გაწმენდა

გაწმენდა

ლუსტრაცია

        ინგლისური სიტყვა lustration, რომელსაც ლათინური ძირი აქვს და სინათლეს, ნათებას უკავშირდება, დღეს გაწმენდის ან განწმენდის (ნ - გააჩნია რა შემთხვევაში) აზრით გამოიყენება და პოლიტიკური მნიშვნელობით ნიშნავს სპეცსამსახურთა ყოფილი აგენტების გამოვლენას.
        ანუ, თუ «განწმენდა» რელიგიური აქტი და სულიერების გამოვლენაა, სპეცსამსახურთა შემთხვევაში უფრო «გაწმენდასთან» გვაქვს საქმე. ისევე, როგორც «ნათელის მოფენასთან». ოღონდ არა ღვთიური ნათელისა, არამედ იმ სუბიექტების გამოაშკარავების და «მზის სინათლეზე გამოთრევის» თვალსაზრისით, რომლებიც ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ სპეცსამსახურებს (პირველ რიგში უცხოურს ანუ რუსულს) და ამჟამადაც აგრძელებენ გულმოდგინე «მსახურებას».
        მათი გულმოდგინება არავითარ ეჭვს არ იწვევს. საქმე ისაა, რომ ცნობილი გამონათქვამის შესაბამისად «კგბ»-ს ყოფილი აგენტები არ არსებობს», ანუ ასეთი აგენტი მანამდე ემსახურება მშობლიურ უწყებას (ამჟამად თვითონ უნდა თუ არა), სანამ არ დაასაფლავებენ და მის საფლავზე ლამაზი, ტანადი ბერიოზკა არ ამოვა.
        კონკრეტულ სპეცსამსახურს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა – КГБ იქნება თუ ГРУ. კანონი და პრინციპი ერთია: «ჩვენთან შემოსვლა და ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება იოლია, მაგრამ შეწყვეტა – ნურას უკაცრავად!». «შემოსვლა ერთი რუბლი ღირს, ხოლო გასვლა – ორი»
        საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით, რაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძემ აღწერა «ბედნიერ ერში» - ნებისმიერ სპეცსამსახურს «სამუშაოდ» ნოყიერი ნიადაგი ხვდებოდა და ამჟამადაც ხვდება.
        თუმცა ჯერ ალბათ უახლესი ისტორია უნდა გავიხსენოთ.

სია

        დამოუკიდებელი ეპოქის ჟურნალისტებს რაც თავი გვახსოვს (ანუ 1992 წლიდან) სულ «ლუსტრაციის» კანონზეა ლაპარაკი. ესე იგი საბჭოთა იმპერიის აგენტთა გამოვლენაზე.
        ჯერ კიდევ 1990 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სპეცსამსახურის შენობაში შეიჭრნენ ლესია უკრაინკას ქუჩაზე, იმდროინდელი «ანტიზვიადისტები» ამბობდნენ, რომ «გამსახურდიამ კრემლის დაკვეთა შეასრულა, რათა მოსკოვს აგენტების სია საქართველოდან გაეტანა და მისი აგენტობაც არ გამოაშკარავებულიყო».
        მაგრამ მეორე ვერსიით, პირიქით - ზვიად გამსახურდიას იმ სიის ხელში ჩაგდება თვითონ უნდოდა, რათა მერე კოლხურ კოშკში წაეღო და ღამ-ღამობით ეფურცლა საქართველოს სახელოვანი ინტელიგენციის, ცნობილი ჟურნალისტების  და ვითომ «ანტისაბჭოთა ელემენტების» «მოხსენებითი ბარათები» - თავიანთი «დამვერბოვკებლების» სახელზე, რომელშიც დაწვრილებით ჰყვებოდნენ, საზღვარგარეთ მივლინების დროს ვინ რას ლაპარაკობდა თვითმფრინავის სალონში ან ავტობუსში, ვინ გამოთქვამდა ეჭვებს საბჭოთა წყობის კეთილშობილებაზე და ვინ იყო აღფრთოვანებული კაპიტალისტურ ქვეყნებში მაღაზიების სისავსით ან ჩუმ-ჩუმად დაძვრებოდა პორნოფილმების სანახავად.
        ხშირ შემთხვევაში იმ ფილმებს ერთადაც უყურებდნენ, მაგრამ რაც ეპატიება «საბჭოთა სექსოტს» (ტერმინიდან «სეკრეტნი სოტრუდნიკ») არ ეპატიება ჩვეულებრივ მოქალაქეს!
        ზვიად გამსახურდიას რა უნდოდა სინამდვილეში, ახლა ძნელი დასადგენია. მაგრამ ასეა თუ ისე, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა მართლაც წაიღო საქართველოდან ის უძვირფასესი სია. სწორედ იმ დროიდან მიმდინარეობს ამ ქვეყანაში გაუთავებელი ლაპარაკი «ლუსტრაციის კანონის» შესახებ, რომელშიც განსაკუთრებით ის ხალხი აქტიურობს, ვინც სიის პირველ ასეულში მაინც იქნებოდა თუ ათეულში არა.

