9 აპრილი - საქართველოს უახლესი ისტორიის დასაწყისი

9 აპრილი - საქართველოს უახლესი ისტორიის დასაწყისი

        1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, «მთავრობის სასახლის» წინ დატრიალებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერის ისტორიას კონკრეტულ პიროვნებათა ან მოვლენათა ჯგუფი ქმნის. ნეტავ, როგორ განვითარდებოდა საქართველოს ისტორია ამ მოვლენის გარეშე? რა მოხდებოდა, თუ, ვთქვათ, 4 აპრილს ჯერ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება», ხოლო შემდეგ «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია» ვერ შეძლებდა მძლავრი აქციის «აგორებას», რომელიც იმთავითვე განზრახული იყო, როგორც ხელისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკების დასაწყისი?
    ერთი რამ ამთავითვე უნდა ითქვას: აპრილის აქცია ზუსტად ისე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა კიდეც. ორგანიზატორები არანაირ კომპრომისზე არ წავიდოდნენ, ხელისუფლება კი ელემენტარულად არ მოითმენდა ამ აქციის უსასრულოდ გაგრძელებას, რომელიც სხვა არანაირ მოთხოვნას არ აყენებდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გარდა. შედეგად დაიღვარა სისხლი, დაიღუპნენ ადამიანები. მსოფლიომ გაიგო მომხდარის შესახებ და მოხდა საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების დისკრედიტაცია.
    საქართველოს კიდევ ერთი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ ჯუმბერ პატიაშვილს არ ეყო ჭკუა და ვაჟკაცობა, 7-8 აპრილისათვის მაინც თანამდებობიდან გადამდგარიყო და თავისი სავარძელი ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის შესანარჩუნებლად «გაეწირა».
    რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რომ მომიტინგეებს რუსის ჯარი შესეოდა. საქართველოს კომუნისტურმა ელიტამ სრული უნიათობა გამოამჟღავნა. ქართველ კომუნისტებს თუ მიაჩნდათ, რომ 1989 წლის ნოემბერში დაწყებული მოძრაობა «ქვეყნის დასაღუპად» იყო გამიზნული (როგორც თავად აცხადებდნენ). მაშინ სხვანაირად უნდა ემოქმედათ და საქმე 9 აპრილამდე არ უნდა მიეყვანათ.
    რაც შეეხება რადიკალებს, მათი მოტივაცია ძნელი გასაშიფრი არ არის. ისინი შიშობდნენ, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის იდეა გაიმარჯვებდა, რითაც იმ პირობებში ექსტრემისტული მოძრაობა დასრულდებოდა კიდეც.
    მეორეს მხრივ, სისხლისღვრა გარდაუვალი იყო. არ იქნებოდა 9 აპრილი, იქნებოდა სხვა სისხლიანი თარიღი. ქართული საზოგადოება ხომ გაშმაგებით მიექანებოდა კატასტროფისკენ. ზემოხსენებულ ელიტას კი ნებისყოფა და ჭკუა არ ყოფნიდა, მოვლენათა განვითარება სხვა მიმართულებით წარემართა.

მერიდიანი, 8 აპრილი, 1997 წ.