შევარდნაძის გადადგომა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან

შევარდნაძის გადადგომა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან

       პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებამ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ სრულიად განსხვავებული ვითარება შექმნა საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
        ვერ ვიტყვით, თითქოს ეს ნაბიჯი მოულოდნელი იყო - იგი დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა. მიზეზები საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ უმთავრესს მაინც არავინ ასახელებს. საქართველოს პოლიტიკური კონფიგურაცია და ხელისულფებათა გამიჯვნის მოედლი ინსტიტუციურად მოითხოვდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისფლებათა გამიჯვნას
        ის «ხიდი», რაც არსებობდა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის (როდესაც პრეზიდენტი, იმავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელიც იყო და, შესაბამისად, ორმხრივი პასუხისმგებლობა მოქმედებდა), მთლიანობაში სისტემას ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას არ აძლევდა.
        არადა, «ამეორიკული» მოდელი სწორედ შინაარსობრივად გულისხმობს პარლამენტის «რბილ» ოპონირებას პრეზიდენტის მიმართ. «სირბილეში» ვგულისხმობთ ტაქტიკურ საკითხებს - სტრატეგიულ ხედვაში ერთობის პირობით. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში სტრატეგიული დაპირისპირება წარმოიშვას პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. «ამერიკული მოდელის» პირობებში ეს მორიგი სამოქალაქო ომის წინაპირობა იქნებოდა.
        ამრიგად, პრეზიდენტის გადადგომა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან ნიშნავს არა უბრალოდ ედუარდ შევარდნაძის გამიჯვნას მის მიერვე დაარსებული პარტიისგან, არამედ პრეზიდენტის გამიჯვნას პარლამენტისგან (და პირიქით), რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა.
        სრულიად ფუჭია ილუზია, რაც ზოგიერთ «ოპოზიციურ» პარტიას გაუჩნდა, ვითომდაც ისინი «ჩაანაცვლებენ « ზურაბ ჟვანიას პარტიას- ედუარდ შევარდნაძესთან. სინამდვილეში, პრეზიდენტი, ალბათ, თანაბარ დისტანციას დაიკავებს ყველა საპარლამენტო ფრაქციის მიმართ, აამოქმედებს სახელისუფლებო ტექნოლოგიის არსენალს და არც ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ ეყოლება. თუმცა კი, ბევრს გაუჩნდება ილუზია, თითქოს სწორედ ისინი არიან ფავორიტები.
        ამასთანავე, ახალი მდგომარეობა, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ოპოზიციისთვის თუ ტრაგედია არა, სერიოზული თავსატეხია, ვინაიდან მოქალაქეთა კავშირი აღარ არის მმართველი პარტია და «ოპოზიციონერობის» არგუმენტაციით ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირება უკვე აბსურდად იქცა.
        ფუჭია აგრეთვე განზრახულობათა მთელი ჯაჭვი «ახალ უმრავლესობასთან» დაკავშირებით. არანაირი მყარი უმრავლესობა პარლამენტში აღარ იარსებებს. უფრო მეტიც, - როგორც არაერთგზის ითქვა, «ჟვანიას უმრავლესობა» იყო უკანასკნელი, მეტ-ნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.
        «მინისტრთა კაბინეტის» შექმნის ალბათობა დღეიდან არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა, რადგან ის პოლიტიკური ძალები («ტრადიციონალისტები» და «მრეწველები»), რომლებიც ისედაც აქტიურ კონსულტაციებს ახორციელებდნენ მმართველ პარტიასთან ამის თაობაზე, კიდევ უფრო აქტიურად წარმართავენ ამ მოლაპარაკებებს, როდესაც მოქალაქეთა კავშირი მმართველი ძალა აღარ არის.
        სხვა საქმეა, რომ კონსულტაციების შედეგად შექმნილი კაბინეტი შეიძლება კოალიციური იყოს თუ, რასაკვირველია, თვით მოდელი პრეზიდენტს დააკმაყოფილებს. ედუარდ შევარდნაძე ყველა შემთხვევაში მძლავრ ბერკეტებს შეინარჩუნებს პარლამენტზე (მათ შორის, მაჟორიტარ დეპუტატებზე) ზემოქმედებისთვის.
        ზურაბ ჟვანიას პოლიტიკურ მოღვაწეობაში ახალი პერიოდი იწყება. ახალ პოზიციას, მრავალ მინუსთან ერთად, არანაკლებ საგულისხმო პლუსებიც აქვს. თუ ჟვანია ემოციებს არ აჰყვა და უხეში შეცდომები არ დაუშვა, იგი თავს მრავალი თვალსაზრისით შეინარჩუნებს.
        პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მისი წასვლაც არ არის ისე ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ზურაბ ჟვანია ერთგვარად «აბალანსებს» სხვა პოლიტიკურ პარტიათა აბმიციებს. ამან შეიძლება უზრუნველყოს მისი პოზიციის სტაბილურობა 2003 წლამდე.
        უმძიმესი, მომაკვდინებელი შეცდომა იქნება, თუ ჟვანია თავის «გუნდთან» ერთად გავა მოქალაქეთა კავშირიდან და ახალ პარტიას ჩამოაყალიბებს. პირიქით, ჟვანიას მხრივ ყველაზე მიზანშეწონილი იქნებოდა შეენარჩუნებინა პარტია, მისი სახელწოდება, იურიდიული სტატუსი და ასე შემდეგ.
        არ არის გამორიცხული, «ჟვანიას ფრაქცია» პარლამენტში აღარ იყოს უმრავლესობა, მაგრამ ვიმეორებ, სტაბილური უმრავლესობა «პარლამენტში» საერთოდ აღარ იარსებებს.
        დღეიდან რეალურად იწყებს მუშაობას «ნამდვილი ამერიკული მოდელი» ხელისუფლების დაყოფისა. ეს გაურკვევლობაზე უკეთესია.

დილის გაზეთი, 18 სექტემბერი, 2001 წელი