«სექსპერტები» და ცნობილი მწერლები

        საბჭოთა კგბ-ს და მის მემკვიდრე რუსულ «ფსბ»-ს ჩვენი სახელოვანი ქართველი ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელიც ჰყავდა და ჰყავს «ყურებით დაჭერილი».
        თუმცა ჯერ ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთხსენებული სია არა მხოლოდ მოსკოვში ჰქონდათ წაკითხული. ედუარდ შევარდნაძე ამ სიას კარგად იცნობდა. თვითონ რასაკვირველია არ რცხვენოდა კგბ-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობა. ერთი ანეგდოტის შესაბამისად - «აგენტობა» რომ წამოაძახეს და უპასუხა: «კგბ-ს აგენტი შეიძლება შენ იყო, თორემ მე აგენტი კი არა გენერალი ვარო!»
        საქართველოში «მეორედ მოსვლის» შემდეგ ედუარდ შევარდნაძე აქტიურად იყენებდა ამ ცოდნას, როდესაც ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» საქციელში ზოგი რამ არ მოსწონდა.
        მაგალითად: როგორც კი შენიშნა, რომ ეს «ინტელიგენცია» აფხაზეთის ომის შემდეგ ასლან აბაშიძეს და ჯუმბერ პატიაშვილს «ეკურკურებოდა», პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა და ვითომ სხვათა შორის თქვა: «მე კი ნანახი მაქვს აგენტების სია, მაგრამ რომ გამოვაქვეყნოთ, ამ ქვეყანაში ისეთი ამბავი ატყდება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში! ამიტომ, სამი ყველაზე ავტორიტეტული მწერალი შევარჩიოთ და იმათ წავაკითხოთო».
         შევარდნაძის წინადადებას არავინ ელოდა და ყველა «გაშტერდა»: ზოგიერთ «ინტელიგენტს» შიშით ხმა ჩაუვარდა და სახეზე სიფითრემ გადაჰკრა. მართლაც, შევარდნაძის ინიციატივა ხომ შეფარული მუქარა იყო? აბა იმ «სამ ცნობილ» მწერალს თუ მაშინდელ ექსპერტს ენაზე რა დაადგებოდა?!!
        ამის თქმა იყო და ბათუმში «კურკური» შეწყდა. თუმცა, «ლუსტრაციის შესახებ კანონის» მიღებაზე ყაყანი გრძელდებოდა..
        საერთოდ, ამ კანონს ერთი უცნაურობა ახასიათებდა და ახასიათებს: თითქოს ყველა მომხრეა მისი მიღებისა, ყველა მხარს უჭერდა და უჭერს, ყველას აუცილებლად მიაჩნია, მაგრამ როგორც კი საქმე – საქმეზე მიდგება, კანონი გადაიდება ხოლმე.
        ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ცხონებულმა ავთო იოსელიანმა ახსნა ჯერ კიდევ 1997 წელს: «თუ ახლა გამოვაქვეყნებთ იმ აგენტების სიას, რომლებიც საბჭოთა კგბ-სთან თანამშრომლობდნენ (ესე იგი საკავშირო «გბ»-ს ქართულ განყოფილებასთან), ამით ის ადამიანები დაშინდებიან, ვინც დღეს არის მზად, ითანამშრომლოს დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების სამსახურებთან. არადა, სპეცსამსახური ხომ ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება? ისინი კი დაშინდებიან და იფიქრებენ: ერთხელ თუ გამოაქვეყნეს სია, მეორედაც ხომ შეიძლება გამოაქვეყნონო».
        კიდევ ერთი მიზეზი კი კვლავ და კვლავ ის გარემოება იყო, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა, ჟურნალისტიკა, დღევანდელი «საექსპერტო საზოგადოება» (ყოველი მეორე ყოფილი საბჭოთა «სექსოტი» დღეს «სექსპერტია») სავსე იყო და ახლაც სავსეა «ოსვედომიტელებით. ჰოდა ქვეყანა პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ექსპერტების, ჟურნალისტების გარეშე ხომ ვერ დარჩება?
        «ლუსტრაციის შესახებ კანონის» არსი კი ისაა, რომ ასეთ ადამიანს არათუ პოლიტიკური და პროფესიული საქმიანობა, არამედ ქუჩაში გამოჩენაც უნდა აეკრძალოს!!!
       
