ჯორჯ რობერტსონი კავკასიას საქართველოში ეცნობა

        გუშინ საღამოს თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გენერალური მდივანი ჯორჯ რობერტსონი, რომელმაც დაახლოებით, 18 საათით დატოვა ნატოს შტაბ-ბინა ბრიუსელში. ალიანსის წყაროები კვლავინდებურად ირწმუნებიან, რომ რობერტსონს არ შეუძლია დიდი ხნით დატოვოს ბრიუსელი, ვინაიდან იუგოსლავიაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, გაიმარჯვა ოპოზიციამ, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მილოშევიჩი არ დათმობს ხელისუფლებას და ნატოს შეიარაღებული ჩარევა მოუწევს – მილოშევიჩის არმიის საწინააღმდეგოდ, თუ ეს უკანასკნელი საკუთარ ხალხს ესვრის.
        ეს თითქოს მყარი არგუმენტია, თუმცა საეჭვოა მხოლოდ ამის გამო ეთქვა უარი რობერტსონს აზერბაიჯანში გამგზავრებაზე. კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანში ნატოს გენერალური მდივნის «ჩაუსვლელობა» სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს უფრო უკავშირდება, ვიდრე იუგოსლავიაში შექმნილ ვითარებას. ამასვე უკავშირდება საქართველოში ვიზიტის პროგრამის შემცირებაც.
        მიუხედავად ამისა, ჯორჯ რობერტსონის ჩამოსვლა საქართველოში მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. სხვა რომ არაფერი, ამ დემარშით (იმ დროს, როცა დაწყებულია საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანა) ნატო კავკასიაში საქართველოს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტულობას აღიარებს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. დღეს «მეტეხი-პალასში» ნატოს გენერალური მდივნის მონაწილეობით გაიმართება კონფერენცია: «კავკასია –რეგიონულიო თანამშრომლობა და ნ ატოსთან ურთიერთობის პერსპექტივა». ამ ღონისძიების ინტრიგა ის არის, რომ თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობა (რასაკვირველია, იჩქერიის ხელმძღვანელობის დავალებით) ყოველნაირად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში (ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად!) ან რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი პოზიცია. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ოპერაცია ჩეჩენთა მთავარმა იდეოლოგმა მოვლადი უდუგოვმა ჩაიფიქრა, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ეშმაკობითა და გონებამახვილობით. შესაბამისი ინფორმაცია უკვე გაჩნდა ჩეჩენთა ინტერნეტ-საიტზე. ეს ცნობა გაავრცელა აგრეთვე რადიო «სვობოდა»-მ, ანუ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ «მეტეხი-პალასთან» დღეს ჩეჩნები უეჭველად გამოჩნდებიან: მათ შორის, ჩეჩნეთიდან სპეციალურად გადმოსულნი (პანკისის ხეობის გავლით), ვინაიდან ასეთი შანსი კარ გა ხანს აღარ ექნებათ. მაგრამ აქ, ქართულ მხარეს მართებს უდიდესი სიფრთხილე, რათა რობერტსონის ვიზიტი გრანდიოზულ საერთაშორისო სკანდალში არ გადაიზარდოს და ჩვენი კეთილისმყოფელი სტუმარი ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ, მეორედ საქართველოსაკენ აღარ გამოიხედოს.
        აბსოლუტურად დაუშვებელია დღევანდელ კონფერენციაზე «ჩეჩნეთის» თემამ გაიჟღეროს ისეთ კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს ატეხოს დიპლომატიური გნიასი და მოიპოვოს არგუმენტები დაძაბულ დაპირისპირებაში ბრიუსელთან. რუსეთი, რასაკვირველია, აქტირურად გამოიყენებს ამ კოზირს. შედეგად კი საქართველო «გაისრისება», ამიტომ საქართველოს უშიშროების სამინისტრომ იმთავითვე უნდა აღკვეთოს ჩეჩნების შეღწევა კონფერენციაზე. ჩეჩნეთის თემა კონფერენციაზე თუ მაინც გაჟღერდება, მხოლოდ «ლეგალური» მონაწილეების მხრიდან უნდა «გახმოვანდეს» და მხოლოდ ისეთ კონტექსტში, რაც ფორმულირებულია დებულებით: «ნატომ ხარს უჭერს რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებს მის უფლებას ებრძოლოს ტერორიზმს, მაგრამ მოუწოდებს მას ძალის გამოყენების ადეკვატურობისკენ». თუ რობერტსონი საერთოდ შეეხება ჩეჩნეთის თემას (რაც საეჭვოა საქართველოში ყოფნისას), - შეეხება მხოლოდ ამ კონტექსტში. ჩეჩნები კი ამაოდ ცდილობენ ახლა ნატო რუსეთს «შეახეთქონ». ორიოდე წლის წინათ იქჩერიის პრეზიდენტმა, ასლან მასხადოვმა რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ «ნატო» და ამერიკა რუსეთზე უფრო საშიშია და ურფო მეტად მიუღებელია კავკასიისთვის». აქ შეიძლება დემთხვეს რუსეთისა და იჩქერიის ინტერესები.
        მაგრამ თუ ასეა, დღეს ნუ ცდილობენ საქართველოში ნატოს ხელმძღვანელის ვიზიტი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. აქ შეცდომა საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

დილის გაზეთი, 26 სექტემბერი, 2000 წელი

მთელ გვერდზე