რაც საბჭოური ტიპისა და წარმომავლობის თითქმის ყველა მოღვაწეს ახასიათებს, - განურჩეევლად იმისა, არის თუ არა პიროვნულად რაიმეში დამნაშავე.
        გარდა ამისა, მივაქციოთ ყურადღება, რომ არსენივშილს არავის ვალი არა აქვს არც ერთი თვალსაზრისით – ვგულისხმობ, ისევ და ისევ «კორპორაციებს», ანუ ინტერესთა გაერთიანებებს და არა პიროვნებებს.
        აქედან აგმომდინარე, მას «გადასახდელიც» არაფერი ექნება, არც მატერიალური და არც რაიმე სხვა თვალსაზრისით. არსენიშვილი, კლასიკური გაგებით, არც «ადგილობრივი ელიტის» წარგზავნილია ცენტრალურ ხელისუფლებაში. საბედნიეროდ, საქართველოში «ადგილობრივ ელიტათა» ზეგავლენა ცენტრალურ ხელისუფლებაზე, ჯერჯერობით, ისეთი ძლიერი არ არის, რომ მათ აიძულონ ხელისუფლება, ესა თუ ის პიროვნება «დანიშნოს» სახელმწიფო მინისტრად. არც რომელიმე ოლიგარქიულ-ფინანსური დაჯგუფებაა იმდენად ძლიერი, «საკუთარი პრემიერი» ჰყავდეს.
        ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკა «ინტერესთა თანხვედრის» ხელოვნებაა. გია არსენიშვილის ფიგურა ობიექტურად შეესაბამებოდა ამ თანხვედრას. არც ის აზრი უნდა იყოს გასაზიარებელი, რომ იგი «დროებითი ფიუგრაა». თუ სიმართლეს შეესაბამება პრეზიდენტის მოტივაციის ჩვენეული ვარაუდი, მაშინ გია არსენიშვილი უეჭველად დაიმსახურებს «გავლენიანი წრეების» და, თუნდაც ნაწილობრივ, მოსახლეობის სიძულვილს; სამაგიეროდ, იქცევა სავსებით შეუცვლელ მოღვაწედ ხელისუფლებისთვის. გააჩნია, რამდენად სწორად აცნობიერებს თვით არსენივშილის აკუთარ ფუნქციას.
        არც ის შეხედულება უნდა იყოს მართებული, თითქოს გია არსენიშვილი პრეზიდენტმა «მართვადობის» ნიშნით შეარჩია და რომ იგი «ადვილად მართვადი» იქნება როგორც პრეზიდენტის, ასევე «მოქალაქეთა კავშირის» მხრიდან: საქმეში ჩახედულმა დამკვირებლებმა კარგად იციან, რომ კახეთის გუბერნატორს სრულებითაც არ ჰქონია «შეხმატკბილებული» ურთიერთობა მმართველ პარტიასთან და, საერთოდ, ყველგან და ყველაფერში, რაღაც ინტრიგის ძიება ავადმყოფური, დესტრუქციულიო მენტალიტეტის უპირველესი ნიშან-თვმისებაა, ისევე, როგორც «მარტივის გართულებისაკენ» სწრაფვაა პრიმიტივიზმის უმთავრესი სიმპტომი.
        გია არსენიშვილი ვერავისგან «მართვადი» ვერ იქნება, რადგან იგი არა უბრალოდ ქართველი ინტელიგენტია, არამედ სწორედ «კახელი ინტელიგენტია» და, როგორც ჩანს, საკმოად მძიმე ხასიათიც აქვს. მას ყოველთვის ექნება საშუალება, თანამდებობიდან წავიდეს ღირსების შეუბღალავად. საერთოდ რომ არაფერი გაეგებოდეს «მართვისა და სისტემათა ორგანიზაციის» ხელოვნებაში, მისი მენტალიტეტი და სოციალური (არა ნომენკლატურული) წარმომავლობა «გადასწონის» ყველა ნაკლს.
        გია არსენიშვილი მოულოდნელად (როგორც ჩანს, მისთვის მოულოდნელად) აღმოჩნდა «პირველი მერცხალი» იმ ცვლილებისა, რაც აშკარდა ხდება ქართულ ისტებლიშმენტში. თანდათანობით იცვლება ამ ისტებლიშმენტის სახე და შინაგანი შემადგენლობაც, მათ შორის, სოციალური თვალსაზრისითაც.
        შეუძლებელია, გია არსენიშვილმა არ სცადოს, აგრეთვე, თვით მთავრობის ახალი გუნდის შერჩევაში მონაწილეობაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობის პერსონალური შემადგენლობაც შეიცვლება და არა მხოლოდ «სამინისტროთა გამსხვილების» მეთოდით, არამედ შინაარსობრივადაც.
        რაც შეეხება «ორგანიზატორულ უნარს» და «მართვის გამოცდილებას», ამ უნარისა და გამოცდილების ნაკლებობა, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, არსენიშვილისთვის დღევანდელ პირობებში უფრო ღირსება შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ნაკლი, რადგან «სახელისუფლებო ინტრიგებსა» და ტექნოლოგიაში გამოუცდელი «კახელი ინტელიგენტი» უფრო მიიღებს «სწორხაზოვან გადაწყვეტილებებს». საქართველოს კი ამჟამად სწორედ ასეთი, «ჯიქურ სწორხაზოვანი» გადაწყვეტილებები ესაჭიროება.

დილის გაზეთი, 8 მაისი, 2000 წელი

მთელ გვერდზე