              

შიფროგრამები და სამგლოვიარო ზალპი

    დღეს რას აკეთებენ «სექსოტები?»  მათთვის «ოქროს თემაა» შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, როდესაც იოლია «ცეცხლის შენთება». თანაც ისე, რომ პირდაპირ ვერ შეგედავონ.
        «გაეროს წესდების შესაბამისად ხალხს აქვს აჯანყების უფლება» - აცხადებს ერთი მათგანი. სინამდვილეში იგულისხმება არა «გაეროს წესდება», არამედ ადამიანის უფლებათა დეკლარაცია – ტირანიის შემთხვეავში., თუმცა საქართველოში რომ მართლა «ტირანია» იყოს, ასეთი ექსპერტების ადგილი მაღაროებში იქნებოდა – ქვის სამტეხლოზე, სადაც მძიმე უროს დააჭერინებდნენ ხელში.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება – ხსენებული სია ლამის უკვე ოცი წელია მოსკოვშია და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა «ლუსტრაციის შესახებ» (თუ «სირცხვილის დერეფნებში» გააღწევენ დეპუტატები), - საქართველოში იმ სიას აღარავინ დააბრუნებს.
        თუმცა ირიბი ნიშნები კი ნამდვილად არსებობს:
         აქედან გამომდინარე, «გაწმენდა» შეუძლებელია, «ლუსტრაციაზე» ლაპარაკი წყლის ნაყვაა და სასოებით უნდა დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც დამსახურებული «თანამშრომლის» საფლავზე ლამაზი., ამაყი «ბერიოზკა» ამობიბინდება.
        ეს ხე საქართველოში არ ხარობს, როგორც ცნობილია, თუმცა შვეიცარიის საელჩოს «კრიშის» ქვეშ «დიპლომატებად» გაფორმებული «ფსბ»-შნიკები და «გრუ»-შნიკები (ამ უკანასკნელს სახელწოდებაც არ შეუცვლია ზოგიერთი ცნობით) ვიზას არ დაიშურებენ.
        ისევე, როგორც დრეზდენის რეზიდენტურის ყოფილი ხელმძღვანელი (დღეს რუსეთის პრემიერ მინისტრი) არ დაიშურებს მადლობისა და თანადგომის სიტყვებს თვით ღვაწლმოსილი მოღვაწის ან, მშობლიური ლუბიანკის საცერემონიო რაზმის სამგლოვიარო ზალპისას – მდუღარე ცრემლით მტირალი ქვრივისათვის . . . . .
        «აქ განისვენებს ცნობილი ქართველი ინტელიგენტი . . . « უფალო, საჭირო მიმართულებით გააგზავნე მისი სული და განწმინდე დედამიწა ცოდვისაგან. ამინ!